მახე ზესტაფონთან - კვირის პალიტრა

მახე ზესტაფონთან

(დასასრული, დასაწყისი # 16,17,18)

...1998 წლის 2 დეკემბრის ღამეს სოფელ ეკის ერთ-ერთ სახლში სუფრას აკაკი ელიავა და მისი სტუმრები უსხდნენ.

- ჩვენი პირობები ასეთია: შენ და შენი ბიჭები გამოხვალთ და იარაღს ჩააბარებთ. რა თქმა უნდა, სასამართლო რაღაცებს გაითვალისწინებს და მინიმალური სასჯელი მოგესჯებათ; მერე, ცოტა ხანში ამნისტია იქნება და ყველანი თქვენ-თქვენს სახლებში წახვალთ, - უშიშროების მინისტრის მოადგილე ლევან კენჭაძე ცდილობდა, დამაჯერებლად ელაპარაკა.

კაკო ელიავა ჩუმად იჯდა და ხანდახან მზერა კენჭაძიდან სენაკის უშიშროების უფროს გოგი ნაჭყებიაზე გადაჰქონდა.

- ეს ყველაფერი გასაგებია, - თქვა მან ბოლოს, - მაგრამ ხელისუფლებასთან ჩვენც გვაქვს პირობები წასაყენებელი, - ელიავას სახეზე ირონიული ღიმილი გაკრთა, - გადადგეს შევარდნაძე და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, მანამდე კი კანონიერი ხელისუფლება აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე... ისე, ბატონო ლევან, ჯობს, თქვენც შემოგვიერთდეთ.

კაკოს ნათქვამზე კენჭაძეს გაეცინა, სუფრიდან წამოდგა და გოგი ნაჭყებიას მიმართა:

- წამო, ჩემო გოგი... ეს კაცი, მგონი, იქით ცდილობს ჩვენს გადაბირებას...

ელიავასთან მოლაპარაკებები, ჩაბარების თუ შემორიგების თაობაზე, ყოველთვის უშედეგოდ მთავრდებოდა. თუმცა სამართალდამცავები  ელიავას პრობლემის მოგვარებას სხვა მეთოდებითაც ცდილობდნენ.

1998 წლის 15 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია კაბინეტში ფიქრს მისცემოდა. მოულოდნელად ტელეფონის ზარმა გამოარკვია. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი შაქრო ბერიშვილი ურეკავდა.

- ბატონო თემურ, ეკის ტყიდან ჯერჯერობით არაფერი ისმის. ეჭვი მაქვს, ჩვენი კაცი ელიავას რაზმში უკვე გაიშიფრა, - ნერვიულობდა პოლიციის უფროსი.

- ელიავას რაზმში რომ სანდო პირი ჩანერგეთ, ეს კარგია, მაგრამ აჯობებდა, ცოტა მარდი ყოფილიყო. რა გახდა ამ ერთი კაცის მოშორება? - გაცხარდა მურღულია.

- ახლა რა ვქნათ? - მორჩილად ჰკითხა ბერიშვილმა.

- სასწრაფოდ დატოვოს ტყე და წამოვიდეს, თორემ თუ გაიშიფრება, ელიავას ბიჭები სამაგალითოდ დასჯიან, - დაასრულა მურღულიამ და ყურმილი დაკიდა.

***

ეკის ტყეში შეფიცულებს "შტაბში" მოეყარათ თავი.

- კაკო, 10-12 ცხენი გვჭირდება. ზამთარია... შეიძლება მთაში ასვლამ მოგვიწიოს და იარაღის და ნივთების ატანა ხომ გვინდა? - მიუბრუნდა კაკოს გია ზარქუა.

- ჭალადიდში ერთ კაცს კარგი ცხენები ჰყავს გასაყიდი, - საუბარში ჩაერთო ოთარი, - ვიცნობ... შემიძლია დაველაპარაკო.

გია ზარქუამ ოთარს ცერად გახედა და გაიფიქრა, - "რატომ არ მომწონს ეს კაცი?"

- ცხენი მართლა გამოგვადგება, - დაეთანხმა კაკო და სოსო სანაიას მიმართა, - გაიყოლე ვინმე ჭალადიდში და ცხენები ამოიყვანეთ... ფულის წაღება არ დაგავიწყდეს, აბრაგები ხომ არ ვართ?!.

მეორე ღამეს შეფიცულებმა ეკის ტყიდან ჭალადიდამდე ფეხით იარეს.

- არ მომწონს მე ეს ოთარი, - გული გადაუშალა გზაში სანაიამ მეგობარს, - ოცი დღე არ იქნება, რაც ჩვენთან არის და რაღაც საეჭვოდ კარგად იქცევა.

- ამბობენ, ქურდობაზე იძებნებაო, - შენიშნა მოსაუბრემ.

- არც მაგ ლეგენდისა მჯერა მაინცდამაინც, - ამოიხვნეშა სოსო სანაიამ და თავი გააქნია.

შეფიცულები გამთენიისას მიადგნენ ჭალადიდს და შეთანხმებისამებრ გამოძინება მწყემსის კარავში გადაწყვიტეს.

ის იყო, სოსო სანაიამ დასაძინებლად დაწოლა დააპირა, რომ მოულოდნელად სარკმლიდან მორიალე ლანდებს მოჰკრა თვალი. ხომ არ მომეჩვენაო, - გაიფიქრა, მაგრამ რამდენიმე წამში ნათლად დაინახა კარვისკენ ფრთხილად მომავალი პოლიციელები.

"როგორც ჩანს, ჩვენი ალყაში მოქცევა უნდათ. იარაღი მაინც წამომეღო", - მწარედ გაიფიქრა სანაიამ და ჩაძინებული მეგობარი შეანჯღრია და ჩასძახა, - მახე დაგვიგეს, პოლიცია ალყაში გვაქცევს... იქნებ უკანა მხრიდან მოვასწროთ გასვლა და ტყეს შევაფაროთ თავიო.

სანამ შეფიცულები ბჭობდნენ, სამართალდამცავებმა ცეცხლი გახსნეს, მაგრამ სანაიამ და მისმა მხლებელმა გაქცევა მოახერხეს.

სამხედრო ამბოხიდან რამდენიმე თვეში აკაკი ელიავა სახელმწიფოსთვის საშიში აღარ იყო, სამართლდამცავებს ერთხანს დაავიწყდათ კიდეც მისი არსებობა. მაგრამ მას საფრთხე ახლა მისივე გარემოცვიდან ელოდა.

1999 წლის მარტში ეკის ტყის ბინადართ კაკო ელიავამ ერთი ბრგე ახალგაზრდა გააცნო.

- ამ კაცს პოლიცია დევნის - ყაჩაღობას აბრალებენ. ამიტომ იყოს ჩვენთან, - განუცხადა მეგობრებს.

- რა გქვია? - ჰკითხა ახალმოსულს რეზო ასმავამ.

- ხევსური დამიძახეთ, - პირდაპირ პასუხს თავი აარიდა სტუმარმა.

"მეტყველებაზე ეტყობა, რომ აქაური არ უნდა იყოს", - გაიფიქრა ასმავამ და "ხევსური" აათვალიერა.

- დავიჯერო, სამეგრელოს ტყეები ისეთი მიმზიდველია, რომ მთიელებიც აქეთ გამორბიან? - ჩაიქირქილა ვიღაცამ.

როდესაც სტუმარი დააბინავეს, კაკომ რეზო ასმავა გვერდით გაიხმო და გააფრთხილა:

- რეზო, ამ ბიჭს თვალი არ მოაცილო. შეიძლება ტყუის. ძებნილის და დამნაშავისა ამას ვერაფერი შევატყვე, გული ავს მიგრძნობს...

...სამიოდე თვის შემდეგ ფოთის უშიშროების სამსახურის უფროსს მოადგილემ აცნობა, - ერთ კაცს უნდა თქვენი ნახვა. ამბობს ელიავას მეგობარი ვარო.

- შემოვიდეს, - უხალისოდ დაჰყაბულდა უშიშროების უფროსი.

კაბინეტში ახალგაზრდა შემოვიდა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა:

- მე მაქვს საშუალება, თქვენი სურვილის შემთხვევაში, კაკო ელიავა თავიდან მოგაშოროთ.

- რა? - დაიბნა უცებ უშიშროების უფროსი.

