შავბერეტიანთა ჯანყი - კვირის პალიტრა

შავბერეტიანთა ჯანყი

1998 წლის 11 ოქტომბერს  უშიშროების საბჭოს სხდომა გვიანობამდე გაგრძელდა. პრეზიდენტის კანცელარია პირველმა შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ დატოვა. სამინისტროში დაბრუნებულს მისაღებში მოადგილე, თემურ მურღულია ელოდებოდა.

- კარგია, რომ აქ ხარ, - უთხრა მინისტრმა  და  მურღულიას კაბინეტში შეუძღვა, - 19 ოქტომბერს სენაკში ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების ჩასვლაა განზრახული, - საქმეზე გადავიდა თარგამაძე, - მანამდე კი აკაკი ელიავაზე  რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მოვიპოვოთ. იმედია, ახლა მაინც გამოიჩენთ თავს, - თარგამაძეს უკმაყოფილო ტონი ჰქონდა.

"ეტყობა, უშიშროების საბჭოზე  კვლავ უსაყვედურეს," - გაიფიქრა თემურ მურღულიამ.

- ბატონო კახა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, კარგად ვიმუშაოთ, - თავის მართლებას ამაოდ შეეცადა მინისტრის მოადგილე.

-  თქვენ მხოლოდ ცდილობთ, სხვები (თარგამაძემ უშიშროების სამსახური იგულისხმა) კი აკეთებენ, - შენიშნა მინისტრმა და დაამატა, - ელიავაზე თუ რამე მნიშვნელოვანს გაიგებთ, უსათუოდ მომახსენეთ.

13 ოქტომბრის გვიან საღამოს, ფოთში, რესტორან "ჯარგვალეს" თითქმის ცარიელ დარბაზში კუთხის მაგიდასთან სამი კაცი საუბრობდა.

- განზრახულზე დროებით ხელის აღება მოგვიწევს. დამიჯერე, კაკო, გარისკვა ნამდვილად არ ღირს, - უკვე მერამდენედ ცდილობდა თბილისელი სტუმარი მოსაუბრის დარწმუნებას.

- უკვე გვიანია. დღეს სანდო კაცმა შემატყობინა, - მალე თურმე ჩემს დაკავებას აპირებენ, - უხალისოდ მიუგო აკაკი ელიავამ.

- რამდენად სანდოა ამ ამბის მომტანი? - დაეჭვდა სტუმარი.

- სამხარეო პოლიციაში მუშაობს, ადრე ზვიად გამსახურდიას მომხრე იყო, - საუბარში ჩაერთო ელიავას მეგობარი რეზო ასმავა.

- აშკარაა, რომ რაღაც უკვე იციან. თუ ერთი ჩვენიანი მაინც დააკავეს, ხომ იცი, ადრე თუ გვიან, ყველას მოგვწვდებიან; ამიტომ დასაკარგი არც არაფერი რჩება, - შენიშნა აკაკი  ელიავამ.

სიჩუმე ჩამოვარდა. თბილისელი სტუმარი წამოდგა და ბოლთის  ცემა დაიწყო.

- აბა, რას აპირებთ? - მოულოდნელად იკითხა მან.

- ამას ჩვენ გადავწყვეტთ, მანამდე კი ჩემს მეგობრებს უნდა შევხვდე, - მოკლედ უპასუხა აკაკი ელიავამ  და მიმტანს ანიშნა, - ანგარიში მოგვიტანეთო.

- სანამ სიტუაცია დალაგდება, იქნებ ცოტა ხნით ჩეჩნეთში წასულიყავით... იქ დიდი კავშირები გვაქვს და კარგად მიგიღებენ, - დამშვიდობებისას შესთავაზა სტუმარმა მასპინძლებს.

პასუხის ნიშნად ელიავამ მხოლოდ გაიღიმა...

როცა სტუმარი გააცილეს, რეზო ასმავა მეგობარს მიუბრუნდა და ჰკითხა: - ბიჭებს სად შეხვდებიო.

- ლესიჭინეში (სოფელია ჩხოროწყუს რაიონში. - ნ.ბ.), ჩემს ნათესავთან, - მიუგო ელიავამ.

15 ოქტომბერს ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი  ბადრი ქებურია სამსახურში ადრე მივიდა თუ არა, მორიგემ  ღამით მომხდარი ყაჩაღობის შესახებ შეატყობინა.

"ეს მინდოდა ახლა?" - მწარედ გაუელვა პოლიციის უფროსს და მოადგილე გამოიძახა.

- საკმარისია ერთი ღამე არ ვიყო რაიონში  და ათასი უბედურება ხდება, - უკმაყოფილოდ მიმართა ქებურიამ მოადგილეს.

- ყაჩაღობა წუხელ სოფელ ლესიჭინეში მოხდა. ომარ აბაშიძის ოჯახს თავს დაესხნენ ვიღაც შეიარაღებულები...

- წაიღეს რამე? - სიტყვა შეაწყვეტინა ქებურიამ.

- არა.  ოჯახის უფროსს ჰკითხეს, - ყაჩაღებს ვეძებთ, მათ შესახებ რამე ხომ არ იცითო.

- რაო? - გაოცება ვერ დამალა პოლიციის უფროსმა.

- დიახ, ბატონო ბადრი, ცოტა უცნაური შემთხვევაა, - გააგრძელა მოადგილემ, - როგორც გავიგეთ, აბაშიძეები ქორწილისთვის ემზადებოდნენ და სავარაუდოდ თავდამსხმელებს ოჯახში ფული ეგულებოდათ.

- მართლაც უცნაურია, - ჩაილაპარაკა ბადრი ქებურიამ და დაამატა, - მორიგე ჯგუფი სასწრაფოდ გაუშვით ლესიჭინეში. შეიძლება თავდასხმა სოფელში კიდევ განმეორდეს..

15 ოქტომბერს, შუაღამისას,   სოფელ ლესიჭინესთან პოლიციის მორიგე ჯგუფი იდგა.

- რას იტყვით, ეს ყაჩაღები იმდენად უჭკუოები არიან, რომ დღესაც გამოჩნდებიან სოფელში? -  იკითხა  ერთ-ერთმა პოლიციელმა.

- მაგათ რას გაუგებ, ჭკვიანი ბანდიტი გინახავს სადმე, თან სამეგრელოში? - უპასუხა მეორემ. ყველას გაეცინა. უეცრად პოლიციელებმა გზაზე "უაზის" მარკის ავტომანქანა შენიშნეს. მძღოლს ანიშნეს, - გაჩერდიო. მანქანა დაახლოებით 15 მეტრით გასცდა მათ, გაჩერდა და ნელი სვლით უკან წამოვიდა. როდესაც პოლიციელებს გაუსწორდა, მოულოდნელად მანქანიდან ცეცხლი გახსნეს. ორი პოლიციელი დაიჭრა, მესამე წაქცევისას მძიმედ დაშავდა, მხოლოდ მეოთხემ იმარჯვა და გაქცევა მოახერხა.

თავდამსხმელებმა მანქანა მოწყვიტეს და სიბნელეს მისცეს თავი...

გამწარებული ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი ადგილს ვერ პოულობდა და  ბეწვზე გადარჩენილ პოლიციელს უკვე მერამდენედ ეკითხებოდა მომხდარის შესახებ, - ვინ იყვნენ, ხომ არ დაგინახავს ან რამდენი იქნებოდნენო.

- მანქანის ყველა სარკმლიდან ისროდნენ, ათი კაცი მაინც იქნებოდა. სახეების გარჩევა სიბნელის გამო თითქმის შეუძლებელი იყო, თან ისეთი ცეცხლი გახსნეს, როგორ გამოვექეცი, ახლაც მიკვირს. თუმცა ერთის შეთვალიერება კი მოვასწარი, - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა დაბნეული  პოლიციელი.

- მერე, ვინ იყო, თქვი! - მოთმინება  დაელია  ბადრი ქებურიას.

- ჯიხასკარელი ტერორისტი იყო, ესებუას მეგობარი, მასთან ერთად ტყეშიც იყო... მგონი, გია ჰქვია, თუმცა დარწმუნებული არ ვარ...

- აი, თურმე რა ყოფილა, - ჩაილაპარაკა პოლიციის უფროსმა და გაიფიქრა, - ნეტა რა უნდოდათ  ლესიჭინეშიო.

რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ იმ ღამეს ლესიჭინეში აკაკი ელიავაც იმყოფებოდა ნათესავთან სტუმრად.

18 ოქტომბერს აკაკი ელიავა სენაკში, მეორე მოტომსროლელი ბრიგადის ბაზაში გვიანობამდე დარჩა.  ბრიგადის მეთაურის პირველი მოადგილე, რეზო ასმავა ჩაფიქრებულ მეგობარს ეზოში წაადგა თავს.

- კაკო, გადაწყვეტილება მიღებულია. თუ  რამე გეეჭვება, ჯერ კიდევ არის დრო, რომ რამე შეიცვალოს, - უთხრა ასმავამ  ელიავას და გვერდით მიუჯდა.

- ყოველ მნიშვნელოვან მომენტებში მუდამ ერთი ეპიზოდი მახსენებს თავს, - თქვა ელიავამ.

- რა ეპიზოდი? - ჩაეძია რეზო ასმავა.

- ერთი სატელეფონო საუბარი...  და ამაზე ფიქრი წლებია, ვერ მოვიშორე.

- რა სატელეფონო საუბარი? - ცნობისმოყვარეობამ სძლია რეზო ასმავას.

- ისეთი არაფერი, - პასუხი აირიდა კაკომ.

რეზო ასმავა მიხვდა, რომ  ელიავას მარტო დარჩენა უნდოდა და  წასვლა არჩია.

- ეს E1993 წლის 27 სექტემბერს მოხდა, - ჩაილაპარაკა კაკომ, როდესაც მეგობარი თვალს მიეფარა და  სიგარეტს მოუკიდა...

1998 წლის 19 ოქტომბერს, გამთენიისას, სენაკის შინაგანი ჯარის ბატალიონი ტანკების გრუხუნმა გამოაღვიძა. გარეთ გამოცვივდნენ. გაოგნებულები მიაჩერდნენ ეზოში შემოსულ ტანკებს, რომლებსაც ბატალიონის საცხოვრებელი კორპუსი  მიზანში ამოეღოთ. ათიოდე წუთის შემდეგ ოფიცრებს საზეიმოდ მოახსენეს, რომ მათთან დალაპარაკება გენერალ-ლეიტენანტ აკაკი ელიავას სურდა.

"თვითმარქვია გენერალი", - გაიფიქრა მორიგე ოფიცერმა.

- რა ხდება და ეს ტანკები აქ საიდან გაჩნდნენ? - ჰკითხა ელიავას ერთ-ერთმა ოფიცერმა.

- რა ხდება და, სასწავლო განგაშია გამოცხადებული, - ირონიული ღიმილით მიუგდო რეზო ასმავამ.

- ავჯანყდით, რადგან სახელმწიფოს სამხედროს ბედი არასდროს აინტერესებდა და არც აინტერესებს. აფხაზეთში რომ სისხლი დაღვარეთ, დაგიფასათ ვინმემ? რამდენი თვეა, რაც ხელფასი არ აგიღიათ? - მრისხანედ იკითხა ელიავამ და განაგრძო, - ჩვენს მხარეზე თუ გადმოხვალთ, კაი ფულიც გექნებათ და არც წოდებებს დაგამადლით.

- თუ არ დაგთანხმდით? - თვალი ჯიქურ გაუსწორა ერთ-ერთმა ოფიცერმა.

- თუ უარს იტყვით, ძალით გავიყვანთ თქვენს ჯავშანტექნიკასაც და ჯარისკაცებსაც.

- დიდი სისულელეა ის, რასაც თქვენ ამბოხს უწოდებთ, - შეეკამათა აკაკი ელიავას მორიგე ოფიცერი.

- ეს სისულელე კი არა, სოციალური აფეთქებაა, - გამოსცრა კბილებში ელიავამ და თანმხლებთ უბრძანა, - საქმეს შეუდექითო.

სენაკის მეორე მოტომსროლელი ბრიგადის ბაზა მთლიანად ამბოხებულების ხელში გადავიდა. ბრიგადის შტაბი მათ ცენტრად იქცა.

ამბოხებულებმა ტანკები სენაკის ცენტრსა და ქუთაისისკენ მიმავალი გზის თავში დააყენეს.

ამასობაში შინაგანი ჯარის ბატალიონიდან მუქარით წამოყვანილი ჯავშანტექნიკა და ჯარისკაცები სენაკის ბრიგადის ბაზაში მოიყვანეს.

გამთენიისას ელიავამ სახელდახელო თათბირი მოიწვია.

- საკმარისი ხალხი თუ შეგროვდება, თბილისისკენ დავიძვრებით, - განუცხადა კაკო ელიავამ  თანამოაზრეებს.

- თუ არ შეგროვდა? - ჰკითხა ასმავამ.

ელიავა ჩაფიქრდა. მერე მიუგო:

- ეს ღმერთმა ნუ ქნას, თორემ მაშინ დამატებითი ძალის მოძებნა მოგვიწევს. ასეთი კი სენაკის ბრიგადის ორი ბატალიონია, რომლებიც ხონში ახლა სამხედრო სწავლებას გადიან.

- ერთი იდეა მეც მაქვს, - საუბარში ჩაერთო ერთ-ერთი სამხედრო, - ხონის კოლონიაში სასჯელს ძირითადად ყოფილი სამხედროები და პოლიციელები იხდიან. დაახლოებით ხუთასი კაცი მაინც იქნება. თუ მათ გათავისუფლებას შევძლებთ, მხარს ჩვენ დაგვიჭერენ. ეს კი დიდი ძალა იქნება.

- საინტერესო იდეაა, - შენიშნა რეზო ასმავამ.

მოულოდნელად ელიავას მოახსენეს, - შენი ნახვა ოჩამჩირის ბატალიონის მეთაურს რუზგენ გოგოხიას უნდაო.

- ეს კაცი აფხაზებს არ ჰყავდათ ტყვედ? - წამოსცდა კაკოს და ოთახში შემოსულ სტუმარს შეეგება.

- როგორც იქნა, გამათავისუფლეს - უთხრა გოგოხიამ ელიავას მოკითხვის შემდეგ.

- არ შემომიერთდები შენი რაზმით? - უმალ ჰკითხა ელიავამ.

- მხოლოდ ერთ შემთხვევაში, - გოგოხიამ თვალი თვალში გაუყარა ელიავას, - თუ აფხაზეთისკენ წახვალ.

აფხაზეთის ხსენებაზე ელიავას სახე შეეცვალა.

- რა თქმა უნდა, ოღონდ ჯერ თბილისში უნდა შევიაროთ, - მრავლისმეტყველად, მაგრამ უხალისოდ უპასუხა კაკომ.

უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაია შინ იყო, როცა ელიავას ამბოხის ამბავი შეატყობინეს. ერთ საათში უკვე საკუთარ კაბინეტში იჯდა და ახალ ცნობებს ელოდებოდა. მოულოდნელად აცნობეს, პრეზიდენტი კანცელარიაში დაბრუნდა და გიხმობთო.

უგუნებოდააო, - შეაგება მისაღებში პრეზიდენტის დაცვის უფროსმა. საჯაიამ პასუხის ნიშნად ხელი ჩაიქნია და პრეზიდენტის კაბინეტის კარი შეაღო.

შევარდნაძე ფანჯარასთან იდგა.

- სულ ტყუილად მყავს ეს მინისტრები, - საჯაიას გასაგონად ჩაილაპარაკა პრეზიდენტმა და ანიშნა, დაბრძანდიო და განაგრძო, - ნუგზარ, ეს რატომ ვერ ავიცილეთ თავიდან?

- ბატონო ედუარდ, ელიავას საკითხი თითქმის გადაწყვეტილი იყო. დღეს სენაკში ძალოვანი მინისტრები და გენერალური პროკურორი უნდა ჩასულიყვნენ. ელიავას დაკავებაც იგეგმებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, იგი გააფრთხილეს.

შევარდნაძე გარინდული იდგა და საჯაიას ნათქვამი თითქოს არც ესმოდა.

- ჯემალი სად არის? - მოულოდნელად გახოკიძე მოიკითხა მან.

- უშიშროების მინისტრი სენაკში გაემგზავრა, - მიუგო ნუგზარ საჯაიამ და დაამატა, - ახლა დროის მოსაგებად მოლაპარაკებების გამართვაა საჭირო.

- ვინ არის ეს კაკო ელიავა, გვარი თითქოს მახსოვს...

- ადრე სენაკის სახელმწიფო თეატრში სცენის გამნათებლად მუშაობდა. გამსახურდიას დროს ლოთი ქობალიას ბატალიონის უფროსის მოადგილე გახლდათ. შემდეგ შემოვირიგეთ. დღემდე უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი იყო, პოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა. გამსახურდიას მომხრეებში ავტორიტეტი აქვს.

ამ სიტყვების გაგონებაზე პრეზიდენტს ფერი ეცვალა.

- როგორ ფიქრობ, ნუგზარ, ხალხი მხარს დაუჭერს?

უშიშროების საბჭოს მდივანმა მხრები აიჩეჩა...

დილით ამბოხებულთა სატანკო კოლონა  თბილისისკენ დაიძრა. აჯანყებულებს ეგონათ, გზად უამრავი ხალხი შემოგვიერთდებაო, თუმცა მოლოდინმა არ გაუმართლათ: ხალხმა კი გაიგო ამბოხის ამბავი, მაგრამ ელიავა რას ითხოვდა, არ იცოდა და ამიტომ არ უჩქარიათ მასთან შეერთება.

მეამბოხეებმა გადაწყვიტეს, ხონიდან დამატებითი ტექნიკა და ჯარი წამოეყვანათ.

ელიავას სატანკო კოლონამ სამტრედიიდან მოულოდნელად ხონისკენ გადაუხვია...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)