კილერი დიპლომატისთვის - როგორ იქცა ელიტური სპეცსამსახურის თანამშრომელი ტერორისტად?! - კვირის პალიტრა

კილერი დიპლომატისთვის - როგორ იქცა ელიტური სპეცსამსახურის თანამშრომელი ტერორისტად?!

როგორ იქცა ელიტური სპეცსამსახურის თანამშრომელი ტერორისტად, გამოძიებისთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თავად ტერორისტს შეეძლო - მარტოოდენ პისტოლეტით შეიარაღებული ადამიანის დაკავება, რომელიც გაქცევას არც ცდილობს, სამართალდამცავებს უპრობლემოდ შეეძლოთ...

"დანგრევა ყოველთვის ადვილია, შექმნაა ძალიან ძნელი".

ანდრეი კარლოვის (რუსეთის ელჩი) უკანასკნელი სიტყვები.

2016 წლის 19 დეკემბერი

"ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ კვდებით აქ. მე მხოლოდ სიკვდილი გამიტანს აქედან, ყველა, ვინც მონაწილეობთ დევნა-შევიწროებაში, ერთმანეთის მიყოლებით დაიხოცებით".

ტერორისტ მევლუდ მერთ

ალთინთაშის უკანასკნელი სიტყვები. 2016 წლის 19 დეკემბერი

19 დეკემბერს, როდესაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავმა გეზი მოსკოვისკენ აიღო, სადაც მეორე დღეს რუსეთის, ირანისა და თურქეთის საგარეო უწყების პირველ პირებს სირიის საკითხზე უნდა ემსჯელათ, ანკარაში თანამედროვე ხელოვნების გალერეა რუსეთის ელჩს ელოდა. 62 წლის ანდრეი კარლოვს გამოფენა - "მოგზაურთა თვალით დანახული რუსეთი" უნდა გაეხსნა. ელჩი მეუღლესთან ერთად დაცვის გარეშე მივიდა.

ამავდროულად, გალერეაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა 22 წლის მევლუდ მერთ ალთინთაშიც. სპეცსამსახურის თანამშრომელი გალერეაში წესისამებრ საშვით და ტაბელური იარაღით შევიდა.

რუსეთის ელჩი სიტყვას ამთავრებდა, როცა სტუმრებში მყოფი ფოტოგრაფ ბურჰან ოვბილიჯის ყურადღება ელჩის უკან მდგომმა ადამიანმა მიიქცია - შავკოსტიუმიანმა მამაკაცმა იარაღი ამოიღო...

"ძალიან დავიბენი... ორიოდ წამში საშინელება დატრიალდა", - იხსენებს ფოტოგრაფი.

მკვლელმა ელჩს ჯერ ზურგში ესროლა, იატაკზე დაცემულს კიდევ 5 ტყვია დაახალა. დარბაზში პანიკა შეიქმნა, სტუმრები გარეთ გასვლას ლამობდნენ, მკვლელი კი არ ჩქარობდა, ძირს დაგდებულ ელჩთან იდგა და გაჰყვიროდა, რომ ეს ალეპოსთვის ჩაიდინა. ტერორისტი დარბაზში შეცვენილმა სამართალდამცავებმა მოკლეს. თურქულმა მედიამ მაშინვე დაიწყო ინფორმაციის გავრცელება - რუსეთის ელჩი "ისლამური სახელმწიფოს" წევრმა მოკლაო, რაც დამაჯერებელი სულაც არ იყო. "ისლამური სახელმწიფო","რომელიც სირიაში ყველას ებრძვის, ამ შემთხვევაში არ გამოდგებოდა ალეპოში გამაგრებული "ჯაფჰატ ან ნუსრის" ("ალ-ქაიდა" სირიაში) დანაკარგებზე შურისმაძიებლად, იმ დღესვე გაირკვა, რომ ტერორისტი პოლიციელი მევლუდ მერთ ალთინთაში გახლდათ.

რა მიზანს ემსახურებოდა რუსი დიპლომატის მკვლელობა? ეს კითხვა ტერაქტის პირველსავე წუთებში გაჩნდა, ვლადიმირ პუტინმა მსოფლიოს მიანიშნა, რომ მომხდარი არ იმოქმედებდა რუსეთ-თურქეთის ბოლოდროინდელ ურთიერთობებზე, თუმცა ერდოღანი ერთგვარად გააფრთხილა, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიგოს, ვინ დგას მკვლელობის უკან, რაზეც თურქეთის პრეზიდენტისგან უხვი დაპირება-გარანტია მიიღო. ექსპერტების ნაწილი ფიქრობდა, რომ კარლოვის მკვლელობას მოსკოვში სირიის საკითხზე დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებები უნდა ჩაეშალა (თუმცა მოლაპარაკება შედგა და პირველად, დასავლეთის გარეშე, შეთანხმება მიღწეულია).

კარლოვის მკვლელობას თურქეთის ხელისუფლება ერთხანს ქურთ მეამბოხეებს აბრალებდა, მოგვიანებით რუსი დიპლომატის მკვლელობაში ფეითჰულა გიულენის კვალს ხედავდა, 21 დეკემბერს თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ელჩის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა "ჯეიშ ალ ფათჰმა" აიღო (ეს კოალიცია ასადის ოპოზიციად აღიქმება). თუმცა, თავად დაჯგუფებას ოფიციალურად ეს არსად უღიარებია. აღსანიშნავია, რომ რუსი დიპლომატის მკვლელობაში ერთი საინტერესო ფაქტი ამოტივტივდა.

ქურთულმა გამოცემამ გაავრცელა პოლიციელების დაჯილდოების ფოტო - ერთ-ერთი პოლიციელი, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ჯილდოს გადასცემს, მევლუდ ალთინთაშია. ფოტო ელჩის მკვლელობამდე ორი დღით ადრეა გადაღებული. ასევე ცნობილი ხდება, რომ ალთინთაში, თურქეთში ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, სხვადასხვა დროს 8-ჯერ იცავდა თურქეთის პრეზიდენტის უსაფრთხოებას (სავარაუდოდ, ამიტომ დააჯილდოეს). როგორ იქცა ელიტური სპეცსამსახურის თანამშრომელი ტერორისტად, გამოძიებისთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თავად ტერორისტს შეეძლო - მარტოოდენ პისტოლეტით შეიარაღებული ადამიანის დაკავება, რომელიც გაქცევას არც ცდილობს, სამართალდამცავებს უპრობლემოდ შეეძლოთ. გამოძიება გრძელდება. ანკარაში ჩასასვლელად ემზადება რუსეთის საგამოძიებო სამსახურის ჯგუფიც.