"რუსეთს სირიაში გროზნოს მოვუწყობთ!" - ექსკლუზიური ინტერვიუ აბდურაჰმან ალ შიშანთან - კვირის პალიტრა

"რუსეთს სირიაში გროზნოს მოვუწყობთ!" - ექსკლუზიური ინტერვიუ აბდურაჰმან ალ შიშანთან

"თუ კადიროვმა დაასწრო ბათირაშვილს და მოკლა, მაშინ კადიროვს დავასწრებთ ჩვენ..."

"ყველა ვამბობდით, რომ სირიის მერე აუცილებლად რუსეთში წავიდოდით, თუმცა რუსეთი თავად მოვიდა აქ..."

"ჩვენ არ ვხოცავთ მშვიდობის დროს, ვხოცავთ მხოლოდ ომში და თავებს არავის ვაჭრით"

"ჩვენ ასადს ვებრძვით! ამერიკელებმა ეს კარგად იციან, ჩვენ მათთვის საფრთხეს არ წარმოვადგენთ!.. ისინი გვეხმარებოდნენ იარაღით, ინსტრუქტორებით და რატომ ვართ ახლა ტერორისტები?!"

სირიაში 4-წლიანი საომარი მოქმედებების შემდეგ სცენაზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა - რუსეთი. პუტინი ირწმუნება, რომ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო. თუმცა, როგორც გაირკვა, რუსული ავიაიერიშების სამიზნე არა მხოლოდ "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები და საწვრთნელი ბანაკები გახდა, არამედ ასადის რეჟიმთან მებრძოლი სხვა დაჯგუფებებიც (ე.წ. ზომიერი ოპოზიცია, რომელიც ემიჯნება "ისლამურ სახელმწიფოს"). "კვირის პალიტრამ" მოახერხა სირიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაჯგუფების, "ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარის" (ემიგრანტების და მოხალისეების არმია) ყოფილ მებრძოლს საქართველოდან წასულ ქისტს, აბდურაჰმან ალ შიშანს გასაუბრებოდა.

აბდურაჰმან ალ შიშანი 2013 წლიდან ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი სამხედრო ბრიგადის, "უცუდ ულ შამის" ("მზის ლომები") ერთ-ერთ ფრთას ხელმძღვანელობს და ბრიგადის მეთაურის, მუსლიმ ალ შიშანის (მუსლიმ მარგოშვილის) უახლოესი გარემოცვის წევრია.

აბდურაჰმან ალ შიშანი:

- სირიაში 2013 წლის ზამთარში წავედი, რადგან "კავკასიის ემირატში""ბევრი შეკითხვა გაჩნდა, არ გვასვენებდნენ. მიზეზი ის იყო, რომ მე და მარგოშვილი რუსეთის ციხეში ერთად ვისხედით. ახალგაზრდა ემირები არ გვენდობოდნენ - რახან რუსეთის ციხეში ვიყავით, ჯიჰადში ჩვენს მონაწილეობას ეჭვის თვალით უყურებდნენ. ფეხში ორ ტყვია მაქვს ჩარჩენილი. თურქეთში ვმკურნალობდი და იქ გადაწყდა ჩვენი - 14 კაცის აქ ჩამოსვლა. თურქეთში გავიგე თარხან ბათირაშვილის სახელი. მართალია, პანკისელი იყო, მაგრამ არ ვიცნობდი - ჩემზე ბევრად უმცროსია და, რამდენადაც ვიცი, ჩეჩნეთის ომშიც არ მიუღია მონაწილეობა. სირიის საზღვარზე გადასვლისას გავიცანით სეიფულაჰ ალ შიშანი (რუსლან მაჩალიკაშვილი). სწორედ მისი წყალობით მოვხვდით "ქათაიბ ალ მუჰაჯირინში""(ემიგრანტების ფლანგი). რამდენიმე თვეში კიდევ ორი დაჯგუფება შემოგვიერთდა და ბრიგადა "ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარი" შეიქმნა. მაშინაც და ახლაც ასადის წინააღმდეგ ვიბრძოდით, რადგან ასადი ჩვენთვის იგივე რუსეთია. ემირებმა კავკასიაში რუსეთთან ომის საშუალება არ მოგვცეს, ამიტომ ჩვენი ომი რუსეთთან სირიაში დაიწყო. აქ არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ და საიდან. ეს კია, ჩეჩენი სირიაში რუსეთის მტერს ნიშნავს და პატივისცემას იმსახურებს. ამიტომ "შიშანებად" ვიწოდებით. ჩვენ ისედაც ჩეჩნები ვართ. მამაცურად ვიბრძვით. ხშირად კითხულობენ, საიდან აქვთ იარაღი ან სამხედრო ტექნიკაო? თუ ომი გინდა, იარაღსაც იშოვი და ტრანსპორტსაც.

2013 წლის ზაფხულში სეიფულაჰ ალ შიშანმა (რუსლან მაჩალიკაშვილი. - ავტ.) ბრიგადა დატოვა, მასთან ერთად - ჩვენც. ომარ ალ შიშანი (თარხან ბათირაშვილი. - ავტ.) მასთან დაპირისპირებაში მართალი არ იყო, მაგრამ მაინც სეიფულაჰი წამოვიდა დაჯგუფებიდან. ჩვენი ნაწილი, დაახლოებით 160 კაცი, მუსლიმ ალ შიშანის (მუსლიმ მარგოშვილი - ავტ.) ბრიგადას, "მზის ლომებს" შევუერთდით."აქ მეტი ჩეჩენია. 2014 წლის იანვარში ავიღეთ ალეპოს ციხე, სადაც ასადს ქალები და ბავშვები ჰყავდა დაპატიმრებული. სეიფულაჰი იმ დღეს შაჰიდი გახდა. როცა შაჰიდი ხდები, შენი შეცდომები ყველას ავიწყდება, სეიფულაც გმირი გახდა..

- ბათირაშვილს, იმავე ომარ ალ შიშანს აღარ შეხვედრიხართ?

- არა, როდესაც "ისლამური სახელმწიფო" შეტევაზე გადავიდა და ერაყში ქალაქები - მოსული და ტიკრიტი აიღო, ამბობდნენ, რომ ამ ოპერაციებს თარხან ბათირაშვილი მეთაურობდა, ბაღდადზე შეტევაც მას უნდა დაეწყო. როცა "ისლამურმა სახელმწიფომ" ხალიფატი გამოაცხადა, ბათირაშვილი ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიას აკონტროლებდა, მას უნდოდა თავისი ბრიგადა "ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარი" "ისლამური სახელმწიფოსთვის" დაექვემდებარებინა, მაგრამ მებრძოლებმა უარი უთხრეს, არ გაჰყვნენ. ის "ისლამურ სახელმწიფოში" მარტო მივიდა...

- ამბობენ, რომ ის ცოცხალი აღარ არის.

- ეგ მის მტრებს ჰკითხეთ, უკეთ იციან... თუ კადიროვმა დაასწრო ბათირაშვილს და მოკლა, მაშინ კადიროვს დავასწრებთ ჩვენ...

- ამერიკამ ყველაზე საშიშ ტერორისტთა სიაში ომარ ალ შიშანთან ერთად, მუსლიმ ალ შიშანიც შეიყვანა, თუმცა თქვენ ამბობთ, რომ თქვენს დაჯგუფებას "ისლამურ სახელმწიფოსთან" არაფერი აკავშირებს.

- ჩვენ სირიაში ჩვენი ომი გვაქვს, ჩვენ ასადს ვებრძვით, ამერიკელებმა ეს კარგად იციან, ჩვენ მათთვის საფრთხეს არ წარმოვადგენთ, ჩვენ არ ვხოცავთ მშვიდობის დროს, ვხოცავთ მხოლოდ ომში და თავებს არავის ვაჭრით. ამერიკელები გვეხმარებოდნენ იარაღით, ინსტრუქტორებით და რატომ ვართ ახლა ტერორისტები?!

- სირიაში პანკისის ხეობიდან ბევრი ახალგაზრდა მიდის საომრად და ძირითადად, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვიან.

- ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ჯიჰადი, ყველა მუსლიმანისთვის ჯიჰადია, ომს დიდი გამოცდილება მოაქვს...

- რას იტყვით ქურთების წინააღმდეგობაზე?

- სირიაში მტრის ვინაობა იმით მჟღავნდება, თუ რა ტერიტორიაზე აღმოჩნდები - შეიძლება, გუშინდელი მოკავშირე დღეს მტერი აღმოჩნდეს, ან - პირიქით. კობანის ბრძოლებში მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა "ჩვენებურებს" უთქვამთ, რომ ქართულის მცოდნე ქურთებს გადაჰყრიან ბრძოლების დროს, დეტალები არ ვიცი, როცა ომობ, სალაპარაკოდ არ გცალია... სირიაში ყველას თავისი ინტერესები აქვს და ყველა ამისთვის იბრძვის.

- ხშირად ვრცელდება "ისლამური სახელმწიფოს" მეომრების მიერ ჩადენილი სისასტიკის ამსახველი ვიდეოკადრები, იღებენ თუ არა ამაში მონაწილეობას საქართველოდან ჩასული მეომრები?

- ეს მათ უნდა ჰკითხოთ... ვისაც ოდესმე შინ დაბრუნება უნდა, ასეთ რამეს არ ჩაიდენს!

- სანამ სირიაში ყველა ყველას ებრძვის, რუსეთმა მოქმედება დაიწყო... მისი ინტერესი მართლა "ისლამური სახელმწიფოს" განადგურებაა?

- ბრძოლის ველიდან ბევრი რამ არ ჩანს... ყველა ვამბობდით, რომ სირიის მერე რუსეთში წავიდოდით, თუმცა, რუსეთი თავად მოვიდა აქ. მისი სამიზნე ყველა ის ძალაა, რომელიც ასადის წინააღმდეგ იბრძვის, მან რამდენჯერმე მიიტანა ავიაიერიში ჩვენი მოკავშირეების პოზიციებზე. თუ რუსეთი სახმელეთო ჯარს გამოგზავნის, ჩვენ მას გროზნოს კიდევ ერთხელ მოვუწყობთ, უკვე სირიაში!

- კადიროვმა განაცხადა, რომ მზად არის 10 000 ჩეჩნით ჩავიდეს სირიაში საომრად. რა მოხდება, თუ ფრონტის ორივე მხარეს ძველი თანამებრძოლები აღმოჩნდებით?

- ეს ჯერ უნდა მოხდეს და შემდეგ ვნახოთ!..