საბედისწერო 13... - კვირის პალიტრა

საბედისწერო 13...

სანამ ამ ამბავს გაიხსენებდა, ბატონმა კობამ ისიც გვითხრა, რომ სამწუხაროდ ზოგჯერ სამართალდამცველთა შორისაც გამოერევიან ისეთები, რომელთა მიზანი სულაც არ არის სამართლისა და კანონის მსახურება...

- 13 ივნისი იყო, შეტყობინება რომ მივიღეთ ოჯახიდან, რომელმაც ორიოდე დღის წინ დაკრძალა ოჯახის უფროსი. ერთ-ერთი მსხვილი საწარმოს მთავარი ბუღალტრის გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა. საჩივრის საფუძველზე საწარმოში ფინანსური პოლიცია შევიდა და თუმცა ბევრს ეცადნენ რევიზორთა მოსყიდვას, არაფერი გამოუვიდათ.

შედეგად, რამდენიმე კაცს ან ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებოდა, ან იმ დანაკლისის ანაზღაურება, რომელიც იმდენად სოლიდურ თანხას წარმოადგენდა, საცხოვრებლების გაყიდვაც მოუწევდათ. ბუნებრივია, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მთავარ ბუღალტერს ეკისრებოდა. დომენტი ჩირგაძეს (გვარ-სახელები აქაც და შემდგომშიც შეცვლილია) კი გული ისედაც აწუხებდა...

მის დაკრძალვაზე ათასზე მეტი კაცი მოვიდა და თითოეულს ე.წ. "გადასახურავი", ანუ ჭირის დღის შემწეობა 50 მანეთზე ნაკლები არ მოუტანია, ბევრმა 100 და 200 მანეთიც გაიღო.

სწორედ ეს თანხა გაიტაცეს ჩირგაძეების ოჯახიდან და ხელს ოჯახის წევრთა ძვირფასეულობაც გააყოლეს. სახლში ოთხი ნიღბიანი ყაჩაღი შევიდა. რა თქმა უნდა, მათი ამოცნობა ვერ შეძლეს, თუმცა გარდაცვლილის ვაჟს არ გამოჰპარვია, რომ ერთ-ერთ ყაჩაღს "რ"-ს წარმოთქმა უჭირდა...

ეს რომ გაიგონა, ჩემმა თანაშემწემ, ნიკა თევზაძემ გადმომხედა:

- ჩვენც ხომ გვყავს ასეთი პოლიციელი, გუგა ჯღარკავა, აი ის, რაჟდენიჩის ნათესავი და პროტეჟე...

რაჟდენიჩი ჩვენი მაშინდელი შეფი იყო და ორი წლის წინ მოგვიყვანა თავისი ნათესავი. იურისტი იყო, რატომღაც დაწინაურებას არ ცდილობდა. ყველა დავალებას კი დაუზარებლად ასრულებდა. ზოგჯერ "რ"-ს რომ ვერ გამოთქვამდა, დავცინოდით, მაგრამ არ ბრაზდებოდა და თვითონაც აგვყვებოდა ხოლმე, - უნაკლო კაცი არ არსებობსო!..

საქმე ჩვენ დაგვევალა გამოსაძიებლად, თუმცა ხელჩასაჭიდი ბევრი ვერაფერი ვიპოვეთ...

13 ივლისს კი კიდევ ერთი მსგავსი დანაშაული მოხდა. ქალაქში ცნობილმა ოჯახმა ქალიშვილი გაათხოვა და მართლაც ზღაპრული ქორწილი გადაუხადა. იმ ქორწილში ჩვენი შეფი, რაჟდენიჩიც იყო მიწვეული, როგორც ოჯახის ახლობელი და 200 მანეთიც "ჩაუწერია" საჩუქრად. არადა, სწორედ მას მიმართა დახმარებისთვის მეორე დღეს ოჯახმა,L ყაჩაღებს სიძე-პატარძლისთვის ნაჩუქარი ფულიც და ოქროულობაც წაეღოთ... იმდენად მსგავსი ხელწერა იყო, არ შეიძლებოდა ეჭვი არ გაგვჩენოდა, რომ ბანდა შეიკრა, რომელიც სწორედ მსგავსი ღონისძიებების დროს შეგროვებული ფულის გატაცებაზე მუშაობდა...

