გენერლის რუბიკონი - კვირის პალიტრა

გენერლის რუბიკონი

(გაგრძელება.დასაწყისი #16)

1998 წლის 19 ოქტომბერს, გამთენიისას, სენაკში ამბოხებულებმა თბილისისკენ წასვლა გადაწყვიტეს, სამტრედიის გადასასვლელთან პოლკოვნიკ რეზო ასმავას 6 ტანკიღა შემორჩა, დანარჩენებს საწვავი გაუთავდათ და გზაში გაჩერდნენ.

- ყველა ტანკის ბენზინის ავზში 600 ლიტრი საწვავი ესხა, სად წავიდა ეს საწვავი?! - ბრაზობდა რეზო ასმავა.

- გუშინ დილით შევამოწმეთ და ყველაფერი წესრიგში იყო, - თავის მართლებას ცდილობდა სენაკის ბრიგადის ლოჯისტიკის უფროსი.

"გამოდის, ვიღაცამ“კარგად იმუშავა", - გაიფიქრა ასმავამ და ბრძანება გასცა, დარჩენილი ტექნიკით ხონისკენ დაძრულიყვნენ, სადაც, გეგმის მიხედვით, უნდა შეერთებოდნენ აკაკი ელიავას, რომელიც სენაკიდან მარტვილის გავლით ხონში მოდიოდა.

ხონში აკაკი ელიავა არ დახვედრიათ, ის მოგვიანებით გამოჩნდა.

- მოულოდნელად საწვავი გაგვითავდა, ამიტომ იძულებული გავხდით, ბენზინის შესავსებად მარტვილში გავჩერებულიყავით. ტექნიკას გზაში ხომ არ დავტოვებდი, - უხალისოდ ამბობდა კაკო ელიავა.

დაახლოებით 10 საათზე ხონში უშიშროების მინისტრი ჯემალ გახოკიძე ჩავიდა, სადაც უკვე იმყოფებოდნენ იმერეთის გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი, გენერალი გუჯარ ყურაშვილი, გენერალი ზვიად უჩაძე და უშიშროების სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები. ამბოხებულებთან მოლაპარაკება უშედეგოდ მიმდინარეობდა.

- კაკო, ხელისუფლება არასოდეს გაიზიარებს შენს მოთხოვნებს და იძულებული გახდება, ნებისმიერ ფასად შეგაჩეროს, - მერამდენედ ცდილობდა გახოკიძე ელიავას დარწმუნებას, - გარდა ამისა, თბილისამდე არავინ მიგიშვებს, - შენიშნა გენერალმა ყურაშვილმა.

- თბილისში ჩასვლა არც გვიფიქრია. ავიღებთ ქუთაისს და დავბანაკდებით სოფელ კვახჭირში, სიმონეთთან, სადაც პირობითი საზღვარი გაივლება.

- საქართველოს შუაზე გაყოფა გინდათ? - საუბარში ჩაერთო იმერეთის გუბერნატორი.

- დიახ და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, - განაგრძო კაკო ელიავამ, - ჩვენ გამოვაცხადებთ ორხელისუფლებიანობას და მოვითხოვთ არჩევნების ჩატარებას, რათა შევარდნაძე საბოლოოდ მოვიშოროთ თავიდან.

ოთახში სიჩუმე ჩამოწვა.

- ესენი ჩემს პირობებს არასოდეს დასთანხმდებიან; დროის მოგება უნდათ მხოლოდ, - გადაულაპარაკა ელიავამ რეზო ასმავას და ოთახიდან გავიდა. ჯემალ გახოკიძე მიხვდა, რომ მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა....

12 საათზე საქართველოს პრეზიდენტი კაბინეტში შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს ელოდებოდა.

- როგორც მომახსენეს, ამ წუთებში ელიავას უშიშროების მინისტრი მძევლად ჩაჰბარდა, - საუბარი შევარდნაძემ წამოიწყო.

"რა სენტიმენტალურია", - ჩაეღიმა კახა თარგამაძეს.

- კახა, შეძლებ ელიავას გაჩერებას? - მოულოდნელად ჰკითხა პრეზიდენტმა.

