"მისი საბრძოლო სტრატეგიები ჯერ კიდევ აუხსნელია პენტაგონისთვის" - "წითური შაითანი" მოკლეს თუ ისევ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება?! - კვირის პალიტრა

"მისი საბრძოლო სტრატეგიები ჯერ კიდევ აუხსნელია პენტაგონისთვის" - "წითური შაითანი" მოკლეს თუ ისევ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება?!

მსოფლიო მედია კიდევ ერთხელ წერს "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, წარმოშობით პანკისელი ტერორისტის, აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილის სიკვდილის თაობაზე.

"როიტერის" ინფორმაციით, აბუ ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციისთვის, რომელსაც ISIS-ის ერთ-ერთ ყველაზე "ნიჭიერი მეთაურის" რეპუტაცია ჰქონდა, საჰაერო ოპერაცია ჩატარდა. მათივე ცნობით, ბათირაშვილის ლიკვიდაციას პენტაგონიც ადასტურებს.

"მისი საბრძოლო სტრატეგიები ჯერ კიდევ აუხსნელია პენტაგონისთვის, რომლის წარმომადგენლის პიტერ კუკის განცხადებით: "ომარი იყო საქართველოდან, რომლის საბრძოლო სტრატეგიამ, მისცა მას საშუალება "ისლამურის სახელმწიფოს" ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი ყოფილიყო". კუკის განცხადებით, შიშანის სიკვდილი, რომელიც მათი ცნობით, 8 მარტს მოხდა, მნიშვნელოვნად შეასუსტებს სირიაში ტერორისტული ბანდფორმირებების ძალას, "ეს იქნება მათთვის უდიდესი დარტყმა და დანაკლისი", - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა". - ვკითხულობთ "როიტერის" ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი. გასულ წელს კი, მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, 5 მილიონი დოლარიც დააწესეს.

პანკისელი თარხან ბათირაშვილის, იმავე ომარ ალ შიშანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ადრეც არაერთხელ გავრცელებულა. 2013 წელს ქურთმა მეამბოხეებმა მსოფლიოს ამცნეს, "წითური შაითანი" (ქურთები ასე უწოდებენ) ერთ-ერთ ბრძოლაში მოკლესო, თუმცა მტკიცებულებად არაფერი ჰქონდათ.

2014 წლის მაისში კვლავ ითქვა, ომარ ალ შიშანი დაიღუპაო (მაშინ ავიაიერიშებს ალ-ბაღდადის ჩეჩენი სიძე და მისი მცველები ემსხვერპლნენ), მაგრამ ივნისში, როდესაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ისლამური ხალიფატის შექმნის თაობაზე განცხადება გააკეთა, თარხან ბათირაშვილი ახალშექმნილი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა სირიის ტერიტორიაზე და რამდენიმე წარმატებული ბრძოლის შემდეგ დევიზით, "მოვკლათ ალაჰის სახელით", ჯერ ირანს და შემდეგ რუსეთს დაემუქრა, ხოლო რამზან კადიროვის მოსაკლავად ჯილდოდ 5 მილიონი დოლარიც დააწესა. არც კადიროვის პასუხმა დააგვიანა - ომარ ალ შიშანს შეუთვალა, - რა ადგილზეც ეგ განცხადება გააკეთე, იქ მოგკლავო. კადიროვ-ბათირაშვილის უთანხმოება მხოლოდ იდეოლოგიური ხასიათისა არ ყოფილა. ჩეჩნეთის ემიგრაციის სამსახურის უფროსის, ასუ დურდუკაევის ქალიშვილი სედა ცოლად გაჰყვა სირიაში მებრძოლ წარმოშობით ქისტს, ჰამზათ ბორჩაშვილს (ამის შესახებ "კვირის პალიტრა" წერდა, იხილეთ). კადიროვმა მამას ურჩი ქალიშვილის შინ დაბრუნება მოსთხოვა. სედამ (სირიაში - აიშა) შინ დაბრუნებაზე უარი თქვა. კადიროვმა სიძის დედას პანკისის ხეობაში ხალხი მიუგზავნა - თუ შვილის სიცოცხლე გინდა, გოგო უნდა დააბრუნოო. გამწარებულმა ქალმა სირიაში ჩააკითხა შვილს. რძალი გაჯიუტდა - ჩემი ადგილი აქ არის, აქ ვაპირებ ცხოვრებასო. კადიროვმა დურდუკაევი თანამდებობიდან გადააყენა, ორი თვის შემდეგ სედას სირიაში ქმარიც მოუკლეს (ის ბათირაშვილის თარჯიმანი იყო). დედამთილმა კვლავ შესთავაზა რძალს დაბრუნება. უარი მიიღო. სედა ომარ ალ შიშანის მიერ აშენებულ თავშესაფარში გადავიდა, სადაც შაჰიდების"ოჯახები ცხოვრობდნენ, სამი თვის შემდეგ კი ცოლად ომარ ალ შიშანმა მოიყვანა

(წესის მიხედვით, შაჰიდის ქვრივის ცოლად მოყვანა დიდ კეთილშობილებად ითვლება).

2014 წლის 9 სექტემბერს აშშ-ის ავიაიერიშს ქალაქ მოსულზე "ისლამური სახელმწიფოს" რამდენიმე ლიდერი შეეწირა, მაშინ არაფერი თქმულა ომარ ალ შიშანზე, რომელიც იმ დროს მოსულში უნდა ყოფილიყო. პანკისში ამბობდნენ, თარხანი კარგად არისო. არადა, "კვირის პალიტრას" სირიულმა წყარომ აცნობა, დაჭრილიაო, თუმცა რა ვითარებაში დაიჭრა, არ დაუზუსტებია.

მოგვიანებით თვითონ რამზან კადიროვმა გაავრცელა ინფორმაცია თარხან ბათირაშვილის სიკვდილის შესახებ. "ისლამის მტერი თარხან ბათირაშვილი, რომელიც თავს ომარ ალ შიშანს უწოდებდა, მკვდარია. ეს ელოდება ყველას, ვინც რუსეთსა და ჩეჩენ ხალხს დაემუქრება, ვინც მუსლიმანების სისხლს დაღვრის... ალაჰი მოწყალეა" - წერდა ჩეჩნეთის ლიდერი "ინსტაგრამაზე", თუმცა მალევე გაირკვა, რომ "წითური შაითანი" ისევ ცოცხალი იყო.

"კვირის პალიტრის" არქივიდან:

"ბათირაშვილი წარმატებული და კეთილსინდისიერი ჯარისკაცი იყო, საქართველოსთვის გულანთებული, სხვათა შორის, 2008 წლის ომშიც მონაწილეობდა. მერე რაღაც შეუთითხნეს"..." - ამბობდა ორი წლის წინ, თავდაცვის სამინისტროს რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი უფროსი ლევან ამირიძე.

მისი ოჯახის წევრები დღესაც იქ, სოფელ ბირკიანში ცხოვრობენ. მამა ქრისტიანი ჰყავს... თარხანი ისევე, როგორც ხეობის ბევრი სხვა ახალგაზრდა, სიდუხჭირეში გაიზარდა... მოგვიანებით გადაწყვიტა სამხედრო საქმის შესწავლა და ამისთვის ქართულ არმიაშიც მსახურობდა. მონაწილეობა აქვს მიღებული აგვისტოს ომშიც... როგორც სამხედრო წრეებში აცხადებენ, შეიძლება წარმატებული კარიერა ჰქონოდა, რომ ერთ დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (როგორც ამბობენ, ტუბერკულოზი აღმოაჩნდა) ჯარიდან არ დაეთხოვათ. მეტიც, 2010 წელს ის დააკავეს იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის. ციხეში ორი წელი გაატარა, გათავისუფლების შემდეგ კარგა ხანს უმუშევრად იყო, შემდეგ კი ე.წ. "კავკასიის ემირატის" მებრძოლებს შეუერთდა და დოკუ უმაროვის მოწოდებით აღმოჩნდა სირიაში, ამბოხებულების მხარეს, თარხან ბათირაშვილის კი არა, უკვე აბუ ომარ ალ ჩეჩენის სახელით (არაბულად შიშანი).

მან კარგად იცოდა, რომ ათასი ჯურის თავზე ხელაღებულ მოჯაჰედს შორის ადგილის დამკვიდრებას მხოლოდ მეტი სისასტიკით და პრინციპულობით შეძლებდა. თავდაპირველად ჯგუფში დაღესტანში რუსების წინააღმდეგ მებრძოლი მეგობრები, ძირითადად ჩეჩნები ჰყავდა. ბათირაშვილმა სირიაში ამბოხებულთა ლიდერების ყურადღება მაშინ მიიქცია, როცა უმოკლეს ხანში ჩრდილოეთი სირია აიღო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მის მიერ ქალაქ ალეპოს სამხედრო ბაზების, მათ შორის ავიაბაზის აღება. (იხილეთ სრულად)