ქიმიური ჯოჯოხეთიომის ახალი ფაზა სირიაში - კვირის პალიტრა

ქიმიური ჯოჯოხეთიომის ახალი ფაზა სირიაში

2017 წლის 4 აპრილს, დილით, 6.30 საათზე, სირიის პროვინცია ელ ჰაბიტში, სოფელ ხან-შეიჰუნს სამხედრო თვითმფრინავებმა გადაუფრინეს. ცნობილი გახდა, რომ ელ ჰაბიტის პროვინციაში სირიის თვითმფრინავებმა განახორციელეს ე.წ. ქიმიური იერიში...

"ქიმიური იერიშის დროს საშინელი სიკვდილით დაიღუპნენ ქალები და ბავშვები, ულამაზესი ჩვილები. სარაკეტო დარტყმა ავიაბაზაზე, სადაც იყო ქიმიური იარაღის საწყობი და საიდანაც განხორციელდა ქიმიური იერიში, მოხდა იმიტომ, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების აღკვეთა აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესებში შედის".

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

"როცა პირველი რაკეტა დაეცა ავიაბაზას, ყველას გვეძინა და შოკით გავიღვიძეთ. თავი სიზმარში გვეგონა. ამ დროს დაეცა მეორე რაკეტაც, მერე მესამეც. სადღაც ხანძარმაც იფეთქა... როცა დაიყვირეს, თვითმფრინავები აღარ ჩანსო, მაშინ გამოვფხიზლდით... ყველაზე მეტად აეროდრომის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი დაზიანდა, მათ შორის საბრძოლო მასალების რამდენიმე საწყობი. განადგურდა რამდენიმე თვითმფრინავი "მიგ-23". ხანძარი საწვავ-საპოხი მასალების საწყობს გასჩენია. საწვავის გადარჩენას ამაოდ ვცდილობდით. მხოლოდ ერთი რამ გვაფიქრებდა - ასაფრენი ზოლი... როცა ის უვნებელი ვნახეთ, ყველამ შვებით ვიყვირეთ - ბაზა გადარჩა. გვყავდა დაღუპულები. მერე გავიგეთ, რომ მეზობელ სოფელშიც დახოცილიყვნენ..."

ავიაბაზის თანამშრომლის ნაამბობიდან

7 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე, ხმელთაშუა ზღვიდან (ავიამზიდები "პორტერი" და "როსი") აშშ-მა 59 ფრთოსანი სარაკეტო ("ტომაჰავკი") დარტყმა განახორციელა სირიაში, ჰომსის პროვინციაში, ელ შაირათის ავიაბაზაზე. პალმირას და დეირ ეზ ზორს შორის მდებარე ეს ავიაბაზა სირიის სამხედრო საჰაერო ძალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლაცდარმია "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში.

"ტომაჰავკების" სამიზნე ელ შაირათი იმიტომ გახდა, რომ იყო ინფორმაცია ავიაბაზის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის (ნევროპარალიტიკური გაზი) მარაგის შესახებ, გარდა ამისა, ამერიკის სამხედრო წრეები აცხადებდნენ, რომ ამ ავიაბაზიდან მიიტანეს ე.წ. ქიმიური იერიში იდლიბზე.

7 აპრილს, დილით, ელ შაირათის დაბომბვიდან რამდენიმე საათში, "ისლამურმა სახელმწიფომ" დაიწყო მასირებული შეტევა ავიაბაზის მიმდებარე რაიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვან პატარა ქალაქ ელ ფურკალაზე. ელ შაირათში მომხდარით ჯერ კიდევ გაოგნებული სირიის სამთავრობო ჯარებისთვის ამჯერად სახმელეთო იერიში მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა იმ დღეს "ხალიფატმა" მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია - სირიის არმიამ მისი შეჩერება დროებით, მაგრამ მაინც მოახერხა. თუმცა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ საჰაერო მხარდაჭერის გარეშე სამთავრობო ჯარებს ქალაქის შენარჩუნება გაუჭირდებათ, რის შემდეგაც "ხალიფატის" ახალი სამიზნე უკვე ავიაბაზა ელ შაირათი გახდება.

"აბუ ივანკა ალ ამერიკა" - ივანკას მამა

აშშ-ის პრეზიდენტს გადაწყვეტილება მოუწონა ევროკავშირმა, ზოგიერთი არაბული ქვეყნის მოსახლეობა კი პრეზიდენტს მადლობას უხდის და სოციალურ ქსელებში დონალდ ტრამპს მოფერებით "აბუ ივანკა ალ ამერიკად", ანუ "ივანკას მამად" მოიხსენიებს... თუმცა ელ შაირათის ოპერაციას ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა. რუსეთის და ირანის შემდეგ განცხადებები უკვე აშშ-შიც კეთდება, სადაც პრეზიდენტის მცდელობას, დაიკავოს პუტინის ადგილი სირიაში, უგუნურს უწოდებენ... ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ 7 აპრილის სამხედრო ოპერაცია არ ყოფილა იდლიბის ქიმიური შეტევის გამოძახილი, ის უფრო ადრე დაიგეგმა, რაც მეტყველებს, რომ შეერთებულ შტატებს სირიაში ინტერესები არ განელებია.

ასადის "ქიმიური" საგა

2017 წლის 4 აპრილს, დილით, 6.30 საათზე, სირიის პროვინცია ელ ჰაბიტში, სოფელ ხან-შეიჰუნს სამხედრო თვითმფრინავებმა გადაუფრინეს. მოგვიანებით, ერთ-ერთი სამხედრო დაჯგუფების - "ჯეიშ ან ანსერის" მეთაურის, მუჰამედ რაშიდისგან ცნობილი გახდა, რომ ელ ჰაბიტის პროვინციაში სირიის თვითმფრინავებმა განახორციელეს ე.წ. ქიმიური იერიში, ასევე ცნობილი გახდა შემთხვევის ადგილი და ეს სოფელი ხან-შეიჰუნი აღმოჩნდა... ქუჩაში მოწამლული ადამიანების ფოტოებმა მსოფლიო შეძრა, გაეროს ბავშვთა ფონდის, "იუნისეფის" ცნობით, ქიმიურ იარაღს 27 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, საერთო ჯამში 58 კაცი დაიღუპა (ზოგიერთი მონაცემით, 70-ს აჭარბებს), დაჭრილია 546 ადამიანი...

5 აპრილს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრისგან ცნობილი გახდა, რომ მოწამლულთა ორგანიზში ზარინი აღმოჩნდა (ნევროპარალიტიკური გაზის ერთ-ერთი სახეობა). მომხდარში მეამბოხეებმა ასადის რეჟიმი დაადანაშაულეს, სირიის ხელისუფლებამ კი - ტერორისტული დაჯგუფებები.

მსოფლიომ იმავე დღეს დაგმო ხან-შეიჰუნის ტრაგედია და ბაშარ ასადი კიდევ ერთხელ ამხილა ქიმიური იარაღის გამოყენებაში. სირიის მხარდაჭერა რუსეთმა სცადა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დღემდე ჯიუტად აცხადებენ, რომ სირიის თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს მხოლოდ იარაღის საწყობებზე, სადაც ქიმიური იარაღის კუსტარული საამქროებიც იყო განლაგებული... მეტი დამაჯერებლობისთვის აცხადებდნენ - სწორედ ამ ტიპის ქიმიურ იარაღს იყენებდა "ხალიფატი" ალეპოს ოპერაციისასო...

ბაშარ ასადისთვის მსგავსი ბრალდება პირველი არ არის - სირიის კონფლიქტის პერიოდში მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღი უკვე ბევრჯერ გამოიყენეს. მხოლოდ 2013 წელს ის 123-ჯერ გამოიყენა სირიის ხელისუფლებამ, მათ შორის უდიდესი - გუტის ტრაგედიაა.

2013 წლის 21 აგვისტოს, ღამით დაიბომბა დამასკოს ერთ-ერთი საცხოვრებელი უბანი გუტა. ბომბების თავებში საერთო ჯამში 350 ლ ზარინი იყო მოთავსებული.

ამ "ქიმიურ ღამეს" 1400-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა, დაშავდა 10 000-მდე კაცი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო რუსეთსა და აშშ-ს შორის ხანგრძლივი და მძიმე მოლაპარაკება სირიის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის განადგურების თაობაზე. საბოლოოდ, შეთანხმება შედგა და დამასკომ ხელი მოაწერა ჟენევის კონვენციას ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვაზე. რუსეთს უნდა უზრუნველეყო ქიმიური იარაღის მარაგების გატანა სირიის ტერიტორიიდან. 2015 წლის თებერვალში რუსეთმა განაცხადა, რომ სირია თავისუფალი იყო ქიმიური იარაღისგან, თუმცა ერთი თვის თავზე იდლიბის პროვინციის ქალაქ სერმინში სირიის არმიის შვეულმფრენმა ქლორით სავსე ბომბები ჩამოყარა. იყო მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის.

რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არც ტერორისტული ორგანიზაციები ჩამორჩნენ. 2016 წლის 5 აპრილს "ისლამურმა სახელმწიფომ""ქიმიური იარაღი გამოიყენა დეირ ეზ ზორში ავიაბაზაზე შეტევის დროს. ამ შეტევისას "ხალიფატის" მებრძოლებიც დაზარალდნენ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც, რომლებიც შინ ახლობლებს სწერდნენ, რომ სწორედ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო კვირების განმავლობაში იყვნენ მძიმე მდგომარეობაში. ქიმიური იარაღი, კერძოდ, ქლორი გამოიყენეს 2016 წლის სექტემბერში მარტ უმ ჰაუშის საცხოვრებელი უბნის დაბომბვისას. მომწამვლელმა ნივთიერებამ, იპრიტმა დააზიანა 40 კაცი; ნოემბერში მოჯაჰედებმა ალეპოს ოპერაციის დროს გამოიყენეს ქლორითა და თეთრი ფოსფორით დატენილი ბომბები.

ქლორი - მხუთავი მომწამვლელი ნივთიერება, უპირველესად მოქმედებს ბრონქებსა და ფილტვებზე, შესაძლოა, გამოიწვიოს ფილტვების დაწვა, დიდი დოზის შემთხვევაში კი სიკვდილი. ამის გამო, ჟენევის კონვენციით, მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვის აკრძალულია.

საინტერესოა, რომ 2017 წლის 20 მარტს სირიის სპეცსამსახურებმა განაცხადეს - ზოგიერთი რადიკალური დაჯგუფება გეგმავდა, უახლოეს ხანში გამოეყენებინა ქიმიური იარაღი ასადისა და მისი მოკავშირეების დისკრედიტაციისთვისო.

თუ სირიელ სპეცსამსახურებს დავუჯერებთ, ქიმიურ იარაღს სირიის ტერიტორიაზე, ასადის და "ხალიფატის", გარდა უკვე დაჯგუფება "ჰაიატ ტაჰრირ აშ შამიც" ფლობს (ჩვენი ინფორმაციით, ამ გაერთიანებაში უნდა იყოს ორი ქართველი საველე მეთაურიც თავისი სამხედრო დაჯგუფებებით), რომელსაც ჯერ ვერ გაურკვევია, ჩაერთოს ბრძოლაში "ყველა ყველას წინააღმდეგ", თუ გააგრძელოს ომი ასადის რეჟიმთან. როგორც ჩანს, ქიმიურ შეტევებს კვლავ უნდა ველოდოთ. თუმცა, როგორც თეთრი სახლი ამტკიცებს, "ტომაჰავკებს" - ნაკლებად, რადგან ავიადარტყმა ელ შიარათის ბაზაზე""ერთჯერადი გაფრთხილება" იყო.

7 აპრილს სირიაში აშშ-ის სარაკეტო დარტყმების დროს ელ შაირათის ბაზაზე დაიღუპა 5 კაცი, დაიჭრა 10-ზე მეტი. პენტაგონმა განაცხადა, რომ არ აქვს მონაცემები ოპერაციის დროს დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ, აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, დაიწყეს გამოძიება იდლიბის ქიმიური შეტევისას რუსული თვითმფრინავების მონაწილეობის შესახებ... თავის მხრივ, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, გაზარდოს სამხედრო კონტინგენტი სირიის ტერიტორიაზე და ტერორიზმთან ბრძოლა უფრო გაააქტიუროს."როგორც ჩანს, ომი სირიაში სულ სხვა ფაზაში გადადის და - სულ სხვა მოთამაშეებით...

ნინო ბურჭულაძე