ავღანეთის სისხლიანი გაზაფხული - კვირის პალიტრა

ავღანეთის სისხლიანი გაზაფხული

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქუჩაზე ჩარიგებული ავტომანქანები დაილეწა, დაიღუპა 80 კაცი, დაიჭრა 350. დაიღუპნენ ადგილობრივი ტელევიზიის და ტელეკომპანია "ბი-ბი-სის" ჟურნალისტები

”ავღანეთში უცხოელები შეიძლება ფლობენ საათებს, მაგრამ ჩვენ

ვფლობთ დროს”.

აბუ მუჰამედ ომარი (”თალიბანის” დამაარსებელი), 2006 წ.

”ეს ასაფეთქებელი მოწყობილობით სავსე მანქანა გერმანიის საელჩოსთან აფეთქდა. თუმცა მის გვერდით კიდევ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დაწესებულებაა. ამიტომ ძნელი სათქმელია, რა იყო ამ შემთხვევაში ტერორისტების სამიზნე”.

ბაშირ მუჰაჯიდი, ქაბულის პოლიციის წარმომადგენელი, 29 მაისი, 2017 წ.

”ავღანეთში ყოველ 24 საათში კლავენ 40 პოლიციელს და 1 სამხედროს”.

გაეროს ანგარიშებიდან

29 მაისის დილა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ჩვეულებრივად დაიწყო - წყალმზიდი მანქანები უთენია შეუდგნენ მოსახლეობისთვის სასმელი წყლის ჩამორიგებას. ერთი მანქანა ზანბაკის მოედანზეც გამოჩნდა. ამ ე.წ. დიპლომატიურ კვარტალში უცხოეთის სახელმწიფოთა საელჩოები და პრეზიდენტის სასახლეა. მანქანა გერმანიის საელჩოსთან გაჩერდა (იქვეა ინდოეთის და იაპონიის საელჩოები) და მოულოდნელად აფეთქების ხმაც გაისმა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქუჩაზე ჩარიგებული 50 ავტომანქანა უმალ დაილეწა, დაზიანდა მეზობელი ქუჩების შენობებიც. დაიღუპა 80 კაცი, დაჭრილია 350. დაიღუპნენ ჟურნალისტებიც (ერთი ადგილობრივი ტელევიზიის და ერთიც - ტელეკომპანია ”ბი-ბი-სის”). ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოგვიანებით ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. თუმცა, ავღანეთში ვარაუდობენ, რომ მომხდარის უკან ტერორისტული ორგანიზაცია ”თალიბანი” დგას...

2017 წლის გაზაფხული ავღანეთისთვის განსაკუთრებით სისხლიანი გამოდგა, ქვეყანაში, რომელიც 40 წელია საერთაშორისო ტერორიზმსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის საჯილდაო ქვად არის ქცეული, თითქოს აღარაფერი უკვირთ, თუმცა ადგილობრივი ექსპერტების აზრით, ”ისლამური სახელმწიფოს” გამოჩენით და ”თალიბანის” მორიგი გააქტიურებით, ავღანეთში სიტუაცია გაუარესდა. ყველაზე დიდი დარტყმა ავღანეთმა წელს, 25 მარტს, ქალაქ სანგინში მიიღო - იგი 10-წლიანი ომის შემდეგ უკანასკნელმა დამცველებმა დატოვეს.

სანგინი - ავღანურად

ქალაქი სანგინი (მოსახლეობა 14 000) ავღანეთის სამხრეთით, ჰილმენდის პროვინციაში მდინარე ჰილმენდის მახლობლად მდებარეობს, ქალაქის მნიშვნელოვან სტრატეგიულ დანიშნულებას განაპირობებს სანგინის ველზე გამავალი ტრასა-661, რომელიც ქაბულს ყანდაარის პროვინციასთან აკავშირებს. ამ გზას ქაჯაქის ყაყაჩოების პლანტაციებთან მიჰყავხართ, აქვე გადის ავღანეთის ენერგომომარაგების ხაზი. გარდა ამისა, სანგინზე კონტროლი აადვილებს ძალების მანევრირებას ნებისმიერ სამხედრო ოპერაციაში. აზიაში სანგინს ”ყაყაჩოს ქალაქად” მოიხსენიებენ, რადგან სწორედ აქ ყიდიან ავღანელი გლეხები ოპიუმის მოსავალს ბაზრობაზე. ”ყაყაჩოს ქალაქიდან” მიედინება ნარკოტიკი მთელ ცენტრალურ აზიაში... ათი წელია, ”თალიბანი” და საერთაშორისო კოალიცია ქალაქის ხელში ჩასაგდებად იბრძვიან.

2006 წელს 3 300 ბრიტანელი ჯარისკაცი სანგინის ველზე შევიდა. მათი მიზანი იყო, როგორმე დაეყოლიებინათ მოსახლეობა - უარი ეთქვათ ყაყაჩოს მოყვანაზე. ”დაუპატიჟებელ სტუმრებს” ომი არა მხოლოდ ”თალიბანმა”, არამედ ადგილობრივმა ტომებმა და ნარკომოვაჭრეებმაც გამოუცხადეს, რომლებმაც სანგინში საკუთარი ბიზნესის დასაცავად დაქირავებული სამხედრო დაჯგუფებები გაგზავნეს.

მოვლენათა ეპიცენტრი სანგინის ბაზარი გახდა. ქვეითი და ადგილობრივი პოლიციის მცირერიცხოვანი ჯგუფი ბაზრის ტერიტორიაზე განლაგდა და ერთი თვის განმავლობაში იგერიებდა ”თალიბების” შეტევებს. საკვებს და ტყვია-წამალს მათ შვეულმფრენებით აწვდიდნენ. საბოლოოდ, ბრიტანელებმა სანგინი თითქოს შეინარჩუნეს, თუმცა, მომდევნო წლებში ”თალიბურ” ნაღმებს 100-მდე ინგლისელი სამხედრო ემსხვერპლა. მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, მისია შეუსრულებელი დარჩა - ყაყაჩოს პლანტაციების განადგურება არავის უფიქრია.

2010 წელს სანგინის ველზე ამერიკელი სამხედრო ქვეითები გამოჩნდნენ და ”თალიბები” განდევნეს. ოპერაციას 55 ამერიკელი ჯარისკაცი შეეწირა. მას შემდეგ ქალაქს ავღანელებმა ”სისხლიანი სანგინი” შეარქვეს.

2011 წელს ”თალიბები” კვლავ გამოჩნდნენ სანგინის ველზე, მაგრამ ავღანური არმია ბოლო წუთს კრახისაგან ნატოს ნაწილების დროულმა დახმარებამ იხსნა. 2014 წელს ნატომ ძირითადი ძალები ავღანეთიდან გაიყვანა. ”თალიბებმა” ამით ისარგებლეს და გადაკეტეს ტრასა-661. სანგინი, რომელსაც ახლა ავღანური არმიის ჯარისკაცები იცავდნენ, კვლავ ”თალიბების” ალყაში აღმოჩნდა.

”თალიბანი” სანგინის აღებას უკვე ღირსების საქმედ მიიჩნევდა. ფიქრობდა, რომ ქალაქის ხელში ჩაგდებით ავღანეთში მისი აღორძინების ხანა დაიწყებოდა. ავღანური არმიისთვის კი სანგინს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, აქ გამოჩნდებოდა, შეძლებდა თუ არა ავღანური არმია დამოუკიდებლად ”თალიბების” შეჩერებას.

ორი წლის განმავლობაში, მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, ავღანელი ჯარისკაცები და პოლიციელები თავგანწირვით იცავდნენ ქალაქს. 2017 წლის დასაწყისში ოფიციალური ქაბულის განცხადებები აიმედებდათ, რომ სიტუაციის შემობრუნება ჯერ კიდევ შეიძლებოდა, თუმცა ამაოდ - დაპირებული დახმარება სანგინში არ მიუღიათ. 25 მარტს, დილით, ქალაქის უკანასკნელი დამცველების გადასარჩენად და გასაყვანად მოსულ ამერიკულ შვეულმფრენებს სანგინში მხოლოდ 30 ჯარისკაცი და 8 პოლიციელი დახვდა. ”სისხლიანი სანგინი”, რომელმაც ასობით ბრიტანელი, ამერიკელი და ავღანელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა, ტერორისტების ხელში აღმოჩნდა. სანგინის გამარჯვებით გულმოცემული ”თალიბანი” ქვეყნის ბევრ რეგიონში აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა. მარცხისაგან ჯერ კიდევ გონზე მოუსვლელ ავღანურ არმიას კი წინ ახალი დარტყმა ამჯერად მაზარ შარიფის სამხედრო ბაზაზე ელოდა.

მაზარ შარიფის სისხლიანი ნამაზი

21 აპრილს მაზარ შარიფის სამხედრო ბაზაში, ნამაზის დროს, როცა სამხედროები ლოცვას შეუდგნენ (იარაღის გარეშე), მათ ათამდე ავღანურ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი უცხო პირი დაადგა თავს, რასაც აფეთქება და ცეცხლი მოჰყვა, მაზარ შარიფის ბაზაზე სისხლიანი კალო დატრიალდა. დაიღუპა 256 ავღანელი ჯარისკაცი.

ბაზაზე თავდამსხმელი ”თალიბანის" 10 წევრიდან 3 თვითმკვლელი იყო. სპეციალისტთა შეფასებით, ეს იყო კარგად დაგეგმილი, დიდ მსხვერპლზე გათვლილი ოპერაცია. 22 აპრილს ”თალიბანმა” განაცხადა, რომ იწყებდა ხანგრძლივ და მასშტაბურ იერიშს. მათი სამიზნეები გახდებოდნენ უცხოური სამხედრო ძალები და ინფრასტრუქტურა, დაზვერვის და ავღანური არმიის წარმომადგენლები. 29 მაისის ქაბულის ტერაქტი არის თუ არა ”თალიბანის” საგაზაფხულო ოპერაციის გამოძახილი, ამაზე ავღანეთის სამხედრო წრეებში აქტიურად მსჯელობენ, რომ ქვეყანას სისხლიანი გაზაფხულის შემდეგ კიდევ უფრო ცხელი ზაფხული ელოდება.

P.S. 3 ივნისს ქაბულის სასაფლაოზე პარლამენტის ვიცე-სპიკერ ალამ იზიადირის ვაჟის დაკრძალვაზე სამი აფეთქება მოხდა. დაიღუპა 18 და დაშავდა 20-ზე მეტი კაცი. ვიცე-სპიკერის ვაჟი გასულ პარასკევს ქაბულში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან შეტაკებისას დაშავდა და დაიღუპა. დაკრძალვას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები და მთავრობის წევრები. ქაბულის სასაფლაოზე მომხდართან '”თალიბანი'” კავშირს უარყოფს.

რა არის ბოლო ტერაქტების მთავარი გზავნილი

რა არის ამჯერად მანჩესტერში, ქაბულში, ფილიპინებზე მომხდარი ტერაქტების მთავარი გზავნილი, ამის თაობაზე ”კვირის პალიტრას” ”ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის” დირექტორი ბადრი ნაჭყებია ესაუბრა:

- იმ დროს, როცა ქაბულში გერმანიის საელჩოს წინ აფეთქება მოხდა, აშხაბადში ორგანიზაციის, ”ენერგეტიკული ქარტია”, კონფერენციაზე გახლდით. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ავღანეთის სახელისუფლებო წრის უმაღლესი თანამდებობის პირები და ექსპერტები. ყველა ეჭვობს, რომ ტერაქტი ამ კონფერენციას საგანგებოდ დაამთხვიეს, რადგან იქ პლანეტარული მნიშვნელობის ენერგეტიკული პროექტი განიხილებოდა. ლაპარაკია გაზსადენის - ”ტაპი”-ს” (”ტაპი” მოიცავს ტაშკენტს, ავღანეთს, პაკისტანს, ინდოეთს) მშენებლობაზე. ფაქტობრივად, ”ტაპი” ავღანეთში სტაბილურობის ხელშეწყობის სიგნალს წარმოადგენს, რაც მავანს არ ეჭაშნიკება. თურქმენეთის ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს მშენებლობა. თვით ”თალიბანმაც” კი, რომელიც ჰილმენდის პროვინციის დიდ ნაწილს აკონტროლებს, უარი თქვა ტერაქტის განხორციელებაზე, ამიტომ ”ისლამურმა სახელმწიფომ” თვითონ იკისრა პროექტის მთავარი მოწინააღმდეგის ამპლუაში ყოფნა და მორიგი ტერაქტით სიგნალი მოგვცა, რომ ავღანეთში სტაბილიზაციას არ დაუშვებს. ტერაქტისთვისაც სიმბოლურად გერმანიის საელჩო, დიპლომატიურად დაცული ტერიტორია შეირჩა. კონფერენციაზე ითქვა, რომ ეს ტერორისტული აქტი რეგიონში სტაბილურობის წინააღმდეგ არის მიმართული და მასზე პასუხისმგებლობა ”ისლამურ სახელმწიფოს” ეკისრება. მართალია, ჯერ საბოლოო დასკვნა არ არის გამოქვეყნებული, მაგრამ ყველა ნიშანი ამაზე მიუთითებს.

- ფიქრობთ, რომ ”ისლამური სახელმწიფო” ამ შემთხვევაში დამოუკიდებლად მოქმედებს?

- ძალიან ხშირად ის მარტო მოქმედებს, თუმცა შესაძლებელია, მის უკან რომელიმე ქვეყანა (ქვეყნები) ან ძალები იდგეს. ახლა მისი პოზიციები ირანსა და სირიაში ბლოკირებულია პრორუსული და პროამერიკული ძალების მიერ; ამიტომ, ის, როგორც ტრანსნაციონალური ტერორისტული ორგანიზაცია, თავის დასამკვიდრებლად მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში დარტყმებს აძლიერებს - სწორედ მაშინ, როცა სერიოზული შეტევა მიდის ”ისლამური სახელმწიფოს” დედაქალაქ რაყაზე, დასავლეთსა და აღმოსავლეთში პროცესები დაიწყო... მანჩესტერი, ქაბული, ფილიპინები - ტერაქტების სამიზნედ იქცა. ცხადია, მანჩესტერის ტერაქტის უკანაც ”ისლამური სახელმწიფო” მოიაზრება. მორიგ ტერორისტულ აქტებსაც უნდა ველოდოთ. მართალი გამოდგა საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი, რომელმაც თავის დროზე განაცხადა, დადგა დრო, როცა ტერორიზმთან ერთად ცხოვრებას უნდა მივეჩვიოთო. შექმნილ მდგომარეობას მშვენივრად იყენებს რუსეთი. ამას ადასტურებს ახლახან ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენციაც. მისი განცხადებით, მსოფლიოს მთავარი პრობლემა ტერორიზმია და დასავლეთისგან მის მიმართ ყველა სანქცია უადგილოა მაშინ, როცა ის ტერორიზმს ებრძვის. თავის მხრივ, პუტინს რეჯეფ თაიფ ერდოღანიც არ ჩამორჩა, რომელმაც პირდაპირ თქვა, საზღვარგარეთი სათანადოდ რომ გვიჭერდეს მხარს, თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციებს ბოლოს მოუღებდაო (ცხადია, თურქეთს ევროპის წინააღმდეგობა აღიზიანებს იმ საკითხში, რომ დასაჯოს მისი მთავარი მოწინააღმდეგე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიჩნეული ფეთჰულა გიულენი).

- არის თუ არა ტერორისტული ორგანიზაცია FFETO, რომელთან კავშირის ბრალდებით დააკავეს საქართველოში დემირელის კოლეჯის მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუქი?

- ეს ორგანიზაცია გიულენის სახელთან არის დაკავშირებული და მას ტერორისტულად მხოლოდ თურქეთი მიიჩნევს. ამიტომ საქართველო გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა, რომელსაც თურქეთთან კეთილმეზობლობის გამო ჩაბუქის ექსტრადიციაზე უარის თქმა უჭირს, რადგან ეს ამბავი თურქეთს გააღიზიანებს. ექსტრადიციაზე თანხმობას კი დასავლეთი უარყოფითად შეაფასებს.

- საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარებას რას უკავშირებთ და რამდენად საჩოთიროდ მიიჩნევთ?

- თუ საქართველოს ტერიტორიაზე ამ ჟურნალისტის კლასიკურ გატაცებას და საზღვარზე მის არალეგალურად გადაყვანას აქვს ადგილი, ეს ალბათ შავ ლაქად დარჩება ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობაში...

ეკა ასათიანი

ნინო ბურჭულაძე