"თოჯინები" მოჯაჰედისთვის - მონათა ბაზარი და თანამედროვე "შინდლერები" - კვირის პალიტრა

"თოჯინები" მოჯაჰედისთვის - მონათა ბაზარი და თანამედროვე "შინდლერები"

დღეს "ისლამური სახელმწიფო" ქალებით ვაჭრობით დიდ შემოსავალს იღებს. ზოგიერთი მონაცემით, ის შავ არქეოლოგიაზე სარფიანია...

"ჩვენ ის მოვკალით, რადგან ამერიკელი იყო. ობამას რომ ნდომებოდა, ეტყოდა ბაშარ ასადს, შეეწყვიტა ჩვენი პოზიციების ავიაიერიშები, რასაც ყოველდღიურად ათობით ქალი და ბავშვი ეწირება, ეს ჩვენი შურისძიებაა - მოვკლავთ ყველა ამერიკელს ქალიან-კაციანად, რომელიც ტყვედ ჩაგვივარდება"."

ჰაჯი მუთაზი, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი

"გატაცებული ბიჭების და გოგონების (1-9 წლამდე ასაკის) ფასი 165 დოლარს უტოლდება, მოზარდი გოგონებისა - 24 დოლარს, ხოლო ქალების (20-30 წლამდე ასაკის) - 85 დოლარს. ჩვენი მონაცემებით, დღეს ისლამურ სახელმწიფოს"5 000 ქალი ჰყავს ტყვედ, რომლებიც მონებად აქციეს".

ზეინაბ ბენგური, გაეროს საგანგებო წარმომადგენელი სექსუალური ძალადობის საკითხებში

"მებრძოლებმა მითხრეს, რომ მალაქ თავური (მთავარი ანგელოზი იეზიდურ რელიგიაში. - ავტ.) არის ეშმაკი და რადგან ეშმაკს ეთაყვანებით, შეგვიძლია ვივაჭროთ და ვისარგებლოთ თქვენით, სანამ არ მოგვბეზრდებაო... მათ ჩემი გაუპატიურება (დღეში რამდენჯერმე) კარგა ხანს არ მოჰბეზრებიათ".

15 წლის იეზიდი გოგონას ნაამბობიდან

"ის ძალიან მშვიდი ადამიანი იყო, ხმას არასდროს უწევდა, მონების თანდასწრებით თავს აბუ ჰალიდს უწოდებდა, არ ჰქონდა მობილური ტელეფონი (კავშირს სხვა მებრძოლებს ანდობდა), თუმცა ჰქონდა პრივატული ოთახი კომპიუტერით და ინტერნეტით, შინ 5 შვილი და 3 ცოლი ჰყავდა, მონა გოგონებს, რომლებიც სახლის საქმეებს უძღვებოდნენ, ხალიფას ცოლები უმოწყალოდ სცემდნენ, ხშირად რეზინის ჯოხებით, შემდეგ მებრძოლებს ეუბნებოდნენ, გააუპატიურეთ, ურჯულოები არიანო... თავად ხალიფა ერთ ამერიკელ ქალს (ქაილი მიულერი. - ავტ.) რამდენიმე თვე ჯერ აუპატიურებდა და მერე აწამებდა, შემდეგ ის მოკლეს კიდეც"."

აბუ ბაქრ ალ ბაღდადის მონა ქალის მოგონებებიდან. გამოცემა Qarriere dela sera, 2015 წლის 11 სექტემბერი.

"ბავშვი თუნუქის ქილაში ჩასვა და თაკარა მზეზე დაკიდა"