- მე შემიძლია ელიავა თავიდან მოგაშოროთ, თუ, რა თქმა უნდა, კარგად გადამიხდით, - გაიმეორა უცნობმა.

- მაინც რამდენი გინდათ? - ჰკითხა დაბნეულმა უშიშროების უფროსმა.

- 30.000 დოლარი.

- როგორ მოგმართოთ, ან სად მოგძებნოთ?

- "ხევსური" დამიძახეთ. ჩემი პოვნა ეკის ტყეში შეიძლება, - კუშტAად მიუგო მოსულმა.

"აი, თურმე რა ყოფილა... როგორც ჩანს, საკუთარი ბელადი თავადვე გაიმეტეს", - გაიფიქრა უშიშროების უფროსმა და "ხევსურს" უთხრა, - მოსაფიქრებლად დრო გვჭირდებაო.

ეს დრო კი რამდენიმე თვე გაგრძელდა. 2000 წლის მარტში ხელისუფლებამ აკაკი ელიავა შემოირიგა. დაახლოებით ერთ თვეში იარაღი შეფიცულებმაც ჩააბარეს.

19 ოქტომბრის ამბოხი უკვე აღარავის გაახსენდებოდა, რომ არა 2000 წლის 6 ივლისი. ამ დღეს აკაკი ელიავა, რამდენიმე მეგობართან ერთად, რიკოთის უღელტეხილზე რესტორან”"მეგრულ ეზოში" სადილობდა.

- ტყუილად ნერვიულობდი, კაკო. ხომ ხედავ, ბავშვი კარგად ყოფილა და თავად მოდის ავტობუსით აბაშაში, - მიმართა გოჩა გვილავამ კაკო ელიავას.

- კარგია, დროულად რომ გავიგეთ და მცხეთიდან უკან გამოვბრუნდით, - უპასუხა ღიმილით კაკომ.

საუბარი სადილზე კიდევ დიდხანს გაგრძელდა..

ზესტაფონთან, გზაზე, უამრავი პოლიციელი დაინახა აკაკი ელიავამ და გაიფიქრა, - ალბათ რეიდიაო. პოლიციელებმა მძღოლს ანიშნეს, - მანქანა გააჩერეო.

- საბუთები გაქვთ? - იკითხა ერთ-ერთმა პოლიციელმა.

მანქანიდან საბუთები გადააწოდეს.

- ბატონო კაკო, იარაღი თუ გაქვთ? - პოლიციელი ცდილობდა, ზრდილობიანად ელაპარაკა.

- როგორ ფიქრობთ, აკაკი ელიავას იარაღი არ ექნება? - ღიმილით მიუგო კაკომ.

- მაშინ იქნებ იარაღის ტარების უფლება წარმოგვიდგინოთ? - არ ეშვებოდა პოლიციელი.

- რა თქმა უნდა, მაქვს - ჩვენ ხომ უშიშროების თანამშრომლები ვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, თან არ მაქვს, - მიუგო აკაკი ელიავამ, - თუ საჭირო გახდება, გამოვაგზავნინებ.

- მაშინ ჯობს, თქვენი მანქანა გამოგვყვეს განყოფილებაში და ფორმალურ მხარეს იქ მოვაგვარებთ, - დინჯად უთხრა პოლიციელმა.

ზესტაფონის პოლიციის განყოფილებაში ელიავა და მისი მეგობრები თავაზიანად მიიღეს.

- ბატონო კაკო, იქნებ გვანახოთ თქვენი იარაღი, ნომერს ჩავიწერთ და გადავამოწმებთ, - სთხოვა განყოფილების უფროსმა.

- ინებეთ, ეს კაკოს "კოლტია", - იარაღი გაუწოდა სოსო სანაიამ განყოფილების უფროსს.

- მეორე იარაღი არ გაქვთ, ბატონო კაკო? - ცბიერად გაუღიმა პოლიციელმა.

- მე მხოლოდ ერთ იარაღს ვატარებ, - მოუჭრა ელიავამ.

- მაშინ თქვენი იარაღი მომაწოდეთ, - მიუბრუნდა პოლიციელი სოსო სანაიას.

- რა თქმა უნდა, მოგართმევთ, ოღონდ ჯერ "კოლტი" დაგვიბრუნეთ, - უპასუხა სანაიამ.

