მხატვრის სამხილი
27-07-2009
- უამრავი უცნაური დანაშაული მინახავს, რომლის გასაღებიც ხშირად ყოფილა უჩვეულო, მაგრამ ასეთი სამხილი, არც ერთ საქმეში არ შემხვედრია! - გვითხრა გამომძიებელმა ნელი ოქრუაშვილმა.

...მის ბინაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ მხატვარ ბესო ბუმბიაშვილს (გვარ-სახელი აქაც და შემდგომშიც შეცვლილია) მაშინ შეატყობინეს, როცა სამხატვრო გალერეის ერთ-ერთ დარბაზში მისი რიგით მეოთხე გამოფენა მოეწყო. ამ გამოფენას რატომღაც «ბედნიერი დასასრული" უწოდა მხატვარმა.

ბევრმა ასეთი სათაური იმის მინიშნებადაც ჩათვალა, რომ შემოქმედმა ხატვისთვის თავის დანებება გადაწყვიტა. არავისთვის იყო
საიდუმლო, რომ ბოლო ხანს მან ბიზნესში გადაინაცვლა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო მხატვრობასთან. ბესომ ერთმანეთის მიყოლებით გახსნა რამდენიმე კაფე, ღამის ბარი, ბოლოს კი რესტორანიც.

მანამდე რამდენიმე წელი საზღვარგარეთ მუშაობდა, სადაც როგორც ამბობდნენ, საკმაოდ სარფიანად გაყიდა თავისი ტილოები და სოლიდური თანხაც ასე დააგროვა. საქართველოში დაბრუნებისთანავე 42 წლის
უცოლო მხატვარმა ორშვილიანი ქალი შეირთო ცოლად. მის რჩეულს, მშვენიერ მანანა რუხაძეს შვილები სხვადასხვა ქმრისგან ჰყავდა. მანანა მდიდარი ოჯახის განებივრებული დედისერთა გახლდათ, ქმრებსაც იოლად იცვლიდა და საყვარლებსაც...

მანანას მამას, რომელსაც ალავერდი ერქვა, სიძეები დიდად არ ანაღვლებდა. რაც მთავარია, მას ქალიშვილმა ორი ბოკვერივით შვილიშვილი აჩუქა, ბიჭებს თავისი გვარი მისცა და თავს ბედნიერად გრძნობდა.

ბესომ მანანა ერთ-ერთ ბომონდურ თავყრილობაზე გაიცნო. მათ ქორწინებას ჭორებიც მოჰყვა, აქ სიყვარული არაფერ შუაშია, ბესო ალავერდის ქონებას დახარბდაო. მხატვრის ახალფეხადგმული ბიზნესიც სიმამრის ფულებს მიაწერეს. ეს ბესოს ნაკლებად ანაღვლებდა. ბიზნესს აფართოებდა. ხატვით კი, როგორც თვითონ ამბობდა, ახლა გასართობად უფრო ხატავდა და გამოფენაც ამიტომ დაუგვიანდა...

გამოფენაზე მანანა და მისი უმცროსი ვაჟი, 19 წლის თენგიზიც უნდა მისულიყვნენ, მაგრამ რატომღაც დაიგვიანეს. ამიტომ ბესომ მას შემდეგ, რაც ტელეფონს არავინ უპასუხა, ახლობელი გაგზავნა შინ, გაიგე ერთი, სად არიან ამდენ ხანსო.

რუხაძეების საკუთარ ორსართულიან სახლს მაღალი გალავანი ერტყა. ოჯახის ახლობელმა ჯერ ჭიშკრის და შემდეგ სახლის კარი ბესოს გამოტანებული გასაღებით გააღო და... დაღუპულებსაც პირველი ის გადააწყდა...

ვახო გოგორელიანმა კარის გაღებისთანავე იგრძნო გაზის მძაფრი სუნი და მაშინვე ფანჯრებს მივარდა...

მანანა, ზურა და თენგო სწორედ გაზით გაგუდულები აღმოჩნდნენ, გოგორელიანის მიერ გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა ათიოდე წუთში მოვიდა. ბესო გამოფენიდან წამოიყვანეს, მე და ჩემი თანაშემწე გამომძიებელი მას ტრაგედიის ადგილზე დავხვდით. ბესოს მოსვლამდე უკვე ისიც გავარკვიეთ, რომ მანანას უფროსი ვაჟი - 21 წლის ზურა ცოტა ხნის წინ ნარკოლოგიურ კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს. ამჯერად იგი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, - გონდაკარგული იპოვეს თავის ოთახში, არავის ჰქონდა მისი გადარჩენის იმედი. ორი კვირა რეანიმაციაში იწვა და შემდეგაც ვერაფერს ამბობდნენ ექიმები სასიკეთოს (არადა, ბიჭი გადარჩა, თუმცა ორი თვის შემდეგაც ვერ აღიდგინა მეხსიერება სრულად). მანანასა და თენგოს გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.

ისიც შევიტყვეთ, რომ დედა-შვილის გაზით გაგუდვამდე და შესაბამისად, გამოფენის მოწყობამდე ცოტა ხნით ადრე, ოჯახის უფროსი, ალავერდი დაიღუპა მეტად უცნაურ ვითარებაში, - სააბაზანოში ნახეს მკვდარი. ექიმებმა ინფარქტი დაუდგინეს გარდაცვალების მიზეზად. მისი დაღუპვიდან ორმოცი დღეც არ იყო გასული, რომ მისმა მეუღლემ, ქეთომ ჩამოიხრჩო თავი. ბებია დილით იპოვა შვილიშვილმა თოკზე დაკიდებული, როცა გარაჟში მანქანის გამოსაყვანად შევიდა... ახლა კი მანანა და თენგო გაიგუდნენ გაზით...

- რა უბედურებაა ჩვენი ოჯახის თავს, ვინ გაგვთვალა, ვინ  დაგვწყევლა?! - ალუღლუღდა ბესო ცოლისა და გერის ცხედრებთან და განაგრძო, - მეც თავს უნდა ვიკლავდეო.

...საეჭვო არაფერი იყო თითქოს, მაგრამ მაინც არ მომეწონა მხატვრის უცრემლო ტირილი. ჰო, ასე იყო, - მიუხედავად სიტყვაუხვობისა, თვალთაგან წვეთი ცრემლიც არ დადენია.

უმცროსმა გამომძიებელმა კოტე ჯავახაძემ გვერდზე გამიყვანა:

- ქალბატონო ნელი, არ მჯერა ამ კაცის გულწრფელობის და რა ვქნა...

- მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ არანაირი სამხილი რომ არ ჩანს მის წინააღმდეგ?! - ავიჩეჩე მხრები...

კოტემ ხელში საძილე წვეთების ორი ცარიელი შუშა შეათამაშა, რომელიც ახალი შემოსული იყო თბილისში და რადგან ძლიერმოქმედ საძილე საშუალებად ითვლებოდა, იმ პერიოდში რეცეპტის გარეშე ვერავინ შეიძენდა.

- დავუშვათ, ეს წამალი მართლაც ექიმმა გამოუწერა მანანას, ორ ფლაკონს და ისიც ცარიელს რატომ ინახავდა საძინებელში?! - დაეჭვებული ჩანდა კოტე.

- წამლებთან ერთად ინახავდა?! - ვკითხე.

- ერთს კი... მეორე სანაგვე ყუთიდან ამოიღეს ჩვენმა ბიჭებმა...

სასტუმრო ოთახში გავედი, სადაც ბესო ბოლთას სცემდა და სიგარეტს სიგარეტზე უკიდებდა. ცარიელი ფლაკონები ვაჩვენე:

- ამ ძილის წამალს თქვენი მეუღლე სვამდა?!

- ზოგჯერ მეც... ერთი ამ დილით დაიცალა და სანაგვე ყუთში ჩავაგდე! - მომეჩვენა, რომ შეცბა, მაგრამ მისი პასუხი მაინც დამაჯერებელი გვეჩვენა.

- ამ წამალს რეცეპტის გარეშე ვერ იყიდდით აფთიაქში...

- ექიმიც გვყავს და რეცეპტიც მაქვს, რომელიც ახლაც ჯიბეში მიდევს. მინდოდა ისევ შემეძინა ამ დღეებში. ხომ იცით, მხატვრისთვის უძილობა ჩვეული ამბავია, მით უმეტეს, ამდენი უბედურება გამოვიარე... - გულის ჯიბიდან ამოღებული ტყავის საფულიდან აკურატულად დაკეცილი რეცეპტი ამოიღო  და გამოგვიწოდა.

...ცოტა ხანში ისევ გამიყვანა კოტემ გვერდზე: - თქვენც შეამჩნიეთ, ქალბატონო ნელი, იმ მხატვრის ცინიკური გამოხედვა?

- კიდევ კარგი, ექსპერტიზაზე სამზარეულოში გასარეცხად ჩაწყობილი ყველა ჭიქა გავაგზავნე. ამიტომ ვფიქრობ, არაფერი გამოგვეპარება... - დავამშვიდე ჩემი თანაშემწე.

მართლაც აღმოჩნდა, რომ ამ ჭიქებიდან ორი საძილე წვეთებისთვის გამოიყენეს. მხატვარს აქაც მზად ჰქონდა პასუხი: - ერთი ჭიქა ჩემი იყო, მეორე კი ჩემი ცოლისო...

გვამების გამოკვლევამ კი ცხადყო, რომ საძილე წვეთები მანანას ვაჟსაც ჰქონდა სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე მიღებული...

- რამდენად შესაძლებელია, რომ ძალით დააძინეს და გაზიც ამის შემდეგ გაუშვეს ბინაში? - ვკითხეთ ექსპერტს.

- ამის დასკვნა, სამწუხაროდ, არავის შეუძლია! - ექიმიც გაოგნებული ჩანდა.

- რის გამო უნდა მოეშორებინა მხატვარს ცოლი და გერი?! - ეჭვი გავუმხილე თანაშემწეს, - ის ხომ ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი იყო...

- სულაც არაა ასე საქმე! - რაღაც ქაღალდები დამიწყო წინ ახალგაზრდა კოლეგამ, - ეს ალავერდის ანდერძის ასლია. რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ გაიხსნა. მის მემკვიდრეთა შორის ბუმბიაშვილი არსადაა ნახსენები. ის კაფეებიც და რესტორანიც, რომელიც ვითომ საზღვარგარეთ ნაშოვნი ფულით გახსნა ჩვენმა მხატვარმა, ანდერძისა და საბუთების მიხედვით თენგიზ და ზურაბ რუხაძეების საკუთრებაა. აი, კიდევ ერთი საინტერესო საბუთი: მიუხედავად იმისა, რომ ბუმბიაშვილი მანანას მესამე ქმარია, კანონიერი მხოლოდ ეს მესამე ქორწინებაა, ისიც ალავერდის სიკვდილის შემდეგაა გაფორმებული. როგორც ჩანს, კაცი სიძეებს არ ენდობოდა და შვილს უკრძალავდა ხელის მოწერას, სიძეს რომ ქონებაზე პრეტენზია არ განეცხადებინა. არც ბუმბიაშვილი გახადა ალავერდიმ თავისი ოჯახის სრულუფლებიანი წევრობის ღირსად, მან მხოლოდ სიმამრის გარდაცვალების შემდეგ მოახერხა მანანასთან კანონიერად შეუღლება...

ახლა უკვე დარწმუნებული ვიყავით, რომ მთავარი დამნაშავე ბესო ბუმბიაშვილი იყო, მაგრამ როგორ უნდა მიგვემწყვდია კუთხეში მკვლელი, ეს იყო დასადგენი!

- ცოლისა და გერის დასაფლავება ვაცალოთ, მოდუნდეს, იფიქროს, რომ გამოძიება ფაქტობრივად შეწყდა... ჩვენ კი ამასობაში იქნებ ახალი სამხილებიც ვიპოვოთ! - სახლამდე მიმიყვანა კოტემ. ის იყო დაძინებას ვაპირებდი, რომ ახლა შინ მომადგა ღამის 11 საათზე:

- სასწრაფოდ ჩაიცვით, გამოფენაზე მივდივართ!

- რა დროს გამოფენაა ამ დროს? @- ვუსაყვედურე, - ვინ შეგვიშვებს შენობაში?!

- დირექტორიც გველოდება და ორი თანამშრომელიც!

...ადგილზე მისულები კოტემ ბუმბიაშვილის ნახატების დარბაზში შეგვიყვანა და ერთ-ერთი ნახატის წინ დამაყენა:

- რას ხედავთ, ქალბატონო ნელი?!

- ასაკოვან მამაკაცს, რომელიც წყალში შედის...

- და წყალი რაში ასხია?

- ზღვას არ ჰგავს... ნუთუ სააბაზანოა?! - გაოცება ვერ დავფარე.

- ახლა ამ ნახატს დააკვირდით, რომელსაც "სიბერე" ჰქვია და ასაკოვანი ქალბატონის თავზე სახრჩობელას ყულფი ქანაობს...

- მერე?! - ლამის მოთმინებამ მიღალატა.

- აი, კიდევ ერთი თემა: ახალგაზრდა ნარკომანი, რომელიც საფლავის წინ დგას. იმ საფლავს კი ყვავილების ნაცვლად, ნახმარი შპრიცები აყრია და ბოლო ნახატი სათაურით: "ბედნიერი დასასრული"... სხვათა შორის, გამოფენასაც ასე ჰქვია...

- ამ ნახატზე დედას ახალგაზრდა ვაჟი ნისლში შეჰყავს...

- ე.ი. სწორედ ნისლი, ანუ გაზი იქნება მათთვის უსასრულობაში შემავალი კარი... ნუთუ ვერ ხვდებით, ქალბატონო ნელი, რომ მხატვარმა მთელი თავისი სამოქმედო გეგმა ასახა თავის ნახატებში და ფაქტობრივად, სამხილი შექმნა იმისა, თუ როგორ უნდა მოეშორებინა "უმადური" ახლობლები თავიდან, რომლებმაც ის ოჯახის წევრადაც არ მიიღეს!

- გიჟი იყო, რომ ამგვარი სამხილი შეექმნა? - მაინც მიჭირდა დაჯერება.

- აბა, ნორმალური ფსიქიკის პატრონი გაიმეტებს ხუთ კაცს სასიკვდილოდ? - მხრები აიჩეჩა კოტემ...

...თავიდან უარობდა, მაგრამ ბოლოს მაინც აღიარა ბესომ, რომ რუხაძეების ოჯახის ყველა წევრი თვითონ მოიშორა თავიდან. ისე, როგორც გვითხრა, მხოლოდ სიმამრის მოშორება უნდოდა, მაგრამ მისი ანდერძის წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო დაიბოღმა და აღარც დანარჩენები დაინდო...

ეს იმ დროს მოხდა, როცა სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ არ იყო გაუქმებული. ბესოსაც სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს. თუმცა, მოიყვანეს თუ არა სასჯელი სისრულეში, არ ვიცი. მისმა ნათესავებმა გაასაჩივრეს, მხატვრის სიგიჟის დამტკიცებაც სცადეს...

რუხაძეების ქონების მემკვიდრე კი სასწაულებრივად გადარჩენილი ზურა გახდა, რომელსაც მეხსიერება აღუდგა და ისიც გაიხსენა, რომ ნარკოტიკს მამინაცვალმა შეაჩვია და სასიკვდილო დოზაც ძალით გაუკეთა იმ დღეს...


ქეთი
21 სექტემბერი 2015 01:07
ვის ავადმყოფ გონებაში დაიბადა ეს საზიზღრობა,შეამოწმეთ, მსგავსი რამ ხომ არა აქვს ჩადენილი
veronika
20 სექტემბერი 2015 21:54
ყველაზე დზნელი ის არის ოჯახში რომ ოჯახის წევრად არ მიგიღებენ. ამიტომ ბიჯებო ასეტ ბოზ-ქალებს და მატ ოჯახებს ერიდეტ.საკუტარი ოპლიტ ნაშრომი ალალია.
ქალების საყურადღებოტაც: სახლის დაპულის გამო უმადურებს ნუ გაჰყვებიტ ადამიანი აარჩიეტ და შეიყვარეტ დანარჩენს უპალი მოჰგცემტ. კიდევ მზიტვი დველმოდურია მაგრამ ქმრისიანებს სალაპარაკოს არ მისცემტ ტუ ცოტაოდენ მზიტვს მაინც წაიყოლებტ.
ალექსანდრე შენგელია
20 სექტემბერი 2015 21:39
ყოჩაღ ინგა! მომეწონა.მაინტერესებს, ნელი ოქრუაშვილი რეალური პიროვნებაა? ასეთი სახელისა და გვარის კარგა ხნის წინათ ჩემი შტატგარეშე კორესპონდენტი იყო გაზეთ \თბილისში~. მამამისი –გოგი ოქრუაშვილი გაზეთის განყოფილების გამგე იყო, ძმა კი ჯერ მთავარი პროკურატურის ერთ–ერთი ხელმძღვანელი, ბოლოს კი რესპუბლიკის სამხედრო პროკურორი.თავად ნელის 80–იანი წლების დასაწყისიდან აღარ შევხვედრივარ. ადრე ინგლისური ენის განხრიღ ჰქონდა მიღებული განათლება.რეალურია შენი პერსონაჟი?

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?