ISIS-ის მუქარა პანკისის "ჯამაათს" - ექსკლუზივი: აუდიომიმართვები რაკკადან - "ისლამური სახელმწიფოს" ბუნაგიდან
04-07-2016
ISIS-ის მუქარა პანკისის "ჯამაათს" - ექსკლუზივი: აუდიომიმართვები რაკკადან - "ისლამური სახელმწიფოს" ბუნაგიდან
"ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის 50 ქვეყნის მოქალაქე 31 000 მეომარი, 18 000 - ერაყში, 13 000 სირიაში. "ხალიფატი" იყენებს 100 სახეობის იარაღს, რომელიც იწარმოება მსოფლიოს 25 ქვეყანაში. მისი ბიუჯეტი 2015 წელს მხოლოდ ნავთობის რეალიზაციით 2,4 მლრდ დოლარით შეივსო.

"ხალიფატმა" გადაწყვიტა, ჭკუა ესწავლებინა "ურჩებისთვის"


პანკისის ხეობიდან 2016 წელს სირიაში აღარავინ წასულა. ამის მიზეზია ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები ("თურქეთის არხის" ჩაკეტვა, ახალგაზრდების ხელშესაწყობად არაერთი პროექტის დაფინანსება...). კიდევ ერთი მიზეზია ადგილობრივი სულიერი მამების
პოზიციის შეცვლა, რამაც უფრო თვალში საცემი გახადა ხეობაში ჯამაათებს (ერთობებს) შორის განხეთქილება, რომელიც სათავეს 2014 წლიდან იღებს. წლების წინ პანკისის ხეობაში ვაჰაბიზმის დამკვიდრების და მოგვიანებით მისი გაძლიერების ფონზე ერთობა შეიქმნა, რომელიც "კავკასიის ემირატის" იდეებს იზიარებდა. სირიაში ომის გაჩაღების შემდეგ ასადის წინააღმდეგ "მუსლიმი ძმების" დასახმარებლად მოხალისეების
პირველი ტალღა სწორედ "კავკასიის ემირატის" სახელით წავიდა. ვითარება მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც 2014 წლის 28 ივნისს ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" ხალიფატი გამოაცხადა და მას ფრონტებზე მყოფი "ქართველი" საველე მეთაურებიც შეუერთდნენ. მალე ხეობაში "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელიც გამოჩნდა (ამბობენ, აიუფ ბორჩაშვილი იყოო), ჩვენი ინფორმაციით, მას "ბეითუმანიც" (ე.წ. ობშჩიაკი) ებარა. უკვე არსებული ჯამაათის წევრები ეჭვით შეხვდნენ ახალგამომცხვარ ხალიფატის წარმომადგენელს. მალე ჯამაათი ხალიფატის იდეების მიმდევრებად და "კავკასიის ემირატის" ერთგულებად გაიყო და სხვადასხვა მეჩეთში დაიწყეს ლოცვა. 2015 წლის 14 ივნისს, ბორჩაშვილის დაპატიმრების და მოგვიანებით თარხან ბათირაშვილის საეჭვოდ გაუჩინარების შემდეგ, პანკისში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები შესუსტდა. ბორჩაშვილს შემცვლელი მალე გამოუჩნდა ვინმე "აბდულას" სახით, მაგრამ ამას შედეგი "ხალიფატისთვის" არ მოუტანია.­ დღეს "ისლამურ სახელმწიფოს" ხეობაში ათიოდე მიმდევარი ჰყავს, ხოლო მისი მოწინააღმდეგე ჯამაათი უფრო მრავალრიცხოვანია. მისი იმამი ბექხან ფარეულიძე და ემირი ვახტანგ ფარეულიძე აქტიურად არიან ჩართული ისლამისადმი მიძღვნილ დისკუსიებში... პანკისში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა არ რჩება "ისლამურ სახელმწიფოს". "ხალიფატმა" გადაწყვიტა, ჭკუა ესწავლებინა "ურჩებისთვის" და ამით გაეძლიერებინა თავისი მხარდამჭერები ხეობაში.

ულტიმატუმი "მეორე პარასკევამდე"

"კვირის პალიტრამ" მოიპოვა ორი აუდიოჩანაწერი, რომელიც ბოლო დროს რაკკაში ჩაიწერა სპეციალ­უ­რად "პანკისის ჯამაათისთვის". ორივე ულტიმატუმის და მუქარის შემცველია. საზოგადოების დიდი ინტერესის გამო გადავწყვიტეთ, ჩანაწერები მკითხველს მცირე შემოკლებით გავაცნოთ. პირველი აუდიოჩანაწერი მაისის ბოლოს უნდა იყოს გაკეთებული. მისი ავტორი, ჩვენი ინფორმაციით, ვინმე გუმაშვილია, მეტსახელად "ადამა".
დაღესტანში იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის ნაბრძოლი "ადამა" პანკისიდან სირიაში 2013 წელს წავიდა. "ხალიფატის" გამოცხადების შემდეგ თარხან ბათირაშვილთან ერთად გადავიდა მათ რიგებში და გახდა ე.წ. იუსტიციის მინისტრი ხალიფატის სრულ ტერიტორიაზე... აღსანიშნავია, რომ მიმართვა, არაბულად მისალმება-დამშვიდობების გარდა, ქისტურ ენაზეა. ხოლო "ისლამურ სახელმწიფოს" ახსენებს ქართულად.

"კომიტეტმა გადაწყვიტა"(?!)

"ადამა": "მივესალმები ყველა მუსლიმ­ ძმას. შევეხები ამჟამად პანკისის ხეობაში­ შექმნილ ვითარებას, ზოგიერთ ლიდერს... თბილისიდან ხეობაში ჩადის ხალხი, "კავკ­ასიურ სახლშიც" მიდის ჩვენი ხალხი, ისლამურ რელიგიაზე სასაუბროდ. საუბარს იწყებენ "ისლამური სახელმწიფოთი" და აგრძელებენ ქრისტიანობასა და იუდაიზმზე. ზოგი ამბობს, ისლამი თავიდანვე აგრესიული იყოო... აბდურაჰმანი (ვახტანგ ფარეულიძე. - ავტ.) და ე.წ. იმამი შეკრებას ესწრებიან და სხვებთან ერთად ხელს უწყობენ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას... იმამები უხუცესთა საბჭოს წევრებთან ერთად დადიოდნენ თბილისში და საპროტესტო აქციებს მართავდნენ აიუფას დასაკავებლად. ეუბნებოდნენ უხუცესებს, თქვენ გვერდით ვართო, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ 10 პუნქტიდან (ჩვენთვის გაურკვეველია, რომელ 10 პუნქტზე საუბრობს. - ავტ.) ერთი ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ვინც მუსლიმს დააზიანებს, მურთადი (ცოდვილი. - ავტ.) ხდება. ეს ხალხი იძახის, ჭეშმარიტი მორწმუნენი ვართო, მაგრამ მათ თაქფირი (ღალატის ბრალდება. - ავტ.) უნდა გამოვუცხადოთ. დღეს ის ხალხი დადის და იძახის, - "დოვლათუ ისლამი" (ისლამური სახელმწიფო) განადგურებულიაო. ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, ზოგი კი თავისთვის ჩუმად ზის და ნეიტრალური პოზიცია უჭირავს, მაგრამ ახლა ხეობაში მცხოვრებმა ყველა მუსლიმმა, ე.წ. ნასწავლმა ხალხმა, მოქმედმა თუ ყოფილმა იმამებმა და სხვა ლიდერებმა­ აუცილებლად უნდა გაგვაგებინოთ თქვენი "აყიდათი" (პოზიცია. - ავტ.) ემხრობით თუ არა აბდურაჰმანს. ვინც მისკენ გადაიხრება, თავისთავად მურთადები არიან და მათთან ერთად ლოცვაც აკრძალ­ულია. ამ ხალხს თაქფირი გამოუცხადა სულეიმან უმგალიმ და მილათი იბრაჰიმმა. დღეს უნდა გაირკვეს, ვინ ვინ არის, ისინი გაიძახიან, კომიტეტმა ასე გადაწყვიტაო... მაგრამ ეგ ჯადოქრების კომიტეტია და მათი საუბარი ყველამ­ კარგად იცით... თქვენ ხომ "ადამასა" და მის მსგავსებზე ადრე იცოდით, რა იყო "ჯიჰადი"­ და მის გზაზე იდექით. ისლამის და ხალიფატის დაწესება რომ გინდოდათ, ახლა რა მოგივიდათ? საშუალება მოგეცათ და ახლა უარს აცხადებთ? თქვენ ხომ ამ ადამიანებისთვის თაქფირი უნდა გამოგეცხადებინათ აქამდე. ჩვენზე რომ ლაპარაკობენ, "ბალტუნები" არიანო, მათ შორისაა ბირკიანელი "ისა" (სავარაუდოდ, ბესო ტოხოსაშვილი), ისინი ხომ არც ერთი ნამყოფი არ არის ჯიჰადში აბდულ ქერიმის გარდა... ამიტომ ისინი "ფასიყები" არიან (ადამიანები, რომლებიც არაფერს აკეთებენ რელიგიისთვის. - ავტ.). მათ თქვენზე წინ დადგომის და ლოცვის უფლება არ აქვთ და რატომ აძლევთ? უფრო გვიანი ფაქტები მინდა გავიხსენო, რადგან მნიშვნელოვანია. აბდულ ღაფური (ამურ ხანგოშვილი) იმამი რომ იყო, მაგის ორგანიზებით ხდებოდა ხალხის მასობრივი მიყვანა საარჩევნო უბნებზე, ის მოუწოდებდა ხალხს, მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ეს ფაქტი ასე ახსნეს­ - "კომიტეტმა გადაწყვიტაო". დღემდე არ გამოსულა და თავისი შეცდომები არ უღიარებია, ამდენი ხალხი ცოდვაში რომ ჩაყარა. არც პასუხი უგია. ვინც ღმერთის გზაზე იდექით, ამდენი იწვალეთ და ამდენი მსხვერპლი გაიღეთ პანკისის ხეობაში ჭეშმარიტი ისლამის დაწესებისთვის, ახლა რა გჭირთ? უკვე ახლოვდება რამადანი (მარხვა 6 ივნისის დაიწყო. - ავტ.). მეორე პარასკევამდე გაქვთ დრო. ყველა მორწმუნემ და ვინც მათ წინ უძღვებით - ემირი, იმამი იქნება თუ მისი მოადგილე, ყველამ უნდა გაგვაგებინოთ, ვის მხარეს ხართ. რას აპირებთ.­ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ თვითონ "ადამა" არ ლაპარაკობს ამას".
ბოლო წინადადებიდან ჩანს, რომ "ადამა" აჟღერებს უფრო ავტორიტეტიანი პირის პოზიციას. სამწუხაროდ, არ ვიცით, რა პასუხი მიიღეს დაპირებულ ვადაში რაკკაში­ "ხალიფატის" მამებმა. თუმცა ის ფაქტი, რომ მეორე მიმართვა უკვე ორი კვირის წინ ჩაიწერა, მიუთითებს, რომ "ხალიფატში"­ ჯამაათის პასუხი არ მოეწონათ.

