ქართული გამბიტი - კვირის პალიტრა

ქართული გამბიტი

(დასაწყისი იხ. "კვირის პალიტრა", #10)

19 მაისს,  დილით ოლეგ დარსალია კარზე კაკუნმა გამოაღვიძა.

- მიშველეთ, ხალხო, შემომიშვით!.. - დარსალიამ თავიდან იფიქრა, მომესმაო, მაგრამ როცა სტუმრად მყოფი ბადრი ზარანდია საწოლზე წამომჯდარი დაინახა, მიხვდა, რომ შველას მართლა ითხოვდა ვიღაც.

- ვინ უნდა იყოს?! - იკითხა  პარტიზანების მეთაურმა და თან ბალიშის ქვეშ იარაღის ტარი მოსინჯა.

- არ ვიცი, მაგრამ რადგან ძაღლს არ დაუყეფია, ეტყობა, ახლობელია ვინმე...

ამ სიტყვებით მასპინძელი წამოდგა და კარი გააღო. როდესაც იქვე  ჩაკეცილი მეზობლის ქალი, როზა დაინახა, გაკვირვება ვერ დამალა. Kკაბაშემოხეული როზა სისხლიანი ხელებით ეპოტინებოდა კარს და ყრუდ ქვითინებდა.

- როზა, რა მოხდა, არ იტყვი? - უკვე მერამდენედ ეკითხებოდა მოთმინებადალეული  ოლეგ დარსალია მეზობელს.

- დილით ძროხა გავიყვანე საბალახოდ. ფიქრში, ეტყობა, გზა გამიგრძელდა და სოფელს გავცდი... - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჰყვებოდა ქალი, - იქ, გზაზე... ორი ბიჭი წევს... ახლოს რომ მივედი, ერთი უკვე მკვდარი იყო, მტევანი ჰქონდა მოჭრილი, მეორე ჯერ კიდევ სუნთქავდა. რომ დამინახა,  კაბაში ხელი ჩამავლო, ვერაფერს ამბობდა, მაგრამ  მისი თვალები შველას  მთხოვდნენ... ჩემი ვალერი გამახსენდა... - და ტირილი აუვარდა.

- როზა ქმარ-შვილით გალში ცხოვრობდა.  ქმარი აფხაზებმა თავისსავე სახლში მოუკლეს წამებით. როდესაც მისმა 19 წლის ვაჟმა ეს ამბავი შეიტყო, ღამით ის სახლი დაწვა, სადაც მამამისის მკვლელებს ეძინათ. მას შემდეგ ბიჭი აღარავის უნახავს. ქალი სოფელში მისმა ნათესავმა შეიფარა, ერთი ძროხა მისცა და არის მას მერე აქ... - უამბო როზას შესახებ ოლეგ დარსალიამ პარტიზანების მეთაურს.

- საცოდავი ქალი... - ჩაილაპარაკა ზარანდიამ, - მაგრამ იქნებ თვითონაც სჭირს რამე, ხედავ, კაბა შემოხეული აქვს, ხელები - სისხლიანი.

- მე არაფერი მჭირს, - უპასუხა ქალმა, - ის საცოდავი ბიჭი ჩემს კაბას ხელს არ უშვებდა. მე აქეთ ვექაჩებოდი, ის - იქით. ბოლოს, ხელი რომ ვერაფრით გავაშვებინე იმ უბედურს, კაბა შემოვიხიე და ისე გამოვიქეცი...

ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.

- ნეტა, ვინ არიან ის ბიჭები? -  იკითხა ზარანდიამ.

- აქაურები არ  არიან, შეიძლება პარტიზანები იყვნენ. გარდაცვლილს სამხედრო შარვალი და ჩექმა ეცვა... - გაიხსენა ქალმა.

- პარტიზანები?!  ე.ი. შეიძლება ჩემი ბიჭებიც იყვნენ? - აღელდა ზარანდია და დასძინა, - მიხედვა უნდათ. იქნებ როგორმე ის ერთი მაინც გადავარჩინოთ...

ამ სიტყვებზე ფეხზე წამოდგა და ნაჩქარევად დაემშვიდობა იქ მყოფთ.

- ფრთხილად იყავით, სოფელში აფხაზები შემოვიდნენ! - მიაძახა ქალმა პარტიზანების მეთაურს. - ორი მანქანით არიან, სკოლისკენ წავიდნენ, ამიტომ აღარ წავსულვარ სახლში და პირდაპირ აქ მოვედი, - თქვა ქალმა.

- აფხაზები სოფელში?! ძალიან კარგი, - სიმწრით ჩაიღიმა ზარანდიამ და სახლიდან გავიდა.

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში აფხაზეთის მთავრობის წევრთა თათბირი სრულდებოდა.

- გალის რაიონში სიმშვიდეა. პარტიზანული დაჯგუფებები უკვე რამდენიმე დღეა, თავისუფლად მოქმედებენ გალის ე.წ. არხის მარცხენა სანაპიროზე,  სოფლებში პრიმორსკი, ფიჩორი, ზემო ბარღები, სიდა, ხუმუშკური, რაც საშუალებას გვაძლევს გავაკონტოლოთ გალის არხის ორი-სამი გადმოსასვლელი! - განმარტა აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მამუკა ნაჭყებიამ და დასძინა, - გარდა ამისა, ზუგდიდში მობილიზებულია საქართველოს შინაგანი ჯარების დანაყოფები.

- რომელი პარტიზანული დაჯგუფება იმყოფება ამჟამად გალის ტერიტორიაზე? - იკითხა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ერქვანიამ.

- თითქმის ყველა - "ტყის ძმები", "თეთრი ლეგიონი", "სამურაი"... - უპასუხა უშიშროების მინისტრმა თემურ ხევსურიანმა.

- "სამურაი"! საიდან იგონებენ ამ სახელებს პარტიზანები!" - ჩაილაპარაკა  მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ და შეკრებილთ მიმართა, - მოკლედ, ჩვენი სურვილი ასეთია, და არა მარტო ჩვენი: უნდა ვეცადოთ, რომ 26 მაისისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის გალის თავზე ქართული დროშა  ფრიალებდეს და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიაც გალში ჩავატაროთ.

- Kკი მაგრამ, ოპერაციას როდის ვიწყებთ? - იკითხა აფხაზეთის გენერალურმა პროკურორმა ანზორ ლაცუზბაიამ.

- ალბათ მალე, და  იმედია, ამის მიზეზს აფხაზები მოგვცემენ!.. - უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ზუგდიდის თეატრში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სახელმწიფო დაზვერვის შეფს, ავთანდილ იოსელიანს მოულოდნელად შეატყობინეს, რომ სოფელ სიდაში, აფხაზებსა და პარტიზანებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა,  ქართველებმა ალყა შემოარტყეს სკოლის შენობას, სადაც აფხაზები გამაგრდნენო. ახალი ამბავი სწრაფად გავრცელდა ქალაქში.

ზუგდიდის სპეციალურ შტაბში საგანგებო თათბირი გაიმართა.

- მოვლენები უფრო ადრე განვითარდა, ვიდრე მოველოდით, - განაცხადა  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით გულუამ, - ამიტომ გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა მივიღოთ. როგორ ფიქრობთ, სიდაში შექმნილი სიტუაცია შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი მხრიდან სამხედრო ოპერაციის დაწყების ნიშნად?

- მიზეზს თუ ვეძებდით, გვაქვს კიდეც! - აღნიშნა მამუკა ნაჭყებიამ, - აფხაზებს პარტიზანები  დაუხოცავთ! შეტაკების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. ჯერჯერობით სიდაში, როგორც გვაცნობეს, სიტუაციას ისევ პარტიზანები აკონტროლებენ, მაგრამ აფხაზები ამ ამბავს ისე არ დატოვებენ და სკოლაში გამაგრებულებს დამხმარე ძალას გაუგზავნიან. ამიტომ ბიჭებს ან უნდა დავეხმაროთ, ან გამოვიყვანოთ! აბა, ხომ არ ჩავახოცვინებთ იქ!

- საქმე იმაშია, რომ თუ ჩვენ ოპერაციას დავიწყებთ, არც აფხაზები იქნებიან გულხელდაკრეფილი. შესაბამისად, ჩვენ ვართ კი მზად, სოფლების დაცლის შემთხვევაში, მოსახლეობა უსაფრთხოდ გამოვიყვანოთ? ან  საავადმყოფოები არიან მზად  უარეს შემთხვევაში დაჭრილთა ნაკადი მიიღონ? - შენიშნა იოსელიანმა, - გარდა ამისა, არ ვიცით, რუსები რა პოზიციას დაიკავებენ. რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალთან, გენერალ კორობკოსთან კი ვართ შეთანხმებული, მაგრამ...

- კორობკოს იმდენი ფული უნდა მივცეთ, მგონი საერთოდ არ გაიხედოს აფხაზებისკენ, - განაცხადა გულუამ. – საღამოს  სიდაში მყოფ პარტიზანებს აცნობეს, რომ სოფელს შეიარაღებული პირებით დატვირთული ორი ავტობუსი უახლოვდებოდა.

გვიან ღამით სიდაში მდგომარეობა დაიძაბა. ახლა ქართველები აღმოჩნდნენ ალყაში, თუმცა რუსი სამშვიდობო ძალების ჩარევით შეიარაღებული დაპირისპირება თავიდან აიცილეს, სოფელი აფხაზებმაც და პარტიზანებმაც ერთდროულად დატოვეს.

სოხუმში, ვლადისლავ არძინბას კაბინეტში შუქი დილამდე ენთო. ღამენათევი არძინბა მრჩეველს ესაუბრებოდა.

- თბილისიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ  თავდაცვის სამინისტრომ  სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა. ზუგდიდი სავსეა შეიარაღებული ნაწილებით, წუხელ  გალში რაც მოხდა, კი იცი. სასწრაფო ზომები თუ არ მივიღეთ, შეიძლება ქართველებს მადა გაეხსნათ, მხოლოდ გალს არ დასჯერდნენ და სოხუმსაც მოსწვდნენ!..

- არ არის გამორიცხული, დივერსიული აქტები აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე განახორციელონ, - შეაპარა მრჩეველმა, - მდინარე კოდორის ხიდი თუ ააფეთქეს, ჩვენ  ვერ შევძლებთ ჯარების გადასროლას გალის ტერიტორიაზე. ყოველ შემთხვევაში, შესაძლოა რამდენიმე დღე დაგვაგვიანდეს და იძულებული გავხდებით, თავდაცვითი ზღუდე უკვე კელასურთან გავავლოთ.

- ამას ვერ დავუშვებთ! - გაცეცხლდა არძინბა.

- სწორედ ამიტომ, გალში სასწრაფოდ სადამსჯელო ღონისძიებები უნდა დავიწყოთ!

- მერე ეს რას მოგვცემს? - იკითხა არძინბამ.

- პარტიზანები დაკარგავენ ერთგულ მოკავშირეს გალის ტერიტორიაზე!

- რომელ მოკავშირეს?! - ჩაეძია არძინბა, რომელსაც ვერ გაეგო, ვის გულისხმობდა მოსაუბრე.

- ადგილობრივ მოსახლეობას! - დააზუსტა მრჩეველმა.

1998 წლის 20 მაისს აფხაზური სადამსჯელო რაზმები, რომლებიც აფხაზი, სომეხი, რუსი და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულებისგან შედგებოდა, გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებისკენ დაიძრნენ. სოფელ ზემო ბარღებში მოსახლეობა გამგეობის შენობასთან იყო შეკრებილი.

- ვინაიდან სოფელი ყველაზე ახლოს არის გალთან, პირველად აქ გამოჩნდებიან! -  ხმამაღლა ამბობდა ერთ-ერთი პარტიზანული დაჯგუფების მეთაური, - ჩვენ  გადავწყვიტეთ, არ წავიდეთ სოფლიდან და დავიცვათ იგი! ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, სანამ დრო კიდევ არის, სოფელი დატოვოთ. ბავშვები, ქალები და მოხუცები გაარიდოთ აქაურობას!

–- თქვენ საიდან ხართ? - მოულოდნელად  ჰკითხა ერთმა ხანში შესულმა მამაკაცმა.

- მეე?! - დაიბნა მეთაური, - გაგრიდან ვარ!

- ჰოდა, გაგრელ კაცს გინდა ჩვენი სოფლის დაცვა და ჩვენ წავალთ სადმე? იარაღი მოგვეცითდა სადაც ერთი თქვენი ტყვია გავარდება, მეორე ჩვენი იყოს!

- ქალები და ბავშვები მაინც გაიყვანეთ! - ითხოვდა პარტიზანების მეთაური, თუმცა ამაოდ.

- მომისმინე, შვილო, ეს კაცი, შენ რომ გელაპარაკა,  ჩემი ქმარია, - საუბარი შეაწყვეტინა ქალმა პარტიზანს, - 30 წელია, ერთად ვართ და როგორ ფიქრობ, ახლა მტერს მივუგდებ და მე წავალ, დავიმალები?

- კი მაგრამ, ქალბატონო, აქ ომი იქნება, ომი! თქვენ აქ რა უნდა გააკეთოთ!.. - ხმას აუწია მეთაურმა.

- ქმარს თუ მომიკლავენ, დამტირებელი მაინც ვეყოლები, საფლავის ადგილი მეცოდინება! - წამოიძახა ქალმა.

ზემო ბარღებთან, მტრის 400-კაციანი რაზმი შეაჩერეს. აფხაზები ასეთ წინააღმდეგობას ნამდვილად არ ელოდნენ. პარტიზანებთან ერთად იარაღით ხელში თავდაცვის ზღუდეს ადგილობრივი მოსახლეობაც იცავდა. მსხვერპლი დიდი იყო აფხაზთა მხრიდან...

22 მაისს, სოფელ თაგილონში, ხელისუფლების წარმომადგენლებს ელოდნენ. გახარებული მოსახლეობა სტუმრებს გაშლილ სუფრებზე ეპატიჟებოდა და გულიანად ლოცავდა. თბილისელ სტუმრებს გუბერნატორი ბონდო ჯიქია, გალის რაიონის გამგებელი მურმან ჭედია და გენერალი გუჯარ ყურაშვილიც ახლდათ. შუადღისას სტუმრებისთვის საზეიმო სადილი გაიმართა. სუფრაზე მოულოდნელად გუბერნატორს დაურეკეს. ჯიქიამ ნომერს დახედა, სასწრაფოდ ფეხზე წამოდგა და ისე უპასუხა. რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ ყურმილი იქვე მჯდომ გუჯარ ყურაშვილს გადააწოდა.

- გისმენთ, მთავარსარდალო!.. - უპასუხა ყურაშვილმა და რიხიანად განაგრძო, - მთელ გალის ტერიტორიას ჩვენ ვაკონტოლებთ. თუ თქვენი ბრძანება იქნება, ორ საათში გალს ავიღებთ! - საზეიმო  ტონი ჰქონდა ყურაშვილს.

შებინდებისას სტუმრები ზუგდიდში დაბრუნდნენ. ბონდო ჯიქიას კაბინეტში თათბირი იყო დანიშნული, რომელიც ორ საათს გაგრძელდა...

თათბირიდან გამოსული მურმან ჭედიას ყურადღება მოედანზე შეკრებილმა ხალხმა მიიპყრო. აქა-იქ ტირილი და ლანძღვა ისმოდა.

"რაიმე ცუდი ხომ არ ხდება ჩვენს თავს", - გაიფიქრა გალის გამგებელმა და ხალხისკენ გაემართა.

(გაგრძელება იქნება)