"სიკვდილისა აღარ გვეშინია, რადგან თავად გავხდით მკვლელები" - "ხალიფატის ბოკვრების" სისხლიანი თამაშები - კვირის პალიტრა

"სიკვდილისა აღარ გვეშინია, რადგან თავად გავხდით მკვლელები" - "ხალიფატის ბოკვრების" სისხლიანი თამაშები

"ისინი სწავლების დროს მეუბნებოდნენ, - წადი, მოკვდი, ზეცა გელოდებაო. მინდოდა მეკითხა, - თუ ზეცა გველოდება, თვითონ რატომ არ მიდიხართ, რაღა ჩვენ გვგზავნი-მეთქი, მაგრამ მეშინოდა."

ფაჰმი, 13 წლის,

ირანის ტელეარხი "პრესს ტვ", 2016 წელი

"ბავშვებმა, რომლებიც გავიცანი, ანბანზე უკეთ "კალაშნიკოვი" იცოდნენ. მიყვებოდნენ, რომ ღამღამობით, სროლის და აფეთქებების გამო, შეშინებულები ვერ იძინებდნენ, როგორ დაიჭრნენ დღისით ქუჩაში, როგორ მიჰყავდათ იძულებით სამხედრო დაჯგუფებებს და აძალებდნენ, გამხდარიყვნენ ტერორისტები... თუმცა, ბოლოს დასძენდნენ, სიკვდილისა აღარ გვეშინია, რადგან თავად გავხდით მკვლელებიო. ამ პატარებს ერთი ნატვრაც ჰქონდათ - ეთამაშათ ეზოში..."

შარმინ ობაიდ ჩინა, ჟურნალისტი, 2010 წ.

2012 წლის 21 აგვისტოს სირიაში, იდლიბის პროვინციაში, 6 წლის ბავშვი თავის ჩამოხრჩობას შეეცადა მას მერე, რაც მშობლიური ქალაქის ქუჩებში პირველად ნახა დაღუპულთა ცხედრები. პატარას 12 წლის ძმამ თოკზე ჩამოკიდებულს მიუსწრო. რამდენიმეკვირიანი კომის შემდეგ გონს მოვიდა. 6 წლის ბიჭუნა სირიაში სამოქალაქო ომის პროტესტის სიმბოლო გახდა, თუმცა მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება ბავშვებზე ძალადობითა და მათი ხოცვით უმაგალითო გახდებოდა მსოფლიოს უახლოეს ისტორიაში..

სირიის კონფლიქტში განსაკუთრებული სისასტიკით "ისლამური სახელმწიფო" გამოირჩევა, მშვიდობიანი მოსახლეობის გარდა მან უკვე იმსხვერპლა ათასობით ბავშვი, მეტიც: ხალიფატი დროდადრო მსოფლიოს დასანახად მათ სამაგალითოდ სჯის. 2015 წლის 3 ნოემბერს გავრცელდა კადრები ხალიფატის მიერ 200 სირიელი ბავშვის მოკვლის შესახებ - ზურგზე ხელებშეკრული პატარები მიწაზე დააწვინეს და კამერების წინ სათითაოდ დახვრიტეს. ხალიფატს არც სხვები ჩამორჩნენ. 2016 წლის 20 ივლისს დაჯგუფება "ნურედინ აზ ზინკის" მოჯაჰედებმა 12 წლის სირიელ დაჭრილ მოზარდს (სავარაუდოდ, ის საავადმყოფოდან გამოიყვანეს) ბაშარ ასადის მხარდაჭერა დააბრალეს და საჯაროდ მოაჭრეს თავი. ამან ისე აღაშფოთა სირიაში მებრძოლი სხვა დაჯგუფებები, რომ უარი თქვეს "ნურედინ აზ ზინკთან" ნებისმიერ ურთიერთობაზე, ხოლო სირიის სამთავრობო ძალების ჯარისკაცებმა დაიფიცეს, მკვლელებზე უსათუოდ ვიძიებთ შურსო. მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ ყველა იმ მოჯაჰედს გაუსწორდნენ, რომელთა იდენტიფიცირება ვიდეოკადრებიდან მოხერხდა...

ბოლო დროს სირიაში მოზარდებს აიძულებენ, თავად გახდნენ მკვლელები. 20 აგვისტოს თურქეთის ქალაქ გაზი ანტელის (მოსახლეობის უმრავლესობა ქურთია) ერთ უბანში, ქორწილში გაჩაღებული ცეკვა-სიმღერისას მოულოდნელად აფეთქების ხმა გაისმა. "ჰაერში ადამიანების სხეულის ნაფლეთები დაფრინავდა. გარშემო აღარავინ იდგა, მხოლოდ დასახიჩრებული გვამები ეყარა" (თვითმხილველის ნაამბობიდან). ტერაქტს 50-მდე კაცი ემსხვერპლა, დაიჭრა და დასახიჩრდა - 90. ქორწილში თავი თვითმკვლელმა 14 წლის მოზარდმა აიფეთქა.

იმავე დღეს ერაყის ქალაქ ქირქუქის პოლიციამ კიდევ ერთი თვითმკვლელის დაკავება შეძლო - მას თავი შიიტური მეჩეთის წინ უნდა აეფეთქებინა. 13 წლის შაჰიდი თავის აფეთქებამდე ტიროდა... ქირქუქში დაკავებულმა მოზარდმა პოლიციას უთხრა, - ღამით ნიღბიანმა კაცებმა შინიდან სადღაც წამიყვანეს, "ქამარი" მომცეს და მითხრეს, რაც უნდა გამეკეთებინა. დამემუქრნენ, თუ ასე არ მოიქცევი, ოჯახს ამოგიწყვეტთო.

შაჰიდობას გადაურჩა ერთი 15 წლის სირიელი მოზარდი - ის ქურთ მოხალისეებს ჩაჰბარდა. თურმე ჯერ კიდევ მოსულში სწავლისას "ხალიფატის" მეთაურებმა მას ქალაქის დაცვის საფასურად შესთავაზეს 60 000 ერაყული დინარი (დაახლოებით 40 ევრო) და ე.წ. გაზის ბალონი. "ჩვენ არ გვქონდა დიდი არჩევანი, - იხსენებდა ის, - გვემუქრებოდნენ, თუ უარს იტყვით, დაგხოცავთო. შაჰიდისქამრიანი პატარა ტერორისტი ქურთმა მებრძოლებმა გვირაბში ბოძზე მიბმული აღმოაჩინეს...

საზოგადოებას კარგად ახსოვს ბაღდადის სტადიონზე დატრიალებული ტრაგედია, როცა მოზარდებს შორის ფეხბურთის მატჩის დროს ბავშვმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, მომხდარს 29 მისი თანატოლი შეეწირა.

სირიის ადამიანის უფლებების დამცველთა მონაცემებზე დაყრდნობით 2015 წლიდან "ისლამურმა სახელმწიფომ" მხოლოდ სირიაში თვითმკვლელობისთვის 1 100 ბავშვის რეკრუტირება მოახდინა.

გაეროს მონაცემებით, როცა ერაყის მთავრობამ ქალაქ ბეიჯზე კონტროლი დაიბრუნა, აღმოჩნდა, რომ 480 მოკლულ მოჯაჰედთაგან უმეტესობა მოზარდი ან ბავშვი იყო(?!)

სირიული გამოცემა "ალ ვოტანის" ინფორმაციით, 2015 წლიდან "ხალიფატის ბოკვრების" სამხედრო და "შაჰიდურ" აქციებში 52-მდე ბავშვი დაიღუპა. აქედან 18-მა თავი აიფეთქა დანაღმულ ავტომობილში. მოზარდების ჩართვა ტერორისტულ საქმიანობაში შეინიშნება ნიგერიაშიც, აფრიკაში "ისლამური სახელმწიფოს" ფილიალის, "ბოკო ჰარაბის" შემადგენლობაში... აფრიკის ქვეყანა მოგადიშოში, სადაც უკვე წლებია, სამოქალაქო დაპირისპირება მიმდინარეობს, სამთავრობო ჯარების შემადგენლობის 20%-ს ბავშვები შეადგენენ, ამბოხებულების არმიაში - 80%-ს. ამ ომს უკვე უწოდეს "ჯუნიორთა ომი"

დღეს "ხალიფატის ბოკვრები" ბრძოლის ველზე საზარბაზნე ხორცი ხდებიან. "ისლამური სახელმწიფოს" ხალიფამ აბუ ბაქრ ალ ბაღდადიმ "ხალიფატის" ე.წ. დედაქალაქი რაკკა დატოვა და გარემოცვასთან ერთად გადავიდა ლიბიაში, სადაც, როგორც ამბობენ, ტერორიზმის ახალ პლაცდარმს ქმნის...

ISIS ახალი თაობა...

მას შემდეგ, რაც "ისლამურმა სახელმწიფომ" საერთაშორისო კოალიციასთან ბრძოლაში ზოგიერთი მონაცემით, 45 000 მებრძოლი დაკარგა, "ხალიფატმა" საბრძოლო რიგების შევსება ბავშვებით დაიწყო. 2015 წელს გაწვევის ასაკი დაპყრობილ ტერიტორიებზე 14 წლიდან გამოაცხადა, დღეს - 10 წელია. უკვე გაჩნდა ბავშვთა სამხედრო დაჯგუფება "აშბალო ალ ხალიაფა" ("ხალიფატის ბოკვერები"), მისი წევრები, სხვებთან ერთად, დაღუპული მოჯაჰედების შვილებიც ხდებიან. მათ წვრთნიან სპეციალურ ბანაკებში. ჯერ ასწავლიან ისლამურ იდეოლოგიას, შემდეგ საბრძოლო ხელოვნებას, იარაღის გამოყენებას, რათა მკვლელობას და სისასტიკეს მიაჩვიონ, ხშირად აიძულებენ მოზარდებს, დახოცონ ტყვეები... მოჯაჰედების ახალი თაობა"უკვე იბრძვის უფროსების მხარდამხარ.

ნინო ბურჭულაძე