რა ბედი ეწევა "ლაილაშის ბიბლიას"
21-09-2015
რა ბედი ეწევა "ლაილაშის ბიბლიას"
ბუბა კუდავა: "არ არსებობს კონვენცია, არც რაიმე ნორმატივი, რომელიც აიძულებს სიძველეთა საცავს, ნივთი
პატრონს დაუბრუნოს"


თითქმის წელიწადია, მეცნიერულ წრეებში არ წყდება მითქმა-მოთქმა "ლაილაშის­ ბიბლიის" თაობაზე. საზოგადოებამ ამის შესახებ მაისში, ხელნაწერთა ინსტიტუტში­ დატრიალებული მოვლენების დროს შეიტყო. მთავრობის დანაპირების შემდეგ - "ლაილაშის ბიბლია" ხელნაწერთა ინსტიტ­უტში დარჩებაო, თით­ქოს აჟიოტაჟიც მიწყნარდა, თუმცა­ ექსპერტები ფიქრობენ, რომ საყდ­რისის უძველესი ოქროს მაღაროს შემდეგ­ შეიძლება სწორედ "ლაილაშის ბიბლია" იქცეს უთანხმოების საბაბად საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის...

ლელა წიწუაშვილი, იუდაიკის
(ებრ­აული­ კულტურის) მკვლევარი, ხელოვნების­ მეცნიერებათა დოქტორი:


"ებრაელი ხალ­ხის­ მრავალსაუკუნოვანი დევნის გამო ბევრი­ ძველი ებრაული ხელნაწერი არ შემორჩენილა.­ შემონახულთაგან განსაკუთ­რ­ებით უნდა აღინიშნოს მოსეს ხუთწიგნეული, ძველი აღთქმა, რომელიც სულ რამდე­ნიმეა მსოფლიოში და ერთ-ერთი სწორედ "ლაილაშის ბიბლიაა". ის დიდი ზომის წიგნია და დაახლოებით 10 კილოგრამს იწონის. მას რამდენიმე
ავტორი ჰყავს და რამდენიმე ქალაქში დაიწერა. "ლაილაშის ბიბ­ლიის" უნიკალურობას ისიც განაპირობებს, რომ მეცნიერულად შესწავლილი არ არის...
ტექსტი შესრულებულია დეკორში. ფურცლები აკლდა, სავარაუდოდ, ამოხიეს და როგორც სიწმინდეებს, ისე ინახავდნენ. ერთ-ერთი ექსპედიციის დროს იპოვეს რამდენიმე მათგანი და "ლაილაშის ბიბლია" შეივსო.

ებრაელთათვის ეს მნიშვნელოვანი სიწმინდე 1951 წლამდე გერცელ ბააზოვის სახელობის ებრაულ მუზეუმში ინახებოდა. როცა მუზეუმი დახურეს სემიტიზმის კერის საბაბით, ექსპონატები სხვადასხვა მუზეუმში გადაანაწილეს. "ლაილაშის ბიბლია" ბრეთის ბიბლიასთან (1506 წ.) ერთად ინახებოდა სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში. 1958 წელს, ხელნაწერთა ინსტიტუტის შექმნის შემდეგ, ის ამ ინსტიტუტშია დაცული".

ბუბა კუდავა, ხელნაწერთა ინსტი­ტუტის­ ყოფილი დირექტორი:

"ჩვენთან­ სტუ­მრად მყოფი ებრაელები ხშირად გვთხოვდნენ, გვეჩვენებინა "ლაილაშის ბიბლია". მახსოვს, ისრაელიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩამოვიდა და ტრადიციულად "ლაილაშის ბიბლიის", როგორც თავიანთი სიწმინდის სანახავად მოვიდნენ. სუნთქვაშეკრულები იდგნენ, ერთმა უცებ ნახევრად ხუმრობით­ წამოიძახა, "თქვენი ფასი!" ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო და მეც გაუაზრებლად ვუპა­სუხე: "ჯვრის მონასტერი იერუსალიმში"...

90-იან წლებში "ლაილაშის ბიბლიის" მოპარვა­ სცადეს. ჩვენს მცველს 50.000 დოლარი შესთავაზეს მხოლოდ იმისთვის, რომ წიგნი გაეტანა ინსტიტუტიდან. იმხანად, თანამშრომელთა ხელფასი ლამის ერთ დოლარს შეადგენდა და ცდუნება დიდი იყო, თუმცა­ სიძველეთა მცველები თავიანთი საქ­მის ერთგული არიან და გარიგება არ შედგა.­ ფულის შემთავაზებელი დააკავეს,­ მაგრამ როგორ დასრულდა ამბავი,­ უცნობია".
"ლაილაშის ბიბლიის" შესახებ კრიმინალ­ურ სამყაროში ჯერ კიდევ 70-იან წლებში­ იცოდნენ. განსაკუთრებით სლავი "კანონი­ერი ქურდები" იყვნენ დაინტერესებული. მისი მოპარვა 1992 წელს, აფხაზეთის­ ომის დროს იყო დაგეგმილი. საქმეში ერთი თბილ­ისელი ებრაელი ბიზნესმენი ყოფილა­ ჩართული. იმხანად მუზეუმებიდან ძვირად ღირებული ექსპონატების მოპარვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. ამ საქმეებზე ერთი ნახევრად გასამხედროებული კრიმინალური დაჯგუფება მუშაობდა. საქმე­ იმიტომ ჩავარდნილა, რომ მოულოდნელად ის ებრაელი ბიზნესმენი გაიტა­ცეს და მის ძმას ისრაელში ნახევარ მილიონამდე დოლარი მოსთხოვეს.

2015 წლის გაზაფხულზე "ლაილაშის ბიბლია" საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ცნობილი გახდა, რომ ებრაული მუზეუმი, რომლის რეაბილიტაციაზეც სახელმწიფომ იზრუნა, ხელნაწერთა ინსტიტუტისგან ჯიუტად ითხოვდა წიგნის დაბრ­უნებას. საქმე იქამდე მივიდა, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც სამეცნიერო კოლექტივთან ერთად უარს ამბობდა ბიბლიის გადაცემაზე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ბუბა კუდავა:

"რამდენიმე წერილი მივიღეთ ებრ­აული მუზეუმის დირექტორ გივი ღამბ­აშიძისგან. ის მუზეუმისთვის ებრაული­ ხელნაწ­ე­რების დაბრუნებას ითხოვდა, პირველ რიგში,­ ლაილაშისა და ბრეთის ბიბლი­ების... ებრაული მუზეუმი იშვე­ლიებდა პრეზიდენტის ბრძა­ნებას და შემ­დგომ პრემიერ-მინისტრის დადგენილებას, რის თანახმადაც, გერცელ ბააზოვის სახელობის ებრაულ მუზეუმს კოლექცია უნდა დაჰბრუნებოდა... სხვათა შორის, არ მოიძებნა არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ებრაული მუზეუმის დახურვის შემდეგ, რა ექსპონატები გადაეცა სხვადასხვა მუზეუმს. მეტიც, დოკუმენტურად არ დასტურდებოდა რომ "ლაილაშის ბიბლია" ებრაულ მუზეუმში ინახებოდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს უნიკალური ნივთი ლაილაშის სინაგოგიდან პირდაპირ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში მოხვდა, ხოლო 1958 წელს ხელნაწერთა ინსტიტუტს გადასცეს. ხელნაწერთა ინსტიტუტის, ისევე როგორც მუზეუმების კოლექციები, სხვადასხვა გზით ივსებოდა. ეს ხშირად არაკანონიერი გზით ხდებოდა, მაგრამ სწორედ ასეა შექმნილი მსოფლიოს უდიდესი სიძველეთა საცავები. ახლა რომ დაიწყონ გამორკვევა, თითოეული ექსპონატი რამდენად კანონიერად მოხვდა მუზეუმებში და მისი პატრონისთვის დაბრუნება მოითხოვონ, ეს დაპირისპირებას გამოიწვევს არა მარტო სამეცნიერო წრეებში, არამედ ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის.

ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის იუბილესთან დაკავშირებით მე ებრაულ მუზეუმს ასეთი რამ შევთავაზე: თუ სურდათ, საზეიმო ღონისძიებებზე მუზეუმის კოლექციები შთამბეჭდავი ყოფილიყო, მზად ვიყავით, განსაზღვრული ხნით მათთვის გვეთხოვებინა არა მარტო ამა თუ იმ ექსპონა­ტის ასლები, არამედ ორიგინალებიც. მართლაც, გახსნის დღეს "ლაილაშის ბიბლიის" რამდენიმე ორიგინალი ფურცელი გამოვფინეთ. როგორც ამბობდნენ, მან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, ებრაელი სტუმრები მის წინ მეტანიებსაც კი ასრულებდნენო. მიუხედავად ებრაული მუზეუმის რეა­ბილიტაციისა, არ ჰქონდათ შესაბამისი კლიმატკონტროლი და ვიტრაჟებში საჭირო ტემპერატურა. ამიტომაც ფურცლები­ რომ არ დაზიანებულიყო, ინსტიტუტში დავაბრუნეთ, ხოლო იქ "ლაილაშის ბიბლიის" ფაქსიმილური ასლი გამოვფინეთ (ისიც ერთადერთი ეგზემპლარია).

ჩვენი მცდელობა, გვეთანამშრომლა მუზეუმთან, ამაო გამოდგა - ებრაული მუზეუმი უპირობოდ ითხოვდა ბიბლიის დაბრუნებას. ცხადი იყო, საკითხი დავის გარეშე არ გადაწყდებოდა და გადავწყვიტეთ, პრობლემის საბოლოო გადაჭრამდე ხელნაწერთა ინსტიტუტში­ ბიბლიის ფაქსიმილური ასლი დაგვებრუნებინა, მაგრამ... ამის შემდეგ არ წყდებოდა ზარები განათლების სამინისტროდან: ხან მინისტრის მოადგი­ლე რეკავდა, ხან მინისტრი. იყო ზეწოლა, გვავალებდნენ, სახელმწიფოებრივად(?!) გვეაზროვნა. როცა გავიგეთ, რომ ეს საკითხი კომისიას უნდა გადაეწყვიტა,­ ცხადი გახდა­, ჩვენი­ აზრი, რომ ინსტიტუტი "ლაილაშის ბიბლიას" დაკარგავდა, აღარავის აინტერესებდა. განათლების სამინისტრო, რომელსაც, წესით, ჩვენი ინტერესები უნდა დაეცვა, მხარედ იქცა. ბატონი ღამბაშიძე­ აცხადებდა, რომ "ლაილაშის ბიბლიის" ფაქსიმილე მუზეუმში დარჩებოდა­ მანამ, სანამ ორიგინალის საკითხი დადებითად არ გადაწყდებოდა და ასახელებდა ყოფილი პრემიერის და პრემიერ-მინისტრის გვარებს, რომლებთანაც ყველაფერი უკვე შეთანხმებული და გადაწყვეტილი იყო. ამის შემდეგ დამირეკა განათლების მინისტრის მოადგილემ და ნახევარი საათი მარწმუნებდა­, ისე მოვქცეულიყავი, როგორც ღამბაშიძე ითხოვდა. ეჭვი აღარ იყო, ამ საკითხით სახელმწიფო იყო დაინტერესებული. გაგვიჩნდა ეჭვი, რომ სახელმწიფო გადადგამდა უპრეცედენტო ნაბიჯს და "ლაილაშის ბიბლიას" საჩუქრად გადასცემდა ებრაულ თემს. გვრჩებოდა ერთი გზა - პრობლემა უნდა გაგვესაჯაროებინა, რაც გავაკეთეთ კიდეც. თუმცა მოვლენები როგორც განვითარდა, ყველამ იცის...

ათონის ივერთა მონასტერში დაცულია 90-მდე უნიკალური ხელნაწერი. საინტერესოა, ათენში რომ დაარსდეს ქართული კულტურის მუზეუმი, თუნდაც ბერძნული მენეჯმენტით, როგორ ფიქრობთ, ათონის მონასტერი მას ერთ ფურცელს მაინც გად­ასცემს იმიტომ, რომ ის სახელმწიფო მუზეუმია? გსმენიათ ოდესმე, რომ საქართველოს თუნდაც ერთი მცირე მნიშვნელოვანი­ სიძველე დაჰბრუნებია კეთილი ნებით?!
არ უარვყოფთ, რომ "ლაილაშის ბიბ­ლია" ებრაული მემკვიდრეობაა და არც ვაკნინებთ მის მნიშვნელობას, მაგრამ არ არსებობს კონვენცია, არც რაიმე ნორმატივი, რომელიც აიძულებს სიძველეთა საცავს, ნივთი პატრონს დაუბრუნოს".
ნინო ბურჭულაძე


X-XI საუ­კუნეების ებრაული ხელნაწერი

"ლაილაშის ბიბლია" (თორა) X-XI საუ­კუნეების ებრაული ხელნაწერი, სოფელ ლაილაშის სინაგოგაში ინახებოდა. არავინ­ იცის, როგორ მოხვდა იქ. ებრაულ თემში­ გავრცელებული ვერსიით, ანგელოზებმა ფრთ­ებით მოიტანეს. მკვლ­ევრების აზრით კი, ის საქართველოში შესაძლოა XVI საუკუნეში ესპანეთიდან სეფარდების (ებრაელთა სუბ­ეთნიკური ჯგუფი) მიგრაციის დროს მოხვდა, სეფარდებმა ოსმალეთის იმპერიას შეაფარეს თავი, რამდენიმე ოჯახი მოგვიანებით ახალციხეში დასახლებულა. როგორც ამბობენ, "ლაილაშის ბიბლია" საუკუნეთა მანძილზე ოჯახიდან ოჯახში გადადიოდა და მას თაყვანს არა მარტო ებრაელები, ქრისტიანებიც სცემდნენ სასწაულმოქმედი­ ძალის გამო (ის უამრავ დაავადებას კურნავდა, დახმარებას­ სთხოვდნენ გვალვის დროსა­ და ომიანობის პერიოდშიც).
კოსდა
22 თებერვალი 2016 20:03
რატომ არ კითხულობს არავინ - საიდან აღმოჩნდნენ შუაგულ კავკასიაში ებრაელები? იბერები და ებერები ოდესღაც ძმები იყვნენ!
ვაჟა კაკაბაძე
03 ოქტომბერი 2015 20:04
როცა, ნაბუქოდონოსორის დროს ებრაელების დევნა დაიწყო, ებრაელების ერთმა ნაწილმა განაცხადა: ,,ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს ისტორიულ მიწაზე". ესენი, ჩემი ვარაუდით, იყვნენ ებრაულ რჯულზე მოქცეული ქართველები, რომლებიც შემდგომში ცნობილები არიან როგორც ქართველი ებრაელები, ამდენად ყველა სიწმინდე და ისტორიული ფასეულობა, რომელიც ებრაელების ისტორიას ასახავს, ასევე ქართულიცაა და საქართველოში უნდა ინახებოდეს. პატივისცემით, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, ვაჟა კაკაბაძე.
mamulo
23 სექტემბერი 2015 22:24
თუ ქართველი ამომრჩეველი2016-ის არჩევნებზე მაინც არ გამოფხიზლდება და სწორ არჩევანს არ გააკეთებს,"ლაილაშის ბიბლიასაც"დაკარგავს და საქართველოსაც.თუ ისევ შუშიშ კოლბაში მჯდომ გურუს აირჩევთ საყდრისივით გაქრება ბიბლიაც და ყველა სხვა, რაც ღირებული გააჩნია საქართველოს.პირველ რიგში კი დამოუკიდებლობა.

რედაქტორის რჩევით