ტრეფიკინგი ვალის ჩამოსაწერად - კვირის პალიტრა

ტრეფიკინგი ვალის ჩამოსაწერად

- იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ტრეფიკინგი 21-ე საუკუნის უბედურებაა და ადრე მსგავსი რამ ქართულ რეალობაში არ ხდებოდა?! - დაიწყო მორიგი ამბის თხრობა ბატონმა კობამ.

21 წლის ნინო ქობულაძეს (გვარ-სახელები აქაც და შემდგომშიც შეცვლილია) შეყვარებული რომ ჰყავდა, არც დედისთვის დაუმალავს და არც მამინაცვლისთვის...

ნინოს მამა მის დაბადებამდე დაღუპულა ტრაგიკულად, სანადიროდ წასულს მეზობლის გასროლილი ბრმა ტყვია მოხვედრია. დედის, ნათელა ოკუჯავას მტკიცებით, სულაც არ ყოფილა ოჯახისა და ცოლის პატივისმცემელი, - მცემდა კიდეცო. ამიტომ განსაკუთრებით არც უგლოვია ქმარი, შავებიც მალე გაიხადა, მიწაში ვერ ჩავყვები იმ კაცს, რომლისგან სიძულვილის მეტი არაფერი მახსოვსო. ძალიან მალე კი დედამთილ-მამამთილს განუცხადა, ვთხოვდებიო და რადგან მომავალ ქმარს ბავშვი არაფერში სჭირდებოდა, ჩვილის დატოვება გადაწყვიტა, ბებია-ბაბუამ კი ახლოსაც არ გაიკარა, - რაც დედაა, შვილიც ის იქნება. უმადურის ნაშიერი რა ხეირს დაგვაყრისო!

ასე აღმოჩნდა პატარა ნინო მამინაცვლის ხელში, რომელიც გოგონას სახელსაც არ ეძახდა, ძაღლის ლეკვად მოიხსენიებდა. როცა საკუთარი შვილები ეყოლა, მას შემდეგ კიდევ უფრო შეიძულა გერი და თუ პატარა ნინო უმცროსი და-ძმის მიბაძვით `მამის" მუხლებზე აცოცებას მოინდომებდა, წიხლის კვრით იშორებდა, თითქოს მართლა ლეკვი ყოფილიყო.

როცა წამოიზარდა, თვითონაც შეიძულა მამინაცვალი. დედისადმიც გაუცივდა გული.

ნინო მიუხედავად ამგვარი განსაცდელისა, სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო. არც შრომას თაკილობდა. ზაფხულობით ტყე-ტყე დადიოდა, მაყვალს, ასკილს, თხილს თუ კუნელს აგროვებდა, მერე ბაზარში ყიდდა და ასე აგროვებდა ფულს, რომლითაც წიგნებსა და ტანსაცმელს ყიდულობდა. არც უმცროს და-ძმას ტოვებდა უყურადღებოდ...

ლეო უქნარა კაცი იყო. ცოლს ამუშავებდა, თვითონ კი ყანა-ვენახისკენ ვერავინ გაახედებდა, თითქოს არც ლოთობდა, მაგრამ სულ გაბრუებული  დადიოდა. თავის ტკივილს იმიზეზებდა, შაკიკი მაქვს და ამიტომ სულ წამლებს ვსვამო...

მალე ხმა გავარდა, საეჭვო ხალხთან ტრიალებს, მაგის `თავის ტკივილი" ნარკოტიკი უნდა იყოსო...

ნინომ კი ამასობაში სკოლა დაამთავრა და სტუდენტიც გახდა. რადგან ქალაქში თავის რჩენა კიდევ უფრო გაუჭირდებოდა, დაუსწრებელი ფაკულტეტი ირჩია და უკვე მეორეკურსელს შესთავაზა სოფლის სკოლის დირექტორმა ქართულის მასწავლებლის ადგილი. უარს როგორ იტყოდა და მალე ყველა თავის კარგ ქალობაზე აალაპარაკა. მთხოვნელებიც გამოუჩნდნენ, მაგრამ გოგოს სოსო ენდელაძისკენ გაუწია გულმა, რომელიც ფიზკულტურის მასწავლებლად გამოგზავნეს მათ სკოლაში და ახალგაზრდებს მალე შეუყვარდათ ერთმანეთი.

არც სოსოს ჰყავდა მამა და არც დალხენილად უცხოვრია, მაგრამ დედამისს ნინოს დედასავით გათხოვება აღარ უფიქრია, ბიჭს მამინაცვლის ხელში არ ჩავაგდებო.

