დაკარგული ჩვილი - კვირის პალიტრა

დაკარგული ჩვილი

მე და ემზარ გაგოშაძემ კიდევ ერთი საქმე გავხსენით ერთად, - ძველ ამბავს იხსენებს ბატონი კობა, - პოლიციაში ჩვილ ბავშვთა სახლიდან დაგვირეკეს - ორი თვის ჩვილი დაიკარგაო.

პატარა გიორგი ღაჭავა სტუდენტ გოგონას გაეჩინა. თურმე ძალიან ეცადნენ ჯერ მშობლები, მერე ექიმები, მისთვის ბავშვის მამის ვინაობა ეთქმევინებინათ, მაგრამ ინგამ პირში წყალი ჩაიგუბა. ბავშვის გაშვილებაზეც ცივი უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ მშობლებმა შვილიანად შინ შეშვებაზეც კი უარი უთხრეს.

რადგან დამოუკიდებლად აღზრდა არ შეეძლო, ინგამ ბიჭი ჩვილ ბავშვთა სახლში ჩააბარა და ნახევრად სარდაფში იქირავა პატარა, ბნელი ოთახი. ბინის ქირის გადახდა რომ მოეხერხებინა, სწავლის მიტოვება მოუხდა. ერთბაშად ორ ადგილზე დაიწყო მუშაობა: დღისით ერთ-ერთ სასადილოში ჭურჭელს რეცხავდა, ყოველ მესამე ღამეს კი იმავე სამშობიაროში მუშაობდა სანიტრად, სადაც ცოტა ხნის წინ იმშობიარა - განყოფილების გამგეს ისე შეეცოდა, თვითონ შესთავაზა სამუშაო.

ძალიან იღლებოდა, მაგრამ მაინც ახერხებდა ჩვილ ბავშვთა სახლში დღეში ორჯერ მისვლას, რომ შვილისთვის ძუძუ მოეწოვებინა. კეთილი თვალით უყურებდნენ სახლის აღმზრდელებიც და ექიმიც, თუმცა მიშა სვანიძემ მაინც შესთავაზა ინგას დიდი თანხის საფასურად ბავშვის გასხვისება. სწორედ მან შენიშნა ბავშვის გაუჩინარება და პოლიციასაც უმალვე შეატყობინა. პირველი ჩვენებაც მან მოგვცა:

- სულ სამი ჩვილი გვყავს. ერთი ავად იყო, ამიტომ ყოველ წამოტირებაზე შევდიოდი ოთახში. მისი ტირილი იმ ორსაც აღვიძებდა. მთელი ღამის უძინარს და დაღლილს განთიადისას ჩამძინებოდა. დილის შვიდის ნახევარზე ატირდა ისევ ავადმყოფი. ოთახში შევედი და მაშინვე შევამჩნიე, რომ ღაჭავას საწოლი ცარიელი იყო. მეგონა, ძიძამ გაიყვანა და ამიტომ მშვიდად შევუდექი ავადმყოფი ბავშვის მოვლას. ის რომ დამშვიდდა, კარგად მყოფი ხელში ავიყვანე და ძიძას გავძახე, - ბარემ ესეც გიორგისთან გაიყვანე-მეთქი. გაიკვირვა, - ბავშვი მე არ გამიყვანიაო...

მაშინვე დავიწყეთ ძებნა. დარაჯი, ღამის მორიგეები შევყარეთ. ბავშვის მნახველი არავინ იყო.

მთელი სახლი გულმოდგინედ დავათვალიერეთ, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შევნიშნეთ. ვალდებულნი ვიყავით, ჩვილის დაკარგვა ბავშვის დედისთვისაც შეგვეტყობინებინა... დავიწვით მისი საცოდაობით - კედელს ახლიდა თავს... მერე მიშა სვანიძეს სწვდა ყელში: - მითხარი, ვის მიჰყიდე ჩემი შვილიო!

მაშინ გავიგეთ, რომ მიშა ინგა ღაჭავას ბავშვის გასხვისებას ურჩევდა და ერთხელ შეუხვედრებია კიდეც პოტენციური "მყიდველისთვის"...

მიშა მაშინვე ტელეფონის ყურმილს დასწვდა: - კიდევ კარგი, იცნობ იმ ხალხს, ვისთვისაც შენი შვილის მიცემა მინდოდა, ახლავე აქ მოვიყვან და თავად დაელაპარაკეო!..

