ISIS პანკისის ხეობაში მცირეწლოვნებზე "ნადირობს?!" - ხალიფატის საველე მეთაურის ექსკლუზიური ინტერვიუ - კვირის პალიტრა

ISIS პანკისის ხეობაში მცირეწლოვნებზე "ნადირობს?!" - ხალიფატის საველე მეთაურის ექსკლუზიური ინტერვიუ

"ომი ბავშვების სათამაშო არ არის"

რას ჰყვებიან პანკისელი მშობლები, რომელთა შვილებსაც გონებას უწამლავენ

7 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ სოფელ ჯოყოლოს (პანკისის ხეობა) მკვიდრი აიუფ ბორჩაშვილი დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედებოდა: ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრება, ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობა და ახალგაზრდების გადაბირება.

სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი და იმხანად საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელი აიუფ ბორჩაშვილი შინ მიდიოდა, როცა სამართალდამცავებმა 2015 წლის 14 ივნისს სოფელ გომბორთან დააპატიმრეს. მანამდე დაკავების ოპერაცია თბილისის აეროპორტში ჩატარდა - პოლიციამ 23 წლის გიორგი ხუტუნიშვილი და 18 წლის დავით ფირისებია თურქეთში გამგზავრების წინ აიყვანა. სამართალდამცავთა ცნობით, ისინი სირიაში საომრად მიდიოდნენ (მეორე დღეს თბილისში დააკავეს 21 წლის გიორგი კუპრავაც).

იმავე საღამოს პანკისის ხეობაში სპეცრაზმი შევიდა აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან დაახლოებული პირების სახლების გასაჩხრეკად, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება მოჰყვა... ადგილობრივების ცნობით, ბორჩაშვილი "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საბრძოლველად ახალგაზრდების რეკრუტირებას რომ ეწეოდა, ხეობაში (და არა მარტო ხეობაში(?!) მანამდეც კარგად იცოდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა ამ პრობლემას ყურადღება მხოლოდ მაშინ მიაქციეს, როცა ერთ დღეს 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი სკოლიდან შინ აღარ დაბრუნდა. არ ჩანდა 18 წლის რამზან ბაღაკაშვილიც. ორდღიანი ძებნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ყმაწვილები უკვე სირიაში იყვნენ. მეტიც, კუშტანაშვილმა დედას ვიდეოც კი გამოუგზავნა, სადაც ამბობდა, რომ ის სირიაში საბრძოლველად წავიდა და კარგად იყო. ბიჭების სირიაში გაგზავნით აღშფოთებული ოჯახის წევრები ბორჩაშვილს შინ მიადგნენ - თუ ჩვენს შვილებს რამე მოუვათ, ჩათვალე, რომ ჩვენი სისხლი გმართებსო. ამასთან, გაჩნდა კითხვა: როგორ მოახერხა არასრულწლოვანმა მუსლიმ კუშტანაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საბაჟო კონტროლის გავლა? მაშინდელი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური თავს იმართლებდა, - მებაჟეს ბავშვი გაეპარაო და მშობლებს ბიჭების შინ მშვიდობით დაბრუნებას ჰპირდებოდა, თუმცა დანაპირები არ შესრულდა - მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი დღემდე სირიაში არიან და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ. დროდადრო ვიდეომიმართვებსაც ავრცელებენ და თანატოლებს ჯიჰადში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

ხეობაში ფიქრობდნენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ხელშემწყობის დაკავებით სიტუაცია მკვეთრად შეიცვლებოდა, თუმცა ზოგი პირად საუბრებში არ მალავდა, რომ აიუფ ბორჩაშვილის დაკავება მხოლოდ თვალის ახვევის მცდელობა იყო, რადგან ახალგაზრდების რეკრუტირების პროცესის უკან სულ სხვა პირები იდგნენ, რომლებიც ადრე თუ გვიან უთუოდ გამოჩნდებოდნენ. ასე იყო თუ ისე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პანკისის ხეობიდან სირიაში წამსვლელთა რიცხვმა თითქოს იკლო, დონორმა ორგანიზაციებმა ხეობაში სხვადასხვა პროექტის დაფინანსებაც დაიწყეს, რაც პანკისელი ახალგაზრდების საზოგადოებაში უკეთ ინტეგრირებას განაპირობებს...

მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქვეყანა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო, ხალიფატი შეტევიდან თავდაცვაზე გადავიდა და უკვე დაკავებული ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად, ადამიანურ რესურსსაც კარგავს. რადგან "ალაჰის საქმისთვის" მას მეომრები სჭირდება, "ისლამურმა სახელმწიფომ" ევროპასა და აზიაში მოხალისეთა რეკრუტირების ახალი კამპანია წამოიწყო, ამ პროცესმა კი, როგორც ჩანს, პანკისამდეც მოაღწია...

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ უახლოეს ხანში ხეობიდან სირიაში წასვლას რამდენიმე ახალგაზრდა გეგმავს (ინფორმაციის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მისი გადამოწმება ვერ ხერხდება, თუმცა, სანდო წყაროზე დაყრდნობით, გადავწყვიტეთ, ეს ინფორმაცია მკითხველს მაინც მივაწოდოთ).

წყაროს ცნობით, სირიაში წასვლას 4 ახალგაზრდა აპირებს. პასპორტები უკვე აქვთ, მათგან ერთ-ერთი სირიაში უკვე ნამყოფია. მშობლებმა, იმის შიშით, რომ უკან აღარ გაბრუნებულიყო, პასპორტი დაუმალეს, თუმცა, ახალი მაინც გაუკეთებია... ბოლო დროს მთავრობამ მკაცრი კონტროლი დააწესა და თურქეთში გადასვლა გაჭირდა (პანკისის მკვიდრებს თურქეთის საზღვარზე აღარ უშვებენ და უკან აბრუნებენ. - ავტ.), მაგრამ ახალი გზა მოინახა - უკრაინის გავლით, თბილისი-კიევი-სტამბოლი-გაზიანტები და მერე სირია... ეს ხომ შემთხვევით არ ხდება, ამის უკან ვიღაც დგას - ბიჭებს ბილეთით, ფულითა და საბუთებით უზრუნველყოფს. სანდო წყაროს ცნობით, უკრაინაში ამ პროცესს კურირებს ვიღაც ჩეჩენი, თუმცა უცნობია, დაკავშირებულია თუ არა ეს პირი აჰმედ ჩატაევთან. ვინ უძღვება ამ პროცესებს პანკისის ხეობაში, ჯერჯერობით ვერ შევიტყვეთ... გამოდის, რომ აიუფ ბორჩაშვილი არ ყოფილა ყველაფრის ხელმძღვანელი...

წყაროს ინფორმაციით, "უკრაინის გზა" ჯერ გამოცდილი არ არის - პირველად მიდიან... "რამდენიმე ხნის წინ ხეობაში ერთი არაბი იყო ჩამოსული. ჯამაათიდან ხმა გამოვიდა, - ამ საქმის დასაფინანსებლად ძალიან დიდი ფული ჩამოიტანაო... უშიშროებამ ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ არაფერს აკეთებს. თუ ოდესმე ხეობაში რამე გაფუჭებულა, სულ მაგათი ხელშეწყობით ხდებოდა", - გვიყვება წყარო.

"კვირის პალიტრამ" შეძლო დეირ ეზ ზორში დაჰკავშირებოდა ხალიფატის ერთ-ერთ საველე მეთაურს (ვინაობას მიზეზთა გამო არ ვასახელებთ).

"არც ჩვენ მოგვწონს, როცა აქ 16-17 წლის ბიჭები ჩამოდიან, რადგან მებრძოლი მხოლოდ მშობლის თანხმობით უნდა ჩამოვიდეს. ერთი-ორჯერ ატირებულმა დედებმა დაგვირეკეს... ის ბავშვები მოვძებნეთ და უკან გავაბრუნეთ. ჩვენ არ შეგვიძლია მათი ძალით დაკავება, შაჰიდებიც რომ გახდნენ, სიკვდილი ჯიჰადში არ ჩაეთვლებათ, რადგან მშობლების დაუკითხავად მოხვდნენ ჯიჰადში... სულ სხვა საქმეა, როცა მტერი შენს მიწაზე მოვა. მაშინ იცავ შენს ოჯახს, ახლობლებს, მიწას, რასაც მშობლის თანხმობა არ სჭირდება. სირიაში კი სხვა სიტუაციაა... ჩვენ მხოლოდ სრულწლოვან ძმებს ვიღებთ, რადგან მათ კარგად იციან, რატომ და რისთვის იბრძვიან... ომი ბავშვების გასართობი არ არის, ის დიდების საქმეა".

პანკისის ხეობაში აღშფოთებას ვერ მალავენ მცირეწლოვანი ვაჟების მშობლებიც.

მადინა: - ჩემი შვილი მესამე კლასშია. ამას წინათ სკოლიდან მოსვლა დააგვიანდა. ვიფიქრე, ალბათ, ნათესავებთან შეიარა-მეთქი... როცა დაღამდა და არ გამოჩნდა, ნათესავებს შევეხმიანე. მათთან არ იყო. არც მეგობრებთან გაუვლია. შევშინდით და დავიწყეთ ქუჩა-ქუჩა ძებნა. ვიღაცამ გვითხრა, - დავინახე, რამდენიმე ბავშვი ტყეში მიდიოდაო. გავგიჟდით. არ ვიცოდით, რომელ ტყეში გვეძებნა... ჩემი შვილი მოულოდნელად შინ დაბრუნდა და გვითხრა, - სკოლის შემდეგ მეჩეთში წაგვიყვანესო. არადა, ბავშვებს ე.წ. ვაჰაბიტურ მეჩეთთანაც დავეძებდით და არავის უთქვამს, შიგნით არიანო. ჩემმა შვილმა მითხრა, შემპირდნენ, ოც ლარს გაჩუქებთ, თუ არაბულის სწავლას დაიწყებთო. ხომ იცით, 20 ლარი ბავშვისთვის რამხელა ფულია! ამ ფულით დედას საჩუქარს უყიდით და ძალიან გაახარებთო. არაბულის შესასწავლად რვეული და კალამიც მიუციათ. ბავშვი სულ შეიხს ახსენებდა... ეს რომ გავიგონე, გულზე შემომეყარა - კარგად ვიცი, ამ საჩუქრების მიღმა რაც იმალება და ერთი ვაი-ვიში ავტეხე... ბებია-ბაბუაც ელაპარაკნენ და დაუშალეს იქ სიარული. ჩემმა ბიჭმა კი გამომიცხადა, - მეჩეთში მითხრეს, თუ დედა დაგიშლის არაბულის სწავლას, არ დაემორჩილოო(?!). რა უნდა მექნა? გადავუყარე ის კალამი და რვეული. თუმცა მეორე დღეს ისევ ვუნახე - მეზობლის ბავშვისთვის გამოურთმევია. იმ ბავშვის მშობლებიც ჩემს დღეში არიან. იჯდა ჩემი შვილი და დიდი მონდომებით გამოჰყავდა ასოები... ბავშვს ერთი საუბრით გადაუტრიალეს გონება... იმათ შევუთვალე, თუ ჩემს შვილს კიდევ გააგიჟებთ, ამას ასე არ დავტოვებ-მეთქი... სირიის ამბების გამო დედები დიდ ბიჭებზე დარდობენ, ახლა პატარების დედებიც შავ დღეში ჩავცვივდით...

"ჟღალი გენერალი" ცოცხალია!

8 მარტს ამერიკის სამხედრო უწყებამ ავიაიერიშის შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" თავდაცვის მინისტრის, ომარ ალ შიშანის, იმავე თარხან ბათირაშვილის, სავარაუდო დაღუპვის ამბავი გვამცნო. ამერიკულმა თვითმფრინავებმა ავიაიერიში ქალაქ ალ შადადეზე 4 მარტს მიიტანეს... ვიდრე მსოფლიო მედია "ჟღალი გენერლის" სიკვდილის დადასტურებას ელოდა, 10 მარტს "კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ბათირაშვილი სიკვდილს გადაურჩა, თუმცა დაიჭრა (სტატია იხ. kvirispalitra.ge-ზე სათაურით: "ბათირაშვილი ცოცხალია, თუმცა მძიმედ არის დაჭრილი"). 11 მარტს, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათირაშვილი მართლაც გადაურჩა სიკვდილს და დაჭრილია... ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა მისი დაცვის რამდენიმე წევრი და დაშავდა ათამდე მებრძოლი. ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულებში არ არიან ქართველი მეომრები, დაღუპული დაცვის წევრები ჩეჩნები არიან.

ჩვენი ინფორმაციით, 11 მარტს, დილის 8 საათზე, ავიაიერიში განხორციელდა "ისლამური სახელმწიფოს" კიდევ ერთ დაჯგუფებაზე, რომელსაც მალიქ ალ შიშანი მეთაურობს (დაჯგუფება ჩეჩენი, დაღესტნელი და რუსი მუსლიმი მოჯაჰედებისგან შედგება). ის უკვე ფაქტობრივად, განადგურებულია. გადარჩა მხოლოდ 10 მებრძოლი. ამ დაჯგუფებაში ქართველები არ არიან.

ჩვენი წყაროს ცნობით, "ჟღალი გენერალი" უკვე მომჯობინდა, ჭრილობა მძიმეა, მაგრამ სასიკვდილო არ აღმოჩნდა.

ნინო ბურჭულაძე