ოცნებების სასაფლაო - კვირის პალიტრა

ოცნებების სასაფლაო

(გაგრძელება. დასაწყისი იხ. "კვირის პალიტრა", ## 10, 11)

1998 წლის 19 მაისს გალის რაიონში პარტიზანულმა დაჯგუფებებმა ხელისუფლებასთან შეთანხმებით ლოკალური ბრძოლები გააჩაღეს.  ეს ოპერაცია თავიდან იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ  უკვე 22 მაისს სოფელ თაგილონში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე გენერალი გუჯარ ყურაშვილი ტელეფონით საუბრისას მთავარსარდალს დაჰპირდა, რომ სათანადო ბრძანების შემთხვევაში ორ საათში გალს აიღებდა. იმავე  საღამოს თათბირიდან გამოსულ ხელისუფლების წარმომადგენლებს ზუგდიდის მოედანზე  უამრავი ხალხი დახვდა.

- სულ რაღაც სამი საათის წინ ვიყავით თაგილონში და რა უნდა შეცვლილიყო?! - ფიქრობდა  გალის რაიონის გამგებელი მურმან ჭედია, მაგრამ როცა შეკრებილთა შორის სოფლის გამგებლის, ანატოლი ჯოლოგუას გაფითრებულ სახეს მოჰკრა თვალი, ყველაფერს მიხვდა. ერთი კი ჩაილაპარაკა, - ვაი ჩვენს თავსო და ხალხთან მისვლა სცადა.

- სად არიან თქვენი მინისტრები, აფხაზებს რომ შეგვატოვეთ ხელში?! სად არის თქვენი დანაპირები, ჩვენი ჯარი დაგიცავთო! - ყვიროდა ერთი მამაკაცი, რომელსაც ხელში ატირებული ჩვილი ეჭირა და ამაოდ ცდილობდა მის გაჩუმებას.

- რას გვერჩოდით, ან იმ ბიჭებს რას ერჩით, იქ რომ ტყუილად იხოცებიან!.. ღმერთი არ გწამთ? - აჰყვა მამაკაცს ქალი. ხალხი აჩოჩქოლდა.

- აფხაზებმა შეტევა დაიწყეს და მოსახლეობა სოფლებს ტოვებს. ისეთი ამბავია სოფელ ხურჩის ხიდთან, მეორედ მოსვლა გეგონება! - თაგილონის გამგებელი მღელვარებისგან სიტყვებს ძლივს პოულობდა.

-  ჩვენები სად არიან? - იკითხა მურმან ჭედიამ.

- პარტიზანები? არაფერი ვიცით. იქით სატელეფონო კავშირი არ არის. არც ის ვიცით, სხვა სოფლებში რა ხდება!..

მოედანზე შეკრებილთა რაოდენობა მატულობდა, ხელისუფლების წარმომადგენლები კი არსად ჩანდნენ.

- მოგვეცით პური და თავშესაფარი... - ტირილით ითხოვდნენ დევნილები.

- სანამ რამეს გადავწყვეტთ, ჩემი პასუხისმგებლობით გახსენით ქალაქში არსებული ყველა სახელმწიფო შენობა - სკოლები, საბავშვო ბაღები, ყველაფერი, სადაც შეიძლება ხალხმა თავი შეაფაროს! - გასცა განკარგულება ზუგდიდის მერმა. მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ აფხაზები გალის რაიონის ზედა ზონის სოფლებსაც უტევდნენ. დაბა ჯვარში ათასობით დევნილს მოეყარა თავი.

- სასწრაფოდ მოვაგროვოთ ავტობუსები და  ზედა ზონაში ენგურის ყველა გადმოსასვლელთან გავგზავნოთ, რომ იქნებ მოსახლეობის გამოყვანა დროულად შევძლოთ! -  თქვა ქალაქის მერმა და გუბერნატორთან საგანგებოდ დანიშნულ თათბირზე ავიდა.

გალის რაიონის გამგებელი მურმან ჭედია  დაბა ჯვარიდან  გამთენიისას დაბრუნდა, ზუგდიდში მოედანზე ისევ თAავშეყრილი დევნილები რომ დაინახა,  გაკვირვებული დარჩა.

- ბატონო მურმან, თავშესაფარი კი მისცეს, მაგრამ აქედან ფეხს არ იცვლიან, მოედანზე გავათენებთო, - განუმარტა თაგილონის გამგებელმა და დასძინა, - ძალიან გახარებულები არიან და იმედი აქვთ, ხვალ საღამოს უკვე სახლებში იქნებიან.

- რა უხარიათ, - დაეჭვდა ჭედია.

- არ იცით? დავით თევზაძე ჩამოვიდა, ტანკები ჩამოიყვანა, ჩვენი ჯარია, ბატონო მურმან, ზუგდიდში, - სიხარულს ვერც სოფლის გამგებელი მალავდა, - თავდაცვის მინისტრმა გვითხრა, ყველაფერი კარგად იქნებაო. ამ ხალხს არც შიმშილი ახსოვთ და არც უძილობა. წეღან რამდენიმე  მღეროდა კიდეც.

- მართლა ნახე ტანკები? - შეაწყვეტინა ლაპარაკი  მოსაუბრეს ჭედიამ.

- ჩემი თვალით ვნახე, არა მარტო ტანკები, მთელი ტექნიკა!

G23 მაისს, დილით, გალში აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი წკუია ჩავიდა. ეს უკანასკნელი გალის გამგებელს (აფხაზური მხრიდან), რუსლან ქიშმარიას უხსნიდა: - 2200 მილიციელი საკმარისია რაიონის ქართველებისაგან გასაწმენდად. გარდა ამისა, რუსებმა გადაწყვიტეს პრიმორსკიდან გრადები დაგვახმარონ!

- პრიმორსკს ქართველები აკონტროლებენ! - შენიშნა ქიშმარიამ.

- ზღვიდან დაგვეხმარებიან! - დააზუსტა მინისტრის მოადგილემ.

- აქამდე სად იყვნენ, ლამის გალი დავკარგეთ! ისე იქცეოდნენ, თითქოს ვერაფერს ამჩნევდნენ! - არ ცხრებოდა ქიშმარია.

- ახლა სხვანაირად იქნება! გარდა ამისა, ბუთბას ჯგუფიც აქ არის და ქალთა ბატალიონიც! - ამშვიდებდა  ვალერი წკუია  გამგებელს.

- ეკა ახალაიას ბატალიონი ეყოფა მთელ მაგათ პარტიზანებს თუ დივერსანტებს... თუმცა დღემდე ვერ გავიგე, ეს ქალი რატომ გამოირჩევა სისასტიკით, - დაამატა ბოლოს.

- გალს რომ გავწმენდთ, ადექი და შენც ჰკითხე, - გაეღიმა ორაზროვნად წკუიას.

ზუგდიდში დევნილთა მოლოდინი არ გამართლდა! თავდაცვის სამინისტრო აგვიანებდა ჯარის შეყვანას გალის ტერიტორიაზე. უკმაყოფილო მოსახლეობა თავდაცვის მინისტრისგან პასუხს ითხოვდა.

- ჯარი რომ შევიყვანო, ეს უკვე ოფიციალურად ომის გამოცხადებას ნიშნავს, საჭირო ტყვია-წამალი  ფრონტალური ბრძოლისას მხოლოდ რამდენიმე საათს მეყოფა, მერე რა ვქნა? - გამწარებული იყო თავდაცვის მინისტრი. მთავარსარდლის ბრძანებით დავით თევზაძე რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალთან, გენერალ კორობკოსთან ცდილობდა მოლაპარაკებას გალის რაიონში ომის შეწყვეტის თაობაზე, მანამდე კი თავდაცვის ზღუდეების შენარჩუნებას ზემო ბარღებთან, სიდაში და ხუმუშკურთან პარტიზანები ისევ საკუთარი ძალებით  ახერხებდნენ.

24 მაისს, გამთენიისას, ხუმუშკურთან სიმშვიდე იყო. სოფელში გამაგრებულ პარტიზანებს ცოტა ხნით დაძინების საშუალება მიეცათ, მეთაური ბადრი ზარანდია მორიგეებთან საუბრით იქცევდა თავს.

- სანგრების გათხრა და პოზიციური ბრძოლები რა პარტიზანების საქმე იყო, ჯარისკაცები ხომ არ ვართ! - უკმაყოფილებას ვერ მალავდა ზარანდია, - ახლა მტრის კოლონებსა და საწყობებს უნდა ვაფეთქებდეთ! აქ,”სანგრებში კი არ უნდა ვისხდეთ!

- მაგას თავი დაანებე, დამხმარე ძალა რომ არ ჩანს? ხომ გვეუბნებოდნენ, თქვენ დაიწყეთ და ჩვენ დაგეხმარებითო, სად არიან? - აღელვებას ვერ მალავდა პარტიზანი.

ზარანდიას ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, უბრალოდ ხელი ჩაიქნია.

- აგერ, ხომ გამოგვიგზავნეს დღეს ტყვია-წამალი! - მიუთითა რამდენიმე ყუთზე და დასძინა, - თუმცა  მარტო ავტომატით აფხაზების შეჩერება რომ შეიძლებოდეს...

- აფხაზეთის ომზე ქართული ფილმი ნახე? - ჰკითხა მეთაურს პარტიზანმა.

- რომელი? "ოცნებების სასაფლაო"? არა, არ მინახავს!

- არც მე! - დანანებით ჩაილაპარაკა პარტიზანმა.

ბადრის კარგა ხანს ხმა არ ამოუღია, დუმდა მოსაუბრეც.

- იცი რა, - დაარღვია ბოლოს სიჩუმე ზარანდიამ, - თუ იმ თბილისელი ბიჭებისთვის ოცნებების სასაფლაო სოხუმი იყო, თუ წავაგეთ, ჩვენთვის გალი იქნება!

დილით აფხაზებმა შეტევა განაახლეს. ბრძოლაში უკვე მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებსაც იყენებდნენ. ორსაათიან უთანასწორო ბრძოლაში პარტიზანებს უკვე უჭირდათ პოზიციების შენარჩუნება, თუმცა ზემო ბარღებისა და ხუმუშკურის ჯგუფებმა გადაწყვიტეს პოზიციებზე ბოლომდე დარჩენილიყვნენ, რათა  მოსახლეობისთვის დრო მიეცათ, სოფლები დაეტოვებინათ.

ხუმუშკურთან სიტუაცია ძალიან მძიმე იყო, ზარანდიას ჯგუფს ტყვია- წამალი ცოტა ჰქონდა, თუმცა აფხაზების შეჩერებას  მაინც ახერხებდნენ.

- ტყვიები იმ ყუთებშია, ამოიღეთ, მჭიდები”დავტენოთ! - ყვიროდა ბადრი ზარანდია და სროლას თავს არ ანებებდა. ერთ-ერთი პარტიზანი მიიჭრა ყუთებთან, გახსნა ერთი, მეორე, მესამე...

- რას უყურებ! მოიტანე დროზე! - ყვიროდნენ მებრძოლები, მაგრამ პარტიზანი ხმას არ იღებდა.

- რა დაგემართა! - დაუყვირა ზარანდიამ.

- აქ ტყვიები არ არის! - თქვა პარტიზანმა.

- აბა, რა არის?!

- ლურსმნები! - წამოიძახა  და სიმწრისგან ატირდა.

თავზარდაცემული ზარანდია გაოგნებული იდგა და აღარაფერი ახსოვდა. გონს მაშინ მოეგო, როდესაც უთხრეს, - ორი ბიჭი მოგვიკლეს, აღარც ტყვია-წამალი გვაქვსო!..

- სოფელში დარჩა ვინმე? - იკითხა მეთაურმა.

- არა, სოფელი ცარიელია! - იყო პასუხი.

- მაშინ გადაეცით ყველას, რომ უკან ვიხევთ! - პარტიზანების მეთაური სიმწრის ცრემლს ვეღარ იკავებდა.

შუადღისთვის ცნობილი გახდა, რომ პარტიზანებმა დატოვეს ზემო ბარღებიც და  განლაგდნენ სოფლების ნაბაკევის, თაგილონის და ოტობაიას ტერიტორიებზე.

მოსახლეობაში პანიკა იყო. სახლებს ისე ტოვებდნენ, არაფერი გამოჰქონდათ. მოდიოდნენ, ვისაც რითი შეეძლო. სოფელ ხურჩასთან ხიდზე, სრული ქაოსი სუფევდა.

გაუძლებდა კი  ხის ხიდი ამდენ დატვირთვას? საშიშროება, რომ სიმძიმისგან ხიდი შეიძლება ჩატეხილიყო, რეალური გახდა. ანალოგიური სიტუაცია იყო ენგურის სხვა ხიდებზეც. საღამოს აფხაზები იმდენად ახლოს იყვნენ, რომ ხიდების დაბომბვა დაიწყეს, რასაც მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.

ენგურის ხიდთან ავტობუსებით ცდილობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხის გამოყვანას.

- არსად წამოვალ! - გაჰკიოდა ერთ-ერთი ქალი, - არ ვიცი, ჩემი შვილი და ქმარი სად არიან. პარტიზანებთან ერთად იბრძვიან! რომ წამოვიდე, სად წამოვიდე, მირჩევნია აქ, ხიდთან ვიდგე და  უკანასკნელად მაინც დავინახო ჩემი სახლი...

ცეცხლწაკიდებული სოფლებიდან პირუტყვის ბღავილი ისმოდა. რასაც აფხაზები წასაყვანად ვერ ერეოდნენ, იქვე ხოცავდნენ ან ცოცხლად წვავდნენ.

- რა დავაშავეთ ასეთი, ღმერთო! - მოთქვამდა ერთი ბერიკაცი, - 95-ში შვილი იმიტომ მომიკლეს განახლებაში აფხაზებმა, რომ სოფელი არ მივატოვე, ჩემი სახლი არ დავტოვე.

წლების მერე მაინც წამოვდექი ფეხზე, ყველაფერი მქონდა. აქეთ მათხოვრად ქცევას, სიკვდილის შიშის ქვეშ მაინც ჩემს მიწაზე მუშაობა ვამჯობინე, პირუტყვიც მყავდა, მეურნეობაც ავაწყვე, სახლიც თვითონ შევაკეთე... ახლა რაღა ვქნა? სად წავიდე, როცა ჩემი შვილის და ცოლის საფლავები იქ  მეგულება?!

დღის ბოლოსთვის დევნილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა. გვიან ღამით, ზუგდიდში სამხედრო შტაბის თათბირი მიმდინარეობდა.

- ოფიციალურად ვერ შევდივარ გალის ტერიტორიაზე, მაგრამ ხომ შეიძლება არალეგალურად ცალკეული ნაწილები გადავიყვანოთ ენგურს გაღმა, რომ პარტიზანებს როგორმე დავეხმაროთ. ამისთვის რამდენიმე სანდო კაცი დაგვჭირდება, რომლებმაც გადასასვლელები და ბილიკები კარგად იციან, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

-  ბატონი დავითი მართალია, აღარ შემიძლია იმის ყურება, რომ ქალაქში ჩვენი ტანკები უქმად დგანან, მაშინ როდესაც ბიჭები აფხაზებს თავს აკლავენ, - შენიშნა ავთო იოსელიანმა, - გარდა ამისა, გენერალ კორობკოსთან შეთანხმება არაფერს მოგვიტანს! აფხაზები აღარ მოგვეშვებიან, სანამ სამაგალითოდ არ დაგვსჯიან.

- ჯერჯერობით ზედა ზონაში შევიყვანოთ  სახმელეთო ჯარის ნაწილები, ოღონდ ტექნიკის გარეშე! იქნებ ჩვენი პოზიციების შენარჩუნება შევძლოთ, ყურაშვილი მიხედავს ამ საქმეს! - ამ სიტყვებით თავდაცვის მინისტრმა შტაბი დატოვა. გამთენიისას დავით თევზაძე თბილისში გაემგზავრა და თან წაიყოლა უკანასკნელი იმედი გალის შენარჩუნებისა. შინაგანი და სახმელეთო ჯარების ნაწილებმა ვერ შეძლეს ზედა ზონაში დაკარგული პოზიციების დაბრუნება. მათ თავდაცვითი ზღუდე გაამაგრეს სოფლებთან - საბერიო, დიხაზურგა და ლეკუხონა.

25 მაისს, დევნილთა რიცხვმა უკვე 40 ათასს გადააჭარბა. საღამოს გალის რაიონის გამგებელი მურმან ჭედია ენგურის ხიდთან დევნილებისთვის პურის წაღებას აპირებდა, როცა  ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნეპალელმა რაჯინანდამ თარჯიმნის დახმარებით ჭედიას სთხოვა, მეც გამიყოლეთო.

- წეღან კაფეში ჩაის ვსვამდით, ბევრი ხალხი იყო, მუსიკაც უკრავდა. გვერდით მაგიდაზე სიცილიც ისმოდა. ჩვენი ნეპალელი გაკვირვებული მეუბნებოდა, - როგორ შეიძლება, როცა აქვე ომია და ხალხი იღუპება, ვინმეს სიცილის ან მუსიკისთვის ეცალოსო. - უყვებოდა თარჯიმანი გზაში მურმან ჭედიას, - მერე მთხოვა, ენგურის ხიდთან წამიყვანეო და თქვენც ამიტომ შეგაწუხეთ.

ნეპალელი რაჯინანდა დიდხანს იდგა ენგურის ხიდთან და ალმოდებულ სოფლებს გაჰყურებდა. მურმან ჭედიამ შეამჩნია, რომ ნეპალელი ტიროდა.

- რა ატირებს ამ კაცს?! -  იკითხა იქვე მდგომმა შუახნის კაცმა.

- გადამწვარმა სახლებმა და საერთო სიტუაციამ აატირა... - უპასუხა თარჯიმანმა.

- ბედნიერი კაცია, ტირილი რომ შეუძლია, მე ცრემლიც აღარ შემრჩა. ჩემი სახლი აი ის არის, ბოლოში რომ იწვის უკვე მეორე დღეა... -  როდესაც თარჯიმანმა რაჯინანდას ეს სიტყვები უთარგმნა, ამ უკანასკნელს ხმა არ ამოუღია, მანქანასთან მივიდა და მურმან ჭედიას ანიშნა, პურის დარიგებაში დაგეხმარებითო.

მთელი ღამე ისმოდა ენგურის ხიდთან ქვემეხების ხმა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი თენდებოდა...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)