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის "ყიდვის" მსურველი საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი და ქალაქში ცნობილი პიროვნება აღმოჩნდა, მაშინვე ცოლთან ერთად მოვიდა.

- მე მართლა ვეძებ გასაშვილებელ პატარას, რადგან 10 წელზე მეტია ჩვენი არ მოგვცა განგებამ, მაგრამ ჩვილის მოპარვა რომ მეფიქრა, დედამისს კი არ დაველაპარაკებოდიო, - გვითხრა.

ამასობაში შეგვატყობინეს, - მეეზოვემ პარკში, ფოთლების გროვაში ჩამარხული ჩვილი ბავშვის გვამი იპოვაო. რადგან ამდენი დამთხვევა შეუძლებელი იყო, ჩავთვალეთ, რომ გამტაცებელმა გიორგი ღაჭავა შეგნებულად მოკლა და გადააგდო. როცა ინგა ამოსაცნობად მიგვყავდა, ორჯერ წაუვიდა გული, ლამის ხელში ჩაგვაკვდა საბრალო გოგო... გვამს დავხედეთ და მაშინვე მივხვდით, რომ ის გიორგი ღაჭავა არ იყო - ექსპერტიზის დასკვნით, ბავშვი 24 საათის გაჩენილი თუ იქნებოდა და, სავარაუდოდ, უკვე გაგუდული, ყელზე ჭიპლარშემოხვეული დაიბადა...

საბრალო დედა ძლივს მოვასულიერეთ და ვთხოვეთ, დაფიქრებულიყო, ვინ შეიძლება ყოფილიყო დაინტერესებული მისი შვილის მოტაცებით.

- ეგ შეიძლება მამაჩემს და ჩემს ძმას ეკადრათ. ერთი კვირის წინაც მომივარდა მთვრალი მამაჩემი და დამემუქრა, - ოჯახის შერცხვენას არ გაპატიებ, გაგამწარებო...

მიშა სვანიძემაც გაიხსენა:

- ბავშვის ბაბუა აქაც მოვიდა და გვთხოვა, ბიჭუნა გამატანეთო. აყალმაყალი გამართა, მაგრამ პოლიციის გამოძახებით რომ დავემუქრეთ, წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. რადგან დედა უკვე 19 წლისაა და სრულწლოვანია, მისი ნებართვის გარეშე ბაბუას ვერ გავატანდით...

...ჩვენ მაინც მივაკითხეთ ღაჭავებს. ინგას მშობლები და ძმა შინ არ დაგვხვდნენ. ყველა სამსახურში იყო. კარი მოხუცმა ბებიამ გაგვიღო. ინგას დანახვაზე ატირდა და შვილიშვილს მოეხვია: - რას დაიღუპე თავი, რა გაკლდა მამის სახლში, ან გათხოვებას ვინ დაგიშლიდა, თუ ოჯახი და შვილი გინდოდაო.

ინგა ბებიას გაზრდილი აღმოჩნდა და აშკარა იყო, მოხუცს მისთვის დიდი ხნის წინ შეენდო შეცდომა, მაგრამ შვილსა და რძალს წინააღმდეგობას ვერ უბედავდა. როცა პატარას გაუჩინარების ამბავი შეიტყო, განერვიულდა, თუმცა მაშინვე ხელები გაასავსავა - ამის გაკეთება ჩემს შვილს და შვილიშვილს არ შეეძლოთო.

- რომც მოეტაცებინათ, ცუდს არაფერს შეამთხვევდნენ. ამას წინათ მთვრალი იყო ჩემი შვილი. იტირა: შვილიშვილს მოვესწარი და უპატრონო ბავშვებთან იზრდება, მე რაღა კაცი მქვიაო!..

გვინდოდა, სულხან ღაჭავასთვის (ინგას მამა) სამსახურში მიგვეკითხა, მაგრამ როცა მანქანაში ჩავსხედით, ინგამ სულ სხვა მისამართი გვიკარნახა:

- ვისთან მივდივართ?! - დაინტერესდა ემზარი.

- ბავშვის მამასთან! - მოკლედ გვიპასუხა ინგამ და როცა ორსართულიანი სახლის რკინის ჭიშკარს მივადექით, სირცხვილით აჭარხლებულმა გვითხრა:

- აქ მამიდაჩემი ცხოვრობს... მე კი  ღვიძლმა მამიდაშვილმა დამაფეხმძიმა. ზაფხულში სოფელში ვისვენებდით ერთად... დამემუქრა, თუ ამ ამბავს გაამხელ, თავს მოგჭრი და ქვეყანას გავაგებინებ, რომ უნამუსო და კახპა ხარო... როცა მივხვდი, ფეხმძიმედ ვიყავი, ექიმებმა აბორტი აღარ გამიკეთეს, დაგვიანებულიაო.

მალხაზს თავად დავყავდი ექიმებთან, ბოლოს კი სასიკვდილოდ მცემა, წიხლებით შემდგა, - ეს ცოდვის შვილი არ უნდა დაიბადოსო!.. მაგრამ მეც გადავრჩი და ჩემი შვილიც. მამიდაჩემმა მიპატრონა მაშინ. მხოლოდ იმან იცის სიმართლე. პირობა მივეცი, ოღონდ მალხაზმა არ მომკლას და ბავშვის მამის ვინაობას ვერასოდეს ვერავინ გაიგებს-მეთქი. იმანაც ბევრჯერ მირჩია, ბავშვი გააშვილეო. დამემუქრა კიდეც, შვილსაც სასიკვდილოდ გავიმეტებ  და შენც ჯოჯოხეთში გაგისტუმრებ, თუ ამ სირცხვილზე ვინმესთან კრინტი დაგცდებაო.

ბოლოს, ორი კვირის წინ მომაკითხა და მითხრა, - ბავშვს კარგი ოჯახი ვუშოვე, თანაც საქართველოდან შორს, სხვა ქვეყანაშიო...

- სად, არ უთქვამს?!

- არა... ვთხოვე, მე და ჩემი შვილი ერთად გაგვიშვი შორს და აღარასოდეს დავბრუნდებით-მეთქი. შენ ვის რა ჯანდაბად უნდიხარ, ნეტავ დედაშენსაც არ გასჩენოდიო, - გამომლანძღა და კიდევ ერთხელ დამემუქრა, - სიკვდილს მოგანატრებ ჩემი მალხაზის ტვინის არევისთვისო. მამიდაჩემი მხოლოდ მე მადანაშაულებს: თუ ქალმა საბაბი არ მისცა, კაცი არაფერს აკადრებსო!..

გულნარა ღაჭავამ პოლიციელების თანხლებით მისული ძმისშვილი რომ დაინახა, შეცბა. ყველაფერი უარყო, ძმისშვილს უზნეო და პროვოკატორი უძახა...

- თავად მალხაზი სად არის?! - შევაწყვეტინე მკაცრად.

- ორი კვირაა, სპორტულ შეჯიბრებაზეა წასული და საქართველოში არ იმყოფება...

- ვინ დაადასტურებს ამას?! - შეაწყვეტინა ემზარმა.

- მისი მწვრთნელი...

მალხაზ მიქაძე მოფარიკავე აღმოჩნდა და მისი გუნდის წევრები 10 დღის წინ მართლა გამგზავრებულიყვნენ ერევანში, მაგრამ განაცხადში მიქაძის გვარი არ იყო, რაც სპორტული სკოლის დირექტორმა ასე ახსნა:

- მიქაძეს ტრავმა ჰქონდა - ხელი მოიტეხა და ჯერ კიდევ არ იყო ფორმაში, ამიტომ გუნდთან ერთად არ გაგვიშვია, თუმცა მოგვიანებით მაინც აპირებდა ერევანში წასვლას, რომ შეჯიბრების დროს გუნდთან ყოფილიყო. შეიძლება გაემგზავრა კიდეც, მაგრამ როდის, ვერ გეტყვით - ჩვენ აღარ დაგვიფინანსებია მისი მგზავრობაო...

გულნარა ღაჭავა რომ რაღაცას მალავდა, მალე დავრწმუნდით. სპორტული სკოლის დირექტორის მდივანმა, რომელმაც ჩვენს საუბარს ყური მოჰკრა, გაიკვირვა:

- მალხაზ მიქაძე გუშინ იყო აქ, ცნობა სჭირდებოდა, რომ ნამდვილად ჩვენს სკოლას წარმოადგენს. სამუშაო დღის მიწურულს შემოირბინაო...

