შაქრო კალაშოვი: "მე არ ვარ მომხრე მოპარვის, მე წართმევის მომხრე ვარ" - კვირის პალიტრა

შაქრო კალაშოვი: "მე არ ვარ მომხრე მოპარვის, მე წართმევის მომხრე ვარ"

კრიმინალური სამყარო საგამოძიებო კომიტეტის გენერლებს "ყველა ბოსის ბოსის" საკითხის მოსაგვარებლად 5 მლნ დოლარს სთავაზობდა, თუმცა საქმე ბოლომდე არ მისულა, რადგან კრიმინალურ ავტორიტეტებს "პარტნიორი" გენერლებიც მიუსვეს გვერდით...

"- ქურდად მიიჩნევთ თავს?

- მე არა, ასე მიმიჩნევენ.

- მაგრამ კრიმინალური სამყარო თქვენ "კანონიერ ქურდად" მოგიხსენიებთ.

- კი, ასე მიწოდებენ. მე არ ვარ მომხრე მოპარვის, მე წართმევის მომხრე ვარ".

ზაქარია კალაშოვის დაკითხვის ოქმიდან. 2016 წლის 11 ივლისი

ეს ორი კვირაა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ხმაურიან დაჭერებს არა მარტო მედია, ექსპერტები და პოლიტიკური წრეები, არამედ კრიმინალური სამყაროც გაფაციცებით ადევნებს თვალს. 19 ივლისს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, გენერალ-მაიორ დენის ნიკანდროვს საკუთარ კაბინეტში დაადეს ბორკილები, დააპატიმრეს ამავე უწყების პირადი უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი მიხაილ მაქსიმენკო და მისი მოადგილე ალექსანდრ ლამონოვი. იმავე საღამოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის კიდევ 7 თანამშრომელი აიყვანეს. დაკავებულ დიდმოხელეებს დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. საგამოძიებო კომიტეტში აყალმაყალის მიზეზი კი გახდა "კანონიერი ქურდი" ზაქარია (შაქრო) კალაშოვი, რომელიც გენერლებს თავისი თანამოაზრის, ანდრეი კოჩუიკოვის გათავისუფლების პირობის სანაცვლოდ 1 მლნ დოლარს დაჰპირდა(?!). ლეგენდარული კრიმინალური დაჯგუფების,"სოლნცევოს" ყოფილი წევრი ანდრეი კოჩუიკოვი, მეტსახელად "იტალიელი","კალაშოვის ესპანეთის ციხეში ყოფნის დროს რუსეთში მის ინტერესებს იცავდა. 2014 წელს, მას შემდეგ, რაც შაქრო მოსკოვში დაბრუნდა, "იტალიელი" გვერდიდან აღარ მოუცილებია და ის მის ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლება. კოჩუიკოვი ივლისის დასაწყისში დააკავეს (2015 წლის დეკემბერში ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის და სროლის გამო, დამატებით ბრალად გამოძალვაც წაუყენეს), თუმცა იზოლატორში დიდხანს არ გაუჩერებიათ - გამოუშვეს... "იტალიელს" გარეთ ყოფნა დიდხანს არ დასცალდა, რამდენიმე დღეში კვლავ დააკავეს; ყველასთვის მოულოდნელად 11 ივლისს დააპატიმრეს შაქრო კალაშოვიც. კრიმინალური სამყარო საგამოძიებო კომიტეტის გენერლებს ახლა უკვე "ყველა ბოსის ბოსის" საკითხის მოსაგვარებლად 5 მლნ დოლარს სთავაზობდა, თუმცა საქმე ბოლომდე არ მისულა, რადგან კრიმინალურ ავტორიტეტებს "პარტნიორი" გენერლებიც მიუსვეს გვერდით. საგულისხმოა, რომ მომხდარი პირველი შემთხვევაა, როცა საგამოძიებო კომიტეტის დიდმოხელეები ქურდებს გაურიგდნენ, რასაც ექსპერტები შაქრო კალაშოვის გავლენას უკავშირებენ. თუმცა ჩვენში ცოტამ თუ იცის, რომ ყოვლისშემძლე ბოსის"თავისუფლება ამჯერად ქალების ჩხუბმა შეიწირა.

ეძიე ქალი...

2014 წლის აპრილში მოსკოველმა ბიზნესლედიმ, ჟანა კიმმა გაიცნო დიზაინერი ფატიმა მისიკოვა, რომელიც ძირითადად ლონდონში მოღვაწეობს და ევროპაში მისიკატის გვარით იცნობდნენ. ერთხელ ჟანამ დიზაინერს სთხოვა მოსკოვში მისი რესტორნის - "ელემენტის" და კიდევ ერთი ბარის დიზაინზე ეზრუნა. საბოლოოდ, დამკვეთს არ მოეწონა შესრულებული სამუშაო და ფატიმა მისიკოვას მხოლოდ 600.000 ევრო გადაუხადა (უკვე შესრულებული სამუშაოსთვის) და მასთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტა. დიზაინერს ეს თანხა ეცოტავა და დახმარება ძველ ნაცნობს, შაქრო კალაშოვს სთხოვა - დარჩენილი 9 მლნ რუბლი ამომაღებინეო. 2015 წლის 13 დეკემბერს ჟანა კიმს დაურეკეს უცნობებმა, თავი ფატიმა მისიკოვას იურისტებად გააცნეს და კონფლიქტური სიტუაციის მოსაგვარებლად შეხვედრა სთხოვეს. ამის შემდეგ მოვლენები ველური 90-იანი წლების სტილით განვითარდა.

