მოუხელთებელი შეფიცულები - კვირის პალიტრა

მოუხელთებელი შეფიცულები

(გაგრძელება. დასაწყისი #16, 17)

1998 წლის 19 ოქტომბრის საღამოს უშიშროების საბჭოს მდივანი   ნუგზარ საჯაია ფანჯრიდან ჩაფიქრებული გაჰყურებდა თბილისს.

- ნუგზარ, - მოესმა მოულოდნელად პრეზიდენტის ხმა. საჯაია სწრაფად შემობრუნდა.

- ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მესაუბრა. ელიავას ამბოხის გამო ამერიკელები საქართველოში ნავთობსადენის მშენებლობას წყვეტენ, - შევარდნაძის ხმაში შეშფოთება გაკრთა.

- კი მაგრამ, ფაქტობრივად ამბოხი დამთავრებულია და აჯანყებულები დისლოკაციის ადგილებზე ბრუნდებიან, - შენიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

- ნუგზარ, შენ მართლა ფიქრობ,  რომ ელიავას უკან გაბრუნება საკმარისი არგუმენტია ამერიკელების დასარწმუნებლად? - შევარდნაძე გაღიზიანდა, - გგონია, ის ხალხი მილიარდებს ჩაყრის ისეთ  ქვეყანაში, სადაც ვისაც არ ეზარება, ყველა სახელმწიფოს უქნევს მუშტებს?

საჯაია დუმდა.

- ელიავა უნდა დავიჭიროთ და თანაც სასწრაფოდ, - გაცხარდა მოულოდნელად პრეზიდენტი, - მაგრამ  ამის გაკეთება ვის დავავალო, აღარ ვიცი... იქნებ, შენ იცი, ნუგზარ? -  პრეზიდენტი საჯაიას პასუხს არც კი დალოდებია, ისე გავიდა კაბინეტიდან.

ნუგზარ საჯაია რამდენიმე წუთს გარინდებული იჯდა, შემდეგ თანაშემწეს დაავალა, - სასწრაფოდ კახა თარგამაძე მომიძებნეთო.

აკაკი ელიავა მთელი გზა დუმდა. როდესაც სენაკს მიუახლოვდნენ, რეზო ასმავას გადაულაპარაკა, - ჯარისკაცები და ტექნიკა დისლოკაციის ადგილებზე დააბრუნეთო.

- ჩვენ რა ვქნათ? - ჰკითხა ასმავამ.

- ჩვენ ტყეში მივდივართ, - იმედია, იქ ცხოვრებას ჯერ არ გადაჩვეულხარ, რეზო, - მწარედ გაეღიმა ელიავას, მერე დაამატა, - ცალ-ცალკე გავიდეთ, ასე აჯობებს, და  შემდეგ შევერთდებით. 4 დღის  შემდეგ ეკის ტყეში (სოფელი ეკი, - ნ.ბ.) დაგელოდები.

რეზო ასმავამ ელიავას თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გაიფიქრა, - მართალი ყოფილა, ყველა კვერცხი ერთ კალათაში არ უნდა ჩააწყოო.

1998 წლის 19  ოქტომბერს, გვიან საღამოს ამბოხებული ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა  დისლოკაციის ნაწილებში დაბრუნდნენ, ამბოხების ორგანიზატორები ორ ჯგუფად  გაიყვნენ და ტყეს შეაფარეს თავი. Aაკაკი ელიავასა და მის გარემოცვაზე სამართალდამცავებმა ნადირობა გამოაცხადეს.

20 ოქტომბრის საღამოს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ სახორაში, ერთ-ერთ ეზოსთან ორი ავტომანქანა გაჩერდა. მანქანიდან გადმოსულ სამხედროფორმიან, შავბერეტიან კაცს თვალცრემლიანი ქალი შეეგება.

- მამიდა, როგორ ხარ? - გადაეხვია ქალს კაკო ელიავა, - ესენი ჩემი მეგობრები არიან, - მიუთითა იქვე მდგომ რამდენიმე კაცზე. სტუმრები სახლში შევიდნენ.

- სად ხარ, კაკო, ოჯახში იციან რამე? - ეკითხებოდა მამიდა და ცალი თვალით ფანჯრიდან  ქუჩას ათვალიერებდა.