"დრო მოვა, საქართველოში ჩამოვალთ და..."

მეორე მიმართვის ავტორი რუსლან ტოხოსაშვილი-ჰამზა, იყო თარხან ბათირაშვილის დაცვის წევრი, არის მისი უახლოესი ნათესავი, ამჟამად ერთ-ერთი სამხედრო დაჯგუფების ლიდერია. მიმართვის ადრესატები "ურჩი" ჯამაათის გარდა, მისი ნათესავებიც არიან.

რუსლან ტოხოსაშვილი: - "რაღაც ვიდეოა აქ მოსული. მუსა გამოდის, გურამის­ ბიჭი (ვის გულისხმობს, ჩვენთვის უცნობია. - ავტ.) და იძახის, - ყოველთვის ხელს ვუშლით­ ახალგაზრდებს, არ გვინდა ჯიჰა­დში მონაწილეობა მიიღონო, ვწვალობთო... ღმერთმა დაგიფაროთ, მსგავს რამეს­ თუ აკეთებთ. მუსლიმისთვის ჯიჰადში მონაწილეობისთვის ხელის შეშლა ჯიჰადისთვის­ ზურგის ქცევაა. არ გრცხვენიათ? რელიგიის გაუქმება გინდათ, ხალიფატის მიწასთან გასწორება გინდათ. არ მესმის იმ ხალხის, რატომ არიან ამ ცხოვრებაზე ასე დამოკიდებული. იცით, ვისზეც მაქვს საუბარი. დაგიზეპირებიათ - მეც და დანარჩენებიც რომ წამოვიდეთ ჯიჰადში, აქ ვინღა დარჩებაო. თითქოს იმდენს გინდოდეთ ჯიჰადში მონაწილეობა, რომ საზღვარზე გადასვლისას გიჭერენ და ხელი გეშლებათ წამოსვლაში. ყველა აქ რომ წამოხვიდეთ, ნუ გეშინიათ, მაინც არ დარჩება ის მიწები­ ცარიელი".

