"ევფრატის რისხვა" იწყება?! - კვირის პალიტრა

"ევფრატის რისხვა" იწყება?!

"რაკკას გათავისუფლების ოპერაცია მალე დაიწყება... ჩვენი რესურსები ორივე ქალაქისთვის - ერაყული მოსულისა და სირიული რაკკასთვის, საკმარისი იქნება"

ეშტონ კარტერი, პენტაგონის

ხელმძღვანელი.

27 ოქტომბერი, 2016 წ.

"თუ რაკკა დაეცემა, შურს ვიძიებთ, მოვალთ თქვენს ქვეყნებში და გაგისწორდებით".

"ისლამური სახელმწიფო"

1-ლი ნოემბერი, 2016 წ.

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა - საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშის მორიგი მსხვერპლი ამჯერად 24 წლის მუჰმად ხანგოშვილია (ჯიშკაევის გვარით ცნობილი). ხანგოშვილის დაღუპვის ზუსტი თარიღი უცნობია.

ის პანკისის ხეობის მკვიდრია და 2013 წელს სოფელ დუისიდან სირიაში მას შემდეგ წავიდა, რაც ბაშარ ასადის ოპოზიციის ნაწილმა მსოფლიო მუსლიმებს "ჯიჰადისკენ" მოუწოდა. ხანგოშვილი ამბოხებულების მხარეს "ჯეიშ ალ მუხაჯირინ ვალ ანსარის" (ბათირაშვილის დაჯგუფება) რიგებში იბრძოდა. 2014 წლის ივნისში, "ხალიფატის" გამოცხადების შემდეგ, "ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო მინისტრის, თარხან ბათირაშვილის დაცვის წევრი გახდა და ბოლო დრომდე მისი უახლოესი გარემოცვის წევრად ითვლებოდა...

მოსულის გათავისუფლების ოპერაციას, რომელიც 17 ოქტომბერს გამთენიისას დაიწყო, უკვე 2000-მდე მოჯაჰედი ემსხვერპლა. "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ დაღუპულია კიდევ რამდენიმე საქართველოს მოქალაქე, თუმცა, ცხედრები ისეა დაზიანებული, მათი ამოცნობა ვერ ხერხდება. ინფორმაციის შემოწმებას მოსულში შექმნილი რთული ვითარების გამო ვერ ვახერხებთ. ფაქტობრივად, ქალაქი კომუნიკაციის გარეშეა დარჩენილი. მათი ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა...

კავკასიელთა ამბოხი?!

მოსულის 12 რაიონს უკვე საერთაშორისო ძალები აკონტროლებენ, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ ბაღდადმა კი ქალაქი დატოვა და სირიაში "ხალიფატის" დედაქალაქ რაკკას მიაშურა. "ცოცხალ ფარად" ის 150 ოჯახი წაიყვანა, რომლებიც ცოტა ხნით ადრე მოჯაჰედებმა მოსულის მიმდებარე სოფლებიდან აიყვანეს მძევლად.

"ხალიფას" ამ გადაწყვეტილებამ ბევრი გააკვირვა, რადგან ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ აბუ ბაქრ ალ ბაღდადი თავის მხარდამჭერებს მოუწოდებდა, "ხალიფატის" ერაყული დედაქალაქი ნებისმიერ ფასად დაეცვათ. მეტიც, ალყაშემორტყმული მოსულიდან ის თურქეთს განადგურებით ემუქრებოდა, მოულოდნელად კი ცნობილი გახდა, რომ "ხალიფას" ქალაქიდან გაქცევის მიზეზი მოჯაჰედთა ამბოხი გახდა, რომელსაც, თუ ერაყულ სპეცსამსახურებს დავუჯერებთ, ვინმე ოსმანი ხელმძღვანელობს (ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის კავკასიელი უნდა იყოს). აბუ ბაქრ ალ ბაღდადმა თავის ელიტურ ნაწილებს ამბოხის ჩახშობა უბრძანა და თვითონ ქალაქიდან წავიდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულია მისი მეუღლე...

მონაწილეობენ თუ არა "ხალიფას" წინააღმდეგ ამბოხში ჩვენებურები, ჯერჯერობით დაუდგენელია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბოლო დროს "ხალიფატში" საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა შეიცვალა (ბათირაშვილის სიკვდილის შემდეგ "გურჯებმა" დაკარგეს ყველა პოსტი, რომელიც აქამდე ეკავათ და გაუარესდა საქართველოდან წასული საველე მეთაურების მიმართ განწყობა), მათ უკმაყოფილების მიზეზი ნამდვილად უნდა ჰქონდეთ.

მარცხნიდან: სხედან მუჰმად ხანგოშვილი და თარხან ბათირაშვილი

ფრონტის ორივე მხარეს

საქართველოდან წასული მეომრები იმყოფებიან რაკკაშიც, რომლის "ისლამური სახელმწიფოსგან" გათავისუფლება მხოლოდ დროის საკითხია.

საინტერესოა, რომ 7 ნოემბერს ქალაქის აღებისთვის მზადყოფნა გამოთქვა "სირიის თავისუფალმა არმიამ" (ასადის ოპოზიციის სამხედრო შენაერთი), საჰაერო იერიშებს კი აშშ-ის საჰაერო ძალები განახორციელებენ. სამხედრო ოპერაცია, კოდური სახელწოდებით "ევფრატის რისხვა", უახლოეს ხანში დაიწყება. სამწუხაროდ, რაკკა იქნება ის ადგილი, სადაც სირიის კონფლიქტში "გურჯები" ფრონტის ორივე მხარეს აღმოჩნდებიან - ასადის რეჟიმის წინააღმდეგ დღემდე იბრძვის ბრიგადა "ჯუნუდ ალ შამი" (სირიის ლომები), რომელსაც პანკისელი მუსლიმ ალ შიშანი, იგივე მურად მარგოშვილი მეთაურობს. იმავე ხეობიდანაა მისი მარჯვენა ხელი ზურა ალხანაშვილიც. "ჯუნუდ ალ შამი" დღეს "სირიის თავისუფალი არმიის" ფრთას წარმოადგენს. ამავე ქოლგის ქვეშ იბრძვის კიდევ ერთი დაჯგუფება, რომელსაც გიორგი კუშტანაშვილი მეთაურობს.

"

ევფრატის რისხვის" დაწყებისთანავე ორივე საველე მეთაური თავისი მებრძოლებით, სავარაუდოდ, რაკკის კედლებთან აღმოჩნდება, რომლის ე.წ. დამცველებიც ასევე მათი მშობლიური ხეობიდან იქნებიან...

ამასობაში ბრძოლა მოსულისთვის გრძელდება. არაბული მედია იტყობინება, რომ ოპერაციის დაწყებიდან დღემდე აშშ-მა 17 ჯარისკაცი დაკარგა, დაჭრილთა რაოდენობა კი 38-ს აღწევს.

10 ნოემბერს ბარაკ ობამამ მოუწოდა პენტაგონს, დაუყოვნებლივ მოძებნონ და გაანეიტრალონ "ჯაფხატ ან ნუსრის" (ტერორისტული ორგანიზაცია" ლიდერები. "ჯაფხატ ან ნუსრა" ალ-ქაიდას ფილიალია სირიაში.

ნინო ბურჭულაძე