დამოუკიდებლობის დღე - კვირის პალიტრა

დამოუკიდებლობის დღე

(დასაწყისი ##10-12, დასასრული)

25 მაისს ღამით, უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაია თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძეს ტელეფონით ესაუბრებოდა, როდესაც თანაშემწემ მოახსენა, პრეზიდენტი გიხმობთო.

- არის რამე ახალი, ნუგზარ? - უხალისოდ იკითხა ედუარდ შევარდნაძემ.

- რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალთან, გენერალ კორობკოსთან შეთანხმებით, 26 მაისს დილის 6 საათზე პოზიციებს ორივე მხარე დატოვებს და ჩვენ შორის რუსი სამშვიდობო ძალები ჩადგებიან.

პრეზიდენტმა კედელზე საათს ახედა.

- ე.ი. ოთხ საათში გალს დავკარგავთ, ამჯერად უკვე მეორედ! 6 საათამდე დიდი დროა, გარდა ამისა, შეიძლება რუსებმა ისევ მოგვატყუონ!.. - შენიშნა შევარდნაძემ და თან დაამატა, - აი, მაშინ კი დავიღუპებით, ნუგზარ!

...გალის რაიონის ზედა ზონაში გააფთრებული პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა. 26 მაისს, 04 საათზე დიხაზურგა-საბერიოს ე.წ. გადასასვლელზე, ტყიბულის ბატალიონი უკვე მერამდენედ ცდილობდა აფხაზთა შემოტევა შეეჩერებინა.

- ახალწვეულები მაინც გაიყვანეთ!.. - ამაოდ სთხოვდა ბატალიონის მეთაური რაციით ვიღაცას, - როგორ დავზოგო ტყვია-წამალი, როდესაც შეშინებული ბავშვები განუწყვეტლივ ისვრიან, ვერ ვაჩერებ. რატომ არ გესმით, რომ აქ ომობანას არ ვთამაშობთ, აქ "მიასარუბკაა", "მიასარუბკა"!

- ეს რა დღეში ჩავცვივდით, - ფიქრობდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმი გია შონია და ცდილობდა პოზიციებიდან გამოყვანილი ერთ-ერთი დაჭრილისთვის სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა.

- მომეხმარეთ, როგორმე სისხლდენა შევაჩეროთ. ბევრ სისხლს კარგავს... - დახმარება სთხოვა ბატალიონის მეთაურს.

- შვილო, ცოტაც გაუძელი! ყველაფერი კარგად იქნება, ხომ გესმის ჩემი. მელაპარაკე, არ დაიძინო!.. - უკვე მერამდენედ სთხოვდა ექიმი დაჭრილს.

- სად არის ჩემი ავტომატი? - მოულოდნელად იკითხა დაჭრილმა ჯარისკაცმა.

- აქ არის, - ავტომატზე მიანიშნა ბატალიონის მეთაურმა და გასამხნევებლად დაუმატა, - სროლაც კარგი გცოდნია!

- ნამდვილი ტყვია პირველად აქ ვისროლე... - თვრამეტიოდე წლის ბიჭს სიტყვა პირზე შეეყინა.

- ვწუხვარ, ვეღარაფერს ვუშველით... ეტყობა, ღვიძლში აქვს ტყვია მოხვედრილი... - სიმწრით ჩაილაპარაკა ექიმმა.

- გია, ხუთი ასეთი ბიჭი მომიკვდა ორ დღეში, ხუთი! და არავინ იცის, კიდევ რამდენი მომიკვდება დილამდე! გვითხრეს, დილის 6 საათზე პოზიციები უნდა დატოვოთო. თუ ასეა, რატომღა ვიხოცებით აქ? - ადგილს ვეღარ პოულობდა ბატალიონის მეთაური.

გაოგნებული ექიმი დუმდა.

- ხომ ხედავ, არც შენ გაქვს პასუხი, არც მე, არც იმათ (მეთაურმა თითი მაღლა აიშვირა)! მათთვის მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: ომი ყველაფერს ჩამოწერს, ყვე-ლა-ფერს!

ამ სიტყვებით ბატალიონის მეთაური წამოდგა, ექიმს მიაძახა, დაჭრილებსა და დაღუპულებს მიხედეთო და პოზიციაზე გავიდა...

დილის 5 საათისთვის კვლავ აგრძელებდნენ ექიმები ბრძოლის ველიდან დაჭრილებისა და დაღუპულების გადაყვანას ზუგდიდის საავადმყოფოში.

ღამენათევი ექიმი გია შონია სიფხიზლის შენარჩუნებას მძღოლთან საუბრით ცდილობდა, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანა გზაზე ორმა ტანკმა შეაჩერა.