- სენაკში ვიყავი, შინ. იქიდან მოვდივარ, - მშვიდად უპასუხა ელიავამ.

- შინ? - გაოცდა ქალი, თან ფანჯარას არ შორდებოდა.

- მამიდა, ვიცი, გეშინია, ამიტომ დიდხანს არ დავრჩებით, ვივახშმებთ და წავალთ, - ანუგეშა კაკომ.

- შვილო, მე ერთი უბირი ქალი ვარ და ბევრი არაფერი გამეგება ამ პოლიტიკისა, მაგრამ მინდა გკითხო, ხომ არ ნანობ, რაც გააკეთე?

- ვნანობ? - ჩაფიქრდა ელიავა, - რაც მოხდა, მოხდა... ხომ ხედავ, ახლა რა დღეში ვარ და სინანულის დრო სად მაქვს, მაგაზე სიკვდილის წინ ვიფიქრებ, მანამდე კი ჯერ შორსაა, - ღიმილით თვალი ჩაუკრა მამიდას და სტუმრები სუფრასთან მიიპატიჟა.

ჩხოროწყუს პოლიციის უფროსს, ბადრი ქებურიას მოადგილემ მოახსენა, სახორაში ელიავა და მისი მეგობრები არიანო. განცვიფრდა, - ხომ არ გეშლებათ რამე, რა უნდა ელიავას სოფელში. მთელი საქართველოს პოლიცია კვალში უდგასო.

- რამდენიმე წყარომ ერთდროულად შემატყობინა, - ხელები გაშალა მოადგილემ.

- მარტოა მისული? - ჰკითხა ქებურიამ.

- არა. ორი მანქანით არიან, ხალხი ახლავს, მათ შორის ჯიხასკარელი ტერორისტებიც - გია მესხია და გია გვაზავა.

მოადგილის პასუხმა პოლიციის უფროსი ჩააფიქრა, - "თუ ის ჯიხასკარელები მართლაც დაინახეს, შესაძლოა ელიავაც იქ იყოს. უმაგათოდ კაკო ხომ ნაბიჯსაც არ გადადგამს.  ხომ შეიძლება ელიავა მართლაც სოფელში იყოს? თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა და მე თითი არ გავანძრიე, სამსახურში არავინ გამაჩერებს, თუ დავაკავეთ - შეიძლება დამაწინაურონ  და  ამ დაწყევლილ რაიონსაც მოვშორდე", - ქებურიას სიამოვნებით გაეღიმა კიდეც.

- მორიგე ჯგუფი გაუშვით, სოფელს უთვალთვალონ, მანამდე კი სამხარეოში დავრეკავ, - დაავალა მოადგილეს და ტელეფონს დასწვდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის შაქრო ბერიშვილის კაბინეტში იჯდა, როდესაც ტელეფონის ზარი გაისმა.

- ელიავა სახორაშია მამიდასთან სტუმრად. ახლახან შემატყობინეს ჩხოროწყუდან, - უთხრა მორიგემ. მურღულია გაშრა.

- ელიავას მთელი სამეგრელოს ტყეებში დავეძებთ, ის კი ჩვენს ცხვირწინ დასეირნობს და ქეიფსაც არ იკლებს, - უთხრა კაბინეტში შესულ სამხარეო პოლიციის უფროსს და ელიავას დაკავება ბრძანა.

ბინდდებოდა, როდესაც ელიავა მასპინძლებს დაემშვიდობა. ქუჩაში უამრავ ხალხს მოეყარა თავი. ყველას კაკოს ნახვა და მასთან საუბარი სურდა.

- რაც გავაკეთე, მხოლოდ ჩემი საქართველოსა და ჩემი პრეზიდენტისთვის (ზვიად გამსახურდიას გულისხმობდა, - ნ.ბ.) გავაკეთე. ბრძოლას არც ტყიდან შევწყვეტ, თუ ხელისუფლება სამეგრელოს ყურადღებას არ მიაქცევს, მაშინ სამეგრელოს საქართველოდან გამოვყოფთ, - პასუხობდა აკაკი ელიავა.

- კაკო, შენ შეიძლება კარგი კაცი ხარ და ხალხისთვისაც კარგი გინდა,  მაგრამ სოფელში სტუმრობას მოერიდე, - მოულოდნელად უთხრა ერთმა  მოხუცმა, - შენ წახვალ ტყეში და პოლიცია, როგორ ფიქრობ, ამ ხალხს თავზე ხელს გადაუსვამს?.. ჩვენი ბრძოლა ამ მიწაზე მუშაობაა და ამას შენ გამო პოლიცია თუ არ დამაცდის, მაშინ როგორ იქნება საქმე?

ირგვლივ სიჩუმე ჩამოწვა. ელიავამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან თავადაც იცოდა, მოხუცი სიმართლეს ამბობდა, ამიტომ პასუხის ნაცვლად მოსაუბრეს მხარზე ხელი მოუთათუნა და მანქანისკენ გაემართა.

აკაკი ელიავამ და მისმა მხლებლებმა სოფელი მშვიდობიანად დატოვეს. სოფლელები ჯერ კიდევ ქუჩაში იდგნენ, როდესაც სირენების გაბმული ხმა მოესმათ. პოლიციის ათამდე მანქანა ელიავას მამიდის სახლის წინ გაჩერდა.

- დაგაგვიანდათ, გაგასწროთ კაკომ, - ჩაეცინა ერთ მეზობელს. უნებურად ღიმილმა ყველას სახეზე გადაურბინა.

პოლიციელები სოფელში გვიანობამდე ტრიალებდნენ, სოფლის დაშინებაც სცადეს, მაგრამ ელიავასა და მის კაცებზე ახალი მაინც ვერაფერი შეიტყვეს. იმ ღამესვე ცნობილი გახდა, რომ კაკო ელიავა  და მისი რაზმი სენაკშიც დაუძვრნენ ხელიდან სამართალდამცავებს.

1998 წლის 23 ოქტომბერს სოფელ ეკის ტყეში ელიავას შეფიცულებს რეზო ასმავაც შეუერთდა.

- ნამდვილი სამხედრო ბანაკი მოგიწყვია, კაკო, - კმაყოფილი ჩანდა რეზო ასმავა, - ადგილიც კარგად გაქვს შერჩეული. სოფელი გორაზეა და ნებისმიერი ხიდან იოლია გზების გაკონტროლება.

- გარდა ამისა,  წელიწადის ამ დროს მხოლოდ ორხიდიანი მანქანა თუ მოახერხებს ამოსვლას, - საუბარში ჩაერთო–ელიავას მეგობარი გოჩა ლაგვილავა.

- რას ფიქრობენ ჩვენზე სოფელში? - იკითხა ასმავამ.

- "ტყის შეფიცულები" შეგვარქვეს. მაგრამ მე "მოუხელთებელი შეფიცულები" მირჩევნია, - გაეცინა ლაგვილავას, - რაც ჩვენ აქ ვართ,   მეზობელ სოფლებში საქონლის ქურდობა და ყაჩაღობა შეწყდა, მაგრამ მხოლოდ ერთი რამის ეშინიათ აქაურებს - ჩვენს გასანადგურებლად სოფელი არ დაბომბონ.

- არც ეგ არის გამორიცხული, - ჩაილაპარაკა რეზო ასმავამ.

სამართალდამცავები კი უშედეგოდ დაეძებდნენ აკაკი ელიავას და მის რაზმს.

1995 წლის 15 ნოემბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. თუმცა მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო ეკის ტყეში გაბატონებული ელიავასკენ, რომელიც განცხადებას განცხადებაზე აკეთებდა: ხალხი მთელ რეგიონებში იარაღდება და ჩვენთან შემოერთებას აპირებს. როგორც კი საკმარისი ხალხი და იარაღი გვექნება, საქართველოში საყოველთაო ამბოხს მოვაწყობთ. თუ შევარდნაძე თავად არ დანიშნავს ვადამდე არჩევნებს, ამის გაკეთებას იარაღით ვაიძულებთო...

20 ნოემბერს პრეზიდენტის კანცელარიაში  უშიშროების  საბჭოს დახურული სხდომა მიმდინარეობდა.

- როგორ შეიძლება ტყეში გავარდნილი კაკო ელიავა, რომლის ყველა ნაბიჯს, კაცმა რომ გკითხოს, შენ აკონტროლებ, კახა, ასეთ განცხადებებს აკეთებდეს? - ბობოქრობდა პრეზიდენტი.

შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე ჩუმად იჯდა და ამაოდ ცდილობდა გაეხსენებინა, ელიავას რომელ განცხადებას გულისხმობდა შევარდნაძე.

- ბატონო პრეზიდენტო, არა მგონია, ელიავას მოწოდება ფართომასშტაბიანი ამბოხის შესახებ, სერიოზული იყოს, - შენიშნა ნუგზარ საჯაიამ.

- აპრილში რომ გვატყობინებდნენ ელიავას მოსალოდნელი ამბოხის შესახებ, არც მაშინ გეჩვენებოდათ ეს სერიოზულად, - გაცხარდა პრეზიდენტი, - ცოტა ხნის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, - კარგი, ამჯერად რა ვიცით ელიავას შესახებ?

- დღეისთვის სამეგრელოს ტყეებში, კერძოდ, სოფელ ეკის და უშაფათის ტყეებში 250 კარგად შეიარაღებული კაცია.

- მათი უმრავლესობა  აფხაზეთშია ნაომარი, ანუ საბრძოლო გამოცდილება აქვთ, - სიტყვა ჩაურთო უშიშროების მინისტრმა ჯემალ გახოკიძემ.

- ეს რაზმი უშუალოდ ელიავას ემორჩილება, - განაგრძო თარგამაძემ, - თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ტყეებში კიდევ არიან პატარ-პატარა შეიარაღებული რაზმები, რომლებიც ადრე თუ გვიან ელიავას შეუერთდებიან.

- რამდენჯერ დაგისხლტათ ელიავა ხელიდან? - სიტყვა შეაწყვეტინა პრეზიდენტმა. ამ კითხვამ შინაგან საქმეთა მინისტრი დააბნია.

- ალბათ ექვსჯერ...

- ამის შემდეგ როგორ ფიქრობ, შინაგან საქმეთაA მინისტრი რას უნდა აკეთებდეს?

კახა თარგამაძე საქმის ასე მობრუნებას არ ელოდა და გაშრა.

- შემიძლია გადავდგე, ბატონო პრეზიდენტო, - უპასუხა გაფითრებულმა.

- მერე შენ მაგივრად მე ვდიო იმ ყაჩაღს? - ჰკითხა შევარდნაძემ, - ხომ იცით, ნავთობსადენის მშენებლობა რა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, დავიღალე ამერიკელებთან ხვეწნით, ცოტა დრო მოგვეცით-მეთქი. ასე რომ, ელიავას პრობლემა უახლოეს ხანში მოხსნილი უნდა იყოს და ეს,  ჯემალ, შენც გეხება, - შევარდნაძემ პირქუში მზერა ესროლა უშიშროების მინისტრს.

- ბატონო ედუარდ, იქნებ სპეცოპერაცია ჩავატაროთ, - იკითხა კახა თარგამაძემ.

- მაგაზე მეც ვიფიქრე, - კუშტად მიუგო პრეზიდენტმა, - რა თქმა უნდა, ტყეში ელიავას რაზმების განადგურება შეგვიძლია, მაგრამ ხვალ თუ სპეცოპერაციას ჩავატარებთ, ზეგ  ათ და ოც ახალ ელიავას მივიღებთ. ამან კი შეიძლება კვლავ სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანოს. სპეცოპერაცია გამორიცხულია. დაიწყეთ მოლაპარაკებები. რაც გინდათ, ქენით, ან შემოირიგეთ, ან... - ხელი ჩაიქნია პრეზიდენტმა.

"ან მოკალით. ეს ხომ  მარტივია. არ არის კაცი - არ არის პრობლემა", - გაიფიქრა  შინაგან საქმეთა მინისტრმა.

1-ელ დეკემბერს, დილით კაკო ელიავას შეატყობინეს, შენი ნახვა  უშიშროების  მინისტრის მოადგილეს, ლევან კენჭაძეს უნდაო.

- შეხვდით, მაგრამ არ ენდოთ.  ისინი მხოლოდ დაპირებებს იძლევიან. არ დაგავიწყდეთ, რა უქნეს ესებუას, არც თქვენ დაგინდობენ, - გააფრთხილა გია მესხიამ ელიავა.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)