მუჰრადაში აღდგომა დადგა! - მსოფლიოს ქრისტიანები პატარა, მართლმადიდებლური ქალაქის დასაცავად - კვირის პალიტრა

მუჰრადაში აღდგომა დადგა! - მსოფლიოს ქრისტიანები პატარა, მართლმადიდებლური ქალაქის დასაცავად

"სირიაში ბანდიტებს (ჯიჰადისტებს - ავტ.) ყველაზე მეტად წმინდა გიორგის ეშინიათ"

სირიის დასავლეთით, ხამის პროვინციის პატარა ქალაქი მუჰრადა, რომელსაც აქამდე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის ეგნატე IV-ის (1979-2012) სამშობლოდ თუ იცნობდნენ, გასულ თვეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა - "ისლამური სახელმწიფოს" ალყაში მოქცეული მართლმადიდებლური ქალაქი მუჰრადა დანებებას არ აპირებდა. წმინდა გიორგის სახელობის უძველესი ტაძრიდან დაცვის მოწოდებები გაისმოდა.

სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ მუჰრადა (43 000 მცხოვრები, უმეტესობა მართლმადიდებელი) რამდენჯერმე გახდა ჯიჰადისტების სამიზნე. 2013 წელს მას 40 დღის განმავლობაში ბომბავდა "ჯებჰათ ან ნუსრა" და მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, ხალხმა ქალაქი არ დატოვა.

2017 წლის მარტში ნათქვამი მუჰრადელი დიასახლისის ფრაზა - "მუჰრადას მიწა ოქროზე ძვირფასია და მას არავის დავანებებთ!" - საკმარისი გახდა, რომ ევროპასა და ამერიკაში ბევრ ქრისტიანს სირიაში წასვლისა და მუჰრადელების მხარდაჭერის სურვილი გასჩენოდა.

ორიოდე კვირის წინ მუჰრადას ისლამისტები სამი მხრიდან უტევდნენ. ისლამისტები წინასწარმეტყველებდნენ: "აღდგომა არ დადგება მუჰრადაში!" - "ისლამური სახელმწიფო" სოციალურ ქსელებში მხარდამჭერებს ქალაქის აღებისთვის ბონუსად ქრისტიანებზე ნადირობას სთავაზობდა. ქალაქში თავდაცვისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეიქმნა - მუჰრადელი ქალები სამზარეულოებიდან გამოვიდნენ და მეუღლეები პოსტებზე შეცვალეს. ქალაქის გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ სირიის სამთავრობო ჯარები და ქურთების სამხედრო დაჯგუფებები. 1-ლ აპრილს ქალაქი მუჰრადა გაათავისუფლეს. "სირიაში ბანდიტებს (ჯიჰადისტებს - ავტ.) ყველაზე მეტად წმინდა გიორგის ეშინიათ, რადგან კარგად იციან, რომ სადაც მისი სახელობის ტაძარი დგას, იქ ფეხს ვერასოდეს მოიკიდებენ. ასე იყო მუჰრადაშიც. ჩვენი გადარჩენა იყო სასწაული, რომელიც ღმერთმა ჩვენი რწმენისთვის მოგვივლინა", - უთხრა თვალცრემლიანმა მუჰრადელმა უხუცესმა სირიელ ჟურნალისტებს.

არნახული სოლიდარობა

2013 წელს ქრისტიანი მოსახლეობის დასაცავად შეიქმნა სირიის სამხედრო საბჭო (ასირიული სამხედრო დაჯგუფება), რომელსაც აფინანსებდნენ აშშ-ისა და ევროპის ქრისტიანული ორგანიზაციები; ორგანიზაციაში 2000 მეომარია, რომელთა უმრავლესობა სამხედრო გამოცდილების მქონე ევროპელი და ამერიკელი ჯარისკაცები არიან. სირიის კონფლიქტის განმავლობაში ეს იყო არნახული ქრისტიანული სოლიდარობა.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად