"სირიიდან მიღებული ინფორმაციით, სულ 5 პანკისელია დაღუპული" - რატომ არ ადასტურებს ოჯახი შვილის გარდაცვალებას
30-06-2016
"სირიიდან მიღებული ინფორმაციით, სულ 5 პანკისელია დაღუპული" - რატომ არ ადასტურებს ოჯახი შვილის გარდაცვალებას
სირიაში საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა - 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი, რომელიც თურქეთში სამუშაოდ შარშან წავიდა და სოფელ დუისის მკვიდრი, უმარ მარგოშვილი, რომელიც 2015 წლიდან "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდა.

დეტალების დასაზუსტებლად, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს, ნინო ბურჭულაძეს დავუკავშირდით, რომელიც წლებია პანკისის თემაზე მუშაობს.

- ბორჩაშვილის თანამებრძოლები მის დაღუპვას ადასტურებენ, თუმცა, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ამის შესახებ სირიიდან ცნობები არ მიუღიათ. შესაბამისად, არც ტრადიციული პანაშვიდი გაუმ
ართავთ და ირწმუნებიან, რომ დაღუპულთა შორის ასლანბეგ ბორჩაშვილი არ არის.

- ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი პანკისელი, სოფელ დუისის მკვიდრი უმარ მარგოშვილი დაიღუპა...

- სირიიდან მიღებული ინფორმაციით, სულ 5 პანკისელია დაღუპული, თუმცა, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია...
ჩემი წყაროს ინფორმაციიით, ბორჩაშვილი და მისი ბიძაშვილი ერთად წავიდნენ თურქეთში სამუშაოდ, საიდანაც, მოგვიანებით, ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და
აცნობეს, რომ სირიაში გადავიდნენ... როგორც ვიცი, ბორჩაშვილის ოჯახის წევრები ქრისტიანები არიან. წარმოშობით, სოფელ ჯოყოლოდან და ახლაც იქ ცხოვრობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბორჩაშვილების შვილებმა მოულოდნელად მიიღეს ისლამის რელიგია და ასევე მოულოდნელად წავიდნენ სირიაში... ასლანბეგ ბორჩაშვილი არ იყო ის კატეგორია, რომელიც ხეობას არ გაცდენია და ძალიან რელიგიურად ცხოვრობდა, საკმაოდ გამოსული ადამიანი იყო.
როგორც უკვე გითხარით, ოჯახი შვილის გარდაცვალებას არ ადასტურებს. კარი დაკეტილი აქვთ და არც პანაშვიდები გაუმართავთ. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი სანდო წყაროა თანამებრძოლები, რადგან იქ დაღუპული ბიჭების ჩამოსვენება არ ხდება - მათ ხომ იქვე კრძალავენ... ერთადერთი, ვინც სირიიდან ჩამოასვენეს, საველე მეთაურის, ჰამზად გელაევის ვაჟი გახლდათ. მაშინ სირიაში ომი ახალი დაწყებული იყო... სხვა, იქ დაღუპული პანკისელები აქ არ ჩამოუსვენებია.

- დანარჩენი დაღუპულების შესახებ სირიაში მებრძოლები თუ ფლობენ ინფორმაციას?

- სირიაში, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას ფლობენ, პანკისში, სავარაუდოდ, ჯერჯერობით - არა... ცნობილია, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" ძალიან გაუჭირდა ბოლო დროს, ყოველ დღე კარგავს პოზიციებს და შესაბამასად, ადამიანური დანაკარგიც ექნებათ... შესაძლოა ისინი სხვადასხვა პოზიციაზე იყვნენ გაფანტული და ვიდრე თანამებრძოლების მიერ ცხედრების ამოცნობა არ მოხდება, ინფორმაციას არ ავრცელებენ...
უნდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ საზღვარი ჩაკეტა, სირიაში წამსვლელთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

grigori
01 ივლისი 2016 09:37
ვაჟა17-ს.რა თქმა უნდა ისლამისტების დამარცხება მხოლოდ რუსებს შეუძლიათ.თვით ღმერთიც კი რუსების გარეშე ვერაფერს მიაღწევს.რა შეუძლია ღმერთს პუტინისა და ფსბ-ს გარეშე?არაფერიც არ შეუძლია!
ვაჟა17
30 ივნისი 2016 16:18
" ცნობილია, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" ძალიან გაუჭირდა ბოლო დროს, ყოველ დღე კარგავს პოზიციებს და შესაბამასად, ადამიანური დანაკარგიც ექნებათ..."

ბოლო დროს... იმედია, ეს ისე უნდა გავიგოთ, რაც ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მძლავრი რუსეთი ჩაერთო! მანამდე ტერორისტებს არავინ ებრძოდა, იმიტაციით იყვნენ დაკავებულები!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები