"ვიდექით ტერორისტების პირისპირ მხოლოდ ერთი იარაღით - რწმენით" - კვირის პალიტრა

"ვიდექით ტერორისტების პირისპირ მხოლოდ ერთი იარაღით - რწმენით"

"ორიოდე კვირის წინ მუჰრადას ისლამისტები სამი მხრიდან უტევდნენ. ისლამისტები წინასწარმეტყველებდნენ: "აღდგომა არ დადგება მუჰრადაში!" - "ისლამური სახელმწიფო" სოციალურ ქსელებში მხარდამჭერებს ქალაქის აღებისთვის ბონუსად ქრისტიანებზე ნადირობას სთავაზობდა..."

პატარა ქალაქი მაალულია (4500 მცხოვრები) 2000 წელია ქრისტიანებისთვის წმინდა ადგილად ითვლება. აქ მდებარეობს მოციქულთა სწორის, წმინდა თეკლეს ტაძარი. მაალულიაში ქრისტეს ენაზე (არამეულის ერთ-ერთ კილოზე) ლაპარაკობენ

"იესო ქრისტე ჩვენს მიწაზე (იგულისხმება დიდი სირია, რომელშიც პალესტინის მიწებიც შედიოდა. - ავტ.) დაიბადა, ჩვენს მიწაზე ცხოვრობდა და ამაღლდა. ქრისტიანობა ჩვენს მიწაზე აღმოცენდა და პეტრე და პავლე მოციქულებმა სწორედ აქ დააარსეს ეკლესია, სირიის მიწიდან წაიღო ქრისტიანობის დროშა წმინდა პავლემ და რომამდე ჩაიტანა. ქრისტიანობამ აჩუქა ხალხს მშვიდობა და სიყვარული, ამიტომ მის მიმდევრებს ომი არასდროს გვნდომებია".

ეპისკოპოსი ლუკა საედნაიელი, სირია

"მიუხედავად ყოველდღიური შიშისა, ბევრი ქრისტიანი ჯიუტად არ ტოვებს სახლს, რადგან კარგად იციან, თუ ქრისტიანები წავლენ სირიიდან, თითქმის ორიათასწლიანი ისტორია ქრისტიანობისა ამ მიწაზე სამუდამოდ დასამარდება".

იანუსუ ზაბეზი, ჟურნალისტი, ქალაქი მოსული, 2016 წლის ნოემბერი

მუჰრადას წმინდა გიორგი

სირიის დასავლეთით, ხამის პროვინციის პატარა ქალაქი მუჰრადა, რომელსაც აქამდე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის ეგნატე IV-ის (1979-2012) სამშობლოდ თუ იცნობდნენ, გასულ თვეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა - "ისლამური სახელმწიფოს" ალყაში მოქცეული მართლმადიდებლური ქალაქი მუჰრადა დანებებას არ აპირებდა. წმინდა გიორგის სახელობის უძველესი ტაძრიდან დაცვის მოწოდებები გაისმოდა.

სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ მუჰრადა (43 000 მცხოვრები, უმეტესობა მართლმადიდებელი) რამდენჯერმე გახდა ჯიჰადისტების სამიზნე. 2013 წელს მას 40 დღის განმავლობაში ბომბავდა "ჯებჰათ ან ნუსრა" და მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, ხალხმა ქალაქი არ დატოვა.

2017 წლის მარტში ნათქვამი მუჰრადელი დიასახლისის ფრაზა - "მუჰრადას მიწა ოქროზე ძვირფასია და მას არავის დავანებებთ!" - საკმარისი გახდა, რომ ევროპასა და ამერიკაში ბევრ ქრისტიანს სირიაში წასვლისა და მუჰრადელების მხარდაჭერის სურვილი გასჩენოდა.

ორიოდე კვირის წინ მუჰრადას ისლამისტები სამი მხრიდან უტევდნენ. ისლამისტები წინასწარმეტყველებდნენ: "აღდგომა არ დადგება მუჰრადაში!" - "ისლამური სახელმწიფო" სოციალურ ქსელებში მხარდამჭერებს ქალაქის აღებისთვის ბონუსად ქრისტიანებზე ნადირობას სთავაზობდა. ქალაქში თავდაცვისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეიქმნა - მუჰრადელი ქალები სამზარეულოებიდან გამოვიდნენ და მეუღლეები პოსტებზე შეცვალეს. ქალაქის გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ სირიის სამთავრობო ჯარები და ქურთების სამხედრო დაჯგუფებები. 1-ლ აპრილს ქალაქი მუჰრადა გაათავისუფლეს. "სირიაში ბანდიტებს (ჯიჰადისტებს - ავტ.) ყველაზე მეტად წმინდა გიორგის ეშინიათ, რადგან კარგად იციან, რომ სადაც მისი სახელობის ტაძარი დგას, იქ ფეხს ვერასოდეს მოიკიდებენ. ასე იყო მუჰრადაშიც. ჩვენი გადარჩენა იყო სასწაული, რომელიც ღმერთმა ჩვენი რწმენისთვის მოგვივლინა", - უთხრა თვალცრემლიანმა მუჰრადელმა უხუცესმა სირიელ ჟურნალისტებს.