რადგან ოჯახის ახლობლად ითვლებოდა, რაჟდენიჩი თავად გამოგვყვა შემთხვევის ადგილზე. ოჯახს ჭიშკარიც კი კოდირებული საკეტით ჩაერაზა და ეზოში შეღწევა არც ისე იოლი იყო, რომ არა ყაჩაღების მიერ გამოჩენილი პრიმიტიული ეშმაკობა.

ტაქსით მოსულებმა დარეკეს და როცა მიკროფონში ჰკითხეს, ვინ იყვნენ, უპასუხეს, რომ საჩუქარი მოიტანეს ახალდაქორწინებულებისთვის და მართლაც შემოიტანეს დიდი ყუთი ეზოში, რომელიც თვითონვე გახსნეს და იქიდან იარაღი ამოიღეს... ორ ყაჩაღს, რომლებმაც ყუთი შემოიტანეს, თავიდან ნიღბები არ ეკეთა, მოგვიანებით დამალეს სახეები. რატომღაც მათი დამახსოვრება ვერავინ შეძლო. სამაგიეროდ, ოჯახის უფროსმა, ვინც მიკროფონით დაელაპარაკა ჯერ კიდევ ჭიშკართან მდგომებს, გაიხსენა, რომ იქ "სტუმარმა" საჩუქრის ნაცვლად სიტყვა "საჩუქალი" წარმოთქვა...

მექანიკურად გადავხედე გუგა ჯღარკავას, რომელიც იმ წუთში ჩვენთან ერთად იყო. არ გამოჰპარვია ჩემი მზერა და მხრები აიჩეჩა, თითქოს მანიშნა, - იმედია, მე არ გგონივართ ყაჩაღიო!..

მესამე მსგავსი შემთხვევა კი 13 აგვისტოს მოხდა. ამჯერად თავდასხმა საქველმოქმედო ორგანიზაციაზე მოხდა, რომელმაც წინადღეს დიდი კონცერტი გამართა დევნილთა დასახმარებლად და რამდენიმე ათასი მანეთი მაშინ გაიტაცეს ყაჩაღებმა, როცა ფული ბანკში გადაჰქონდათ შესანახად მას შემდეგ, რაც სტადიონის სალაროში (იქ გაიმართა ღონისძიება) მოლარისგან ჩაითვალეს. ფულს შეიარაღებული დაცვაც ახლდა, მაგრამ როცა რევოლვერის ამოღება გადაწყვიტა, ერთ-ერთმა ყაჩაღმა დაასწრო და გასროლამდე დააგდებინა, მოხერხებულად ფეხში ეცა, თან უყვირა:

- ხელი იალაღს, ბიჭო!..

ისევ საბედისწერო "რ" თუ "ლ"... მაგრამ ამ დროს კიდევ ერთმა დამთხვევამ მიიქცია ჩვენი ყურადღება: სამივე დანაშაული 13 რიცხვში მოხდა, ერთთვიანი ინტერვალით:

- ვიღაც ან გვეთამაშება, ან სექტანტივით რიტუალს გვიტარებს ყოველი თვის ცამეტში! - გადავხედე ოთახში შეკრებილებს.

- არ გამიკვირდება, თუ ჰიპნოზის უნარიც შესწევს! - მხარი ამიბა ნიკა თევზაძემ, - აბა, ასე უკვალოდ როგორ და რანაირად ახერხებენ დანაშაულის ადგილიდან ათესვას, რომ არანაირი სამხილი არ გვრჩება?!

