"მარტოხელა მგლების" ტერორი
27-03-2017
"მარტოხელა მგლების" ტერორი
"ევროპას დააჩოქებს ხალიფატის "მარტოხელა მგლების" ტერორი"

ხალიფატის ვიდეომიმართვიდან, 28 ნოემბერი, 2016 წ.

"ჩემი ფიქრები, ლოცვა და ღრმა თანაგრძნობა მიმართულია მათკენ, ვისაც ეს ძალადობრივი აქტი შეეხო. მე ვიცი, რომ ვსაუბრობ მთელი ქვეყნის სახელით, - მინდა გამოვხატო უდიდესი მადლიერება და აღფრთოვანება პოლიციის თანამშრომლებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც თავგანწირვით ეხმარება ხალხს და იცავს მათ".

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე. 23 მარტი, 2017 წ.

22 მარტის დილიდან, ლონდონის ცენტრში, ვესტმინსტერის ხიდზე ხალხმრავლობა
იყო. იქვე, პარლამენტის შენობასთან, თავს იყრიდნენ ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები - საზოგადოება პარლამენტიდან "ცხელ ამბებს" ელოდა. შუადღისას, დაახლოებით 14.40 საათზე, ხიდზე ავტომობილი გამოჩნდა და რამდენიმე წამში სისხლიანი კალოც დატრიალდა. სწრაფად მოძრავი მძღოლი ფეხით მოსიარულეებს ჭყლეტდა... ხიდი გადაირა, პარლამენტის შენობისკენ გაემართა, მერე მანქანა გააჩერა და დანით თავს
დაესხა პოლიციელს, რომელიც მის შეჩერებას ლამობდა. დამნაშავე პარლამენტის შენობასთან მოკლეს...

დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში­ მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ის ბრიტა­ნ­ეთის თავდაცვის მინისტრის დაცვის წევრი აღმოჩნდა (თავად მინი­სტრი,­ პრემიერთან ერთად, პარლამენტში იმყოფებოდა). ვესტმინსტერის ტერაქტს 5 კაცი ემსხვ­ერ­პლა, 40 - მძიმედ დაშავდა, აქედან 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია. მაშველებმა მოახერხეს ერთ-ერთი დაშავებული ქალბატონის მდინარე ტემზიდან ამოყვანა, რომელიც ტრაგედიის დროს ხიდიდან­ გადახტა. მისი მდგომარეობაც ძალიან მძიმეა.

მომხდარის შემდეგ სამართალდამცავებმა გადაკეტეს მიმდებარე მეტროპოლიტენის სადგური, პარლამენტის შენობა დაიკავეს ბრიტანეთის სპეცდანიშნულების ნაწილებმა... მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოხერხდა პარლამენტიდან ხალხის გამოყვანა. მოგვიანებით გამოძიებამ დამნაშავის ვინაობა დაადგინა - ის აღმოჩნდა კენტის საგრაფოს მკვიდრი, 52 წლის მასწავლებელი ჰალიდ მასუდი, რომელმაც სამართალდამცავების ყურადღება ჯერ კიდევ გასული­ საუკუნის 80-იან წლებში მიიქცია­ - კრიმინალური შემთხვევების გამო არაერთხელ გახდა ინგლისური ციხის "სტუმარი". გამოძიება აცხადებს, რომ ისლამის რადიკალურ იდეებს ჰალიდ მასუდი მორიგი ტუსაღობისას, 2003 წელს ეზიარა. პოლიციამ ლონდონის ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ 9 კაცი დააკავა, მათ შორის ჰალიდ მას­უდის მეგობარი ქალბატონიც. თუმცა 6 პირი­სთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა­ სახელმწიფომ" აიღო.
ტერაქტის შეფასებისას ბრიტანეთის სპეცსამსახურები შეთანხმდნენ, რომ ყველაზე სუსტი წერტილი აღმოჩნდა ჭიშკარი, რომელსაც პარლამენტის შენობისკენ მივყავართ. ის ღია იყო, რადგან პარლამენტში მთავრობის წევრები მიდიოდნენ. სწორედ ამით ისარგებლა ტერორისტმა პარლამენტამდე მისაღწევად.

"პანიკა მაშინ დაიწყო, როცა თქვეს, რომ რამდენიმე უბანში ბომბი იყო ჩადებული"

"მარტოხელა მგლების" ტერორი ამით არ დამთავრებულა. მეორე დღეს, 23 მარტს, დილის 10.45 საათზე, ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის ცნობილ სავაჭრო უბანში, სადაც ყოველდღიურად ათიათასობით ტურ­ისტი­ თუ ადგილობრივი იყრის თავს (ამავე ქუჩაზე მდებარეობს რუბენსის მუზეუმიც), დიდი სიჩქარით მომავალი ავტომობილი შენიშნეს. იმ დროს მეერის ქუჩაზე იმყოფებოდა ქართველი სტუდენტი ნიკა გოგიაშვილი, რომელმაც ნანახის შესახებ "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად უამბო:

- მეერის ქუჩა ანტვერპენის ყველაზე ხალხმრავალი ქუჩაა. სამსახურში ყოველდღე­ ამ გზით დავდივარ. იმ დილით ფეხით მოსიარულეებმა მოულოდნელად პოლიციის სწრაფი გადაადგილება შევნიშნეთ. შემდეგ დავინახეთ, როგორ უახლოვდებოდა სწრაფად მომავალი ავტომობილი მეერის ქუჩას. მძღოლი, რომელიც შუქნიშანზე ამკრძალავი ზოლის გადმოჭრას ცდილობდა, მიხვდა, რომ პოლიცია მის შეჩერებას ცდილობდა და მიმართულება შეცვალა - სანაპიროსკენ დაიძრა, სადაც დააკავეს კიდეც. მისი მანქანიდან რამდენიმე სახეობის იარაღი ამოიღეს... ეს რამდენიმე წუთში გავიგეთ და მხოლოდ მაშინ გავაცნობიერეთ, რა ხდებოდა. პოლიციის ადეკვატური რეაგირების გამო ქუჩაში პანიკა არ ყოფილა. პანიკა დაიწყო მოგვიან­ებით, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქის რამდენიმე უბანში ბომბი იყო ჩადებული.

მეერის ქუჩის პირდაპირ ანტვერპენის­ ცენტრალური რკინიგზის სადგურია, მეც იქით გავწიე, რადგან ზუსტად ერთი წლის წინ ბრიუს­ელში მომხდარი ტერაქტის შემ­დეგ­ (2016 წლის 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტსა­ და მეტროპოლიტენში­ აფეთ­ქებებს 32 კაცი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა ტერაქტზე "ისლამურმა ხალიფატმა"­ აიღო) ბელგიაში უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა დაცული. ტერორისტები მუდმივად ავრცელებდნენ ვიდეომიმართვებს და ანტვერპენის ცენტრალის აფეთქებით იმუქრებოდნენ...

რკინიგზის სადგურის მთავარი შესასვლ­ელი პარალიზებული დამხვდა, პოლიციელები ყველას საბუთების წარდგენას გვთხოვდნენ. ხალხი პანიკამ მოიცვა, ქალაქის თავზე სამხედრო შვეულმფრენები დაფრინავდნენ. პოლიციამ გვითხრა, ქალაქს სრულად ვაკონტროლებთო, მაგრამ მაინც გვირჩიეს, შინ წავსულიყავით და რამდენიმე დღე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მოვრიდებოდით...
ბელგიელები ისე მიეჩვივნენ ასეთ რეჟიმში ცხოვრებას, რომ ქუჩაში შეხვდებით სამხედრო ტექნიკას, სხვადასხვა იარაღით აღჭურვილ სამართალდამცავებს და ფრანგულ მოტივებზე აცეკვებულ გამვლელებს...
ანტვერპენის არშემდგარი ტერაქტის შემსრულებელი აფრიკელი წარმოშობის 47 წლის მუჰამედ რეენსი აღმოჩნდა. მისი თანამზრახველების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

სანამ "ისლამური სახელმწიფო" ცდილობს "მარტოხელა მგლების" საშუალებით ევროპას თავი შეახსენოს, ამერიკული კოალიცია სირიაში "ხალიფატის" დედაქალაქ რაკკას ასაღებად ემზადება. სირიის ფრონტებზე ყველა მოთამაშემ კარგად იცის, რომ ვინც რაკკას აიღებს, ის დაეპატრონება სირიას. თუმცა "ისლამურმა სახელმწიფომაც" იცის, რომ ტერიტორიების გარეშე ის ჩვეულებრივი ტერორისტული ორგანიზაცია გახდება; ამიტომ "ხალიფატი" დანებებას არ აპირებს და რაკკაში გამაგრებული 4000-მდე მებრძოლი ქალაქის დაცვას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე აპირებს. ჩვენთვის უცნობია, იმყოფებიან თუ არა რაკკაში სირიაში საბრძოლველად წასული საქართველოს მოქალაქეები, რომელთა რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 23 უნდა იყოს...

ჩეჩნეთი, ნაურის რაიონი


24 მარტს, ღამით, 2.30 საათზე, ჩეჩნეთში­, ნაურის რაიონში, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ეროვნული­ გვარდიის ერთ-ერთ ნაწილზე მიიტანეს იერიში, შეიარაღებულები ცდილობდნენ საერთო საცხოვრებლის კორპუსთან მიღწევას, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა. დაიღუ­პა ეროვნული გვარდიის 6 თანამშრომელი და დაიჭრა სამი, ყველა თავდამსხმელი დაიღუპა. პასუხისმგებლობა მომხდარზე აქაც "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ნაურში მომხდარი ერთგვარი გამოწვევაა რამზან კადიროვისთვის, რომელიც უკვე წლებია, ამტკიცებს, ჩეჩნეთში "შაითანური" ბუდეები კარგა ხანია მოისპოო. ექსპერტთა აზრით, თავდამსხმელების მიზანი ბაზაში დაცული იარაღის და სამხედრო ტექნიკის დაპატრონება იყო. გამოძიებამ უკვე დაადგინა დამნაშავეების ვინაობა - სამი მათგანი რუსეთიდან არის, ხოლო სამი - ადგილობრივი ჩეჩენია...

ნიცა


ტერაქტებში სატ­რანსპორტო საშუალება პირველად 2016 წლის 14 ივლისს ნიცაში გამოიყენეს. იმ დღეს ინგლისის სანაპიროზე თავი მოეყარა ათასობით ადამ­ი­ანს, რომლებიც ბასტილიის აღების დღეს ზეიმობდნენ... მოულოდნელად, 19-ტონიანი სატვირთო მანქანა ხალხში შევ­არდა და ჭლეტა დაიწყო. ნიცის ტერაქტის დროს დაიღუპა 85 კაცი და დაშავდა 308. მას შემდეგ ავტომობილმა ე.წ. ევროპულ ტერაქტებში შაჰიდის ქამარი ჩაანაცვლა.

ნინო ბურჭულაძე
tvalsazrisi
14 აპრილი 2017 19:03
ძიტრს ომები! ძირს ხოცვა-ჟლეტა მშვიდობიანი მოსახლეობისა და არამარტო!
ძირს ბიზნესი, რომელიც ხოცვა-ჟლეტისთვის მუშაობს!
ყველა ქვეყანამ მხოლოდ მშვიდობიანად იურთიერთოს სხვა ქვეყნებთან.

რედაქტორის რჩევით