თვითმკვლელი მოხუცები თუ საზარელი მკვლელობა?! - კვირის პალიტრა

თვითმკვლელი მოხუცები თუ საზარელი მკვლელობა?!

აგვისტოს პაპანაქება დაიწყო თუ არა, მდინარე არაგვმა ერთიმეორის მიყოლებით გამორიყა ექვსი ცხედარი. უცნაური ის იყო, რომ  ექვსივე მოხუცი ქალისა. მოხუცები მალე ამოიცნეს, - ექვსივე ერთი სოფლიდან იყო.

სოფელში უკვე ერთი კვირა დაკარგულ ქალებს ეძებდნენ. ქეთო მაჭავარიანი, თეკლა მემანიშვილი, გულიკო ბალიაური, ზაირა თითბერიძე, ეთერ კრიალაშვილი  (გვარ-სახელები და მოქმედების ადგილები შეცვლილია) მეზობელმა თამარ ნათელიშვილმა პატარა წვეულებაზე დაპატიჟა. იმ საღამოს სტუმრები მასპინძელთან ერთად გაუჩინარდნენ, თითქოს ცამ ჩაყლაპა სუყველა. პოლიციამ მთელი სოფელი გაჩხრიკა. ბევრი ძებნა არ დასჭირვებიათ. ექვსივე ქალის ფლოსტები და  ხალათები მდინარის პირას ერთიმეორის მიყოლებით იყო ჩამწკრივებული. სამართალდამცავებს ერთადერთი ვერსია ჰქონდათ, - თვითმკვლელობა. გაოგნებული პოლიციელები მასობრივი თვითმკვლელობის მოწმე პირველად გახდნენ. ასეთი შემთხვევა არც გამოცდილ მაძებარს, ლექსო ჯიშკარიანს ჰქონია ოდესმე.

- ეს სულ იმის ბრალია, კაცო, გამაიგონეს რაღაც სექტებიო. ეს იეღოვას მოწმეებიო, ეს ბაპტისტებიო, აქეთ ორმოცდაათიანელებიო. შარშან იყო და იეღოველები აპირებდნენ გორის ციხიდან ღმერთთან გაფრენას და "გაფრინდნენ" კიდეცა... ექიმებმა ძლივს ააწყვეს, ისე იყვნენ დაშლილი! ახლა კიდე ე მოხუცები რაღამ გადარია, კაცოო! - აღშფოთებას ვერ მალავდა პოლიციის მაიორი. ლექსო ჯიშკარიანი დარწმუნებული იყო, რომ ასეთი მასობრივი სიგიჟის ჩადენა მხოლოდ რელიგიური ფანატიზმით დაბრმავებულ ადამიანებს შეეძლოთ.. გამოძიება დიდხანს არ გაგრძელებულა. სოფელში ისეთებიც გამოიძებნენ, რომელთაც "გაიხსენეს", რომ მოხუცები ამ ბოლო დროს უცნაურად იქცეოდნენ. დიდ დროს ატარებდნენ ერთად და უცნაური მზერაც  დასჩემდათ!.. ამისთანა ჩვენებების შემდეგ  80 წელს გადაცილებული ქალების თვითმკვლელობის მიზეზის ძიებით თავი აღარ აუტკივებიათ და დაადგინეს, სახეზეა რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი თვითმკვლელობებიო და საქმეც დახურეს.

ერთი წლის შემდეგ ჟინვალის პოლიციაში ანონიმური ზარი შევიდა. უცნობმა პოლიციას აცნობა, რომ მთვრალი გივი ხორნაული სოფელს აწიოკებდა. ჯერ სანადირო თოფით მიუვარდა ბალიაურების ოჯახს და სროლა აუტეხა, მერე კი კრიალაშვილებსა და ნათელიშვილებსაც ჩამოუარა, - როგორ თუ თქვენი ბებიების მოკვლას მაბრალებთო. გარდაცვლილი თამარ ნათელიშვილის შვილიშვილს გიორგის კი სულ თოფის კონდახითა და შეშის ნაპობით სცემა. პოლიციის უფროსმა ლექსო ჯიშკარიანმა  რამდენიმე პოლიციელი გაგზავნა მის მოსაყვანად. მთვრალ გივი ხორნაულს იარაღი თან არ ჰქონდა, მეზობელთან დავტოვეო. მითითებულ ადგილას  პოლიციელებმა სანადირო თოფს მართლაც მიაგნეს, მაგრამ ხორნაული არაფრით ამხელდა, ვისი იყო იარაღი. ბოლოს, როგორც იქნა, გამოტყდა, რომ თოფი მის მეზობელს, იაშა მელიწკაურს ეკუთვნოდა. ლექსო ჯიშკარიანმა პოლიციელები ახლა იაშა მელიწკაურის მოსაყვანად გაგზავნა, მაგრამ მის გზა-კვალს ვეღარ მიაგნეს. მეზობლებმა თქვეს, იაშას დღეს არც საქონელი გაუშვია მინდორში და არც  თვითონ გამოჩენილაო. მეორე დღეს იაშა მელიწკაურის გვამი პოლიციამ არაგვში იპოვა.

პირველად მაშინ იგუმანა ლექსო ჯიშკარიანმა, რომ ამ სოფელში უცნაური ამბები ტრიალებდა. შესაძლოა, შარშანდელი ექვსი ქალის თვითმკვლელობაც არ ყოფილა რელიგიური "გაფრენის" ბრალი. ამასთან, 5-6 წელი იყო, ანანურში მომხდარი დანაშაულების გამო მოსვენება არ ჰქონდა პოლიციის მაიორს, - ხან ანანურელების სახლ-კარი იწვოდა უმიზეზოდ, საოჯახო ნივთების ქურდობა  ხომ ყოველდღიური ამბავი იყო, მაგრამ არაგვში მოტივტივე ანანურელი მოხუცების გვამებმა სულ მთლად დაუკარგა მოსვენება. გივი ხორნაულის საქციელიც უცნაურად ეჩვენა, - მთელმა სოფელმა იცოდა, რომ მოხუცებმა  სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, ხორნაულისთვის  უბატონოდ ხმა არავის გაუცია, და ახლა წლისთავზე მისგან სოფლის დაწიოკებამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ამას ემატებოდა ისიც, რომ სანადირო თოფის პატრონი იაშა  მელიწკაურიც არაგვში იპოვეს დამხრჩვალი.

"არა, აქ სხვა ამბავია", - გაიფიქრა  ლექსო ჯიშკარიანმა და კიდევ ერთი ექვსი წლის წინანდელი შემთხვევა გაახსენდა.

გივი ხორნაული 90-იანი წლების ბოლოს რუსეთის ერთ-ერთი კოლონიიდან (სადაც სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა)  ვინმე გენადი პრიხოდკოსთან ერთად დაბრუნდა, - ამბობდა, უსახლკაროა, ობოლი, გზას ასცდა და კაცად უნდა ვაქციოო. ანანურში დასახლებიდან ორი თვის შემდეგ პრიხოდკოც არაგვში იპოვეს დამხრჩვალი. გენადი პრიხოდკო სინამდვილეში ვიაჩესლავ კიპრიჩი აღმოჩნდა, რომელსაც კამენსკის კოლონია-ჩასახლებაში ცოლ-ქმარ მალალეტკინების მკვლელობისთვის ეძებდნენ. პრიხოდკო-კიპრიჩის დახრჩობა დიდად არავის გაჰკვირვებია, იფიქრეს, სასმლის მოყვარულმა რუსმა ვერ მოზომა, გაგრილება მოუნდა და დაიხრჩო კიდეცო.

მართალია, ლექსო ჯიშკარიანს ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ამ მკვლელობებთან გივი ხორნაულს კავშირი უნდა ჰქონოდა, მაგრამ მისმა დაკითხვამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი მისცა. ირწმუნებოდა, იაშა მელიწკაურმა თოფი მელიებზე სანადიროდ მათხოვაო.

ჯერი მეზობლებზე მიდგა და იაშა მელიწკაურის კარის მეზობელმა გაიხსენა, რომ იაშა და გივი ხორნაული  ორიოდე დღის წინ ნახა არაგვის ჭალაში. მელიწკაურის ქონების აღწერის შემდეგ კი გაირკვა, რომ მოხუცის სახლიდან ჯამ-ჭურჭელი და ძველებური მაგიდის ლამპა გამქრალიყო. სხვა გზა აღარ ჰქონდათ, სოფელში ყველა სახლი უნდა გაეჩხრიკათ. ჩხრეკამ ნაყოფი გამოიღო, - იაშა მელიწკაურის ძვირფასი ლამპა ანანურელი მარგალიტა კურატაშვილის სახლში იპოვეს. იქვე იყო გარდაცვლილი თამარ ნათელიშვილის სახლიდან წაღებული ჭურჭელი და გადამწვარი სახლებიდან წამოღებული სხვა ათასი წვრილმანი. მარგალიტამ თავი იმართლა\, ლოთ გივის ეს ნივთები ჩემთან შესანახავად მოჰქონდა, სხვა არაფერი ვიციო...

გივი ხორნაულმა პირველი მკვლელობა 90-იანი წლების ბოლოს ჩაიდინა. "მეგობარ" კიპრიჩთან ერთად კამენსკის კოლონია-ჩასახლებაში  ყოფნისას ცოლ-ქმარ მალალეტკინებთან მივიდა. დიასახლისი შინ არ იყო და მასპინძელთან ერთად სამივენი გვარიანად გამოთვრნენ. როცა მალალეტკინა შინ დაბრუნდა და სამი კაცი იატაკზე გაშხლართული დაინახა,  შეშინდა და კივილი მორთო. ხმაურზე ხორნაული წამოხტა და ცემა დაუწყო. ქალს მეუღლე გამოესარჩლა და ხორნაულმა ცოლ-ქმარს ყელი გამოღადრა. სხვათა შორის, ქალი ფეხმძიმედ იყო.

ხორნაულმა დანაშაულის ერთადერთი მოწმე ლოთი კიპრიჩი დაარწმუნა, რომ მკვლელობას მას დააბრალებდნენ და გაქცევა ურჩია. ასეც მოხდა, მკვლელობა მართლაც მას დაჰბრალდა, სამაგიეროდ, ხორნაულმა ამ საზარელი მკვლელობის ერთადერთი მოწმე ანანურში ჩაიტყუა, ერთ მშვენიერ დღეს გამოათრო და არაგვში გადაუძახა.

კოლონიიდან სოფელში დაბრუნებულ ხორნაულს ერთადერთ ნუგეშად თანაკლასელი და ბავშვობის სიყვარული მარგალიტა ეგულებოდა, მაგრამ არ გაუმართლა, მარგალიტა გათხოვილი დახვდა, თუმცა შეყვარებულებმა ძველი დრო გაიხსენეს და ტრფობის მორევშიც გადაეშვნენ. შეხვედრებისთვის თამარ ნათელიშვილის სახლი შეარჩიეს. თამარს შვილი  მოსკოვში ჰყავდა გათხოვილი. მოხუცს ქალიშვილი არაფერს აკლებდა. სახლი  შეუკეთა, ახალი ავეჯიც შეუძინა და დედას საკმარისზე მეტ ფულსაც უგზავნიდა. მოხუცს ყურს აკლდა, არც თვალი უჭრიდა მაინცდამაინც. მოტრფიალეები ამით სარგებლობდნენ და ხშირად იპარებოდნენ თამარის საძინებელში. იმ დღეს თამარს ქალიშვილმა მოსკოვიდან ამანათი გამოუგზავნა და  მოხუცმაც მეზობელ ქალებთან ერთად ამ ამბის საგანგებოდ აღნიშვნა გადაწყვიტა. მარგალიტასა და გივის უბედური ქალები მაშინ წაადგნენ თავს, როცა თამარი ქალებს შვილის გამოგზავნილ ნივთებს ათვალიერებინებდა. მარგალიტამ შეიცხადა, უიმე, მომეჭრა თავიო და გივიმაც საყვარელი ქალის "გადარჩენა" გადაწყვიტა. ექვსივე იარაღით წინ გაიგდო, ცალ-ცალკე გაიყვანა ჭალაში და აიძულა, მდინარეში გადამხტარიყვნენ. მერე კი ფლოსტები და ხალათები მდინარის პირას ჩაამწკრივა.

გივი ხორნაულს არც ის დაუმალავს, რომ იაშა მელიწკაურიც მან გაისტუმრა საიქიოს. სასამართლო პროცესზე თავად ჰყვებოდა: "მარგალიტა სიყვარულის სანაცვლოდ ფულსა და პატივისცემას მთხოვდა, ამიტომ იძულებული ვიყავი, მექურდა. იაშა მელიწკაურს ფული მოვთხოვე, მოხუცმა გარდერობიდან პერანგი გამოიღო და გამომიწოდა. ჯიბეში 15 ლარი იდო. მეხვეწებოდა, ნუ მომკლავ და რაც გინდა, წაიღეო. მისი თოფი ავიღე, გარეთ გამოვიყვანე და მდინარეში შესვლა ვაიძულე, მერე დინებამ წაიღო"...

მარგალიტამ საყვარლის ნაამბობი სრულ სიცრუედ გამოაცხადა, მაგ კაცს ჩემთან ნივთები მხოლოდ შესანახავად მოჰქონდა, სხვა არაფერი ვიციო. "მიჯნური გივი" კი სასამართლოზე ცრემლად იღვრებოდა, მარგალიტას სიყვარულმა გამაკეთებინა ყველაფერი, ეგ რომ არა, ამდენ უბედურებას არ ჩავიდენდი. მარგალიტას ასე იოლად ვერ შეველევი, კაცი არ ვიყო, გვერდით თუ არ მოვისვაო...

გივი ხორნაულმა დანაქადები შეასრულა.