გულნარა ღაჭავას უკვე უფრო მკაცრად დაველაპარაკეთ - თუ შვილის ადგილსამყოფელს ზუსტად არ გვეტყვი, შენც პასუხისგებაში მიგცემთო...

გაკერპდა და ჩივილით დაგვემუქრა...

აღარ ვიცოდით, საიდან დაგვეწყო ძიება. ამასობაში, სპორტული სკოლის დირექტორმა დაგვირეკა:

- დღეს ერევანში გუნდის ექიმი და მასაჟისტი წასულან ერთ-ერთის მანქანით და ჯერ არც იქნებიან ჩასულები. იმ სკოლის მისამართს მოგცემთ, სადაც შეჯიბრება ტარდებაო...

მე და ემზარი მაშინვე გავემგზავრეთ ერევანში. ყველას ეძინა, როცა ერევნის სპორტული სკოლა-ინტერნატის შენობას მივადექით სომეხ კოლეგებთან ერთად. მალხაზ მიქაძე იქ არ აღმოჩნდა. მისმა თანამგზავრმა ექიმებმა გვითხრეს, - სასტუმროში დავტოვეთო. ბუნებრივია, დავინტერესდით, - რაიმე საეჭვო ხომ არ შეგინიშნავთ მისთვისო. ერთმა გაგვიმხილა, - ჩანთით ჩვილი მოჰყავდა. გვითხრა, ჩემმა ერევნელმა ნათესავებმა იყიდეს მიტოვებული ბავშვი და რადგან გამოჩენა არ სურდათ, მე უნდა ჩავუყვანოო... პატარა რაღაც წამლით იყო გაბრუებული, მთელი გზა ეძინა. როგორც ექიმი, შევშფოთდი კიდეც, არ მოკვდეს-მეთქი...

- კი მაგრამ, გზაში ერთხელაც არ გაგაჩერათ პოლიციამ ან ვინმემ, რომ ბავშვის ამბით დაინტერესებულიყო?! - გაიკვირვა ემზარმა.

- როგორ არა! - ეჭვით მოწკურა თვალები მასაჟისტმა, - საზღვარზე გაგვაჩერეს, მაგრამ პოლიციელებთან სხვებიც იყვნენ, სამოქალაქოფორმიანები და ახლა ვხვდები, რომ გველოდებოდნენ, შორიახლოს მოგვყვებოდნენ...

მალხაზ მიქაძე სასტუმროში ავიყვანეთ. ერთი-ორი რომ გავულაწუნეთ, უცებ აღიარა, ვის ჩააბარა ბავშვი: ის სომეხი თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ყოფილა და ერევანში გადმოსახლების შემდეგაც ჰქონდა ახლობლობა მიქაძეების ოჯახთან. მიქაძეებმა იცოდნენ, რომ მას ბავშვის აყვანა უნდოდა. გადაწყვიტეს, არასასურველი ჩვილი მისთვის მიეცათ, თანაც ეცოდინებოდათ, რომ ბავშვი კარგ ხელში იქნებოდა და ალბათ სინდისის ქენჯნას ამით შეიმსუბუქებდნენ...

...ბავშვიც და მალხაზ მიქაძეც ორ დღეში დავაბრუნეთ საქართველოში.

- ის არ გითქვამთ, როგორ მოახერხა მიქაძემ ბავშვის ჩვილ ბავშვთა სახლიდან გაყვანა?

- მიშა სვანიძემ გადასცა ხელიდან ხელში და რადგან მიქაძეს ფული არ აინტერესებდა, სოლიდური თანხა მთლიანად ექიმმა აიღო. მერე კი თავად დარეკა პოლიციაში, Yთავი მართალ კაცად რომ მოეჩვენებინა...

მიქაძეს 10 წელი მიესაჯა საკუთარი შვილის მოტაცება-გაყიდვისთვის, სვანიძეს - ცოტა ნაკლები...

- პატარა გიორგის და დედამისის ბედი როგორ წარიმართა?!

- ამ სამარცხვინო ამბის გამჟღავნების შემდეგ ინგას მამამ და მამიდამ ლამის დახოცეს ერთმანეთი და რამდენადაც ვიცი, დედაქალაქიდან გადასახლდნენ. შემიძლია ის გითხრათ, რომ ინგა და პატარა გიორგი მშობლებმა შინ მიიღეს, - დაამთავრა ბატონმა კობამ.