"სასუნელი შერეკილების” ბუნტი - კვირის პალიტრა

"სასუნელი შერეკილების” ბუნტი

ერევნის პოლიციის შენობაში გამაგრებული შეიარაღებული ჯგუფის მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა

"ბოლო 8 წლის განმავლობაში სომხეთში მსგავსი არაფერი მომხდარა. დღეს ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და მთავრობის არაადეკვატური რეაქციის გამო საზოგადოებაში განწყობების რადიკალიზაცია ხდება, მოთმინების ძაფი წყდება და აქტიური ოპოზიციური ჯგუფები ძალადობრივ მეთოდებზე გადადიან”, -"სტეფან გრიგორიანი, პოლიტოლოგი, 2016 წლის 20 ივლისი.

"ეს იყო ერთადერთი გზა...”

17 ივლისს ერებუნში (რაიონი ერევანში) დიდი სიჩქარით მიმავალმა სატვირთო მანქანამ საპატრულო პოლიციის ჭიშკარი შეამტვრია და 30-მდე შეიარაღებულმა პირმა შენობა დაიკავა. პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევა ამაოდ სცადა... დაიღუპა განყოფილების უფროსი, დანარჩენები კი მძევლად აიყვანეს, მათ შორის სომხეთის პოლიციის ხელმძღვანელისა და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილეები. შენობაში გამაგრების შემდეგ დამნაშავეებმა განაცხადეს, რომ ისინი "სასუნელი შერეკილების” წევრები არიან (სომხური ეპოსის მიხედვით, გოლიათი სასუნი არაბ დამპყრობლებს ებრძოდა).

ამბოხებულების მთავარი მოთხოვნა ოპოზიციონერ ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლება იყო. ის იარაღის უკანონოდ შენახვის ფაქტზე დააკავეს - თითქოს კავშირგაბმულობის შენობების, მათ შორის, ერევნის ტელეანძის დაკავება ჰქონდა განზრახული.

სეფილიანი 2012 წელს "დამფუძნებელი პარლამენტის” ერთ-ერთი დამაარსებელია, დღემდე ხელისუფლების შეცვლასა და სომხეთის სახელმწიფოებრივი მოდელის გადაწყობას ითხოვს. ხმაურიანი განცხადებების, ხშირი დაკავებებისა და რაც მთავარია, საბრძოლო წარსულის გამო (ყარაბაღის კონფლიქტისა და ქალაქ შუშის გათავისუფლების მონაწილე) სეფილიანი სომხური პოლიტიკის ერთგვარ სახედ იქცა. მისი თანამოაზრეები პოლიტიკური ბრძოლის ძალადობრივ მეთოდებსაც არ გამორიცხავენ.

18 ივლისს ამბოხებულთა მოთხოვნას პრეზიდენტის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაც დაემატა.

"ეს იყო ერთადერთი გზა ხელისუფლებისთვის ხალხის ხმის მისაწვდენად”,"- ამ მოწოდებით საზოგადოებამ პოლიციის შენობაში გამაგრებულთა მხარდამჭერი აქციები დაიწყო.

ამ ბუნტმა ბევრს 27 ოქტომბერი გაახსენა

ბოლო დროს სომხეთში საპროტესტო ტალღა აგორდა - აპრილში ხალხი გაძვირებული ელექტროენერგიის ტარიფის გამო ქუჩაში გამოვიდა, თუმცა ექსპერტები დღევანდელ ვითარებას უფრო საშიშად თვლიან, რადგან მომიტინგეებს მეტად სერიოზული მოთხოვნები აქვთ და დარბევის შემთხვევაშიც კი არ აპირებენ დანებებას.

საზოგადოების პროტესტის კატალიზატორად იქცა საკონსტიტუციო რეფორმაც, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის უფლებამოსილება პარლამენტზე გადადის. ოპოზიციის აზრით, ეს სერჟ სარგსიანს ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება - 2018 წელს ის პრეზიდენტად კენჭს ვეღარ იყრის, კონსტიტუციაში ცვლილების შემდეგ კი ხელისუფლებაში პრემიერად დარჩება.