ტოხოსაშვილს დაუშვებლად მიაჩნია ჯამაათის წევრების აქეთ-იქით სიარული და "კაფირებთან" (ურჯულოები. - ავტ.) ისლამზე საუბარი, განსაკუთრებით აღაშფოთ­ებს, როდესაც მისი მუსლიმი ძმები "კაფირებს" ბატონობით მიმართავენ. და კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ "კაფირი" ყოველთვის მუსლიმის ფეხქვეშ უნდა იყოს. "ჰამზა" ნათესავებს მოუწოდებს:

"მოციქულის დროს რელიგიის გამო მამა შვილს კლავდა, ძმა - ძმას... ჩემზე და ჩემს ძმებზე რომ ჭორაობთ, თქვენ არ ხართ ჩემი ნათესავები, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდება, თუ ერთად არ ვიქნებით. საკმარისად გელოდეთ, იქნებ აზრზე მოვიდნენ-მეთქი, მაგრამ უკვე დროა, გამოსწორდეთ და ბაიათი მისცეთ და ღმერთის გზაზე დადგეთ, თუ არადა, მტრები გავხდებით. აქ ყოველდღე ბიჭები იღუპებიან და სისხლი იღვრება... ახლა თუ არ ჩამოხვალთ, როდისღა უნდა ჩამოხვიდეთ? გეფიცებით, დღემდე გელოდებოდით, თქვენთან ნათესაობაც მინდოდა. მაგრამ... იცოდეთ, აუცილებლად ინანებთ. დრო მოვა, საქართველოში ჩამოვალთ, ჩეჩნეთში ჩამოვალთ, ჩვენ თუ არა, ჩვენი ძმები მოვლენ. მე არ გაშინებთ. კარგად იცით, რომ თუ მანდ ჩამოვედით, აუცილებლად ინანებთ და იმ წუთშივე მოგვცემთ ფიცს, და ეს კარგად იცით".
საველე მეთაური მიმართვის ბოლოს ითხოვს, ჯამაათმა ბაიათი I(ფიცი) მისცეს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერს აბუ ბაქრ ალ ბაღდადის, - "შეელიონ საქმესა და ბიზნესს და სირიაში ჩავიდნენ".

როგორი იქნება ამჯერად პანკისის ჯამაათის პასუხი, არავინ იცის... არ არის გამორიცხული, რომ მუქარის გზავნილებმა ხალიფატის დედაქალაქიდან იმატოს.

სირიაში საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე დაიღუპა

28 ივნისს პანკისის ხეობამ სოფელ დუმასტურის მკვიდრის, 21 წლის სტუდენტის, ასლანბეკ ბორჩაშვილის სირიაში დაღუპვის ამბავი შეიტყო... 29 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიაში კიდევ ერთი მებრძოლი 39 წლის დუისელი ომარ მარგოშვილი მოკლეს. ჩვენი ინფორმაციით, ამჯერად "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში 30-მდე საქართველოს მოქალაქე იბრძვის, 4 - ასადის ოპოზიციაში: "აცუდ ალ შამის" ლიდერი მუსლიმ ალ შიშანი­ - მურად მარგოშვილი; მისი მარჯვენა ხელი ზურა ალხანაშვილი; "ჯეიშ ალ­­ მუჰაჯირინ ვალ ანსარის" ყოფილი მეთაური გიორგი კუშტანაშვილი (ლაფანყურის ჯგუფის წევრი) და საველე მეთაური რუსლან ფხაკალაშვილი (ამჟამად თურქეთში უნდა იყოს).

ნინო ბურჭულაძე

inga
22 ივლისი 2016 09:12
მაგარ შარში ვართ, ვიფიქრებდი მხოლოდ რუსების სცენრია თქო, მაგრამ აქ მარტო იმდენი ქვეყნის აგენტურაა უკვე ჩართული.თან ეს რელიგიური აღტკინებული ადამიანები. შარში ვართ მაგარშიიი. სანამ ეს დიდი ქვეყნები გაარკვევენ ნავტობის საბადოებს ვინ გააკონტროლებს :((((
grigori
09 ივლისი 2016 16:55
888-ს! იმ "რეგვენმა" 7 მილიარდი იშოვა, დიდი ბელადი ზევიდან ჩამოაგდო,100 მილიონით ქართული ოპერა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ოპერის თეატრად აქცია.200 მილიონიანი საკონცერტო დარბაზი საქართველოს აჩუქა და ა.შ. ყველას ვერ ჩამოვთვლი,3 მილიარდზე მეტი დახარჯა სულ.შენმა ბელადმა რა გააკეთა? 300 000 ქართველი ციხესა და სასამართლოში გაატარა, ათასობით ადამიანს ყველაფერი წაართვა და ა.შ.
beriberi
08 ივლისი 2016 16:37
ალაჰის siyvarulSic zomierebaa saWiro, rom es siyvaruli urwmunoTa mimarT, siZulvilSi ar gadaizardos.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები