მაფია სახელმწიფოს გვერდით - მსოფლიო კრიმინალუ­რი სამყარო ჯიჰადისტების წინააღმდეგ კოალიციას შექმნის?! - კვირის პალიტრა

მაფია სახელმწიფოს გვერდით - მსოფლიო კრიმინალუ­რი სამყარო ჯიჰადისტების წინააღმდეგ კოალიციას შექმნის?!

მაფიის პირველ შეხვედრას "ისლამურ სახელმწიფოსთან", მალე გაგრძელება მოჰყვა, ამჯერად ნიუ-იორკში...

"არ არსებობდა იმაზე წარმატებული თანამშრომლობა თეთრ სახლსა და "კოზა ნოსტრას" შორის, როგორიც ომის დროს იყო".

პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის მემუარებიდან

13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ საფრანგეთს თითქოს არაფერი გააკვირვებდა, თუმცა 21 ნოემბერს პარიზის ერთ-ერთ კაფეში დატრიალებულმა მოვლენებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იმ საღამოს სამი საერთაშორისო ძებნილი, კოლუმბიური მაფიის წევრი (ჩრდ. კოლუმბიის ნარკოკარტელი) კაფეში ფრანგულ ფუნთუშებს შეექცეოდა და თავს მუსაიფით ირთობდა. მოულოდნელად დარბაზში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა და "ალაჰ აკბარის" შეძახილით ცეცხლი გახსნა. იმ დროს კაფეში ოცამდე კაცი იმყოფებოდა. კოლუმბიელებმა "დაუპატიჟებელი სტუმრები" იქვე დახოცეს. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიცია საგონებელში ჩავარდა. ერთი მხრივ ხელთ ჰყავდა წლობით ძებნილი მაფიოზები, მეორე მხრივ კი, ის ადამიანები, რომლებმაც ოცი კაცი სიკვდილს გადაარჩინეს.

მაფიის წევრები პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს და ალბათ, კოლუმბიის მთავრობას გადასცემენ... თუმცა, მაფიის პირველ შეხვედრას "ისლამურ სახელმწიფოსთან", მალე გაგრძელება მოჰყვა, ამჯერად ნიუ-იორკში...

23 ნოემბერს, ერთ-ერთი ტელეარხით, ამერიკული მაფიის თავკაცის შვილმა, ჯოვანი გამბინომ "ისლამურ სახელმწიფოს" შეახსენა, ნიუ-იორკში სიცილიიდან ჩამოსულებს მაფია იცავსო. "სამყარო სავსეა ხიფათით, მაგრამ სიცილიური წარმოშობის მცხოვრებთ შეუძლიათ, მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი მეგობრები და ნათესავები დაცულები იყვნენ ექსტრემისტებისა და ტერორისტებისგან, ისეთი ფსიქოპათებისგან, რომლებიც თავს "ისლამურ სახელმწიფოს" უწოდებენ".

გამბინოს ოჯახი იმ ხუთეულშია, რომელიც ნიუ-იორკის კრიმინალურ სამყაროს აკონტროლებს. "გამბინოს კლანი" 2 500 წევრისგან შედგება. მას გასული საუკუნის 20-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა განგსტერმა კარლო გამბინომ.

აღსანიშნავია, რომ კრიმინალური სამყარო ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე ადრეც აღმოჩენილა.

გასული საუკუნის 20-იანი წლების ოდესისთვის მიშკა იაპონჩიკი (მოშე ვინიცკი) ცოცხალი ლეგენდა იყო. ოდესელი ბანდიტების გენერალზე არაერთი რომანი და ფილმის სცენარი დაიწერა (ოპერეტაც კი).

1919 წელს ოდესას და საბჭოთა ხელისუფლებას, რომელსაც მიშკა ოდესელი რატომღაც ხალხის ხელისუფლებად მიიჩნევდა, დენიკინის არმიის რისხვა დაატყდა, კრიმინალური სამყაროს პირველი "მეფე"(ქურდულ სამყაროში მას პირველ "კანონიერ ქურდად" მიიჩნევენ) ომში თავისი ბანდით (2500 კაცი) წავიდა, რომელსაც თავადვე დაარქვა "54-ე საბჭოთა პოლკი". მთელმა ქალაქმა გააცილა, თუმცა, იაპონჩიკი ოდესას აღარ უნახავს - რკინიგზის სადგურზე მოკლეს...

ცნობილია, რომ 1941-1945 წლების"ომში ფრონტზე თავისი სურვილით ათეულობით "კანონიერი ქურდი" თუ კრიმინალური ავტორიტეტი წავიდა. ერთ-ერთი საბჭოთა კავშირის გმირიც კი გახდა, რაც მაშინ ქურდული სამყაროსთვის წარმოუდგენელი იყო...

მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-საც დასჭირდა თავისი "ბოროტი შვილების" დახმარება. 1942 წელს ნიუ-იორკის პორტებში გახშირებული საბოტაჟის გამო აშშ დროულად ვერ უზრუნველყოფდა მოკავშირეების დახმარებას. ამასთან, გერმანელები ხშირად ძირავდნენ სატვირთო გემებს, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ნიუ-იორკის პორტებში გერმანელი ჯაშუშ-დივერსანტები მრავლად იყვნენ. გარდა ამისა, საფრთხის წინაშე იდგა ამერიკული ნაწილების გადასროლა იტალიაში... სწორედ ამ დროს, აშშ-ის ინტერესების დამცველი ნომერ პირველ შიდა მტრად აღიარებული მაფია აღმოჩნდა. 1943 წლის 5 იანვარს სინგ-სინგის ციხეში ერთ პატიმარსა და სახელმწიფო მოხელეებს შორის შეხვედრა შედგა... ეს პატიმარი კი ამერიკული მაფიის - "კოზა ნოსტრას" შემქმნელი ჩარლზ ლუჩანო, იგივე ლაკი ლუჩანო იყო.

ბავშვობაში სიცილიიდან ამერიკაში გადასახლებული სალვატორე ლუკანია მალე ჩარლზ ლუჩანო გახდა (ამბობდა, უფრო ამერიკულად ჟღერსო). ერთხელ ყელიც გამოსჭრეს, მაგრამ გადარჩა. ამის შემდეგ ლაკი ლუჩანო, ანუ იღბლიანი ლუჩანო უწოდეს... მანვე დააარსა "მკვლელების კორპორაცია" - რაზმი, რომელიც მაფიის შეკვეთებზე მუშაობდა...1936 წელს, როცა დააკავეს, ამერიკული მაფიის სახელი უკვე ევროპაშიც იცოდნენ...

"კოზა ნოსტრა" დაეხმარა აშშ-ის თავდაცვის უწყებას, დანიშნულების ადგილზე უდანაკარგოდ გადაესვა საჯარისო დანაყოფები.

კრიმინალური სამყარო გულგრილი არც აფხაზეთის ომის მიმართ დარჩენილა. 1993 წლის ზამთარში რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა "კანონიერმა ქურდებმა" ქართული ჯარისთვის იარაღისა და სხვა საჭიროების შესაძენად ორი მილიონი დოლარი საქართველოში გამოგზავნეს...

1995 წელს იაპონიის ქალაქ კობას საშინელი მიწისძვრა დაატყდა თავს, უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. დაზარალებულებს პირველმა დახმარების ხელი კრიმინალურმა "იაკუძამ" გაუწოდა. მოსახლეობისთვის პირველადი დახმარების ნივთების შესაძენად 12 მილიონი დოლარი დახარჯა, გარდა ამისა, უზრუნველყო სტიქიის რაიონში მოხალისეთა რაზმების პატრულირება, რათა მოსახლეობა მაროდიორობისა და სხვა დანაშაულისგან დაეცვა.

"იაკუძას" კეთილი საქმეები 2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგაც დიდხანს იყო მითქმა-მოთქმის საგანი. ორგანიზებულობით და მკაცრი დისციპლინით მან სახელმწიფო სამაშველო სამსახურებსაც კი აჯობა. პირველი ჩადიოდა დაზარალებულ რეგიონებში, 300 000 დაზარალებულისთვის ჰუმანიტარული ტვირთიც ჩაიტანა საკუთარი შვეულმფრენებით, სკუტერებით, ნავებით და დიდი სატვირთო მანქანებით. მხოლოდ 11 მარტს 70 სატვირთო მანქანის კოლონა ჩავიდა სტიქიური უბედურების ზონაში და 500 000 დოლარის ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა. სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო "იაკუძას" 30 000 წევრი...

"ისლამურმა სახელმწიფომ" 60 მტრულად განწყობილი ქვეყნის სია გამოაქვეყნა და მუქარაც არ დაიშურა...

შექმნის თუ არა მსოფლიო კრიმინალური სამყარო კოალიციას ჯიჰადისტების წინააღმდეგ, ამას დრო გვიჩვენებს...

კალაშოვი ქურთებს იარაღით ეხმარებოდა

ქურდული სამყარო, რომელიც ტერორიზმს არ ცნობდა, 2015 წლის აპრილში "ისლამურ სახელმწიფოსთან" თანამშრომლობაში ამხილეს. ეს მაშინ მოხდა, როცა სლავი "კანონიერი ქურდები" - ოლეგ პიროგოვი ("ცირკაჩი") და ვიქტორ ჟარნოვი ("ცეზარი") ერაყის ქურთისტანში დააკავეს, ქალაქ ირბილის ციხეში ჩასვეს და ბრალად "ისლამურ სახელმწიფოსთან" თანამშრომლობა წაუყენეს.

პიროგოვს თურქეთში "კანონიერი ქურდის" მკვლელობისთვის ეძებდნენ. ციხისთვის თავის ასარიდებლად გადაწყვიტა, თურქეთი დაეტოვებინა. დახმარებას "ცეზარი" და რამდენიმე ქურთი დაჰპირდნენ... ერაყულ მართლმსაჯულებას ამაოდ უხსნიდნენ ადვოკატები - ისინი ტერორისტები კი არა, "კანონიერი ქურდები" არიანო, მაგრამ რადგან ერაყის სასამართლო სიტუაციაში ვერ გაერკვა, დაკავებულებს დიდხანს მოუხდათ ციხეში ყურყუტი; თუმცა, ამჯერად სახელმწიფო დადგა ქურდული სამყაროს ინტერესების სადარაჯოზე და ერაყელები დაარწმუნა, პატიმრებს "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირი არა აქვთ, სექტის წევრები არიან და თავს ქურდებს უწოდებენო. მოსამართლე დიდხანს იტეხდა თავს - ნეტავ რომელ რელიგიურ სექტას მიაკუთვნებენ თავს ქურდებიო... ბოლოს, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის სოლიდური ჯარიმის საფასურად, ციხიდან გაათავისუფლა...

ვრცელდებოდა ინფორმაცია, ეთნიკურად ქურთი "კანონიერი ქურდები" სირიაში ქურთ თანამოძმეებს კობანის დაცვაში იარაღით და ფულით ეხმარებიანო. თავის დროზე "კანონიერ ქურდ" ზაქარია (შაქრო) კალაშოვს თურქული მედია ბრალს სდებდა - თურქეთში მეამბოხე ქურთებს იარაღის შეძენაში ეხმარებაო...

(იხილეთ ასევე: "ისლამურმა სახელმწიფომ" იმ დღეს პირველად იგემა რას ნიშნავს შაჰიდების თავდასხმა" - ქალები, რომლებიც სირიის ომმა გმირებად აქცია)