სახიფათო თამაში გალში... - კვირის პალიტრა

სახიფათო თამაში გალში...

1998 წლის 2 მაისს, საღამოს, გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში ვალდმერ ბუთბას ელოდნენ. არძინბას ყოფილი დაცვის უფროსი იმხანად შეიარაღებულ დანაყოფს მეთაურობდა.

- რამ შეაწუხა ამჯერად? - ფიქრობდა გალის  რაიონის უშიშროების სამსახურის უფროსი ალეკო არშბა და ბუთბას მოლოდინში იქაურებთან საუბრით იქცევდა თავს.

- სტუმარს რომ დახვდებით, იქნებ ჩვენკენ გამოიაროთ. ქორწილი გვაქვს  უბანში, - არ ეშვებოდა სოფლის გამგებელი, - სასიამოვნო დროს გაატარებთ, არ ინანებთ!

- ვეცდებით, მოვიდეთ. მგონი, ქართველებს ელოდებით ზუგდიდიდან! თუ ასეა, ნამდვილად არ მოვიწყენთ... - ჩაეღიმა არშბას.

ამ სიტყვებზე გამგებელი შეცბა და აღელვება დაეტყო. პატარძლის ახლო ნათესავები ჰყავდათ მოპატიჟებული...

- იმედია, ეგ თქვენი მაყრები წასვლის წინ ქუჩას არ დანაღმავენ! - არშბას ხმაში ბრაზი გაერია.

მალე მოსახვევში  ბუთბას მანქანაც გამოჩნდა...

უხასიათოდ იყო. "ეტყობა, რაღაც ხდება", - გაიფიქრა გალის უშიშროების სამსახურის უფროსმა.

- თბილისი რაღაცას ამზადებს, მაგრამ რას, ჯერჯერობით არ ვიცით! - მკაცრი ტონი იგრძნობოდა ბუთბას ხმაში.

- ინფორმაცია რამდენად რეალურია? ხანდახან რუსებს უყვართ წყლის ამღვრევა! - აღნიშნა არშბამ.

- ამ შემთხვევაში ის ლოთები არაფერ შუაში არიან, ინფორმაცია თბილისიდან მივიღეთ. დაზუსტებული ჯერჯერობით არაფერია, მაგრამ სავარაუდოდ, გალში შემოსვლას ეცდებიან. ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. აქეთ ხომ არ შეგიმჩნევიათ რამე?

- ისეთი არაფერი! გუშინ სოფელ ნაბაკევში ქართული დროშა დაკიდეს. ორი საათის მერე ჩამოვხსენით, არავინ დაგვისჯია.

- არც ღირს, თუ ჩამოკიდებენ, კიდევ ჩამოხსენით. როდის გადააქვთ ჩვენებს ბენზინი ზუგდიდში?

- ხვალ ღამით.

- გააფრთხილე, ყურადღებით იყვნენ, იქნებ რამე გაიგონ. ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება ღირებული იყოს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

მოულოდნელად მოსაუბრეებს მუსიკის ხმა შემოესმათ.

- ქორწილია სოფელში, - დაასწრო პასუხი არშბამ, - მიწვეულები ვართ.

- ქორწილი ქართული სიმღერებით?! - იკითხა ორაზროვნად ბუთბამ.

- ახლა ჩვენთან, ქორწილებში სულ ქართული სიმღერები ისმის. ზუგდიდში, ბაზრობაზე ყიდულობენ  კასეტებს, -უპასუხა არშბამ და დასძინა, -  ისე, მეც მაქვს ერთი ეგეთი კასეტა მანქანაში. გაგიკვირდება, მაგრამ ხანდახან მეც ვუსმენ. სიმღერა მართლა იციან ქართველებმა.

ვალდმერ ბუთბამ პასუხის ნაცვლად გაიღიმა:

- უჩემოდ წადი ქორწილში. - ურჩია არშბას და ზემო ბარღები დატოვა...

7 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი გვიანობამდე კაბინეტში იმყოფებოდა და სახლში წასვლას არ ჩქარობდა.

- მგონი, აჯობებს მიმართვა არა მარტო ფიჩორის მოსახლეობისთვის გავაკეთო, არამედ მივმართო მთელ გალის რაიონის  მოსახლეობას. მინდა ტექსტი ემოციურად დამუხტული იყოს. ხუმრობა ხომ არ არის, პირველად ვატარებთ ამხელა ღონისძიებას აფხაზეთის ტერიტორიაზე, - მითითებებს აძლევდა ნადარეიშვილი რეფერენტს.

- რადგან 9 მაისს უნდა წაიკითხონ, ფაშიზმზე გამარჯვებასთან ხომ არ გაგვევლო პარალელი? - იკითხა რეფერენტმა

- კარგი აზრია! მოკლედ, მიმართვის ტექსტი მზად რომ იქნება, შემომიტანეთ! გახსოვდეთ, თითოეულ სიტყვას განსაკუთრებული დატვირთვა უნდა ჰქონდეს. რომ გახვალთ, აპარატის უფროსს უთხარით, საღამოს თათბირს ვნიშნავ.

თათბირზე რამდენიმე განსახილველ საკითხთან ერთად გალის რაიონში შექმნილ სიტუაციაზეც იმსჯელეს.

- ბოლო დროს პარტიზანული მოძრაობა საგრძნობლად გააქტიურდა გალის რაიონში. გრძელდება ქართული დროშების აღმართვა სხვადასხვა სოფელში, რაც იქაურ ქართველ მოსახლეობას გამარჯვების იმედს უსახავს! - კმაყოფილი ჩანდა აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მამუკა ნაჭყებია.

- აფხაზები როგორ უყურებენ ამ ყველაფერს? - დაინტერესდა თამაზ ნადარეიშვილი.

- რა თქმა უნდა, არ მოსწონთ, მაგრამ ცდილობენ არ შეიმჩნიონ...

- საინტერესოა, - ჩაილაპარაკა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, - როგორც იცით, ზეგ ანუ 9 მაისს გალის რაიონში საზეიმო ღონისძიებაა დაგეგმილი. ვამზადებთ სპეციალურ მიმართვას. ღონისძიებას პარლამენტის რამდენიმე წევრიც დაესწრება, მათ შორის ფრაქცია აფხაზეთიდანაც, მაგრამ ჩვენი საზრუნავი იმ დღეს მოსახლეობის უსაფრთხოება იქნება!

- რამდენიმე პარტიზანული დანაყოფი უკვე იმყოფება ფიჩორისა და ოტობაიას ტერიტორიაზე. საჭიროების შემთხვევაში სწორედ ისინი უზრუნველყოფენ მოსახლეობის უსაფრთხოებას, თუმცა დარწმუნებული ვარ,  ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის, - განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

- ძალიან თავდაჯერებული ხართ, ბატონო ნაჭყებია! - გაიფიქრა აპარატის უფროსმა.

თათბირი გვიანობამდე გაგრძელდა. მიმართვის ტექსტიც მომზადდა.

- დროულად გადაგზავნეთ ზუგდიდში! ჩემი სახელით მიმართვას გალის რაიონის გამგებელი მურმან ჭედია წაიკითხავს! - გასცა განკარგულება თამაზ ნადარეიშვილმა და კაბინეტში განმარტოვდა.

...

- 9 მაისს მთელმა საქართველომ გაიგო, რომ გალის რაიონის სოფელ ფიჩორში ქართველებმა მარულა გამართეს და სოფლის თავზე ქართული სახელმწიფო დროშა ააფრიალეს. ამ მოვლენების ამსახველ კადრებს ქართული ტელევიზიები მთელი საღამო ატრიალებდნენ ეთერში. იმედის  ნაპერწკალი, რომელიც ფიჩორში დაინთო, მთელ საქართველოში გაღვივდა და აფხაზეთიდან დევნილებმაც ირწმუნეს, რომ უახლოეს ხანში ისინი მშობლიურ სახლებს დაუბრუნდებოდნენ.

ვალდმერ ბუთბა ადგილს ვერ პოულობდა და გალის გამგებლის, რუსლან ქიშმარიას კაბინეტში გამწარებული ბოლთას სცემდა და გაიძახოდა:

- თავს გაუვიდათ ქართველებს. ცხვირწინ მარულას გვიწყობენ, ქართულ დროშებს აფრიალებენ!..

- დროშებს ისინი უკვე რამდენიმე დღეა აფრიალებენ, ხან სად, ხან სად! - სიტყვა "შეაშველა" რუსლან ქიშმარიამ.

- თამაზ ნადარეიშვილის მიმართვის ტექსტიც წაუკითხავთ. ბრძოლისკენ მოწოდებას ჰგავდაო, ამბობენ! - გაბრაზებას ვერ მალავდა ვალდმერ ბუთბა.

- მთლად ეგეთი შინაარსისა არ იყო... - ამაოდ ცდილობდა ქიშმარია ბუთბას დამშვიდებას.

- რუსლან, ვერ ატყობ, ძალიან გადიდგულდნენ ქართველები ამ ბოლო დროს. რუსების ხელი ხომ არ ურევია ამ ყველაფერში?

- შეიძლება! აქაური მშვიდობისმყოფელები ფულის გულისთვის ეშმაკსაც მიჰყიდიან სულს.

- ღორები! - ჩაილაპარაკა ბუთბამ, - ღორები!..

-ასე თუ გააგრძელეს ქართველებმა, მათთვის ჭკუის სწავლება მოგვიწევს. კარგა ხანია, არ აგვიწიოკებია! უმადურები!.. - ამ სიტყვებით ბუთბამ გამგებლის კაბინეტი დატოვა და პოლიციის უფროსთან შესახვედრად წავიდა.

10 მაისს, საღამოს, პატარა ოტობაიაში ერთ ოჯახში ქართველ პარტიზანებს მოეყარათ თავი. ჯგუფის უფროსი უკვე მერამდენედ დაჰყურებდა საათს. ჩანდა, ვიღაცას ელოდნენ.

- ეტყობა, დაღამებას ელოდებიან და აუცილებლად მოვლენ. ხომ იცით, სიფრთხილეს თავი არ სტკივა! ყველგან აფხაზები არიან! - ამშვიდებდა მასპინძელი.

- დიდხანს  აქ ყოფნა ჩვენთვისაც  სარისკოა და არც თქვენთვის არის კარგი! - ნერვიულობდა პარტიზანების მეთაური. შებინდებისას სტუმრებიც გამოჩნდნენ. ორნი იყვნენ.

- ვინაიდან დრო არც თქვენ გაქვთ და არც ჩვენ, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ჩვენ აფხაზეთის უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები ვართ. ხელისუფლება გალის რაიონში შესვლას გეგმავს, ამისთვის ყველაფერი მომზადებულია, ჩვენ მხოლოდ უნდა დავიწყოთ...

- და რა უნდა გავაკეთოთ? - იკითხა ერთ-ერთმა პარტიზანმა.

- თქვენ უნდა დაიწყოთ და ჩვენ წამოგეშველებით!

- მარტო ჩვენ?! - დაეჭვდა მეთაური.

- დიახ, მარტო თქვენ! მერე აგყვებათ გალის რაიონში მყოფი ყველა პარტიზანული დაჯგუფება და ადგილობრივი მოსახლეობა, რაც ხელისუფლებას აიძულებს, ჯარი შემოიყვანოს.

- მერე რუსები?

- მათთან ყველაფერი შეთანხმებულია!

- გამოდის, გალისთვის ბრძოლას ვიწყებთ! - სიხარულს ვერ მალავდა მეთაური.

- ასე გამოდის! - ღიმილითვე უპასუხა მოსაუბრემ.

- ეჰ, ნეტა ეგ დღე გვეღირსოს, - გაიფიქრა მასპინძელმა, რომელიც სიხარულის ცრემლს ვეღარ იკავებდა.

