"ირგვლივ პანიკა იყო, ძირს დაყრილი ადამიანების წამოყენებასაც არავინ ცდილობდა"
29-05-2017
"ირგვლივ პანიკა იყო, ძირს დაყრილი ადამიანების წამოყენებასაც არავინ ცდილობდა"
22 მაისს, ღამით, ქალაქ მანჩესტერის ცნობილი "მანჩესტერ არენა" ამერიკელი მომღერლის, არიანა გრანდეს ათასობით თაყვანისმცემელს მასპინძლობდა, რომ აფეთქების ხმა გაისმა... ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა, 22 წლის სალმან აბედმა ააფეთქა შეძახილით - "ალაჰ აკბარ". დაიღუპა 22, დაიჭრა და დასახიჩრდა 120 კაცი, რამდენიმე მოზარდი დაკარგულად ითვლება

"ბრიტანეთმა ასეთ თავდასხმებს მხოლოდ ერთი გზით უნდა უპასუხოს - გააგ­რძელოს ცხოვრება უწინდებურად".
გაზეთი "ინდეფენდენტი", 24 მაისი, 2017 წ.

"ჩვენო ძვირფასებო. თქვენ ხართ წარმომადგენლები ჩვენი ოქროს მილია­რ­დისა"(ევროპის მოსახლეობა. -
ავტ.), ამიტომ ყველანი გვიყვარხართ. თუმცა ტაქტიკა - ახლა თვალს დავხუჭავ და ყველაფერი გაქრება,"ამ შემთხვევაში არ იმუშავებს და ამას ჯერ კიდევ რამდენიმე ტერაქტით ადრე უნდა მიმხვდარიყავით"
"მიმართვა ბრიტანელებს" - 23 მაისი, 2017 წ.

მანჩესტერის ტერაქტი


22 მაისს, ღამით, ქალაქ მანჩესტერის ცნობილი "მანჩესტერ არენა" ამერიკელი მომღერლის, არიანა
გრანდეს ათასობით თაყვანისმცემელს მასპინძლობდა. კონცერტ­ის დასასრულს სტადიონზე მოულოდნელად აფეთქების ხმა გაისმა, რასაც მოჰყვა ტრიბუნებზე ქაოსი და პანიკა. თავზარდაცემული ხალხი სამშვიდობოს გასვლას ერთმანეთის გადათელვით ცდილობდა.
"როდესაც ხმა გავიგონეთ, გვეგონა, რომელიმე აბეზარმა ფანმა ფეიერვერკი მოაწყო. ტრიბუნებისკენ გავიხედე - ჩოჩქოლი იყო - ადამიანები დაიხოცნენო, - ყვირ­ოდნენ. ჩვენც ყვირილი ავტეხეთ, რადგან არ ვიცოდით, რა გველოდა. ირგვლივ პან­იკა იყო, ვხედავდი ძირს დაყრილ ადამიანებს, რომელთა წამოყენებასაც არავინ ცდილობდა. ამბობდნენ, აფეთქება კიდევ იქნებაო და ვცდილობდით, როგორმე სტადიონიდან გაგვეღწია, ჰაერში საშინელი დამწვრის სუნი იდგა" (თვითმხილველის ნაამბობიდან).

"მანჩესტერ არენაზე" ასაფეთქებელი მოწ­ყობილობა თვითმკვლელმა, 22 წლის სალმან აბედმა ააფეთქა შეძახილით - "ალაჰ აკბარ". დაიღუპა 22, დაიჭრა და დასახიჩრდა 120 კაცი, რამდენიმე მოზარდი დაკარგულად ითვლება.

მანჩესტერის ტერაქტის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტერორისტული საფრთხის დონე კრიტიკულამდე"გაზარდა (ქვეყნის ისტორიაში ეს მესამედ მოხდა). ამის გამო საარჩევნო კამპანიები შეწყვიტეს პარტიებმა. მათ შორის პრემ­იერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, რომელმაც სამთ­ავრობო კომიტეტის"საგანგებო სხდომაც კი მოიწვია.
ჯერჯერობით გამოძიებისთვის უცნო­ბია ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობა­ და რაოდენობა, თუმცა, როგორც შედეგიდან ჩანს, ის საგულდაგულოდ იყო გაკეთ­ებული. რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი კიდევ რვა პირი, მათ შორის ქალი. რაიონში, სადაც პოლიციამ ეჭვმიტანილები დააკავა, დიდი ხანია დამკვიდრდნენ რადიკალური დაჯგუფება""ლიბიის ისლამური მეომრების ჯგუფის" მხარდამჭერები. ერთ-ერთი მათგანი, აბდულ ალ ბასეტ აზუზი სამშობლოში 2011 წელს დაბრუნდა და დღეს ლიბიაში "ალ-ქაიდას" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერია. სავარაუდოდ, სწორედ მასთან ჰქონდა ურთიერთობა სალმან აბედს. საგულისხმოა, რომ აბედი ტერაქტამდე 4 დღით ადრე დაბრუნდა ლიბიიდან მანჩესტერში. ასევე ვრცელდება­ ინფორმაცია, რომ ტერორისტი ერთი წელი ემზადებოდა ტერაქტისთვის. მან შესაბამისი მომზადება სირიის საწვრთნელ ბანაკში გაიარა.
მანჩესტერის ტერაქტზე პასუ­ხისმგ­ებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ელ მინიას ტერაქტი


ბოლო 10 დღის განმავლობაში მანჩესტერის ტერაქტი ერთადერთი არ ყოფილა. მსოფლიო კიდევ ერთხელ შეძრა ეგვიპტეში ქრისტიან კოპტებზე მორიგმა თავდასხმამ.
26 მაისს კაიროსა და ჰურგადას შორის მდებარე ქალაქ ელ მინიასთან ქრისტიანი კოპტების მომლოცველთა ორ ავტობუსს (ერთ ავტობუსში 40-მდე ბავშვი იჯდა, მეორეში - უფროსები) გზა გადაუკეტა ათამდე სამხედროფორმიანმა დაუდგენელმა პირმა და ცეცხლი გაუხსნა. ამ დროს მომლოცველები უახლოვდებოდნენ წმ. სამოელის მონასტერს, ის პირველ საუკუნეშივე­ აიგო იმ გამოქვაბულის ადგილზე, რომელსაც წმინდა ოჯახი (მაცხოვრის ოჯახის წევრები) აფარებდა თავს დევნის დროს. ეს მონასტერი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ქრისტიანებისთვის და ერთ-ერთ პოპულარულ მარშრუტად ითვლება. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. საინტერესოა, რომ რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ, თუმცა სამართალდამცავებს პრევენციული ღონისძიებები არ გაუტარებიათ.

26 მაისის ელ მინიას ტერაქტი ყველაზე სისხლიანია აპრილის ტერაქტების შემდგომ - 9 აპრილს, როდესაც ქრისტიანი­ კოპტები ვნების კვირას აღნიშნავდნენ, ქალაქ ტარტაში, მარ-გირდის ტაძარში, წირვის დროს, თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, რომელსაც 30 კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა (დაიჭრა 70). ვნების კვირა ტრაგიკულად დასრულდა ალექსანდრიაშიც. წირვის დროს, რომელშიც კოპტების პატრიარქი თავადროს მეორეც მონაწილეობდა, თვითმკვლელი ცდილობდა ტაძარში შეჭრას. მისი შეჩერება გარეთ მყოფმა პოლიციელ­ებმა მოახერხეს. ამ დროს ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაიღუპა 17 (მათ შორის პოლიციელები) და დაშავდა 40-მდე კაცი. პატრიარქი არ დაშავებულა.
ეგვიპტის ქრისტიანული ტაძრები მანამდეც არაერთგზის გამხდარა ტერორისტთა სამიზნე. 2011 წლის 1-ლ იანვარს, ალექსანდრიაში, წირვის დროს მომხდარ აფეთქებას 24 კაცი შეეწირა. 2016 წელს კაიროს ერთ-ერთ ტაძარში­ 22 წლის თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, დაიღუპა 27 კაცი.
კოპტური ქრისტიანული ეკლესია პირველ საუკუნეში დააარსა მოციქულმა მათემ, რომელიც აფრიკაში 47-48 წლებში ჩავიდა და ალექსანდრიაში ქადაგებდა. 69 წელს ის რომაელებმა წამებით მოკლეს. კოპტები მათე მოციქულს პირველ პატრიარქად მიიჩნევენ.

"ირას" კონკურენტი გამოუჩნდა


მანჩესტერში ადრე მომხდარი ტერაქტების უკან ირლანდიის რესპუბლიკური არმია ("ირა") იდგა.
1996 წლის 15 ივნისს მანჩესტერის ცენტრში სავაჭრო ცენტრი ააფეთქეს. ბომბი დამონტაჟებული იყო სატვირთო­ ფურგონში. დაშავდა 200-მდე კაცი, ხოლო ზარალმა 996 მილიონ დოლარს მიაღწია. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, სამართალდამცავები­ დარწმუნებული­ იყვნენ, რომ ეს "ირას" ნახელავი იყო.
სიტუაცია XXI საუკუნის დამდეგს შეიცვალა. 2004 წლის 22 იანვარს ბრიტანეთის პოლიციამ აღკვეთა ერთ-ერთი­ ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მანჩესტ­ერში. ათამდე თვითმკვლელი "ოლდ ტრაფორდის" სტადიონის ტრიბუნებზე მანჩესტერ-ლივერპულის საფეხბურთო­ მატჩ­ის დროს უნდა გამოჩენილიყო, რასაც, ად­ვილი წარმოსადგენია, რა მოჰყვებოდა­ 62 000-კაციან სტადიონზე. პოლიციამ დროულად მოახერხა მათი დაკავება. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ ირლანდიურ "ირას" კონკურენტი გამოუჩნდა იმხანად ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი ისლამისტების სახით...

ნინო ბურჭულაძე
avoieeee
12 აგვისტო 2017 11:41
"ცხენს ვერაფერი დააკლო,უნაგირს დააყარაო"- ზუსტად ვინ ააფეთქა ვერ გაიგეს და დააბრალეს ირლანდიელებს! ახლა ხომ მიხვდნენ ვინცაა ამის უკან? "ახალი მსოფლიო წესრიგი"-ს მამები,მასონები.

რედაქტორის რჩევით