- საიდან მოდიხართ, ძმებო? - იკითხეს ქართველმა სამხედროებმა.

- ზედა ზონიდან! - უპასუხა მძღოლმა.

- იქ ომია, არა? - ჩვენ კი აქ ზუგდიდს ვერ გავცილებივართ.

- თქვენ ალბათ დაჭრილები მოგყავთ, გვინდა ბიჭებს ბოდიში მოვუხადოთ ქართული ჯარის სახელით. ვწუხვართ, რომ ვერაფერში დავეხმარეთ... - თქვა ერთ-ერთმა და მანქანის უკანა კარი გამოხსნა. საკაცეებზე ოთხი ახალგაზრდა ჯარისკაცი იწვა.

- ძმებო, თქვენი ჭირიმე, თქვენ ჩვენი გმირები ხართ, მარტო ჩვენი კი არა, მთელი საქართველოს გმირები!.. თქვენ შემოგევლეთ!.. - ემოციებს ვერ ფარავდა ბრძოლას მოწყურებული ჯარისკაცი.

- ეს ბიჭები დღეს დაიღუპნენ!.. - შეაწყვეტინა სიტყვა ექიმმა და შეეცადა მოძალებული ცრემლი დაეფარა. თავზარდაცემული სამხედროები ერთხანს უძრავად იდგნენ, მოულოდნელად ერთ-ერთი ტანკს მივარდა და გამწარებული დიდხანს ურტყამდა შიშველ მუშტს, შემდეგ იქვე ჩაიმუხლა და სიმწრით აქვითინდა.

26 მაისს, დილის 6 საათზე შეთანხმებისამებრ პოზიციები დატოვეს ქართველმა პარტიზანებმა და სხვა სამხედრო შეიარაღებულმა ნაწილებმა. თუმცა აფხაზები პირობის შესრულებას არ ჩქარობდნენ. მეტიც, დილის 10 საათიდან აფხაზური მილიციის რაზმებმა ქალთა ბატალიონთან ერთად დაიწყეს გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლების გადაწვა. ქართველთა უკან დახევით განსაკუთრებით გახარებული ქალთაA ბატალიონის მეთაური ეკა ახალაია იყო.

- უნდა გადავწვათ ყველაფერი: ხეები, პირუტყვი, სახლებში გამოვწვათ ბებრები... ქართველები 27 სექტემბრამდე აზრზე ვერ უნდა მოვიდნენ, შემდეგ კი ფეხი ვეღარ მოიკიდონ ამ მიწაზე!.. - "მოძღვრავდა" აფხაზური სამხედრო დაჯგუფების ხელმძღვანელს ვალდმერ ბუთბას ეკა ახალაია.

- 27 სექტემბერი რა შუაშია?! - იკითხა ბუთბამ.

- აფხაზეთში დაბრუნების სურვილი ქართველებს წელიწადში ორჯერ უჩნდებათ: 26 მაისს - დამოუკიდებლობის და 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს!.. - გაეცინა ახალაიას და დაამატა, - ქართველ კაცებს სიამაყისა და ღირსების გრძნობას დავავიწყებ, აი, ნახავ!..

"თუ მანამდე ვინმემ არ გაგასაღა", - გაიფიქრა ბუთბამ.

შუადღისას უკვე გადამწვარი იყო ქვედა ზონის სოფლების უმრავლესობა. გადარჩენილი მოსახლეობა ცდილობდა განმუხურის ხიდზე გადმოსვლას, აფხაზები კი უფრო და უფრო წინ მოიწევდნენ. პარტიზანული ჯგუფები ცდილობდნენ უსაფრთხო ბილიკებით მოსახლეობის ენგურზე გადმოყვანას. ბოლო ხუთ დღეში დევნილთა რაოდენობამ 50000-ს გადააჭარბა.

განმუხურის ხიდთან დევნილების დასახმარებლად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ბონდო ჯიქია და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ გულუა მივიდნენ.

- პური კი მოიტანეს, მაგრამ მეტი არაფერი გვჭირდება, შვილო? - შესჩიოდა ერთი ხანში შესული ქალი ბაკურ გულუას, - 10 კილომეტრი ფეხით ვიარეთ, ამ ერთი ხალათით და ჩუსტებით ვარ გადმოსული, ამდენი ნერვიულობისა და დარდისგან ხალხს გული უწუხდება, აქ კი "ვალერიანკაც" არ არის, რომ მოვასულიეროთ.

- წამალი არა გაქვთ? - დაეჭვდა სოფლის მეურნეობის მინისტრი, - აბა, ესენი აქ რას აკეთებენ!.. - მიუთითა იქვე მდგარ სასწრაფო დახმარების მანქანაზე და ხალხს სთხოვა, ექიმებს დაუძახეთო.

- აქ ორი ექიმია, რომელთაც სამი ღამეა თვალი არ მოუხუჭავთ. რითაც შეუძლიათ, გვეხმარებიან, მაგრამ არც მედიკამენტები აქვთ და არც ბენზინი, - საუბარში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაერთო.

- რამდენადაც ვიცი, ორი დღის წინ აქ ჯანდაცვის მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე იყო და ყუთებით წამლები მოიტანეს, - აღნიშნა გუბერნატორმა.

- სამწუხაროდ, იქ მედიკამენტები არ აღმოჩნდა, მხოლოდ გადასხმის სისტემები და ჟანგბადის ბალიშები იყო. აქ კი ხალხს პირველადი დახმარების მედიკამენტები სჭირდება, - განმარტა ექიმმა, - წუხელ  დაჭრილი ბავშვი მოიყვანეს და ბინტი და ბამბა არ გვქონდა, ჭრილობის დასამუშავებლად, ამიტომ ჩემი თეთრი ხალათი დავხიეთ და ის გამოვიყენეთ.

სახტად დარჩენილ სოფლის მეურნეობის მინისტრს ყოველივე ამის დაჯერება უჭირდა.

- საწვავი თუ მაინც გაქვთ? - იკითხა ბოლოს.

- საწვავი ოთხი დღეა არა გვაქვს, - ამოიოხრა სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლმა, - როცა ბენზინი იყო, ხალხის დროულ გადაყვანას მაინც ვახერხებდით საავადმყოფოში. ჯანდაცვის მინისტრი დაგვპირდა, საწვავის პრობლემას ერთ საათში მოგიგვარებთო, მაგრამ უკვე ორი დღე გავიდა! ველოდებით, შეიძლება დაავიწყდა კიდეც...

- გპირდებით, საღამომდე მედიკამენტებისა და საწვავის პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებთ! - ბაკურ გულუას ამ სიტყვებს დევნილთა სიცილი მოჰყვა.

- თქვენ ასე 26 მაისს გალში ქართული დროშის აფრიალებასაც გვპირდებოდით! - დაიძახა ვიღაცამ დევნილთა ჯგუფიდან. სოფლის მეურნეობის მინისტრი მიხვდა, რომ თავის მართლებას აზრი არ ჰქონდა და უხალისოდ გაემართა თავისი მანქანისკენ. გუბერნატორი ტელეფონის ზარმა შეაყოვნა...

ბაკურ გულუაც შეჩერდა, აინტერესებდა, რა შეატყობინეს შტაბიდან ბონდო ჯიქიას.

- აფხაზებმა სოფელი ოტობაია დატოვეს და ახლა განმუხურისკენ მოემართებიან. თუ რუსებმა არ შეაჩერეს, ერთ საათში უკვე სოფელში იქნებიან.. აქ, ხიდთან კი ათასობით დევნილია... - აღელვებული გუბერნატორი ძლივს პოულობდა სიტყვებს, - მირჩევნია აქ ვიყო, ბატონო ბაკურ, ამიტომ თქვენ წადით!..

ბონდო ჯიქია არც კი დამშვიდობებია მინისტრს, ისე მიბრუნდა უკან.

...

საღამოს 6 საათზე სოფელ საბერიოში ენგურჰესის დირექტორის გიორგი მიქავას კაბინეტში ათამდე თანამშრომელს მოეყარა თავი.

- სიტუაცია მძიმეა! აფხაზური შეიარაღებული დაჯგუფებები ზედა ზონაში ქვას ქვაზე არ ტოვებენ,  ამიტომ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის! - დირექტორი ამაოდ ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.

- როგორ ფიქრობთ, აფხაზები აქაც შემოვლენ? - იკითხა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

- აფხაზებს ენგურჰესის ხელშეუხებლობის პირობა ჯერ არ დაურღვევიათ, მაგრამ ასეთ დროს ეს არავის გაახსენდება. მაგათ ლიდერს, ვალდმერ ბუთბას კარგად ვიცნობ. ამიტომ დილით აქ შეფარებული ჩვენი ჯარისკაცების აქედან დროულად გაყვანაზე უნდა ვიზრუნოთ. გარდა ამისა, ჰესი თანამშრომლებმაც უნდა დატოვონ!.. - განაცხადა მიქავამ.

- სოფელში რამდენიმე პარტიზანია, რომლებიც დაგვპირდნენ, რომ ჯარისკაცებს უსაფრთხო ბილიკით გააპარებენ. 50 სამხედროს გაყვანა მათი დახმარების გარეშე გაგვიჭირდება. ჰესის თანამშრომლებმა კი გადავწყვიტეთ, ბოლომდე დავრჩეთ! - განმარტა ჰესის ინჟინერმა.

- ამას ვერ დავუშვებ! - ხმას აუწია გიორგი მიქავამ, - გადაწყვეტილება მიღებულია! ყველა თანამშრომელი ჰესს ნახევარ საათში დატოვებს!..

- თქვენ რას აპირებთ, ბატონო გიორგი? - შეფარვით ჰკითხა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

- მე ამ გემის კაპიტანი ვარ! - მწარედ გაეღიმა ენგურჰესის დირექტორს...

ერთ საათში ქართველი ჯარისკაცების, პარტიზანებისა და ენგურჰესის თანამშრომლებისგან შემდგარი რაზმი ტყისკენ გაუყვა ბილიკს. ენგურჰესის ადმინისტრაციული შენობა თანდათან თვალს ეფარებოდა. სინათლე მხოლოდ დირექტორის კაბინეტის ფანჯრებიდან გამოდიოდა.

- დირექტორი იქ არის, ჰესი არც ჩვენ უნდა დავტოვოთ... - ჩაილაპარაკა ინჟინერმა და პარტიზანებს სთხოვა, რამდენიმე წუთით შევისვენოთო.

- შესვენების დრო არ არის! ხომ ხედავთ, სროლის ხმა ახლოვდება! აფხაზები სავარაუდოდ, უკვე საბერიოში არიან, ჩვენ კი ხალხი გვყავს გადასაყვანი! - უკმაყოფილებას ვერ მალავდა”ჯგუფის ხელმძღვანელი.

- მე დარჩენა გადავწყვიტე! - მოულოდნელად განაცხადა ენგურჰესის ინჟინერმა.

- ჩვენც ვრჩებით! - გამოეხმაურა ერთ-ერთი თანამშრომელი, - ენგურჰესს ჯერ ბაბუაჩემი აშენებდა, მამაჩემიც აქ მუშაობდა, მეც 30 წელია აქ ვარ, ჩემმა შვილიშვილებმაც აქ უნდა იმუშაონ!.. ამიტომ ჩვენც აქ ვრჩებით!..

- აფხაზები ალბათ უკვე იქ არიან, - შენიშნა ერთ-ერთმა პარტიზანმა, - ამიტომ გარისკვა არ ღირს.

ინჟინერმა გაიღიმა და თანამშრომლებს ანიშნა, უკან ვბრუნდებითო.

- მე კი ვფიქრობდი, რომ გმირები მხოლოდ ბრძოლის ველზე იყვნენ, - ჩაილაპარაკა პარტიზანმა და უკან გაბრუნებულ ჰესის თანამშრომლებს თბილი მზერა გააყოლა.

26 მაისს, საღამოს 8 საათზე, ვალდმერ ბუთბას შეიარაღებული დაჯგუფება უკვე ენგურჰესის ადმინისტრაციული შენობის ეზოში იყო.

- სად არიან ჩვენი ქართველი მასპინძლები, ნუთუ გაიქცნენ?! - ხმამაღლა გაიძახოდა ბუთბა და ავტომატის ჯერს ჰაერში ისროდა. მაგრამ როდესაც ეზოში გამოსული ჰესის დირექტორი გიორგი მიქავა დაინახა, მოულოდნელობისგან თითქოს ხმა ჩაუწყდა. რამდენიმე წუთი ჩუმად იდგნენ აფხაზი სტუმარი”და ქართველი მასპინძელი ერთმანეთის პირისპირ. ვალდმერ ბუთბა ხმაურმა გამოარკვია. ეზოში რუსი სამშვიდობო ძალების და გალის გამგებლის (აფხაზური მხარიდან) რუსლან ქიშმარიას მანქანები შემოვიდნენ.

- დამთავრდა თქვენი ომობანა! - ამაყად განაცხადა რუსმა მშვიდობისმყოფელმა.

რუსლან ქიშმარიამ კი ვალდმერ ბუთბას "შეახსენა", ენგურჰესი ხელშეუხებელიაო, შემდეგ კი ჰესის დირექტორს თავი დაუკრა დამშვიდობების ნიშნად.

რუსი სამშვიდობო ძალები პარალელურად განმუხურთანაც განლაგდნენ, დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, უკვე წაგებული ომიც დასრულდა...

P.S. 19-26 მაისს გალის რაიონში აფხაზებმა გადაწვეს 2000-მდე სახლი, დაიღუპა 190-მდე კაცი, დევნილი მოსახლეობის რაოდენობამ 50000-ს გადააჭარბა.