- ბატონო ედუარდ, შინაგანი ჯარის ქუთაისის ბრიგადა აფხაზეთის საზღვარზე დგას. ამ ბოლო დროს აფხაზები ძალიან გააქტიურდნენ და ამიტომ ბრიგადას ქართული სოფლების დაცვა ევალება. სამწუხაროდ, დასავლეთში შინაგანი ჯარის სხვა ნაწილი არ დგას.

- მართალია, - ჩაილაპარაკა პრეზიდენტმა, - საზღვარს დაუცველს ვერ დავტოვებთ... თუმცა რამდენადაც ვიცი, ფოთში თAავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის ბაზაა, - მიუბრუნდა პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძეს.

- გეთანხმებით. ფოთში თავდაცვის სამინისტროს საზღვაო სამხედრო ძალების ბაზაა. იქ ზურაბ ირემაძე იმყოფება.

- ამბოხებულების წინააღმდეგ მის გამოყენებას ვერ შევძლებთ, - საუბარში ისევ კახა თარგამაძე ჩაერთო.

- იქნებ ამიხსნათ, რატომ? - პრეზიდენტის ტონს სიმკაცრე შეერია.

- ზურა ირემაძე ზვიად გამსახურდიას თანამოაზრე იყო და არა მგონია, ამბოხებულების წინააღმდეგ გამოვიდეს. ჩვენი ინფორმაციით, ამის შესახებ ელიავამაც იცის, თორემ ზურგს ასე არ მოიშიშვლებდა, - გაეღიმა თარგამაძეს.

პრეზიდენტი ჩაფიქრდა.

- იმას, თუ რატომ იცის კახამ შენზე მეტი შენს უწყებაზე, მოგვიანებით ამიხსნი, მანამდე კი ელიავა შეაჩერე როგორც გინდა, - კუშტად მიმართა შევარდნაძემ მინისტრს.

დავით თევზაძე მიხვდა, რომ პრეზიდენტი არ ხუმრობდა.

ხონში მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა. ამბოხებულებმა ქუთაისის აღება და სიმონეთთან გამაგრება გადაწყვიტეს.

- თქვენც ჩვენი მძევლები ხართ, - მიმართა რეზო ასმავამ თემურ შაშიაშვილსა და ზვიად უჩაძეს და ყურაშვილს მიუბრუნდა, - თქვენ კი, ბატონო გუჯარ, - თავისუფალი ბრძანდებით.

სანამ გაოცებული სარდალი რამეს იკითხავდა, ასმავამ დაასწრო:

- მე ჯარისკაცი ვარ და არ ვიკადრებ იმ კაცის დატყვევებას, ვისთან ერთადაც მიბრძოლია (ასმავამ მაისის გალის მოვლენები იგულისხმა), მერე კი შაშიაშვილს შეხედა, - თქვენ დროშას დაიკავებთ, ტანკზე შემოსხდებით და ჩვენთან ერთად კოლონას წინ წაუძღვებით!

- ამას არ გავაკეთებ, - ხელები გაასავსავა იმერეთის გუბერნატორმა.

- შეგახსენოთ, რომ ჩვენი ტყვე ხართ? - გესლიანად გაუღიმა ასმავამ, შაშიაშვილს დროშა შეაჩეჩა ხელში და გახოკიძეს მიუბრუნდა, - ეს თქვენც გეხებათ, ბატონო მინისტრო. აი, ის ტანკი თქვენ გელოდებათ.

- ამას საკუთარი სიცოცხლის ფასადაც არ ვიკადრებ, - კბილებში გამოცრა უშიშროების მინისტრმა.

- Dდაანებე, რეზო, თავი, - მოესმა ასმავას კაკო ელიავას ხმა, - გენერალი კაცია და ეს არ უნდა ვაკადროთ. ჩამოართვით იარაღი ყველას, ჩასხდნენ თავიანთ მანქანებში და ისე გამოგვყვნენ, ოღონდ მძღოლებად ჩვენი ბიჭები დავაყენოთ.

რამდენიმე წუთში აჯანყებულები ხონიდან გამოვიდნენ და ქუთაისისკენ აიღეს გეზი. ელიავას კოლონას ხონში დისლოცირებული სენაკის ბრიგადის ორი ბატალიონიც შეუერთდა.

თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ჩქარობდა, - თავდაცვის სამინისტროს ქუთაისის 21-ე ბრიგადაში განგაში გამოცხადდა. ბრიგადის ნაწილებმა გუბისწყალზე ორი ხიდის ჩაკეტვა მოახერხეს, დანიშნულების ადგილებზე არტილერიაც იყო განლაგებული. გარდა ამისა, კოპიტნარის აეროპორტში რამდენიმე საჰაერო რეისით ჩაიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმები.

- არ ვიცით, სიტუაცია როგორ განვითარდება, ამიტომ ვერ გავრისკავთ. სჯობს, ქუთაისთან მეორე თავდაცვის ზღუდე გავავლოთ, - განაცხადა საგანგებოდ მოწვეულ თათბირზე დავით თევზაძემ, - ვფიქრობ, ამას შინაგანი ჯარის ტყიბულის ბატალიონი უკეთ გაართმევს თავს. ნაომარი ხალხია და დიდი გამოცდილება აქვთ, - დასძინა თავდაცვის მინისტრმა.

- 1998 წლის 19 ოქტომბერს, 15 საათზე, ამბოხებულთა კოლონა მდინარე გუბისწყალს მოადგა. ხიდზე უჩვეულო სიჩუმე ჩამოწვა, სამთავრობო ჯარის ნაწილს ერთი კაცი გამოეყო და ელიავასთან სალაპარაკოდ ხიდი გადმოკვეთა.

- მაიორი კობალაძე ვარ, - წარუდგა კაკო ელიავას.

- ძალიან კარგი... შენს უფროსობას გადაეცი, რომ აქ სისხლის დასაღვრელად არ მოვსულვარ. განაიარაღე შენი ხალხი და ჩვენს მხარეს გადმოდით, - ურჩია ელიავამ. 15-20 წუთის შემდეგ ოცდაათამდე ჯარისკაცმა ხიდი გადაკვეთა და აჯანყებულებს შეუერთდა.

- ელიავა სამთაAვრობო ჯარებს თავისი კოლონის გატარებას სთხოვს, - შეატყობინა დავით თევზაძეს თანაშემწემ, - წინააღმდეგ შემთხვევაში...

- ომს დაიწყებს? - შეაწყვეტინა სიტყვა თავდაცვის მინისტრმა.

- არა... ამბობს, თუ არ გამატარებთ, ყოველ ნახევარ საათში თითო მძევალს მოვკლავო...

დავით თევზაძეს ცივმა ოფლმა დაასხა.

- მართლა ასე ამბობს? - ეჭვიანად იკითხა.

- კი, და გამკეთებელიც არის...

- მარტო დამტოვეთ, - ბრძანა მინისტრმა.

დავით თევზაძე ჩაფიქრებული ბოლთას სცემდა... "წილი ნაყარია, - უნებურად კეისრის სიტყვები გაახსენდა, - როგორც ჩანს, გუბისწყალი ჩემი რუბიკონი გახდება", - ჩაილაპარაკა და ცეცხლის გახსნა ბრძანა.

თუმცა ბრძანება არ შესრულდა...

- ბატონო გენერალო, ჯარისკაცებს ვერ ვარწმუნებთ, რომ ასეთი ბრძანება მართლაც გაეცით, - თავს იმართლებდა ბრიგადის მეთაური, - ამბობენ, როგორ ვესროლოთ, იქითაც ხომ ქართველები დგანანო... ბევრ მათგანთან ერთად აფხაზეთში გვიომიაო, ამიტომ...

- გახსენით ცეცხლი! - მოჭრა თავდაცვის მინისტრმა.

ამბოხებულები გასროლას არ ელოდნენ, თუმცა ყველაზე მეტად მაინც მძევლები დაფრთხნენ. გენერალი უჩაძე მანქანიდან გადმოხტა და მიწას ისე დაეწება, მის აყენებას ამაოდ ცდილობდნენ.

- კაკო, ვუპასუხოთ? - ჰკითხა რეზო ასმავამ.

ელიავამ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რომ სამთავრობო არტილერიამ კვლავ ისროლა.

რეზო ასმავა ელიავას პასუხს არ დაელოდა და იქვე მდგომ ტანკისტს მივარდა, - ხედავ იქ, მაღლობზე 3У-23-2 რომ დგას... ვიცი, გამოცდილი მსროლელი ხარ. ამიტომ მხოლოდ გასაფრთხილებლად ისროლე. თუ სროლას არ შეწყვეტენ, მაშინ... გაანადგურე!

ორი გამაფრთხილებელი სროლის შემდეგ 3У მწყობრიდან გამოიყვანეს. გუბისწყალთან კვლავ სიჩუმე ჩამოწვა...

- ბატონო ჯემალ, ინებეთ თქვენი ტელეფონი. პრეზიდენტს დაურეკეთ და უთხარით, რომ ომობანას თამაშს აზრი არა აქვს. ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ, - აკაკი ელიავამ უშიშროების მინისტრს ხონში ჩამორთმეული ტელეფონი მიაწოდა და დაამატა, - თავადაც ხედავთ, რომ ცეცხლს არ ვხსნით, მაგრამ სადამდე გვეყოფა მოთმინება, ეს მხოლოდ უფალმა იცის. ასე რომ...

ჯემალ გახოკიძე შევარდნაძეს გუბისწყალზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.

პრეზიდენტი ორიოდე წუთს დუმდა, მერე მრისხანედ უთხრა:

- თქვენ თუ გინდა, დამწყდარხართ, მაგრამ ელიავა გუბისწყალზე არ უნდა გადმოვიდეს!..

აკაკი ელიავამ შეამჩნია, უშიშროების მინისტრი უცებ დაპატარავდა...

თავდაცვის მინისტრს მოახსენეს, რომ ჯარები ცეცხლის გახსნაზე კვლავ უარს ამბობდნენ.

- სამხედრო ტრიბუნალი მოგენატრათ? - ბრაზს ვერ იკავებდა დავით თევზაძე, თუმცა გულში საკუთარ ჯარისკაცებს ეთანხმებოდა კიდეც.

ამასობაში სამთავრობო ჯარებს ბათუმში დისლოცირებული რუსეთის არმიის ერთ-ერთი ბატალიონი მოადგა პოლკოვნიკ კულინიჩის მეთაურობით.

- ამათ აქ რაღა უნდათ? - გაუკვირდა მინისტრს.

- პრეზიდენტმა აჭარაში მდგარ რუსეთის ბაზის უფროსს სთხოვა დახმარება, - იყო პასუხი.

რამდენიმე წუთში გუბისწყალზე სროლა კვლავ განახლდა.

- რეზო, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მეორე მხარეს მიზანში სროლა არ უნდა, - შენიშნა ელიავამ.

- მართალი ხარ, ჩემო კაკო, თორემ ერთ მსროლელს როგორ ვერ იპოვიდნენ, - მიუგო ასმავამ.

- ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ?

- ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, კაკო. ამას კარგი დასასრული არ ექნება. - მოიღუშა უცებ რეზო ასმავა.

ამასობაში ელიავას ტელეფონზე ზარი გაისმა. "ვინ უნდა იყოს, ნეტავ?" - გაიფიქრა კაკომ და ზარს უპასუხა.

- შოთა ვარ, კვირაია, - ამ სახელმა ელიავა ცოტა არ იყოს, დააბნია, - კაკო, შენთან მოვდივარ და ერთს გთხოვ, უნდა მომისმინო.

აჯანყებული პოლკოვნიკისა და ყოფილი უშიშროების მინისტრის საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.

- იმედია, გაითვალისწინებ, რაც გითხარი, - შეახსენა დამშვიდობების წინ შოთაA კვირაიამ ელიავას და დინჯად გაუყვა ხიდს.

აAკაკი ელიავა დიდხანს უყურებდა მიმავალს. შემდეგ მობრუნდა და მოკლედ თქვა, - უკან ვბრუნებით, - როდესაც რეზო ასმავას გაკვირვებული სახე დაინახა, - დაამატა, - დანარჩენს გზაში მოგიყვებიო.

უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაია ფანჯრიდან ჩაფიქრებული გასცქეროდა თბილისს.

- ნუგზარ, - ჩაესმა მოულოდნელად პრეზიდენტის ხმა. საჯაია სწრაფად შემობრუნდა, - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მესაუბრა, - საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გამო ამერიკელები ნავთობსადენის მშენებლობას წყვეტენ...

ნუგზარ საჯაიამ პრეზიდენტის ხმაში გამკრთალი შეშფოთება იგრძნო...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)