...

თამაზ ნადარეიშვილი სამუშაო დღის მერე შინ წასვლას აპირებდა, როცა სახელმწიფო კანცელარიიდან დაურეკეს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი  ნუგზარ საჯაია ელოდა.

- რამე ხომ არ ხდება? - ფიქრობდა კანცელარიაში მიმავალი თამაზ ნადარეიშვილი და ცდილობდა ამოეცნო მოსალოდნელი საუბრის თემა.

ნუგზარ საჯაია კაბინეტში მარტო იყო.

- ბატონო თამაზ, ჩაის ხომ არ მიირთმევთ? - გულღიად შეხვდა უშიშროების საბჭოს მდივანი კაბინეტში შესულ სტუმარს, თუმცა პასუხს არც დაელოდა, ისე სთხოვა მდივანს, ჩაი შემოეტანა.

- ჩაის დასალევად ნამდვილად არ დამიძახებდა! - გაიფიქრა ნადარეიშვილმა. არც ჩაის შემოტანის მერე დაუწყია საუბარი უშიშროების საბჭოს მდივანს. ნება-ნება მიირთმევდა ჩაის... ნადარეიშვილისთვის ეს წუთები საათებად იქცნენ.

- თამაზ, რამდენი ქართული სკოლაა გალის რაიონში? - მოულოდნელად იკითხა საჯაიამ. ნადარეიშვილი, რომელიც ამ კითხვის დასმას ნამდვილად არ ელოდა, ცოტა არ იყოს, დაიბნა.

- 32, ბატონო ნუგზარ! - უპასუხა.

- რამდენი ბავშვი სწავლობს ამ სკოლებში?

- 4500-მდე! - თამაზ ნადარეიშვილი ამაოდ ცდილობდა გაეგო, საით მიჰყავდა დიალოგი უშიშროების საბჭოს მდივანს. - ამჟამად გალის რაიონში 60000 ქართველი ცხოვრობს. მათი 80% ომის შემდგომ დაბრუნდა...

- თამაზ, რა ხდება დღეს გალში? - საჯაიამ გამჭოლი მზერა მიაპყრო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს.

"აი, თურმე რა ყოფილა", - გაიფიქრა ნადარეიშვილმა, თუმცა პასუხის გაცემა ვერც მოასწრო, საჯაიამ ისევ გააგრძელა:

- როგორ ფიქრობთ, არსებული გეგმა შეგვიყვანს გალში? ან თქვენი აზრით, რამდენად წარმატებული იქნება ეს გეგმა?

- ბატონო ნუგზარ, ზუგდიდში არსებობს სპეციალური შტაბი, რომელიც ამაზე უკვე დიდი ხანია მუშაობს. რამდენადაც ვიცი, შტაბის მუშაობაში სამხედროებიც არიან ჩართული და ყველაფერი გათვლილი აქვთ.

- ჩვენ აფხაზეთშიც ყველაფერი გათვლილი გვქონდა, თუმცა შედეგს კი ხედავთ! - ამოიოხრა საჯაიამ და დასძინა, - როგორ გგონიათ, რუსები არ მოგვატყუებენ?

- შეთანხმებულები არიან, თანხაზეც მოილაპარაკეს.  თუმცა მათთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება გვაქვს. ერთადერთი, რაც მადარდებს, ეს გალის მოსახლეობაა.

ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში რამდენად მოვახერხებთ მათ დაცვას?

- საუბედუროდ, ამ კითხვაზე პასუხი არც პრეზიდენტს აქვს. - მიანიშნა ნუგზარ საჯაიამ.

- ძალზე სახიფათო თამაში წამოვიწყეთ, თამაზ და იმედია, ამ თამაშის მსხვერპლი ჩვენვე არ გავხდებით... - უთხრა დამშვიდობებისას  უშიშროების საბჭოს მდივანმა და ნადარეიშვილი კარამდე მიაცილა.

"მართლაც რომ სახიფათო", - ფიქრობდა შინ მიმავალი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)