"ევროპა უნდა მოემზადოს ჯიჰადისტების ახალი ტალღისთვის, თუ ისინი მოს­უ­ლს დატოვებენ" - თვითმკვლელი ქალაქი?! - კვირის პალიტრა

"ევროპა უნდა მოემზადოს ჯიჰადისტების ახალი ტალღისთვის, თუ ისინი მოს­უ­ლს დატოვებენ" - თვითმკვლელი ქალაქი?!

არის საშიშროება, რომ ბოლო წუთს "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქის აფეთქება გადაწყვიტოს (ალბათ ქალაქის ქვეშ შუა საუკუნეების კატაკომბებსა და გვირაბებს გამოიყენებენ) და მოსული ისტორიაში თვითმკვლელი ქალაქის სახელით შევიდეს

"ერაყის სამხედრო ძალები დაიშზე ("ისლამური სახელმწიფო". - ავტ.) შურს ბრძოლის ველზე იძიებენ იმ სისხლისთვის, რომელიც ტერორისტებმა ერაყის მიწაზე დაღვარეს".

ჰაიდარ ალ-აბადი, ერაყის პრემიერ-მინისტრი, 11 ივლისი, 2016 წ.

"ეს მხოლოდ "პეშმერგას" (სიკვდილზე წამსვლელნი. - ავტ.) ან ქურთისტანისთვის ბრძოლა არ იქნება, ეს იქნება ბრძოლა კაცობრიობისთვის".

ალან დაკანი, ბრიტანეთის სამხედრო ვეტერანი, მოსულის ოპერაციის მოხალისე

"ევროპა უნდა მოემზადოს ჯიჰადისტების ახალი ტალღისთვის, თუ ისინი მოსულს დატოვებენ, მაგრამ თუ "ისლამური სახელმწიფო" გადაწყვეტს, რომ ქალაქი მასთან ერთად დაიღუპოს, ეს იქნება აპოკალიფსი".

ბრუნო გადო, გაეროს დევნილთა საბჭოს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი

"ისინი ნამდვილი ავაზაკები არიან, ადამიანის სიცოცხლე არად უღირთ, არც საკუთარი. ჩვენს ქალებს აიძულებენ, სახე შეიბურონ და მხოლოდ თვალი გამოიჩინონ, არც ბავშვებს ინდობენ. დღეს მოსულის სკოლებში მათემატიკას ასე ასწავლიან: 1 ტყვიას + 1 ტყვია, 1 ნაღმს + 1 ნაღმი. ურჩებს ციხეში სვამენ, სადაც საკნები კარადებზე ოდნავ დიდია და დახუთული. ასეთ საკნებში 4-5 კაცი ხანდახან მიცვალებულთან ერთადაც არის. აი, ასეთია ჩემი ქალაქის ცხოვრება, სადაც შეიძლება ცოცხალმა გაიღვიძო, მაგრამ ვეღარ დაიძინო", - ამბობს მოსულის მკვიდრი ეისა ომარ ჰასანი და სხვა მცხოვრებთა მსგავსად იმედიანად ელოდება ცაში სამხედრო თვითმფრინავების გამოჩენას, რომლებმაც მოსულელებს, როგორც ამბობს, თავისუფლება და სიმშვიდე უნდა მოუტანონ.

რამდენიმე დღეა, მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ერაყის მეორე დიდი ქალაქის, მოსულისკენ, სადაც სამთავრობო ძალები, საერთაშორისო კოალიციასა და მოხალისე სამხედრო დაჯგუფებებთან ერთად "ხალიფატის" უკანასკნელი ბასტიონის ასაღებად ემზადებიან. ქალაქის დასაცავად ემზადება "ისლამური სახელმწიფოც", რომლისთვისაც მოსული, "ნავთობის საკუჭნაოდ წოდებული" ქალაქი ძალიან მნიშვნელოვანია.

2014 წლის 9 ივნისს მსოფლიომ შეიტყო, რომ მოსულზე (მოსახლეობა 2 მლნ), სადაც ამერიკული შეიარაღებით აღჭურვილი ერაყის არმიის 60 000 ჯარისკაცი (უმრავლესობა სუნიტები) და 30 000-კაციანი პოლიციის ორი ბატალიონი იდგნენ, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მეომრებმა იერიში მიიტანეს. ოპერაციას ვინმე თარხან ბათირაშვილი მეთაურობდა. 10 ივნისს ქალაქი, ფაქტობრივად, უბრძოლველად დაეცა. "ისლამურ სახელმწიფოს" ალაფად დარჩა 1 700 ტანკი და სამხედრო "ჰამერები", საარტილერიო დანადგარები, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები და საბრძოლო მასალის დიდი მარაგი. ორიოდე დღის შემდეგ ბათირაშვილმა ქალაქი თიქრითი და ბეიჯი აიღო. "ისლამურ სახელმწიფოს" ბაღდადამდე რამდენიმე ნაბიჯიღა რჩებოდა, მაგრამ ბათირაშვილმა გეგმა მოულოდნელად შეცვალა და ქურთისტანში შეიჭრა. რატომ არ აიღო "ისლამურმა სახელმწიფომ" ბაღდადი, ეს კითხვა დღესაც პასუხგაუცემელია. 29 ივნისს, მოსულის ან ნურის"მეჩეთიდან, საიდანაც ოდესღაც სალადინმა მორწმუნეებს იერუსალიმის გასათავისუფლებლად მოუწოდა, მსოფლიო მუსლიმანებს ამჯერად ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მეთაურმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე "ისლამური ხალიფატის" შექმნა ამცნო და თავი პირველ ხალიფადაც გამოაცხადა... მას შემდეგ მოსულზე "ხალიფატის" შავი დროშა ფრიალებს.

მოსულის გათავისუფლების ოპერაციისთვის კაირაში (მოსულიდან 80 კმ-ში), რომელიც ერაყის სამხედრო ძალებმა ივლისში აიღეს, დიდი ლოგისტიკური ცენტრი შეიქმნა. ბაზაში იმყოფება 560 ამერიკელი სამხედრო მრჩეველიც, ოპერაციაში ჩაერთვება ერაყის 11 სამხედრო ბრიგადა - თითოეული 2 000-კაციანი, მოხალისეების 6 000-კაციანი გაერთიანება, მოსულის ჩრდილო-აღმოსავლეთით ოპერაციის დაწყებას ელოდება ქურთული "პეშმერგა" და რამდენიმე სამხედრო პოლიციის რაზმი. ოპერაციაში ჩაერთვებიან ერაყის შიიტური სამხედრო დაჯგუფებებიც - მოსულის სუნიტი მოსახლეობის უკმაყოფილება რომ არ გამოიწვიოს, ისინი ქალაქის აღებაში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა უკვე დაკავებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. კაირას ბაზაში ასევე დგანან საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავები, რომლებმაც დღემდე მოსულზე 27 ავიაიერიში განახორციელეს.

ქალაქზე შეტევა გეგმის მიხედვით უკვე ნოემბერში დაიწყება, როცა მზად იქნება კიდევ ერთი ლოგისტიკური ცენტრი, ახლა უკვე მოსულის აეროპორტის ტერიტორიაზე. სამხედრო ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შეტევა გადაიდოს მანამდე, სანამ ოპერაციაში მონაწილე ძალები მზად არ იქნებიან, ერთი დარტყმით აიღონ ქალაქი, რათა აიცილონ მოსახლეობის დიდი მსხვერპლი. ამჟამად მოსულის მიმდებარე ტერიტორიებზე მოჯაჰედებისგან გათავისუფლებულია 30-მდე სოფელი... ახლა ქალაქში 900 000-მდე მშვიდობიანი მოსახლე და "ხალიფატის" 6 000-მდე მებრძოლია. არავინ იცის, როგორ აპირებს "ხალიფატი" ქალაქის დაცვას, თუმცა ამბობენ, რომ ქალაქი უკვე დატოვეს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერებმა და მოჯაჰედების ნაწილმაც, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას შეერივნენ.

21 ოქტომბერს მოსულის მიმდებარე სოფლებიდან "ხალიფატის" მებრძოლებმა 560 ოჯახი ტყვედ აიყვანეს და საჭიროების შემთხვევაში მათ ცოცხალ ფარად გამოყენებას აპირებენ. ამავე დღეს ერთ-ერთ სოფელში 40 მშვიდობიანი მოსახლე დახვრიტეს. აშკარაა, "ხალიფატი" მოსულს იოლად არ დათმობს... არის საშიშროება, რომ ბოლო წუთს "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქის აფეთქება გადაწყვიტოს (ალბათ ქალაქის ქვეშ შუა საუკუნეების კატაკომბებსა და გვირაბებს გამოიყენებენ) და მოსული ისტორიაში თვითმკვლელი ქალაქის სახელით შევიდეს...

ძალები, რომლებმაც მოსულს სამი ფრონტით უნდა შეუტიონ, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებიან ქალაქს.

მოძალადეებზე შურის საძიებლად ემზადება ბატალიონი "მზის ქალები", რომელიც მოჯაჰედების ყოფილი სექსმონა ქალებისგან შედგება.

ერაყის ხელისუფლების ვარაუდით, იანვრის ბოლოს მოსულის თავზე ერაყის დროშა იფრიალებს, პენტაგონი კი ფიქრობს, რომ მოსულის ოპერაცია ძალიან რთული იქნება და რამდენიმე თვეს გასტანს. ყველამ იცის, რომ ის ძალა, რომელიც ხელში ჩაიგდებს მოსულს, ხელში ჩაიგდებს ერაყსაც. ამიტომ მოსულს წინ უმძიმესი ზამთარი ელოდება.

განხეთქილება იზრდება...

სანამ მხარეები ბრძოლისთვის ემზადებიან, სირიის და ერაყის სხვადასხვა ფრონტებზე იზრდება განხეთქილება "ხალიფატის" ადგილობრივ და უცხოელ მებრძოლებს შორის. მხოლოდ სექტემბერში "ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყის ტერიტორიაზე სამი ქალაქი და 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაკარგა, რაშიც ბრალს ხშირად უცხოელ მებრძოლებს სდებენ და არცთუ უსაფუძვლოდ. მაგალითად, კირკუტის ახლოს მოჯაჰედის ჯგუფი ერთმანეთში ვერ შეთანხმდა სოფლის აღების საბრძოლო ტაქტიკაზე, საბოლოოდ, ალბანელმა და რუსმა მოჯაჰედებმა მოკლეს 3 და დაჭრეს 7 ერაყელი კოლეგა" და სოფელში თავისი გეგმის მიხედვით შევიდნენ, თუმცა წარუმატებლად.

სინჯართან ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ ამერიკელი და ფრანგი მოჯაჰედები. ბრძოლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთმა ევროპელმა მეთაურმა 70.000 დოლარი მოიპარა და გაიქცა, რის გამოც დაჯგუფება საკვების და ტყვია-წამლის მარაგის გარეშე დარჩა.

მოჯაჰედებმა პოზიციაზე ერთი დღეც ვერ გაძლეს და იძულებულები გახდნენ, სინჯარი მოწინააღმდეგისთვის დაეთმოთ.

ხავაჯაში დადიოდა ხმები - უცხოელი მებრძოლების დროშები შეიცავს ფოსფორს, რომლითაც ისინი ანიშნებენ კოალიციის თვითმფრინავებს, არ დაბომბონ მათი ადგილსამყოფელიო.

მსგავს ამბებს ხშირად ჰყვებიან ერაყელი თუ სირიელი მოჯაჰედები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი დასავლელი "კოლეგები" ომში ჯიჰადისთვის კი არა, "ხალიფატის" დასაშლელად არიან მოსული.

ნინო ბურჭულაძე