"ოც ლარს გაჩუქებთ­, თუ არაბულის სწავლას დაიწყებთო" - ვინ ცდილობს ბავშვების გადაბირებს... ახალი გზა საქართველოდან სირიისკენ? - კვირის პალიტრა

"ოც ლარს გაჩუქებთ­, თუ არაბულის სწავლას დაიწყებთო" - ვინ ცდილობს ბავშვების გადაბირებს... ახალი გზა საქართველოდან სირიისკენ?

"არც ჩვენ მოგვწონს, როცა აქ 16-17 წლის ბიჭები ჩამოდიან, რადგან მებრძოლი მხოლოდ მშობლის თანხმობით უნდა ჩამოვიდეს. ერთი-ორჯერ ატირებულმა დედებმა დაგვირეკეს... ის ბავშვები მოვძებნეთ და უკან გავაბრუნეთ. ჩვენ არ შეგვიძლია მათი ძალით დაკავება, შაჰიდებიც რომ გახდნენ, სიკვდილი ჯიჰადში არ ჩაეთვლებათ, რადგან მშობლების დაუკითხავად მოხვდნენ ჯიჰადში"

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ უახლოეს ხანში ხეობიდან სირიაში წასვლას რამდენიმე ახალგაზრდა გეგმავს (ინფორმაციის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მისი გადამოწმება ვერ ხერხდება, თუმცა, სანდო წყაროზე დაყრდნობით, გადავწყვიტეთ, ეს ინფორმაცია მკითხველს მაინც მივაწოდოთ).

წყაროს ცნობით, სირიაში წასვლას 4 ახალგაზრდა აპირებს. პასპორტები უკვე აქვთ, მათგან ერთ-ერთი სირიაში უკვე ნამყოფია. მშობლებმა, იმის შიშით, რომ უკან აღარ გაბრუნებულიყო, პასპორტი დაუმალეს, თუმცა, ახალი მაინც გაუკეთებია... ბოლო დროს მთავრობამ მკაცრი კონტროლი დააწესა და თურქეთში გადასვლა გაჭირდა (პანკისის მკვიდრებს თურქეთის საზღვარზე აღარ უშვებენ და უკან აბრუნებენ. - ავტ.), მაგრამ ახალი გზა მოინახა - უკრაინის გავლით, თბილისი-კიევი-სტამბოლი-გაზიანთები და მერე სირია... ეს ხომ შემთხვევით არ ხდება, ამის უკან ვიღაც დგას - ბიჭებს ბილეთით, ფულითა და საბუთებით უზრუნველყოფს. სანდო წყაროს ცნობით, უკრაინაში ამ პროცესს კურირებს ვიღაც ჩეჩენი, თუმცა უცნობია, დაკავშირებულია თუ არა ეს პირი აჰმედ ჩატაევთან. ვინ უძღვება ამ პროცესებს პანკისის ხეობაში, ჯერჯერობით ვერ შევიტყვეთ... გამოდის, რომ აიუფ ბორჩაშვილი არ ყოფილა ყველაფრის ხელმძღვანელი...

წყაროს ინფორმაციით, "უკრაინის გზა" ჯერ გამოცდილი არ არის - პირველად მიდიან... "რამდენიმე ხნის წინ ხეობაში ერთი არაბი იყო ჩამოსული. ჯამაათიდან ხმა გამოვიდა, - ამ საქმის დასაფინანსებლად ძალიან დიდი ფული ჩამოიტანაო... უშიშროებამ ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ არაფერს აკეთებს. თუ ოდესმე ხეობაში რამე გაფუჭებულა, სულ მაგათი ხელშეწყობით ხდებოდა", - გვიყვება წყარო.

"კვირის პალიტრამ" შეძლო დეირ ეზ ზორში დაჰკავშირებოდა ხალიფატის ერთ-ერთ საველე მეთაურს (ვინაობას მიზეზთა გამო არ ვასახელებთ).

"არც ჩვენ მოგვწონს, როცა აქ 16-17 წლის ბიჭები ჩამოდიან, რადგან მებრძოლი მხოლოდ მშობლის თანხმობით უნდა ჩამოვიდეს. ერთი-ორჯერ ატირებულმა დედებმა დაგვირეკეს... ის ბავშვები მოვძებნეთ და უკან გავაბრუნეთ. ჩვენ არ შეგვიძლია მათი ძალით დაკავება, შაჰიდებიც რომ გახდნენ, სიკვდილი ჯიჰადში არ ჩაეთვლებათ, რადგან მშობლების დაუკითხავად მოხვდნენ ჯიჰადში. სულ სხვა საქმეა, როცა მტერი შენს მიწაზე მოვა. მაშინ იცავ შენს ოჯახს, ახლობლებს, მიწას, რასაც მშობლის თანხმობა არ სჭირდება. სირიაში კი სხვა სიტუაციაა... ჩვენ მხოლოდ სრულწლოვან ძმებს ვიღებთ, რადგან მათ კარგად იციან, რატომ და რისთვის იბრძვიან... ომი ბავშვების გასართობი არ არის, ის დიდების საქმეა".

პანკისის ხეობაში აღშფოთებას ვერ მალავენ მცირეწლოვანი ვაჟების მშობლებიც.

მადინა:

- ჩემი შვილი მესამე კლასშია. ამას წინათ სკოლიდან მოსვლა დააგვიანდა. ვიფიქრე, ალბათ, ნათესავებთან შეიარა-მეთქი... როცა დაღამდა და არ გამოჩნდა, ნათესავებს შევეხმიანე. მათთან არ იყო. არც მეგობრებთან გაუვლია. შევშინდით და დავიწყეთ ქუჩა-ქუჩა ძებნა. ვიღაცამ გვითხრა, - დავინახე, რამდენიმე ბავშვი ტყეში მიდიოდაო. გავგიჟდით. არ ვიცოდით, რომელ ტყეში გვეძებნა... ჩემი შვილი მოულოდნელად შინ დაბრუნდა და გვითხრა, - სკოლის შემდეგ მეჩეთში წაგვიყვანესო. არადა, ბავშვებს ე.წ. ვაჰაბიტურ მეჩეთთანაც დავეძებდით და არავის უთქვამს, შიგნით არიანო. ჩემმა შვილმა მითხრა, შემპირდნენ, ოც ლარს გაჩუქებთ, თუ არაბულის სწავლას დაიწყებთო. ხომ იცით, 20 ლარი ბავშვისთვის რამხელა ფულია! ამ ფულით დედას საჩუქარს უყიდით და ძალიან გაახარებთო. არაბულის შესასწავლად რვეული და კალამიც მიუციათ. ბავშვი სულ შეიხს ახსენებდა... ეს რომ გავიგონე, გულზე შემომეყარა - კარგად ვიცი, ამ საჩუქრების მიღმა რაც იმალება და ერთი ვაი-ვიში ავტეხე... ბებია-ბაბუაც ელაპარაკნენ და დაუშალეს იქ სიარული. ჩემმა ბიჭმა კი გამომიცხადა, - მეჩეთში მითხრეს, თუ დედა დაგიშლის არაბულის სწავლას, არ დაემორჩილოო(?!). რა უნდა მექნა? გადავუყარე ის კალამი და რვეული. თუმცა მეორე დღეს ისევ ვუნახე - მეზობლის ბავშვისთვის გამოურთმევია. იმ ბავშვის მშობლებიც ჩემს დღეში არიან. იჯდა ჩემი შვილი და დიდი მონდომებით გამოჰყავდა ასოები... ბავშვს ერთი საუბრით გადაუტრიალეს გონება... იმათ შევუთვალე, თუ ჩემს შვილს კიდევ გააგიჟებთ, ამას ასე არ დავტოვებ-მეთქი... სირიის ამბების გამო დედები დიდ ბიჭებზე დარდობენ, ახლა პატარების დედებიც შავ დღეში ჩავცვივდით...

ნინო ბურჭულაძე

იხილეთ სრულად