13 სექტემბერს უკვე ინტერესითაც კი ველოდებოდით. ორი დღით ადრე გუგა ჯღარკავამ ერთკვირიანი შვებულება ითხოვა:

- მანქანის ყიდვა გადავწყვიტე და რაიონში მიწევს გასვლა, ახალთახალ "ნივას" ძალიან იაფად მითმობს მისი პატრონი, ლატარიაში მოუგია, ტარება კი არ იცისო...

უარს ან ჩვენ რატომ ვეტყოდით და მით უმეტეს, რაჟდენიჩი. გავუშვით:

- კაი ბიჭია, არც სვამს, არც თამაშობს და ამისი შედეგია, მანქანის ფული რომ მოაგროვა, თორემ რა დიდი ხელფასი კი ჩვენ გვაქვს?! - შეაქო რაჟდენიჩმა და მეც გავუბედე:

- სადაური ნათესავია თქვენი ეგ ბიჭი, რაჟდენიჩ?

- მამამისი იყო ჩემი გარე ბიძაშვილი... თქვენ რა დაგიმალოთ და ის ცხონებული არ იყო კაი კაცი, ცხოვრების ნახევარი ციხეში ჰქონდა გატარებული: ქურდობდა... ეს ერთი ბიჭი დარჩა, ისიც უკანონოდ გაჩენილი. ბიჭს გვარიც კი დედისა აქვს... რომ კვდებოდა, შემეხვეწა, მისი შვილისთვის მეპატრონა. ჩემსავით ოხერი არ არის და დაეხმარე ადგილის პოვნაშიო. იურიდიულზე რომ სწავლობდა, უფრო გამიადვილდა მისი პატრონობა. ჯერ თავისი რაიონის პოლიციაში მუშაობდა, მერე ქალაქში მოინდომა გადმოსვლა და არ ვუთხარი უარი. მგონი, არც თქვენ ხართ მისით უკმაყოფილო...

- არა, კარგი ბიჭია! - დავამშვიდე უფროსი, თუმცა მარტო რომ დავრჩით, ნიკას ჩემი ეჭვი გავანდე, - ჯღარკავა მთლად წმინდანი არ უნდა იყოს-მეთქი.

- რომ არ ჰგავს ყაჩაღს და უნამუსოს?! - თითქოს არ გაიზიარა ჩემი ეჭვი ნიკამ, მაგრამ რადგან დავიწყე, აღარ გავჩერდი: ხვალ ხომ მთელი განყოფილება ენვერ ღიბრაძის შვილის ქორწილში ვართ დაპატიჟებულები?

- კი, ასეა! - დამეთანხმა თევზაძე.

- წესით, იქაც კაი ფული შეგროვდება, - რიგითებიც კი 50 მანეთზე ნაკლებს არ ვდებთ, უფროსობა ორჯერ მეტს გაიღებს. ღიბრაძეებს სხვა ნათესავებიც ხომ მოუტანენ საჩუქარს იმ ქორწილში... თან, რა რიცხვია?

- 13! - ცნობისმოყვარეობით მომაცქერდა ნიკა.

- ჰოდა, სადღეღამისო მორიგეობა უნდა დავაწესოთ ღიბრაძეების სახლთან, განსაკუთრებით ღამით და მეორე დღეს, როცა სტუმრები დაიშლებიან...

ქორწილმა მშვიდად და მხიარულად ჩაიარა - სტუმრებიც კმაყოფილები დარჩნენ და მასპინძლებიც.

ენვერ ღიბრაძე ნასვამი იყო და გვიან ღამით რომ მივადექით, გაუხარდა ჩვენი დანახვა. ისევ სუფრის გაშლა მოითხოვა, მაგრამ შევაჩერეთ და მისაღებ ოთახში განმარტოებულებმა ჩვენი ეჭვი რომ გავანდეთ, უცებ გამოფხიზლდა.

- იარაღი მზად გქონდეს და შენი ვაჟიც გააფრთხილე. ჩვენ კი შორიახლოს გიდარაჯებთ...

- თქვენც რომ დარჩეთ? - ვერც წარმოვიდგენდით, ისე დაფრთხა კაცი.

- არა... თუ ჩვენი ეჭვი მართალია, ე.ი. გვითვალთვალებს ის, ვინც ინფორმაციას ჩვენ გვერდით დგომით ფლობს. წავალთ და ჭიშკართან ხმაურით დაგვემშვიდობე, ვითომ მთვრალები ვართ...

...ასეც მოვიქეცით. მანქანაში ღიღინ-ღიღინით ჩავსხედით და ჯერ ნიკა ჩამოვსვით თავის ჭიშკართან, მერე მე ჩამოვედი...

ღამის სამი საათი იყო, ტელეფონმა რომ დარეკა და დენდარტყმულივით შევხტი სავარძელში მთვლემარე, დარწმუნებული ვიყავი - ან ჩვენი პოსტზე მყოფი პოლიციელები რეკავდნენ, ან თვითონ ენვერი, მაგრამ როცა ყურმილს ნამძინარევი ხმით "ალო" ჩავძახე, არავინ მიპასუხა და გამითიშეს. ავფორიაქდი. ვიღაცამ შემამოწმა, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ ახლა სახლიდან გასვლის უფლება არ მქონდა...

მეორედ რომ დარეკა ტელეფონმა, უკვე ხუთის ნახევარი გამხდარიყო. ამჯერად ენვერი ყვიროდა აღელვებული, - შენა ხარ ჩემი მხსნელი, მოდი და წაათრიე ეს გველის წიწილი, თორემ შემომაკვდებაო.

ოთხივე ყაჩაღი ბორკილდადებული დამხვდა. მათ შორის გუგა ჯღარკავაც, რომელიც ბეჭში იყო დაჭრილი და ექიმები ჭრილობას უმუშავებდნენ. სისხლი რომ ჩამოჰბანეს, მაშინ გამოჩნდა მისი სვირინგი - ადამიანის თავის ქალა და ცხვირის ადგილზე რიცხვი 13...

მან ოთხივე ყაჩაღობა აღიარა და კიდევ რამდენიმე სხვაც. მისი ბანდის სამივე წევრი მისივე რაიონიდან იყო, თანაც ნათესავები.

რაც შეეხება რიცხვ "13"-ს: ჯღარკავა დაბადებული იყო 13 იანვარს. სწორედ ამ დღეს, მამამისს მის სახელზე ბევრი ფული გაუტანია ერთი სახლიდან და ხახვივითაც შერჩენია. 13 წლის ასაკში კი გუგა პირველად გაჰყოლია მამას "საქმეზე" და მისი ქურდული ნათლობაც შემდგარა... ამ დამთხვევების გამო ჰქონია ამოჩემებული, რომ რიცხვი 13 მისთვის მისტიკური და რაც მთავარია, ბედნიერი იყო...

ნიჭიერ ბიჭს არც ინსტიტუტში ჩაბარება გასჭირვებია და არც პოლიციაში ცხვრის ტყავში გახვეულს პატიოსანი სახელის მოპოვება. ყაჩაღობა მისთვის თავისებური აზარტი იყო და ბედისწერასთან თამაში... თამაში, რომელშიც ჩვენც აღმოვჩნდით უნებურად ჩათრეულები...

გუგა იმ დროისთვის 29 წლის იყო. 12 წელი მიუსაჯეს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, 2-3 წელიწადში გამოვიდა ციხიდან, რაც რაჟდენიჩის დამსახურებაც იყო. მაშინ იმაზეც ჭორაობდნენ, მშვენივრად იცოდა, რომ ჯღარკავა სულაც არ იყო ანგელოზი და წილსაც კი იღებდა მისგან მფარველობისთვისო...

ღმერთმა განსაჯოს! რაჟდენიჩმა კარგა ხანია თქვენი ჭირი წაიღო, ჯღარკავა კი რუსეთში გადაიკარგა და მის შესახებ აღარაფერი გაგვიგია...