კაკო მიხვდა, რომ პოლიციელი იარაღის დაბრუნებას არ აპირებდა.

ოთახში სიტუაცია ნელ-ნელა დაიძაბა.

მოულოდნელად კაბინეტში ზესტაფონის პოლიციის უფროსი ნაცვლიშვილი შემოვიდა და კაკო ელიავას ცალკე დალაპარაკება სთხოვა.

ნაცვლიშვილის კაბინეტში ელიავასთან ერთად გოჩა გვილავა და გია გვაზავა შეუშვეს, სანაია და ზარქუა კი პოლიციელებმა დააკავეს.

საუბარი პოლიციის უფროსთან ღამის 11 საათამდე გაგრძელდა. ამ დროისთვის ზესტაფონის პოლიციის შენობაში უკვე იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ასანიძეც იმყოფებოდა.

- კაკო, მოდი, ასე მოვილაპარაკოთ: მე შენ და შენს ბიჭებს ჩემი მანქანით ცხენისწყლამდე მიგაცილებთ. შემდეგ თავად გააგრძელეთ გზა, - შესთავაზა ასანიძემ ელიავას.

აკაკი ელიავა შეთავაზებამ დააეჭვა. ასანიძემ კაკოს ჭოჭმანი რომ შეატყო, სასწრაფოდ დაუმატა:

- თქვენთან ერთად მერაბ გერგაიაც წამოვა - ახლა აქ არის და ქვემოთ გელოდებათ.

გერგაიას ხსენებაზე ელიავა დამშვიდდა და თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა.

ასანიძემ პოლიციელებს სანაიასა და ზარქუას გათავისუფლება უბრძანა, ხოლო ზარქუას სთხოვა, - მანქანა უკანა ეზოში შემოიყვანეთ, იქიდან გამოვალთო.

"რაღაც არ მომწონს ეს ამბავი", - გაიფიქრა გია ზარქუამ და მანქანა უკანა ეზოში შეიყვანა.

ეზოში წყვდიადი იყო.

რამდენიმე წუთში ეზოში იმერეთი სამხარეო პოლიციის უფროსის მანქანაც შემოვიდა და კარებთან გაჩერდა. ზარქუამ შენიშნა, რომ შიგ მხოლოდ მძღოლი იჯდა.

ცოტა ხანში შენობის კარი გაიღო, ასანიძე გამოვიდა და თავის მანქანაში ჩაჯდა. მას უკან მოჰყვებოდა გია გვაზავა, რომელიც ასევე ასანიძის მანქანაში ჩაჯდა.

ის იყო, სოსო სანაიამ მანქანაში ჩაჯდომა დააპირა, რომ უეცრად რაღაც მჭახე ხმა გაისმა. რამდენიმე წამში სროლაც ატყდა.

უკუნ სიბნელეში რაიმეს გარჩევა ჭირდა, მაგრამ სოსო სანაიამ დაინახა, როგორ გადმოვიდა მანქანიდან გია ზარქუა და მიწაზე დაწვა. თვითონ კი ასანიძის მანქანაში მოასწრო ჩაჯდომა.

- მეტყვის ვინმე, აქ რა ხდება? - ძლივს ამოიხავლა სოსო სანაიამ.

მანქანაში მსხდომნი დუმდნენ, თავადაც ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა.

ანაზდად სროლა შეწყდა. რამდენიმე წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.

სანაიამ დაინახა, როგორ მივიდნენ ზარქუასთან პოლიციელები, წამოაყენეს და ბორკილები დაადეს. შემდეგ ზურა გვაზავა და სოსო სანაია დააკავეს.

აკაკი ელიავა და გოჩა გვილავა არსად ჩანდნენ.

დაკავებულები სამარშრუტო ტაქსიში ჩასვეს და გეზი თბილისისკენ აიღეს.

- სად არიან კაკო და გოჩა? - იკითხა ზურა ზარქუამ.

- წინა მანქანით მიდიან, - იყო პასუხი.

წინ სასწრაფო დახმარების მანქანა მიდიოდა, რომელშიც აკაკი ელიავასა და გოჩა გვილავას გვამები ესვენა...