ზაფხულში გადაწყვიტეს დაქორწინება, როცა სასწავლო წელი ჩამთავრდებოდა და ბავშვებს არდადეგებზე გაუშვებდნენ.

ნინოს დედას ამ ქორწილის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. მამინაცვალი კი უშნოდ აიმრიზა:

- მასწავლებელი სიძე არაფერში მჭირდება. ავადმყოფი კაცი ვარ და ვინმე ძლიერი ოჯახის შვილი უნდა დამიდგეს გვერდით, რომ ოჯახი არ წამექცესო! - წამოაყენა პრეტენზია და მოკვლითაც კი დაემუქრა გერს, თუ ქორწილს არ ჩაშლიდა.

ნინომ მკაცრად (ცხოვრებაში პირველად) განუცხადა, რომ ცხოვრების დანგრევის უფლებას არ მისცემდა... ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა ერთ დღეს არც ის დაბრუნდა შინ გაკვეთილების შემდეგ და აღარც მისი საქმრო - სოსო ენდელაძე. ლეო იმ დღეს შინ არ იყო, ცოლმა იცოდა, რომ ქალაქში მიემგზავრებოდა რაღაც საქმეზე.

ნინო რომ შინ არ დაბრუნდა, ქმრის ჩამოსვლამდე ნათელამ მეზობელი გაიყოლა ენდელაძეებთან და სოსოს დედა ლამის თმით ითრია:

- ჩემი გოგო გამომიჩინეთ, თორემ ლეო არც ამდენს მოგითმენთ, სახლს გადაგიწვავთ, თუ შვილი შინ არ დახვდაო!..

თინა ენდელაძე გაოგნებული უცქერდა ქალს. მისი საქციელიც აკვირვებდა, მაგრამ არანაკლებ შვილის ნამოქმედარმა დააბნია - სოსოს არ უთქვამს, რომ შეყვარებულთან ერთად აპირებდა გაპარვას და არც რამე ჰქონდა დასამალიო.

შეყვარებულები არც მეორე დღეს გამოჩნდნენ და არც იმ კვირაში. ლეო კი ბობოქრობდა, გერსაც და სიძესაც მოკვლით ემუქრებოდა, მაგრამ პოლიციაში განცხადების გაკეთება არც უფიქრია. ჩვენამდე სოსოს დედა, თინა ენდელაძე მოვიდა:

- არ გამიზრდია ისეთი შვილი, რომ ორი კვირა გაუჩინარებულიყო და ჩემთვის ხმა არ მოეწვდინა. ლხინში წასულსაც კი ჭიშკართან ველოდებოდი ყოველთვის. ცუდი ამბავია ჩემი შვილის თავს და უნდა მიშველოთ - ან ცოცხალი მაპოვნინეთ, ან მკვდარი! - მოთქვამდა უბედური დედა.

...პირველ რიგში პედკოლექტივში ვიკითხეთ გაუჩინარებული წყვილის ამბავი. უახლოესმა მეგობრებმაც კი უარყვეს გაპარვის ვერსია. დირექტორმა გვითხრა, ნინო იმ დღეს რაიონში აპირებდა წასვლას გაკვეთილების შემდეგ და საქმიანი დოკუმენტაციაც გავატანე განათლების განყოფილებაშიო. როგორც გაირკვა, ნინო ქობულაძე იმ დღეს რაიონში არ მისულა და ის საბუთებიც დაიკარგა...

ნინო სოფლის განაპირას გამავალ ტრასაზე უნდა დალოდებოდა სარეისო ავტობუსს, თუ რა თქმა უნდა, შემთხვევით ვინმე ნაცნობი არ ჩამოივლიდა და არ გაიყოლებდა.

ის ვერც ავტობუსის მომლოდინე გაიხსენა ვინმემ და ვერც  სარეისო ავტობუსის მძღოლმა:

- სხვა დროსაც უმგზავრია ჩემი ავტობუსით, ვიცნობდი კიდეც. იმ დღეს რომ მენახა, დამამახსოვრდებოდაო.

ამის შემდეგ ახალგაზრდებს ნათესავებსა და მეგობრებში დავუწყეთ ძებნა. მათი თანაკურსელებიც ავაწრიალეთ, მაგრამ თითქოს ცამ ჩაყლაპაო, არავინ არაფერი იცოდა...

ექვსი თვე გავიდა და საქმე იოტისოდენაც ვერ წავწიეთ წინ. ალბათ ვერც ვერასოდეს გავხსნიდით, ნინო ქობულაძის მამინაცვალი, ლეო რომ არ მოეკლათ. მას ხალხმრავალ ადგილას ესროლა ვიღაც ნიღბიანმა ახალგაზრდამ. სასადილოდან გაიყვანა გარეთ ოფიციანტმა: ვიღაცები გკითხულობენო!.. გავიდა თუ არა, შორიახლოს მდგარი ავტომანქანიდან ნიღბიანი კაცი გადმოვიდა, ორი ტყვია დაახალა და მაშინვე მოწყვიტა მანქანა ადგილიდან. რამდენიმე თვითმხილველს კი დაუმახსოვრებია ავტომანქანის ნომერი, მაგრამ, თუ კაცი ნიღაბს იკეთებს დანაშაულის ჩასადენად, იმის ტვინიც ეყოფოდა, რომ მანქანის ნომრებიც გაეყალბებინა. ასეც აღმოჩნდა - ის ნომრები ყალბი იყო. ორი თვის წინ მოპარული სულ სხვა მარკის მანქანისა...

სწორედ ამ დროს გამოჩნდა მნიშვნელოვანი მოწმე, - ადგილობრივი ავტოსარემონტო სახელოსნოს ზეინკალი, რომელიც ასევე შემთხვევით აღმოჩნდა იმ ადგილზე, მაგრამ მანქანას თვალი შეავლო თუ არა, მაშინვე მიხვდა, ვისიც იყო. მან ანონიმურობის გარანტია გვთხოვა:

- ეგ `ჟიგული" ახალსოფლელი ლევანისია. ნარკომოვაჭრეა, ახალი მანქანა იყიდა თავისთვისაც და თავისი უქნარა შვილისთვისაც. გამიკვირდა, ძველი `ჟიგული" რომ მომიყვანა შესაკეთებლად ორი კვირის წინ.

ვურჩიე, ჯართად ჩაებარებინა, სულერთია, ამით ერთ კვირასაც ვერ ივლი და რას მაწვალებ-მეთქი.

- შენი საქმე არ არისო! - შემომიღრინა და მეც შევაკეთე, სხვა რა გზა მქონდა. შარს მოვერიდე. ბიჭების მამა ვარ, რა ვიცი... დაწამლა ახალგაზრდები მაგ ახვარმა, თავიდან უფასოდ აძლევს, მერე კი ტყავს აძრობს საცოდავ ბიჭებს...

მაშინვე ახალსოფელში წავედით, ლევან ჯოხაძე შინ დაგვხვდა. მანქანა მოვიკითხეთ და იმდენად მშვიდად გვითხრა, ლამის დავიჯერეთ, - მყიდველი გამოუჩნდა. ხელოსანს შევაკეთებინე და გავყიდე, ეზოში რატომ უნდა დაჟანგულიყოო!

მყიდველის ვინაობა ვიკითხეთ და მხრები აიჩეჩა: - რა ვიცი, ჩემმა ბიჭმა მოიყვანაო.

ბიჭი რომ მოვიკითხეთ, - გუშინ ქობულეთში წაიყვანა ცოლ-შვილი დასასვენებლად და თვის ბოლომდე იქ იქნებაო...

მაშინ მობილურები არ იყო და ასე ვერავის მოვძებნიდით, ამიტომ ისღა დაგვრჩენოდა, ლევან ჯოხაძეს დავმუქრებოდით, რომ თუ მეორე დღეს შვილთან ერთად არ გამოცხადდებოდა პოლიციის განყოფილებაში, დაუმორჩილებლობისთვის ორივეს დავიჭერდით...

ორღობეში გამოსულები უცნობმა გაგვაჩერა, - პენსიაში გასული ჩვენი ყოფილი თანამშრომელი აღმოჩნდა. გადაგვეკიდა:

- აქამდე მოსულებს ისე როგორ გაგიშვებთ, ჩემს ოჯახში ჭიქა ღვინო არ აიწიოსო!

არ ვაწყენინეთ და შევყევით. არც გვინანია, - ღვინოც მშვენიერი ჰქონდა და ინფორმაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოგვაწოდა:

- იტყუება! ჯერ ერთი, მაგის ბიჭი ამ დილით დავინახე სახლიდან გამოსული, მარტო იჯდა მანქანაში. გარდა ამისა, წუხელ საღამოს ძროხას ვეძებდი ტყე-ტყე, არ მოვიდა და შემთხვევით გადავაწყდი მდინარის სათავისკენ ხანძარს. მეგონა, ტყე იწვოდა. შემეშინდა და გავიქეცი, არადა, მანქანას ეკიდა ცეცხლი, ლევანას ძველი `ჟიგული" ვიცანი. მივხვდი, თავიდან მოიშორეს...

...მანქანა მართლა ვიპოვეთ მითითებულ ადგილზე. შეგვეძლო ლევანა ცრუ ჩვენებისთვის მაშინვე დაგვეკავებინა, მაგრამ დავიცადეთ. სახლთან ჩვენი ბიჭები დავაყენეთ და მისი შვილის გამოჩენას დაველოდეთ. ის ნაშუაღამევს მოვიდა და სახლში შეპარვას აპირებდა. ერთად დავაკავეთ მამა-შვილი და ლეო ქობულაძის მკვლელობაში წავუყენეთ ბრალი. იუარეს მკვლელობა და ნამდვილი მკვლელები ჩაუშვეს. ისინი მსხვილი ნარკობარიგები, ძმები გელა და გურამ ლომიძეები აღმოჩნდნენ. ლევანის შვილმა - გიამ გვითხრა, სად შევძლებდით მათ ნახვას და მართლაც ერთად დავაკავეთ ბუნაგში...

როცა მიხვდნენ, რომ ჩაცვივდნენ, ლეო ქობულაძის მკვლელობის მიზეზიც გავიგეთ, რამაც კიდევ ერთ დანაშაულს ახადა ფარდა: ლეოს ფული არ ჰქონდა და თავის წილ ნარკოტიკს იმით შოულობდა, რომ დროდადრო ნარკოტიკს ყიდდა. მოხდა ისე, რომ დიდი ვალი დაუგროვდა და მისი გასტუმრება უცნაური ხერხით გადაწყვიტა: თავისი გერის, ნინო ქობულაძის თავი შესთავაზა ლომიძეებს. მათაც უარი არ უთქვამთ, მოიტაცეს, რომ მონად მიეყიდათ იმ ხალხისთვის, ვინაც ამაში დიდ ფულს იხდიდა. სოსო ენდელაძის გატაცება აზრადაც არ მოსვლიათ, მაგრამ რადგან იმ დღეს ტრასაზე გამოსულ გოგოს ბიჭიც ახლდა თან, მისი `ხელსგაყოლებაც" მოუხდათ...

მოკლედ, იმაზე დიდი დანაშაულის კვალს დავადექით, ვიდრე წარმოგვედგინა. ლომიძეებმა ისიც აღიარეს, რომ ნინო ქობულაძე და სოსო ენდელაძე ერთ მაღალმთიან რაიონში უნდა გვეძებნა...

მოკლედ გეტყვით, რომ დიდი გაჭირვებით მივაგენით მათ კვალს. ისეთი ხალხი იყო ამ საქმეში გარეული, რომ ეჭვი მაქვს, რეალურ დამნაშავეებს ხელიც კი დააფარეს. მე და ჩემს თანაშემწეს მადლობა გამოგვიცხადეს, პრემიებიც მოგვცეს და საქმე სხვას გადასცეს ბოლომდე მისაყვანად...

ვაღიარებ, თავი აღარ გამოგვიდია სიმართლის ბოლომდე გასარკვევად, რაც მთავარია, ნინო ქობულაძეც და სოსო ენდელაძეც შინ ცოცხლები დაბრუნდნენ და მალე ქორწილიც გადაიხადეს....

აი, რა გვიამბეს ნინომ და სოსომ: რაიონისკენ მიმავალი ავტობუსის მოლოდინში მათ წინ მანქანა გაჩერდა. სამი შეიარაღებული მამაკაცი გადმოვიდა. სოსო საბარგულში ჩააგდეს... მერე ნარკოტიკით გაბრუებულები აიყვანეს მათთვის უცხო მაღალმთიან სოფელში. დღისით მონურად ამუშავებდნენ. ღამით აბამდნენ...

- ლეო ქობულაძის მოკვლა რაღაში დასჭირდათ?! - გაგვიჩნდა ბოლო შეკითხვა.

- წამალს ითხოვდა უკვე უფასოდ - თუ არ მომცემთ, პოლიციაში გამხელთ ადამიანის გატაცებისთვისო!.. ნერვებმა უმტყუნათ. ეგონათ უქნარა და პარაზიტი კაცის მკვლელების ძებნით არავინ შეიწუხებდა თავს...