"იქ, სადაც ნავთობია, ღვთის სახელი ხშირად ავიწყდებათ" - ქართველი "მოჯაჰედების" კომერციული ჯიჰადი?! - კვირის პალიტრა

"იქ, სადაც ნავთობია, ღვთის სახელი ხშირად ავიწყდებათ" - ქართველი "მოჯაჰედების" კომერციული ჯიჰადი?!

ექსპერტები ფიქრობენ, რომ რაყას აღებით "ისლამური სახელმწიფოს" განადგურებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

"ჩვენ დავაკაკუნეთ ყველა იმ კარზე, რომელთაც შეეძლოთ რამენაირად დახმარებოდნენ ჯამაათს, მაგრამ თითქოს ყველამ დაგვივიწყა... ჩემი დაჯგუფება თვალსა და ხელს შუა დნება, სირიაში მყოფ ჩეჩნურ ჯამაათებს (ასეთი სამია. - ავტ.) მეომრები ყოველდღიურად აკლდება, ბევრი მათგანი "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გადადის უკეთესი ცხოვრებისა და გამდიდრებისთვის, ხოლო იქ, სადაც ნავთობია, ღვთის სახელი ხშირად ავიწყდებათ."

მუსლიმ ალ შიშანი (მურად მარგოშვილი), "ჯუნუდ ალ შამის" ლიდერი. 2016 წ. აპრილი.

"უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაციები""ისლამური ხალიფატის" რიგებში დაპირისპირების შესახებ, რომელიც თითქმის ყოველდღე ხდება ისეთ ადგილებში, როგორიც, მაგალითად, ქალაქი რაყაა ("ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. დედაქალაქი ერაყში, - ავტ). ეს ნიშნები "ხალიფატში" მებრძოლი სულის დაცემასა და დიდი განხეთქილების დასაწყისზე მიუთითებს, არადა, სწორედ გუნდურობა და სიმტკიცე იყო ამ ორგანიზაციის ყველაზე ძლიერი მხარე".

ჩარლზ ლისტერი, აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის წარმომადგენელი

2016 წლის თებერვალი

"გენერალი ვოტელი სირიაში იყო - ამზადებენ რაყაზე შეტევას". ამ სიტყვებმა, რომელიც ტვიტერზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა, მსოფლიო აალაპარაკა, თანაც მისი ავტორია აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კოალიციაში ბრეტ მაგრეკი, რომელიც რამდენიმე წელია, სირიაში "ისლამურ სახელმწიფოს" ებრძვის.

საეჭვო აღარ არის, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. დედაქალაქზე შეტევა სირიის კონფლიქტში ძირეულ გარდატეხას შეიტანს; ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საგანგებოდ ამ ოპერაციისთვის სირიაში, ქალაქ ელ-ჰასაკში, გადასხეს სათანადოდ შეიარაღებული და მძიმე ტექნიკით აღჭურვილი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა 250-კაციანი სპეციალური ჯგუფი.

24 მაისს ქურთმა მოხალისეებმა, მოკავშირეებთან ერთად, სამი მხრიდან დაიწყეს რაყაზე შეტევა. მასში მონაწილეობენ აგრეთვე აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავები. ოპერაციაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალ ჯოზეფ ვოტელთან ერთად დაიგეგმა, 50 000 კაცია ჩართული. მოკავშირეები ჯერჯერობით რაყას აღებას არ ჩქარობენ, მხოლოდ მის მიმდებარე ტერიტორიებს "ასუფთავებენ".

პარალელურად "ისლამურმა ხალიფატმა" სრული მობილიზაცია გამოაცხადა და სირიის ფრონტის რამდენიმე უბნიდან დაჯგუფებები რაყას დასაცავად გადაისროლა, ციხეებიდან გაათავისუფლა ყველა დაკავებული მეომარი, ხოლო რაყას მცხოვრებთ აუკრძალეს ქალაქის დატოვება. ვრცელდება ვიდეომიმართვებიც - "ხალიფატი" მუსლიმ ძმებს დახმარებისკენ მოუწოდებს. ადამიანური რესურსის მოსაზიდად "ისლამური სახელმწიფო" ფულსაც არ იშურებს. "ხალიფატი", ზოგიერთი მონაცემით, თითო მეომარს 3.000-5.000 დოლარს უხდის (ადრე ეს თანხა 800-1.000 დოლარი იყო).

"ისლამური სახელმწიფო" ცდილობს სირიაში ფრონტის გარღვევასაც. 17 მაისს მოჯაჰედებმა დაბომბეს სამხედრო ბაზა და სცადეს პალმირა-ჰომსის ტრასაზე გაჭრა, თუმცა, სირიის სამთავრობო ძალებმა, დიდი დანაკარგის მიუხედავად, იერიშის აღკვეთა მოახერხეს.