სასწაულები

სირიაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე 2 მილიონი ქრისტიანი ცხოვრობდა და დიდ ნაწილს მართლმადიდებლები შეადგენდნენ. სამოქალაქო ომის დაწყებისას სირიაში 80 ქვეყნიდან ჩავიდნენ ჯიჰადისტები, ქრისტიანების დევნა მასშტაბით ეპიდემიას გაუთანაბრდა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო ბიბლიური ნინევიის პროვინციაში. სწორედ აქ გამოჩნდნენ პირველი ქრისტიანული ბრიგადები მოსახლეობის დასაცავად. მოგვიანებით ჰომსის ახლოს შეიქმნა ე.წ. ქრისტიანული დაბლობი, სადაც სხვადასხვა პროვინციიდან დევნილ ქრისტიანებს იფარებდნენ. სირიელ დევნილთა ბანაკებში ხმა დადიოდა, "ქრისტიანულ დაბლობს" ღმერთი იცავსო. ჯიჰადისტებმა მიწასთან გაასწორეს მრავალი ტაძარი, "ურჩებს" ჯვარზე აკრავდნენ ან თავებს აჭრიდნენ, ჯვრებს გულმკერდზე ადაღავდნენ. თუმცა ღმერთი არ ტოვებდა ბიბლიურ მიწებს და სირიელი ქრისტიანები, მათივე თქმით, ბევრი სასწაულის მომსწრენი გახდნენ.

პირველი ტაძარი, რომელიც ჯიჰადისტებმა დააზიანეს, საედნაიაში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია იყო. 2012 წლის 29 იანვარს ერთი ჭურვი სენაკში შევარდა, სადაც მონაზვნები და მორჩილები აფარებდნენ თავს. საბედნიეროდ, არ აფეთქდა.

2013 წლის 2 დეკემბერს სირია-ლიბანის საზღვართან მდებარე ქრისტიანულ სოფელ კარაში 3000 მოჯაჰედი შეიჭრა. სოფლელები გააფთრებით იბრძოდნენ, მომხდურებმა ქუჩებისა და სახლების დაბომბვა დაიწყეს, ერთი ჭურვი ეკლესიის კარსაც მოხვდა, რომელსაც 36 ოჯახი აფარებდა თავს. მოჯაჰედები სოფელში ღრიალით შეიჭრნენ: "ჩვენ გვინდა დაგხოცოთ ყველა ქრისტიანი ძაღლი". როდესაც ეკლესიას მიადგნენ, მოულოდნელად სანთლის ალმა შეშინებულ მლოცველებს კედელზე მიანიშნა და როცა სასოწარკვეთილმა ხალხმა კედელი მოსინჯა, აღმოჩნდა, რომ 1000 წლის წინ აშენებულ ტაძარს საიდუმლო გვირაბი ჰქონია. ასე გადაურჩა სიკვდილს ასამდე მოსახლე. გაბოროტებულმა ჯიჰადისტებმა კი ტაძარი დაანგრიეს.

2014 წლის 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც თარხან ბათირაშვილის რაზმმა ერაყში მოსული აიღო, ერთმა მოჯაჰედმა ქვის უროთი იონა წინასწარმეტყველის (რომელსაც დიდ პატივს სცემენ როგორც ქრისტიანები, ისე მუსლიმანები) საფლავი დაამსხვრია. სწორედ ამ დღის შემდეგ სირიელ ქრისტიანებს ახალი მტერი გამოუჩნდა, უფრო სასტიკი, ვიდრე "ჯებჰათ ან ნუსრა", და ეს "ისლამური სახელმწიფო" გახლდათ. ქურთების სამხედრო რაზმები რომ არა, იგივე ბედი ელოდა ქრისტიანებს სხვა ადგილებშიც. ერაყელმა ქრისტიანებმა შექმნეს სამხედრო ბრიგადა "ბაბილონი", რომლის მეთაური რაიან ალ კილდანი ლონდონელია. მის შემადგენლობაში 100 000 მეომარია. "ბაბილონი" ქურთულ "პეშმერგასთან" ერთად ხალიფატს ებრძვის ერაყში. თუმცა, მაინც ქრისტიანობის დევნის სიმბოლოდ პატარა სირიული ქალაქი მაალულია იქცა.

ჯვარცმული მაალულია

დამასკოს ჩრდილოეთით პატარა ქალაქი მაალულია (4500 მცხოვრები) 2000 წელია ქრისტიანებისთვის წმინდა ადგილად ითვლება. აქ მდებარეობს მოციქულთა სწორის, წმინდა თეკლეს ტაძარი (პირველი ქრისტიანი ქალი, წმინდა პავლეს მოწაფე, 20 წლისა რწმენისთვის რამდენჯერმე აწამეს, ლომებს მიუგდეს, გველებიან ორმოში ჩააგდეს. თუმცა ყოველ ჯერზე უფალმა იხსნა. ლეგენდის მიხედვით, მას მდევარი მისდევდა, როცა მაალულიას კლდეები გადაიხსნა და ქალწულმა თავის შეფარება შეძლო. მას შემდეგ წმინდა თეკლე ამ ადგილას მოღვაწეობდა, იქვეა მისი საფლავიც). მაალულიაში ქრისტეს ენაზე (არამეულის ერთ-ერთ კილოზე) ლაპარაკობენ.

2013 წლის 4 სექტემბერს, 04 საათზე, "ჯებჰათ ან ნუსრას" 1000-მდე მოჯაჰედი მძინარე ქალაქს თავს დაესხა. ჯიჰადისტები ორი დღე არბევდნენ ქალაქს და უამრავი ადამიანი მოკლეს. მესამე დღეს მაალულიელებმა აშშ-ის კონგრესს წერილი მისწერეს: "ტერორისტები და მკვლელები უტევდნენ ქალაქს, გააპარტახეს სახლები, მონასტრები და ეკლესიები. შეურაცხყვეს ხატები და ითხოვდნენ, უარი გვეთქვა რწმენაზე და მიგვეღო ისლამი. ეს დანაშაულებრივი ქმედება, მიმართული ქრისტიანული ქალაქებისა და ზოგადად ქრისტიანების წინააღმდეგ, ერთი დიდი გეგმის მცირედი ნაწილია - განდევნონ ქრისტიანები ახლო აღმოსავლეთიდან".

სანამ ეს წერილი ადრესატამდე მივიდოდა, მაალულიას წმინდა თეკლეს მონასტერში სასწაული მოხდა. ტაძარში შეჭრილმა მოჯაჰედებმა ნაბიჯი ვერ გადადგეს.

"იმ მომენტში მათ პირისპირ აღმოვჩნდი. უცებ რაღაცნაირი ძალა ვიგრძენი, ეს ძალა მონასტერში ყველგან დატრიალდა. ეს უფლის ძალა იყო, მან შეგვმატა გამბედაობა. სწორედ ამიტომ ვიდექით ტერორისტების პირისპირ მხოლოდ ერთი იარაღით - რწმენით. მაშინ არც გვიფიქრია მონასტრის დატოვებაზე, რადგან ის ჩვენი სახლია მშვიდობიანობის დროს და არც ძნელბედობისას დავტოვებდით".

წმინდა თეკლეს მონასტრის იღუმენია დედა პელაგიას ინტერვიუს ამონარიდი

მოჯაჰედები დეკემბერში ისევ დაესხნენ თავს წმინდა თეკლეს მონასტერს და გაიტაცეს დედა პელაგია, მონაზვნები და მორჩილები. ისინი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ჯიჰადისტებთან მოლაპარაკებაში მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები და არაბული სამყაროს ლიდერები ჩაერთვნენ, თავად მაალულია 2014 წლის 14 აპრილს გაათავისუფლეს სირიის სამთავრობო ჯარებმა. სამწუხაროდ, უძველესი სიწმინდეების აღდგენა შეუძლებელია, თუმცა ადგილობრივი ქრისტიანები ამბობენ, რომ უფალი არ მიატოვებს მათ.

არნახული სოლიდარობა

2013 წელს ქრისტიანი მოსახლეობის დასაცავად შეიქმნა სირიის სამხედრო საბჭო (ასირიული სამხედრო დაჯგუფება), რომელსაც აფინანსებდნენ აშშ-ისა და ევროპის ქრისტიანული ორგანიზაციები; ორგანიზაციაში 2000 მეომარია, რომელთა უმრავლესობა სამხედრო გამოცდილების მქონე ევროპელი და ამერიკელი ჯარისკაცები არიან. სირიის კონფლიქტის განმავლობაში ეს იყო არნახული ქრისტიანული სოლიდარობა.

ნინო ბურჭულაძე