"ჩემი ერთი პაციენტი 26 წლის იყო, როცა "ისლამური სახელმწიფოს" მეომრებმა მისი სოფელი აიღეს, მისი ოჯახის ყველა მამაკაცი დახვრიტეს, თავად კი, სამ შვილთან ერთად (7 წლის ვაჟი, 5 და 2.5 წლის გოგონები), ერთ მებრძოლს მიჰყიდეს. ასე გახდა მონა. მებრძოლი აიძულებდა, ყოველდღე ყურანიდან ერთი სურა ესწავლა. ქალი ქურთი იყო, არაბული კარგად არ იცოდა და შეცდომების გამო მებრძოლი ყოველდღე სცემდა. ერთ დღეს ისე გაცხარდა, ქალის უმცროსი გოგონა თუნუქის დიდ ქილაში (მასში ზეთს ინახავენ ხოლმე) ჩატენა და თაკარა მზეზე დაკიდა. იქ შუადღისას ძალიან ცხელა, ამიტომ თუნუქის ქილაში ტემპერატურა 60 გრადუსამდე იმატებს. ასე იყო ბავშვი დაკიდებული ერთი კვირა... დედას არ ჰქონდა შვილის ამოყვანის უფლება, რადგან მებრძოლი დანარჩენი შვილების მოკვლით ემუქრებოდა. ქალს მხოლოდ დღეში ერთხელ შეეძლო ბავშვისთვის საჭმლის მიტანა. დიდი სიცხის გამო პატარას მუდმივად გული ერეოდა. ერთი კვირის შემდეგ ის ჩამოხსნეს და ყინულიან წყალში ჩააგდეს. ბავშვს ცალი თვალი ამოუვარდა. დედის შეცდომების გამო კიდევ რამდენჯერმე სცემეს. ნაწამები პატარა გარდაიცვალა... შემდეგ ეს მებრძოლი დაემუქრა, თუ ჩემი ხასა არ გახდები, ვაჟს მოგიკლავო. ბავშვები, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს დის სიკვდილი, დღემდე ხმას არ იღებენ".

ცნობილი ფსიქოლოგის, იან ილჰან ყიზილხანის ამ ნაამბობმა გერმანელ საზოგადოებას თავზარი დასცა.

სიტყვა "საბაია""(არაბულად ტყვე ქალი) სირიაში ათასობით იეზიდი თუ ქრისტიანი ქალისთვის ტანჯვისა და სიკვდილის სინონიმად იქცა. ამის შესახებ დიდხანს არავინ არაფერი იცოდა. 2015 წელს ყოფილი მონა ქალი, ნადია მურად ბასი გაეროში გამოვიდა, მოჰყვა, რა გადახდა თავს და მსოფლიოს ამცნო სექსმონების შესახებ. ისლამის სახელით სექსუალური ძალადობა ქალებსა და ბავშვებზე "ისლამური სახელმწიფოს""ახალ სავიზიტო ბარათად იქცა.

საგულისხმოა, რომ სექსუალურ ძალადობას, როგორც ურჯულოების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ფორმას, თავისი დაბადების დღეც აქვს - 2014 წლის 3 აგვისტო.

"როცა გუნებაზე იყო, მეგობრებს ეპატიჟებოდა და ჩემი გაუპატიურების ნებას აძლევდა"

იეზიდი გოგონას ნაამბობიდან: "სოფლის აღებიდან ერთ საათში მოსახლეობა სახლებიდან გამორეკეს, ქალები გამოყვეს, მოზარდი ბიჭები, ვისაც იღლიაში თმა ჰქონდა, მამებთან და ძმებთან დააყენეს. შემდეგ მამაკაცები ყანებში გაიყვანეს და დახვრიტეს... ასე ხდებოდა ყველა სოფელში... როცა ჩვენს სოფელს მოუახლოვდნენ, მამაჩემმა გარიდება გადაწყვიტა. ოჯახში ცხრანი ვიყავით. გზაში მანქანა გაგვიფუჭდა და მეომრებმაც მოგვისწრეს... კაცები სადღაც წაიყვანეს, ქალები კი იქვე, ავტობუსში აგვიშვეს, სადაც ქალები დაგვხვდნენ... დაახლოებით 6 საათის მგზავრობის შემდეგ ქალაქ მოსულში მიგვიყვანეს. ავტობუსები გააჩერეს. ქალები სამ ნაწილად გაგვყვეს, ერთნი საქორწილო დარბაზში შეგვიყვანეს, მეორე ნაწილი - სადამ ჰუსეინის დროინდელ სასახლეში, ხოლო მესამე ნაწილი ახალგაზრდული ცენტრის შენობაში მოათავსეს... საქორწილო დარბაზში ლოგინები, წყალი და საჭმელი დაგვხვდა. მახსოვს, ერთმა ქალმა თქვა, - ერაყში ქალაქი სინჯარი აიღესო. ბევრმა ტირილი დაიწყო, თუ რატომ, ამას გვიან მივხვდი. მეორე დღეს გაირკვა, რომ იმ დარბაზში 1 300-მდე ქალი ვიყავით. სამმა მეომარმა ჩამოგვიარა, ხელში სია ეკავათ. გოგონებს ადგომას გვაიძულებდნენ, გვეკითხებოდნენ, გათხოვილები თუ ხართ ან შვილები ხომ არ გყავთო. ამ ყველაფერს ინიშნავდნენ.

იმ დარბაზში ორი თვე გავატარეთ. ერთ დილას მოვიდნენ და ყველა გაგვიყვანეს. ვინც გაუძალიანდა, თმით გაათრიეს. გარეთ ავტობუსები გველოდა, მაშინ პირველად გავიგე სიტყვა "საბაია". ერთ მებრძოლს ვკითხე, ეს რას ნიშნავს-მეთქი. მონასო... კარგა ხანს გვატარეს. მიგვიყვანეს სირიის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაში. აქ მოჯაჰედები აგვირჩევდნენ სათავისოდ... ერთ შენობაში შეგვყარეს, სადაც 500-მდე ქალი და მოზარდი დაგვხვდა. ყველაზე პატარა 11 წლის იყო, მე 15 წლის ვიყავი... როცა მყიდველები მოდიოდნენ, გოგონები ცალკე ოთახებში გაჰყავდათ, სადაც აშიშვლებდნენ და ათვალიერებდნენ, ყველას ეკითხებოდნენ, ფეხმძიმედ ხომ არ ხარო (მერე გავიგე, რომ მათი კანონებით ორსულთან სექსუალური კონტაქტი იკრძალება), მეც რამდენჯერმე გამიყვანეს, ბოლოს მიყიდეს და ვიღაც ბრძოლაში თავგამოჩენილ მეომარს საჩუქრად გადამცეს. ჩემი ტანჯვა პატრონის ხუშტურზე იყო დამოკიდებული, როცა გუნებაზე იყო, მეგობრებს ეპატიჟებოდა და ჩემი გაუპატიურების ნებას აძლევდა, ხანდახან რამდენიმე კაცსაც... თავად ყოველდღე მაუპატიურებდა, ძალადობის წინ და შემდეგ ლოცულობდა, თან მიჩიჩინებდა, - ეს გაუპატიურება არ არის, ეს ალაჰის სახელით კეთდებაო... ბევრი ქალი ვერ უძლებდა და თავს იკლავდა, ზოგს თავად კლავდნენ. მეც ალბათ იგივე მელოდა, რომ არა ერთი შემთხვევა. ერთ გოგოს ლიბიელი მეპატრონე ჰყავდა. ერთ საღამოსაც მას რაღაც ლამინირებული ქაღალდის ნაგლეჯი მისცა და უთხრა, - ამფეთქებლის ტრენინგი გავიარე, შაჰიდობას ვაპირებ და წადი, თავისუფალი ხარო (არადა, შეეძლო, მოეკლა). ის ქაღალდის ნაგლეჯი ე.წ. საშვი იყო, რომელიც უსაფრთხო გადაადგილების ნებას იძლეოდა... ასე გამოვიქეცით იქიდან".

მონათა ბაზარი და თანამედროვე "შინდლერები"

2015 წლის 11 სექტემბერს მსოფლიომ ამერიკელი გოგონას, ქაილი მიულერის ამბავიც შეიტყო - საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი 2013 წელს გაიტაცეს "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა. რამდენიმე თვე აწამებდნენ და აიძულებდნენ, ეთქვა, ჯაშუში ვარო. ციხეშიც კი ჰყავდათ გამომწყვდეული, სადაც ის სამმა ქურთმა გოგომ გაიცნო (ისინი ციხეში წარუმატებელი გაქცევის შემდეგ მოხვდნენ). ისინი იხსენებენ, რომ ქაილი მიულერს ფრჩხილებიც კი დააძვრეს და ყოველდღე სცემდნენ, შემდეგ კი აბუ ბაქრ ალ ბაღდადისთან მიჰყავდათ და ის აუპატიურებდა. შემდეგ ქაილი მოკლეს. ქურთმა გოგონებმა გაქცევა მოახერხეს, ევროპაში ჩააღწიეს და მსოფლიოს მიულერის ტრაგედიის შესახებ ამცნეს...

"ისლამური სახელმწიფოს" მონები იეზიდი და ქრისტიანი ქალები არიან, ეს რელიგიური უმცირესობები მათ ტერიტორიაზე ადამიანებად არ ითვლებიან; და რადგან ადამიანები არ არიან, შეგიძლია, ყველაფერი გაუკეთო, რაც მოგეპრიანება. ქრისტიანების მიმართ შეუწყნარებლობამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ რომის პაპმა ფრანცისკმა მას "სისტემური გენოციდი" უწოდა..

დღეს "ისლამური სახელმწიფო" მონათვაჭრობისგან დიდ შემოსავალს იღებს (ზოგიერთი მონაცემით, ის შავ არქეოლოგიაზე სარფიანია). დაპყრობილ ტერიტორიაზე მოსახლეობის"დახარისხებაზე და შემდეგ ქალების ტრანსპორტირებაზე სპეციალური შტაბები ზრუნავენ, ხოლო მათ გაყიდვაზე ან გამოსყიდვაზე - სხვა ჯგუფები.

მონათა ბაზარმა სირიაში თანამედროვე "შინდლერებიც" გააჩინა - სირიელი ბიზნესმენები ერთგვარ ვალდებულებასაც იღებენ, გამოისყიდონ ტყვე ქალები, ხოლო როცა მათი გათავისუფლება ფულით ვერ ხერხდება, საქმეში ქურთ მოხალისეთა ჯგუფები ერთვებიან და საბაიებს"გაქცევაში ეხმარებიან.

ყველა ყოფილი მონა ქალი ამბობდა, რომ ტყვეობიდან გაქცევის მიზანი იყო, საკუთარი თავგადასავლის მაგალითზე მსოფლიოსთვის "ისლამური სახელმწიფოს""ნამდვილი სახე ეჩვენებინათ. საბაია, რომელიც სირიაში ქალებისთვის ტანჯვას და სიკვდილს ნიშნავს, დღეს ცივილიზებულ სამყაროში მამაცი გულის სინონიმად იქცა.

მონათა ფასი

სირიასა და ერაყში სექსუალური ძალადობის მასშტაბებით გაკვირვებას "ისლამური სახელმწიფოს" ზოგიერთი ლიდერიც ვერ მალავდა, თუმცა თანამოაზრეების გაკიცხვას ისევ ამ სისასტიკის დაკანონება არჩიეს - 2015 წლის ზაფხულში "ისლამურმა სახელმწიფომ" მონობა დააკანონა და სპეციალური ბროშურებიც კი გაავრცელა მონათა პატრონების უფლება-მოვალეობების შესახებ, მეტიც, მონათა ბაზარზე ფასებიც კი დააწესა:

ქალი 40-50 წლის - 50 000 დინარი

30-40 წლის - 75 000 დინარი

20-30 წლის - 100 000 დინარი

10-20 წლის - 150 000 დინარი

1-9 წლის - 200 000 დინარი.

მიღებული კანონი არ კრძალავს მოზარდთან სექსუალურ ძალადობას,"თუ მისი სხეული მზად არის სექსუალური აქტისთვის."სავარაუდო ასაკი 10 წლიდან იწყება; და კიდევ: ერთ მებრძოლს მხოლოდ სამი სექსმონის ყიდვა შეუძლია.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ისლამურმა სახელმწიფომ" იმ დღეს პირველად იგემა რას ნიშნავს შაჰიდების თავდასხმა" - ქალები, რომლებიც სირიის ომმა გმირებად აქცია