უკვე რამდენიმე დღეა, საპატრულო პოლიციის შენობის წინ 24-საათიანი აქციებია. ბარიკადებთან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც გამოჩნდნენ - საზოგადო მოღვაწეები, რეჟისორები, მსახიობები...

20 ივლისს მორიგი მიტინგი არეულობაში გადაიზარდა, აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს პოლიციას, მათ კი პასუხად ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. შეტაკებაში დაიჭრა 45 კაცი, ძირითადად, პოლიციელები, დაშავდა ორი ჟურნალისტიც. სამართალდამცავებმა 140 კაცი დააკავეს.

"სასუნელი შერეკილების” ბუნტმა ბევრს 27 ოქტომბერი გაახსენა - დღე, როდესაც სომხეთის უახლეს ისტორიაში ყველაზე საშინელი დანაშაული მოხდა.

"მე მოვკალი ეს ძაღლი”

1999 წლის 27 ოქტომბერს ერევანში პარლამენტის სხდომაზე სამთავრობო საათი მიმდინარეობდა. სხდომას საზოგადოებრივი რადიოს პირდაპირი ეთერით გადასცემდნენ. დარბაზში იყვნენ პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარქისიანი, მთავრობის წევრები და პარლამენტის სპიკერი კარენ დემირჭიანი. ტრიბუნასთან ფინანსთა მინისტრი პასუხობდა დეპუტატებს, როცა დარბაზში ავტომატებით შეიარაღებული 5 ახალგაზრდა შევარდა და ცეცხლი გახსნა. დახოცეს პრემიერი, პარლამენტის სპიკერი, ვიცე-სპიკერი, ერთ-ერთი მინისტრი და სამი დეპუტატი, ერთი დეპუტატი გულის შეტევით გარდაიცვალა, დაჭრეს შვიდი კაცი...

"მე მოვკალი ეს ძაღლი!” - ტერორისტმა ამ შეძახილით გამოასალმა სიცოცხლეს პრემიერი. დანარჩენი მინისტრები და დეპუტატები მძევლად აიყვანეს. დაიგმანა ყველა ფანჯარა და კარი...

ტერორისტების მეთაურმა, სტუდენტმა ნაირი უნანიანმა, პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანთან შეხვედრა პირდაპირ პარლამენტის დარბაზში მოითხოვა. იმავე დღეს სომხეთში, რუსეთის ბაზაში, სამხედრო მზადყოფნა გამოცხადდა. მოსკოვიდან ჩამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი "ალფაც”. პრეზიდენტი ტერორისტებთან შეხვედრაზე არ მივიდა, თუმცა მოლაპარაკება მაინც დაიწყო...

ხელისუფლება პარლამენტის შტურმით აღებას არ ჩქარობდა, ტერორისტებში კი განწყობების გარდატეხა მოხდა... როგორც დეპუტატები იხსენებდნენ, ნაირი გამუდმებით ესაუბრებოდა ვიღაცას მობილურით (მაშინ მობილურები მხოლოდ მთავრობის წევრებს ჰქონდათ). იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მას გარანტირებული მხარდაჭერა არ აღმოუჩინეს, ამიტომ ტერორისტებმა მძევლების გათავისუფლება დაიწყეს, 28 ოქტომბრის დილას კი თავადაც ჩაჰბარდნენ სამართალდამცავებს. რადგან სიკვდილით დასჯა ახალი გაუქმებული იყო, მათ სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ქოჩარიანი ცბიერი აღმოჩნდა

ტერაქტის მიზეზებად რამდენიმე ვერსია სახელდებოდა. ამბობდნენ, რომ პარლამენტის სპიკერ კარენ დემირჭიანის მოკვლა ყარაბაღის კონფლიქტს უკავშირდებოდა. ჯერ კიდევ 26 ოქტომბერს ერევანში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თელბოტი ჩაფრინდა, რომელსაც 27 ოქტომბერს დემირჭიანთან მოლაპარაკება სწორედ ამ საკითხზე უნდა გაემართა.

ორი წლის წინ ევროპაში გამოჩნდა სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მემუარები, სადაც ის "სისხლიან 27”-ზე წერდა - თითქოს ტერაქტი შეთქმულების გეგმის ნაწილი იყო, რომელიც "სომხეთის საერთო-ნაციონალურმა მოძრაობამ” მისი კანდიდატის, ლევონ ტერ-პეტროსიანის გაპრეზიდენტებისთვის დაგეგმა. პრემიერ ვაზგენ სარქისიანის ლიკვიდაცია დაევალა ნაირი უნანიანს, რომელიც ტერ-პეტროსიანის კლანში შინაურ კაცად ითვლებოდა. შეთქმულებაში მხოლოდ რამდენიმე პირი იყო ჩართული, მათ შორის, დეპუტატი ვანო სირადეგიანი და პარტიის წევრი ვაან შირხანიანი. რატომ შეარჩიეს მაინცდამაინც 27 ოქტომბერი? მემუარებში ყოფილი ოფიცერი აცხადებს, რომ ამ დღეს მოლაპარაკება უნდა გამართულიყო ყარაბაღის თემაზე და შეთქმულები ფიქრობდნენ, რომ ეს გარემოება გამოძიებას მცდარ გზაზე დააყენებდა.

დეპუტატმა ვანო სირადეგიანმა კი სათადარიგო გეგმა შეიმუშავა - 27 ოქტომბერს საფრანგეთის საელჩოში მივარდა, მკვლელობა"დაშნაკებმა ჩაიდინეს, მალე მათი სამიზნე მეც გავხდებიო და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, თუმცა ფრანგებმა უარი უთხრეს...

მემუარებში ავტორი დღემდე უცნობ ერთ ფაქტსაც ახმაურებს. კერძოდ, 27 ოქტომბრის საღამოს თავდაცვის სამინისტროში ხალხმრავალი კრება ჩატარდა, რომელსაც, გენერალიტეტის გარდა, ის პირებიც ესწრებოდნენ, ვისაც შეთქმულებასთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა. შეკრების შემდეგ რამდენიმეკაციანი ჯგუფი პრეზიდენტთან წავიდა მოთხოვნების წასაყენებლად, მანამდე კი ვაან შირხანიანმა მთავრობის ახალი შემადგენლობის სია წარადგინა, სადაც თავად პრემიერად მოიაზრებოდა. იქ მყოფებისთვის ამგვარი სიის არსებობა მოულოდნელობა აღმოჩნდა.

შეთქმულების მთავარი ეტაპი ღამის პირველ საათზე უნდა დაწყებულიყო. სირადეგიანსა და შირხანიანს გენერალიტეტი უნდა დაერწმუნებინათ, რომ პარლამენტი შტურმით აეღოთ და ნაირი და მისი თანამზრახველები დაეხოცათ, მეორე დღეს კი არმიის ზეწოლით პრეზიდენტი უნდა გადამდგარიყო... მაგრამ გეგმა ჩავარდა, რადგან რობერტ ქოჩარიანი უფრო ცბიერი გამოდგა და პარლამენტის შტურმით აღებას, ისევ ნაირთან მოლაპარაკება ამჯობინა.

ითვალისწინებს თუ არა სერჟ სარგსიანი წინამორბედის გამოცდილებას, ძნელი სათქმელია, თუმცა, ცხადია, სომხეთის პრეზიდენტს მოვლენების ამგვარი განვითარება ნაკლებად აწყობს. სომხეთში ხელისუფლების ნებისმიერი, თუნდაც სამართლებრივი ქმედება, შესაძლოა, ვითარების აფეთქების მიზეზი გახდეს და არ არის გამორიცხული, რეგიონში კავკასიური შემოდგომის"დასაწყისად იქცეს.

P.S. ბოლო ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ყველა მძევალი გაათავისუფლა.

ნინო ბურჭულაძე