ცვლილებებია ჯაფხატ ან ნუსრას"(სირიაში "ალ ქაიდას" მიერ დაფინანსებულ-ორგანიზებული ჯიჰადისტური გაერთიანებების კოალიცია. - ავტ.) ფრონტზეც. მასში შემავალი დაჯგუფებები დღითი დღე ერთვებიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, ხოლო დამოუკიდებლად მებრძოლი ბრიგადები, მაგალითად, "ჯუნუდ ალ შამი" რომელსაც მურად მარგოშვილი ხელმძღვანელობს, ფინანსურ სიდუხჭირესთან ერთად, მეომრების სიმცირესაც განიცდიან და დაშლის პირას არიან.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ რაყას აღებით "ისლამური სახელმწიფოს" განადგურებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ცნობილია, რომ "ისლამური ხალიფატი" ემზადება დისლოკაციის ადგილის შესაცვლელად. სავარაუდოდ, ეს იქნება ლიბია და ტუნისი. გარდა ამისა, "ისლამური სახელმწიფო" შეიძლება გამოჩნდეს მალაიზიაში, რომლის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მუსლიმია. ბოლო ხანებში უფრო და უფრო მეტი მალაიზიელი ახალგაზრდა წევრდება "ხალიფატის" რიგებში. ანალოგიური სიტუაციაა ინდონეზიაში - ჯაკარტაში "ხალიფატმა" ტერაქტის ორგანიზებაც კი შეძლო.

"ხალიფატი" ჯერ კიდევ აკონტროლებს ე.წ. ნავთობის ველებს სირიაში (32.000 ბარელი ნავთობი დღეში), ხოლო ერაყში ძალიან მნიშვნელოვან ჭაბურღილებს (80 000-120 000 ბარელი ნავთობი დღეში), აგრეთვე გაზის საბადოს (150 მლნ კუბური მეტრი დღეში), მხოლოდ ჭაბურღილებს ხალიფატისთვის დღეში მოაქვს 1.8-1.9 მლნ დოლარი (წელიწადში 640 მლნ). გარდა ამისა, მოჯაჰედებს მოსულის აღებისას ქალაქის ბანკში 400 მლნ დოლარი დახვდათ, ტერორისტები აგრეთვე დიდ ფულს შოულობენ მონებით, შავი არქეოლოგიით (როგორც სირიის მედია იუწყება, მხოლოდ პალმირას არტეფაქტების გაყიდვით ხალიფატმა"200 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო). ბოლო დროს "ისლამურმა სახელმწიფომ" ნავთობის რამდენიმე საბადოზე კონტროლი დაკარგა, თუმცა სტაბილური შემოსავლები მას ე.წ. გადასახადებისგან აქვს. მაგალითად, მხოლოდ ქალაქ მოსულში ადგილობრივ ბიზნესმენებს 845 მლნ დოლარი გამოსძალა, "ხალიფატს" საშემოსავლოს უხდის მოსახლეობაც. ხორბლეულის და ბამბის გადასახადიდან "ხალიფატი" ყოველწლიურად 20 მლნ დოლარს იღებს. გზებზე ბლოკ-პოსტებიდან შემოსულმა თანხამ კი 140 მლნ დოლარი შეადგინა. დიდი მოგება მოაქვს"ნაალაფარი ნივთების რეალიზაციას - მოჯაჰედებს მათი ყიდვა ნახევარ ფასად შეუძლიათ, გაყიდული თანხის მეხუთედი ასევე "ხალიფატის" ბიუჯეტში შედის.

რა თქმა უნდა, ომით მოტანილი სიმდიდრე არაერთხელ გამხდარა დაჯგუფებების დაპირისპირების მიზეზი, ეს განსაკუთრებით ნავთობს ეხება. ამ დაპირისპირებაში სხვებთან ერთად სირიაში მყოფი ჩვენი მოქალაქეებიც აღმოჩნდნენ. თუ საქართველოდან სირიაში საომრად წასული ახალგაზრდები ღმერთის სახელით ბრძოლას უანგაროდ აპირებდნენ და ხშირად საზარბაზნე ხორცს წარმოადგენდნენ, ზოგიერთი აქაური საველე მეთაური საკუთარ თავს კომერციულ "ჯიჰადში" ხედავდა და ნავთობის გაყიდვით ხელსაც კარგად ითბობდა... რა თქმა უნდა, სირიაში დაჯგუფებებს შორის "შავი ოქროს" ომები უცხო არ იყო, თუმცა ერთმა ფაქტმა განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია მოჯაჰედურ წრეებში, როგორც ამბობენ, საქმეში გარეული ისევ "ქართველი" ემირი ალ ბარა ალ შიშანი აღმოჩნდა...

ალ ბარა ალ შიშანი, იგივე ცეზარ ტოხოსაშვილი (პანკისის ხეობა, სოფელი ომალო) კარგა ხანს ავტორიტეტიან საველე მეთაურად მიიჩნეოდა, ხოლო მისი დაჯგუფება "ახალი ჩეჩნური ბრიგადა" - მეტად ბრძოლისუნარიან სამხედრო ძალად. ალ ბარა ალ შიშანის წარმატებულ ოპერაციად შეიძლება ქალაქ იდლიბის აღება ჩაითვალოს. მოულოდნელად დამოუკიდებლად მებრძოლი დაჯგუფება დაიშალა. მიზეზზე კარგა ხანს დუმდნენ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ბრიგადაში განხეთქილების მიზეზი ნავთობი ყოფილა. როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობდნენ, ალ ბარა ალ შიშანმა შეძლო ერთ-ერთ საშუალო მოცულობის ჭაბურღილზე კონტროლის მოპოვება, თუმცა მის დაჯგუფებაში მყოფი ჩეჩნები შემოსავლის ვინმესთან გაყოფას არც ფიქრობდნენ და თავი ჭაბურღილის ბატონ-პატრონებად გამოაცხადეს. საქმის გარჩევის დროს დაჯგუფების წევრებმა დახოცეს კიდეც ერთურთი, რაც მოჯაჰედისთვის შეუფერებელ საქციელად ითვლება. ფულის გამო დატრიალებული ხოცვა-ჟლეტა "ახალ ჩეჩნურ ბრიგადას" არ აპატიეს და განკვეთეს. დაჯგუფება დაიშალა, ხოლო ალ ბარა ალ შიშანი იძულებული გახდა, თავშესაფარი "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ეძებნა, სადაც ხალხი, "ჯიჰადის" კი არა, ფულის და სიმდიდრის გამო იბრძვის. თუმცა ბოლო ხანს შექმნილი ვითარების გამო "ისლამურმა სახელმწიფომ" თავის მეომრებს ხელფასი გაუნახევრა, ხოლო ოცნება "შამას" (სირიის) ოქროს კოშკებზე საპნის ბუშტივით გაქრა... ამიტომ "ხალიფატში" გახშირდა დეზერტირობა. აბუ ბაქრ ალ ბაღდადიმ ჯერ კიდევ ზამთარში, პრევენციის მიზნით, ბრძანება გასცა - ყველა მეომარი, ვინც მოსულის დატოვების შემდეგ (ქალაქი სირიის არმიამ აიღო) რაყაში გამოჩნდებოდა, ცოცხლად დაეწვათ (რადგან მოჯაჰედი ბრძოლას ცოცხალი არ ტოვებს). პირველი - ხალიფას ბრძანებით, 70-მდე მოჯაჰედი სიკვდილით დასაჯეს.

"შავი ოქროსათვის" ბრძოლაში ქურთებიც ჩაებნენ. ისინი ცდილობენ, უკვე მათ ხელთ არსებული ჭაბურღილებიდან ნავთობის წარმოება დღეში მლნ ბარელამდე გაზარდონ, რადგან მათი ბრძოლა ყოველდღიურად დიდ ფინანსურ ხარჯს ითხოვს. არადა, წინ "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. დედაქალაქი რაყაა, რომლის კედლებთან ქურთი ხალხი კობანისთვის (ეს პატარა ქალაქი ქურთთა ბრძოლის სიმბოლოდ იქცა) შურის საძიებლად ემზადება.

რა უჯდება მსოფლიოს ომი, სახელად "ყველა ყველას წინააღმდეგ"

თვითმფრინავის ერთი საბრძოლო გაფრენა რუსეთის ბიუჯეტს უჯდება საათში 12.000 დოლარი, შვეულმფრენის საბრძოლო გაფრენა - საათში 3.000 დოლარი, საბრძოლო მასალები - 700 000 დოლარი (24 საათი), ლოჯისტიკა - 250 000 დოლარი (24 საათი), 2 000 სამხედროს შენახვა 500 000 დოლარი (24 საათი), სამხედრო გემების ერთჯერადი გასვლა ხმელთაშუა ზღვაში - 200 000 დოლარი, კასპიის ზღვის ფლოტიდან თითო რაკეტის გასროლა - 1.2 მლნ დოლარი (ბრიტანეთის ცენტრის, "Jones Information Groups"-ის მონაცემები).

"ურყევი სიმტკიცის" ოპერაცია, რომელსაც კოალიცია ატარებს (აშშ, ბაჰრეინი, ბრიტანეთი, იორდანია, კანადა, დანია, ნიდერლანდები, საუდის არაბეთი და საფრანგეთი) 2014 წლის წლის 8 აგვისტოდან 2015 წლის ბოლომდე დაჯდა 5 მლრდ დოლარი. ირანი, რომელიც ამ კონფლიქტში ასადის მოკავშირეა, წელიწადში სირიაში ხარჯავს 6 მლრდ დოლარს, ომში ჩართულია 2012 წლიდან ("Bloomberg vier"-ის მონაცემები).

"ისლამურ სახელმწიფოს" თავისი "ხალიფატის" ერთი დღე 20 მლნ დოლარი უჯდებოდა. გარდა იმისა, რომ მას ფინანსურად არაბული ფონდები ეხმარებოდნენ, "ისლამური სახელმწიფო" არის მსოფლიოში ერთადერთი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც არა მხოლოდ შემოწირულობების ხარჯზე ფინანსდება, არამედ აქვს თავისი დამოუკიდებელი, არც თუ მცირე რესურსი, რომელიც უკვე მესამე წელია, დღემდე აძლევს საშუალებას, წინააღმდეგობა გაუწიოს 64 ქვეყნის სამხედრო დაჯგუფებებს სირიასა და ერაყში. ეს არის ე.წ. "შავი ოქრო" - ნავთობი.

ნინო ბურჭულაძე