ილია მეორე: "რომ ამბობს ხან ერთს,ხან - მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?"
20-02-2017
ილია მეორე: "რომ ამბობს ხან ერთს,ხან - მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?"
მთავარი მოწმე: ჩემს ტელეფონზე მამა გიორგიმ დამირეკა­ და ისეთი რაღაც მითხრა, რომ ნამდვილად­ მქონდა პერსპექტივა, გავმხდარიყავი მძიმე დანაშაულის თანამონაწილე. ეს ის დღე იყო, როცა პატრიარქი გერმანიაში გაფრინდა. მამა გიორგიმ მითხრა, რომ "ის" სასწრაფოდ სჭირდებოდა, რადგან პატრიარქი გერმანიაში გაფრინდა და თავადაც აპირებდა ჩასვლას...

ციანიდის საქმე


2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცავებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს - სასულიერო პირი გერმანიაში პატრიარქთან მიემგზავრებოდა. მომხდარის შესახებ საზოგადოებამ მედიისგან მას შემდეგ შეიტყო, რაც
ცნობილი გახდა,­ რომ ბერლინში, სადაც პატრიარქს­ საოპერაციოდ ამზადებდნენ, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი­ ანზორ ჩუბინიძე ჩავიდა, ხოლო პატრიარქის უსაფრთხოების დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი გერმანიიდან სასწრაფოდ თბილისში დაბრუნდა და რ
ამდენიმე საათის განმავლობაში პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.(?!)
ამ ფაქტებმა მოსახლეობაში გააძლიერა ეჭვები, რომ საქართველოს პატრი­არქს საფრთხე ემუქრებოდა, მით უმეტეს, ამ ყველაფერს წინ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული არაერთი მოსაზრება უძღოდა პატრიარქისა და ზოგიერთი მაღალი რანგის სასულიერო პირების შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობის თაობაზე.
13 თებერვალს საქართველოს მთავარმა­ პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სრულიად საქართველოს ამცნო, რომ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც გერმანიაში მომწამლავი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი მიჰქონდა. პროკურატურის განცხადებით, სავარაუდოდ, იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა. სანამ საზოგადოება გაიაზრებდა მომხდარს, მთავარი პროკურორის განცხადებას მოჰყვა იუსტიციის მინისტრის, ვიცე-პრემიერისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სპეციალური განცხადებები.

"ჩვენ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან, აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინა­აღმდეგ მიმართული დანაშაული, ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა. მე მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ სტრუქტურებს. პირველივე წუთიდანვე საქმე აყვანილი მყავს პირად კონტროლზე".

პროკურატურა აცხადებდა, რომ მას მიმართა მოქალაქემ (რომელიც საქმეში მთავარი მოწმის სტატუსით არის) და შეატ­ყობინა, რომ მამა გიორგი მამალაძემ მას ციანიდის შოვნა სთხოვა, რომელიც გერმანიაში უნდა წაეღო, როცა პატრიარქთან გაემგზავრებოდა. პროკურატურა არ მალავდა,­ რომ დანაშაულის დამამტკიცებელ ვიდეო და აუდიოჩანაწე­რებს ფლობდა და მამა გიორგის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მუხლით, რომელიც 7-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

13 თებერვალს ასევე ცნობილი გახდა, რომ ბერლინში იმყოფებოდა და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე კი აცხადებდა, რომ სოსო ოხანაშვილთან გამოძიებას კითხვები აღარ ჰქონდა.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა (რომელიც ძალაში მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომაც დატოვა), ხოლო მის ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილი ჩამოერთვათ და საქმის დეტალებზე საუბარი აეკრძალათ.

31 წლის დეკანოზი გიორგი მამალაძე წარმოშობით ქობულეთიდანაა. განათლება­ უკრაინაში აქვს მიღებული. დეკანოზად 2010 წელს, 26 წლისა აკურთხეს, იყო ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. მისი სახელი საზოგადოებისთვის 2014 წელს გახდა ცნობილი, როცა მან ტაძრის სარემონტო სამუშაოები წამოიწყო და მიუხედავად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არაერთგზის გაფრთხილებისა, ტაძრის ისტორიული სახე დამახინჯდა.
ერთხანს მამა გიორგი უკრაინაში რუსეთის ეპარქიაშიც მსახურობდა. 2016 წელს პატრიარქმა მეორე ჯვრის ტარების უფლება­ უბოძა. ბოლო დროს ის თბილისში ცხოვრობდა და იყო საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური­ დირექტორი. მამა გიორგის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის უახლოეს გარემოცვაში მოიაზრებენ, გარდა ამისა, მას სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით ხშირი ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან და მისი ნდობითაც სარგებლობდა...

"ციანიდის საქმემ" საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამ ფონზე საპატრიარქოში არსებული დაპირისპირება­ უფრო მეტად გამოიკვეთა - სამღვდელ­ოების ნაწილი პროკურატურის განცხადებას სკეპტიკურად შეხვდა, მეორე ნაწილი კი ჯიუტად აცხადებდა, რომ თუ სახელმწიფო ადეკვატურად არ დასჯის დამნაშავეებს, სამართალს თავად აღასრულებენ.(?!)

მედიისთვის ცნობილი გახდა ამ საქმის მთავარი მოწმის ვინაობა - ის ჟურნალისტი ირაკლი მამალაძეა. მამალაძეებს ერთმანეთთან არა ნათესაური, არამედ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, რაც დაკავებულმა მამა გიორგიმაც დაადასტურა.

ირაკლი მამალაძე:
"როდესაც მამა გიორგიმ ციანიდის შოვნა მთხოვა, მაშინვე­ დავეჭვდი, თუმცა ეს არ გამხდარა ჩემი პროკურატურაში მისვლის საბაბი. მომდევნო­ შეხვედრებზე დავრწმუნდი, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა დანაშაულებრივ განზრახვას (მამა გიორგი ამ საქმეში დახმარების სანაცვლოდ მპირდებოდა საერო თანამდებობას საპატრიარქოში). როდესაც ჩემს მეგობ­რებს გავუზიარე ეჭვები იმ სავარაუდო პირებზე, რომელთა წინააღმდეგაც, შესაძლოა, მზადდებოდა დანაშაული, მირჩიეს, ეს ინფორმაცია აუცილებლად გამეცნო სამართალდამცავი ორგანოებისთვის, თუმცა მაშინ კატეგორიული უარი განვაცხადე.­ მეორე თუ მესამე დღეს ჩემს ტელეფონზე მამა გიორგიმ დამირეკა­ და ისეთი რაღაც მითხრა, რომ ნამდვილად­ მქონდა პერსპექტივა, გავმხდარიყავი მძიმე დანაშაულის თანამონაწილე. ეს ის დღე იყო, როცა პატრიარქი გერმანიაში გაფრინდა. მამა გიორგიმ მითხრა, რომ "ის" სასწრაფოდ სჭირდებოდა, რადგან პატრიარქი გერმანიაში გაფრინდა და თავადაც აპირებდა ჩასვლას.

ამ ზარის შემდეგ სხვა გზა აღარ მრჩებოდა, პროკურატურაში მივედი...


ამ დღეებში ხშირად გაიგონებთ, თითქოს მე გავხსენი დანაშაული,­ ასე არ არის.
- მე მივაწოდე ინფორმაცია, რომ ციანიდის შოვნას მთხოვდნენ. დანარჩენი, რამდენად რეალური იყო ჩემი ვარაუდი, პროკურატურას უნდა დაედგინა (ძალიან მძიმე იყო, დამედანაშაულებინა რამეში ადამიანი, თან სასულიერო პირი). რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემს ვარაუდზე დაყრდნობით არავის დააკავებდნენ, რომ არ ყოფილიყო უკვე გამოძიება და უტყუარი მტკიცებულებები. მამა გიორგის ციანიდი ჩემგან არ შეუძენია. პროკურატურა იკვლევს, ვისგან შეიძინა.
ძალიან კარგად მესმის, რომ საზოგადოებაში არის ბუნდოვანება ამ თემის ირგვლივ. ამიტომ უნდა გასაჯაროვდეს მტკიცებულებები, რათა ყველამ გაიგოს, რა სიმძიმის დანაშაულთან გვქონდა საქმე და რამხელა­ საფრთხე იქნა თავიდან აცილებული. მოვუწოდებ საზოგადოებას - ჩემი ლანძღვით­ კი არ უნდა იყოთ დაკავებული ან ვინმეს რეაბილიტაციის მცდელობით, პირველ რიგში უნდა მოითხოვოთ მტკიცებულებების გასაჯაროება. იმის გამო, რომ ჩანაწერები ძალიან მძიმე მოსასმენია, რაც შეიძლება რომელიმე ინსტიტუციისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს, არსებობს ერთი პროცენტი, რომ მტკიცებულებებს არ გაასაჯაროებენ და მე ვერ შევძლებ, დავამტკიცო ის, რასაც ვამბობ და სამუდამოდ დავრჩე იმ იარლიყით, რომელსაც ამ დღეებში მუდმივად მაკერებდნენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი - მე მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი, ხოლო დამტკიცება იმისა, რომ უმძიმესი დანაშაული მზადდებოდა, მხოლოდ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეუძლია. ამიტომ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი უნდა გასაჯაროვდეს"."

პროკურატურის განცხადება არასწორად გაიგეს(?!)


16 თებერვალს პროკურატურამ მოულოდნელად გააკეთა განმარტება მთავარი პროკურორის განცხადებაზე, სადაც აღნიშნა,­ რომ ირაკლი შოთაძის განცხადებ­აში ლაპარაკი იყო მაღალი რანგის სასულიერო პირზე, არ იყო ნახსენები პატრიარქი და პროკურატურის განცხადება ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა არასწორად გაიგეს.(?!) თუმცა მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმეში არ არის სასულიერო პირზე ლაპარაკი. ერთ-ერთი ვერსიით, გაიჟღერა პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის გვარმა, რაც ახალი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა...

"მამა გიორგი უახლოეს ხანში გააკეთებს განცხადებას"


არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურისგან ითხოვენ, საქმის დეტალებზე გასაუბრების საშუალება მიეცეთ მამა გიორგის ადვოკატებთან, მით უმეტეს, რომ "ციანიდის საქმეს" გრიფი "საიდუმლო" არ ადევს. თუმცა დღემდე ადვოკატებს კლიენტის დაცვის შესაძლებლობა არ ეძლევათ.
გიორგი ფანცულაია, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი: -"ჩვენ ჩამოგვართვეს გაუთქმელობის ხელწერილი, რის გამოც ვერ ვახერხებთ საქმის დეტალებზე საუბარს და მამა გიორგის ჯეროვნად დაცვას (რაც არათანაბარ პირობებში გვაყენებს ბრალდების მხარესთან). თავად დეკანოზი მზად არის, ჩვენთან ერთად ბოლომდე იბრძოლოს საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. ის უახლოეს ხანში მისცემს ჩვენებას, გააკეთებს განცხადებას, თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია, რომ მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება იქნეს დაცული...

"თუ არ გამოქვეყნდება ჩანაწერები, მამა გიორგის, ალბათ, წმინდანად გამოაცხადებენ"


როგორც ჩანს, უწმინდესის დაბრუნებას ელოდება პროკურატურაც, რომელიც მოვლენების ასეთი განვითარებით ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაშია.
დავით გამცემლიძე, "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი: "ერთადერთი შანსი პროკურატურისთვის, გამოვიდეს იმ ტრაგიკომიკური­ ვითარებიდან, რომელშიც აღმოჩნდა, არის მრავალგზის ხსენებული ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება. მიზეზი, თუ რატომ არ აქვეყნებენ, გასაგებია - იმიტომ, რომ ეჭვმიტანილი ისეთ რაღაცებს ამბობს პატრიარქზეც და სხვებზეც, რომ ეს თუ გამოქვეყნდა, მაშინ, ჯერ ერთი, პატრიარქი განაწყენდება და მერე ის ხალხი, ვინც ახლა პროკურატურას ამუნათებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის. აი, სწორედ ის ხალხი დაადანაშაულებს ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაში. თუ არ გამოქვეყნდება, მაშინ თანდათან დამაჯერებლობას შეიძენს მოსაზრება, რომ ადამიანს კბილი სტკიოდა და დარიშხანი მიჰქონდა სამკურნალოდ. ბოლოს, ალბათ, წმინდანად გამოაცხადებენ. ასე მიდის, მგონი, საქმე"."

დანაშაულის დამგეგმავი თუ შეთქმულების მსხვერპლი?!


17 თებერვლის საღამოს მამა გიორგი გონების დაკარგვის გამო ჩაფიძის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. დეკანოზის ახლობლების თქმით, მას გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული და ორჯერ კლინიკური სიკვდილიც გადაიტანა. ვინ არის მამა გიორგი, დანაშაულის დამგეგმავი თუ კორუფციასა და საეკლესიო ინტრიგებთან მებრძოლი­ მამაცი დეკანოზი, რომელიც შეთქმულების მსხვერპლი გახდა, ამას მხოლოდ მტკიცებულებების გასაჯაროებით გავიგებთ, თუმცა ფაქტია, რომ "ციანიდური"დღეების" ქრონიკამ ქართველი საზოგადოება გვარიანად შეატორტმანა.

"პატრიარქის გერმანიაში წასვლამდე საპატრიარქოდან გაქრა უწმინდესის ფაქსიმილე"

თეოლოგი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის მკვლევარი გიორგი ტიგინაშვილი:


- უკვე ბევრმა გაიგო სატელეფონო­ ჩანაწერების ამბავი, საიდანაც, ჩემი ინფორმაციით, დგინდება, რომ სავარაუდოდ, მეუფე იაკობისა და შორენა თეთრუაშვილის მოკვლა იგეგმებოდა. როგორც ვიცი, არც ერთ მათგანს დღესაც ახლოს არ აკარებენ პატრიარქს...

საპატრიარქოს კულუარებში ამბობენ,­ რომ საოპერაციოდ წასვლის წინ პატრიარქის მდგომარეობა ძალიან დამძიმებული იყო. პროკურატურის ხელთ არსებულ სატელეფონო საუბრებში, ჩემი ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძესთან ერთ-ერთი მაღალი იერარქიის პირი ამბობს, რომ პატრიარქი, შესაძლოა, ოპერაციის დროს დაიღუპოს... ამ ინფორმაციას არ ახმაურებდნენ, რათა პანიკა არ ამტყდარიყო. დღეს უკვე შეიძლება ამაზე ლაპარაკი, რადგან, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. როგორც ვიცი, პატრიარქის გერმანიაში წასვლამდე საპატრიარქოდან გაქრა უწმინდესის ფაქსიმილე. როგორც ამბობენ, უნდა შედგენილიყო წერილი, რომელიც საზოგადოებას უწმინდესის გაყალბებული ხელმოწერით წარედგინებოდა მისი გარდაცვალების შემთხვევაში. წერილში ნათქვამი იქნებოდა, რომ დაქვრივებულ საეკლესიო ტახტს 40 დღის განმავლობაში უხელმძღვანელებდა ერთ-ერთი სასულიერო პირი და ის მოამზადებდა მომავალი პატრიარქის არჩევნებს. სწორედ ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ!

"ვერავინ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას"


18 თებერვალს ტელეკომპანია "ობიექტივმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქის 16 თებერვალის მიმართვა არასრული იყო. აღსანიშნავია, რომ პატრიარქის თავდაპირველი განცხადება ტელევიზიებს მიაწოდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ, რომელიც მეუფე გერასიმეს დაქვემდებარებაშია. 16 თებერვალს გავრცელებულ მიმართვაში ეპიზოდი, სადაც ილია მეორე მამა გიორგიზე ლაპარაკობს, არასრულია და ამოღებულია ყველაზე საგულისხმო ფრაზები: "რა მოხდა, რატომ მოხდა, მამა გიორგი რომ ამბობს ხან ერთს, ხან - მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?" (?!)
გთავაზობთ პატრიარქის მიმართვის სრულ ვერსიას:

"მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულის. ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ეს არის აღმოსავლური სიბრძნე. სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან. რა მოხდა, რატომ მოხდა, მამა გიორგი რომ ამბობს ხან ერთს, ხან - მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს? მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა და ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო".

ნატრიუმის ციანიდი


ნატრიუმის ციანიდი საშიში მომწამლავი ნივთიერებაა. ციანიდით მოწამვლა იწვევს გულის უკმარისობასა და სიკვდილს. სასიკვდილო დოზა 0.1 გრამია, სიკვდილი დგება მომენტალურად, გონების დაკარგვით. მოწამვლის სიმპტომები ციანიდის შესუნთქვისას ვლინდება რამდენიმე წამში, ხოლო პერორალურად მიღებისას - რამდენიმე წუთში. მისი გამოყენება მხოლოდ სპეციალური აირწინაღით, სპეცტანსაცმლითა და ხელთათმანებით არის შესაძლებელი. ვინაიდან ის ვიზუალურად წააგავს შაქარსა და მარილს, საბაჟო კონტროლის დროს შესაძლოა ვერც გამოავლინონ, როგორც სახიფათო ნივთიერება...

ნინო ბურჭულაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით