ვინ არის და რისთვის დააკავეს შარხან მარგოშვილი?! - კიდევ ერთი დახურული სასამართლო პროცესი - კვირის პალიტრა

ვინ არის და რისთვის დააკავეს შარხან მარგოშვილი?! - კიდევ ერთი დახურული სასამართლო პროცესი

(ფოტოზე: მარცხნიდან მეორე შარხან მარგოშვილი)

"ძალაუფლება მათ (სირიის მთავრობის - ავტ.) ხელთაა, ამიტომ ვეღარ ვხედავთ აზრს მხარი დავუჭიროთ ოპოზიციას, რომელმაც უკვე წააგო სამოქალაქო ომი. მოვიდა დრო დავიწყოთ მსჯელობა კაპიტულაციის პირობებზე, რათა წაგებული მხარე ბოლომდე განადგურებული არ დარჩეს"

პიტერ ჰელბრეიტი- ამერიკელი დიპლომატი. 2016 წელი, დეკემბერი

" ალეპოში უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დავრჩებით, ეს ჩვენ კი არა, რუსები უნდა წავიდნენ ქალაქიდან"

"ჯაფჰატ ან ნუსრას" ლიდერების განცხადებიდან, 2016 წლის 3 დეკემბერი

ბოლო დღეებში სირიის ფრონტებზე სიტუაცია ელვის სისწრაფით იცვლება, მსოფლიოს ყურადღება სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოსკენ არის მიპყრობილი, რომლის გათავისუფლებასაც სირიის სამთავრობო ძალები რუსული ავიაციის დახმარებით უკვე მეორე თვეა ცდილობენ. ქალაქს შეიარაღებული ოპოზიცია 2012 წლიდან აკონტროლებს და პოზიციების შენარჩუნებას დღესაც "ჯაფჰატ ან ნუსრას" ძალებით ცდილობს, სამხედრო ექსპერტები და პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ სწორედ ის თუ ვის დარჩება ალეპო, განსაზღვრავს სამომავლოდ სირიის და არა მარტო სირიის ბედს.

შეიარაღებული ოპოზიციის მსგავსად ტერიტორიულ და ადამიანურ რესურსს კარგავს "ისლამური სახელმწიფოც" პროვინცია ხომსის იდლიბისა და დეირ ეზ ზორის პროვინციებში, მეტიც, საერთაშორისო კოალიციის ავიასამიზნე ყოველდღურად " ხალიფატის" დედაქალაქი რაყაც ხდება, სადაც, ჩვენი ინფომაციით, სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა იმყოფება...

7 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიაში ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმები "ზაპადი" და "ვოსტოკი" გამოჩნდებიან. ამ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სამხედრო შენაერთების შექმნა ჩეჩნური ომების დროს საველე მათაურებს ძმებ იამადაევებს უკავშირდება, " ვოსტოკი" 2008 წლის აგვისტოს ომშიც იღებდა მონაწილეობას. ჩეჩენურ სპეცრაზმებს სირიაში ხმეიმიმის სამხედრო ბაზაზე რუსული სამხედრო კონტიგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაევალებათ.

ამასობაში  საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" წევრობისთვის კიდევ ერთ პირს, ამჯერად პანკისის ხეობის მკვიდრს შარხან მარგოშვილს გაასამართლებენ, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს დაიწყო, ვინაიდან მსგავსი პროცესები დახურულია, სავარაუდოდ, საზოგადოებისთვის ბევრი რამ კვლავ უცნობი დარჩება.

ამ ფოტოზე შარხან მარგოშვილი მეორე რიგში, მარჯვნიდან პირველია. პირველ რიგში კი, შუაში აწ გარდაცვლილი, ემირ სეიფულლაჰ ალ შიშანი, მოჯაჰედების ყველაზე სასტიკი და ამბიციური ყოფილი მეთაური, პანკისელი რუსლან მაჩალიკაშვილი დგას.

(იხილეთ ასევე: მაჩალიკაშვილი - გმირი შაჰიდი თუ "ვაჰაბიტი შაითანი"?)

შარხან მარგოშვილი საქართველოს მოქალაქეთა იმ პირველ ტალღას მიეკუთვნება, რომლებიც სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე მუსლიმი ძმების ჯიჰადისკენ მოწოდებას გამოეხმაურნენ და 2012 წელს თურქეთის გავლით სირიაში ჩავიდნენ. მარგოშვილი იმხანად ყველაზე ცნობილი პანკისელის - თარხან ბათირაშვილის დაჯგუფებაში მოხვდა და მასთან ერთად კარგა ხანს იბრძოდა ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. თუმცა მოულოდნელად 2013 წელს ის ხეობაში გამოჩნდა. მოგვიანებით, როგორც ამბობენ, ბევრი სხვა პირის მსგავსად ისიც ჩართული იყო ხეობიდან ჯიჰადში მონაწილე ახალგაზრდების რეკრუტირებაში, 2014 წელს შარხან მარგოშვილი თურქეთ-საქართველოს საზღვრის მორიგ ჯერზე უკანონო გადაკვეთის მცდელობის დროს დააკავეს და სასართლომ მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მისთვის ახალი ბრალის წაყენების საფუძველი ოფიცილურად უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოკადრები უნდა იყოს, რომელშიც ხანგოშვილი, ასევე პანკისელ დავით ბორჩაშვილთან ერთად, " ხალიფატის" დედაქალაქ რაყაში მანქანით გადაადგილდება.

ამჟამად ციხეში იმყოფება დავით ბორჩაშვილიც, რომელიც ერთ ხანს ალ ბარა ალ შიშანის (ცეზატ ტოხოსაშვილის) დაჯგუფების წევრი იყო. ის 2015 წელს, როცა საქართველოში დაჭრილი დაბრუნდა, სპეცსამსახურებმა დააკავეს და სასამართლომ "ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და მისი დახმარებისთვის" 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნინო ბურჭულაძე (სპეციალურად საიტისთვის)