"იტალიელის" საოცარი თავგადასავალი "ელემენტში"

14 დეკემბერს რესტორან "ელემენტს" ესტუმრა ანდრეი კოჩუიკოვი მცველების თანხლებით, რომლებმაც რესტორნის ყველა შესასვლელ-გასასვლელი გადაკეტეს. ჟანა კიმმა პოლიციაში დარეკა და თან საკუთარ ადვოკატს, ედუარდ ბუდანცევსაც უხმო (ბუდანცევი წარსულში კა-გე-ბეს მე-9 ელიტური სამმართველოს თანამშრომელი იყო, რომელიც ქვეყნის პირველი პირების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, 80-იან წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის დაცვის წევრიც იყო, მოგვიანებით მუშაობდა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალშექმნილ სამმართველოში. ძალოვანი უწყებების ეს მეტად გავლენიანი ფიგურა ამჟამად ადვოკატობს).

მალე რესტორანს მორიგი დელეგაცია ესტუმრა, ადვოკატი ბუდანცევი მარტო არ მოსულა, ახლდნენ ყოფილი სპეცრაზმელები - მისი საადვოკატო ფირმის, "კანონის დიქტატურის","თანამშრომლები. "იტალიელისგან" ცნობილი გახდა, რომ დიზაინერმა ვალის ამოღება მათ გადააბარა. სტუმრებმა მოითხოვეს 1.5 მლნ რუბლის დაუყოვნებლივ გადახდა, ან რესტორნის გადაფორმება მესამე პირზე. ადვოკატმა ბუდანცევმა, რომელიც კარგა ხანს ითმენდა სტუმრების ქედმაღლობას, უთხრა, - წადით, დაიკარგეთ აქედან და ვალის აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების და სააღმსრულებლო ფურცლის გარეშე აქ მოსული არ დაგინახოთო. "იტალიელმა" მშვიდად მიუგო, - მე აქ შაქროს (კალაშოვი. - ავტ.) დავალებით ვარ მოსული, მან უკვე ყველაფერი გადაწყვიტა და არანაირი სასამართლო პროცესები არ ჩატარდებაო და ბუდანცევს კარისკენ მიუთითა. ამ ლაპარაკში "იტალიელის" თანმხლებნი ცდილობდნენ, ჟანა კიმი ვიპდარბაზში შეეყვანათ დოკუმენტებზე ხელის მოსაწერად, რაშიც ბუდანცევის ბიჭებმა"ხელი შეუშალეს. მოთმინებადაკარგულმა "იტალიელმა""დაიყვირა, - ქუჩაში გავიდეთ და იქ ვილაპარაკოთო. გარეთ მან ბუდანცევს ჰკითხა, - თქვენ ქურდულ ძალაუფლებას არ ცნობთო? მერე მისი უარით გაგულისებულმა თავისიანებს გასძახა, - ეს ტიპი (ბუდანცევი) საბარგულში ჩამიგდეთ, ხოლო დანარჩენები "მენტებს" მიუყარეთო. ბუდანცევს 6 კაცი დაეძგერა... ადვოკატს თანმხლებნი გადაეფარნენ, ერთმა პისტოლეტი ამოიღო. არავინ იცის და ვერც კამერებმა დააფიქსირეს, პირველმა ვინ ისროლა... თუმცა, როცა ყოფილი სპეცრაზმელი დაჭრეს, ბუდანცევმაც გახსნა ცეცხლი... დაიღუპა "იტალიელის" დაცვის ორი წევრი...

სწორედ "ელემენტის" ინციდენტის გამო დააკავეს ანდრეი კოჩუიკოვი და შაქრო. ორივეს გამოძალვაში ედება ბრალი.

"ყველა ბოსის ბოსი"

კრიმინალურ სამყაროში შაქროს დაკავებას არავინ ელოდა, ის "შაქროსეული" რეფორმებისთვის ემზადებოდა, რაც, სავარაუდოდ, მესამე ქურდული ომის დასაწყისი გახდებოდა. 2014 წელს ესპანეთის ციხიდან მოსკოვს დაბრუნებულ შაქროს ქურდული საძმო დიდი ზარ-ზეიმით დახვდა, შაქროსთვის ჰიმნიც კი დაიწერა და ბანკეტზე კამერული გუნდის შესრულებით აჟღერდა(?!). კრიმინალურ სამყაროში ცხადი გახდა, რომ ბოლო დროს სლავი ქურდების ჰეგემონიას (სანამ ქართული კლანები "ტახტისთვის" ერთმანეთს ხოცავდნენ, ქურდულ სამყაროში სლავები მოძლიერდნენ) ბოლო მოეღებოდა. შაქრომ, რომელიც ესპანური გისოსებიდანაც კარგად ხედავდა, საით მიდიოდა ქურდული სამყარო, სამართლიანობის აღდგენა და ქურდული საძმოსთვის ძველი დიდების დაბრუნება გადაწყვიტა. უპირველესად, მან აღიარა, რომ მისი ძველი თანამოაზრე ჰასან უსოიანი"("დედ ჰასანი") ბევრ რამეში ცდებოდა და ამ შეცდომების გამოსწორებას თავად მიჰყო ხელი, შედეგად - ტიტული"40-მდე "კანონიერმა ქურდმა" დაკარგა. კალაშოვის რეფორმები ამით არ დამთავრებულა, უფრო მნიშვნელოვანი, როგორც კრიმინალურ წრეებში ამბობენ, ახლა იწყებოდა. თუმცა იმაზეც ხუმრობენ, თუ როგორ იხსნეს ქალებმა ქურდული სამყარო ომისგან...

"ყველა ბოსის ბოსს" ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ციხეში ჯდომა კიდევ 15 წლით მოუწევს.

ნინო ბურჭულაძე