"არ ჩამოხვიდეთ!" - ექსკლუზივი - კვირის პალიტრა

"არ ჩამოხვიდეთ!" - ექსკლუზივი

"ქართველი მოჯაჰედების" გაფრთხილება სირიიდან

"ისლამური ხალიფატი" შეიძლება გამოჩნდეს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, იქ, სადაც დაძაბულობა და რელიგიური დაპირისპირებაა. ამიტომ ამ ორგანიზაციასთან მხოლოდ სამხედრო მეთოდებით გამკლავება შეუძლებელია".

მაჰერ ალ ფარგალი, ეგვიპტელი ექსპერტი, 2017 წლის ივნისი

"სამხედრო წარუმატებლობა მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს "ხალიფატის" მხარდამჭერთა შეხედულებებზე. ისინი უკვე ეგუებიან იმას, რომ "ისლამური სახელმწიფო" ტერიტორიებს თმობს; თუმცა ტერიტორიების დაკარგვა დიდ მოტივაციას გაუჩენს "ისლამურ ხალიფატს" - გაააქტიუროს ტერაქტები მსოფლიოში."

ლუდოვიკო კარლონი, ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი, 2017 წლის 17 ივლისი

10 ივლისს ერაყის ქალაქ მოსულში, ან ნურის მეჩეთის ნანგრევებთან, ავტომატის ჯერი გაისმა. მოსახლეობას, რომელიც 9 თვის განმავლობაში ალყაშემორტყმულ ქალაქში "ისლამური სახელმწიფოს" მძევალი იყო, იარაღის კაკანი არ უნდა გაჰკვირვებოდა, მაგრამ ამჯერად სროლის ხმაზე დიდი თუ პატარა გარეთ გამოეფინა. ან ნურის მეჩეთთან ერაყელმა და ქურთმა ჯარისკაცებმა მოსულის გათავისუფლება ამცნეს ქვეყანას. გამარჯვების სალუტის გარდა, ერთი მნიშვნელოვანი რამ გაიგო მსოფლიომ - მეჩეთი, საიდანაც 700 წლის წინ ლეგენდარულმა სულთანმა სალადინმა მოუწოდა მუსლიმებს, ჯვაროსნებისგან იერუსალიმის გასათავისუფლებლად აღმდგარიყვნენ, ხოლო 2014 წლის 29 ივნისს ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა აბუ ბაქრ ალ ბაღდადიმ "ისლამური ხალიფატის""დაარსების შესახებ განაცხადა, მიწასთან გასწორებულია - "ხალიფატის" სიმბოლო 21 ივნისს ააფეთქეს. ამბობდნენ, რომ ის ჯერ კიდევ 2016 წელს დანაღმეს ქალაქში მყოფმა "მოჯაჰედებმა", რათა "ურჯულოებს" ხელში არ ჩავარდნოდათ.

მოსულში გაწმენდითი სამუშაოები დღემდე გრძელდება. ალყაში მოქცეულმა "მოჯაჰედებმა" ყველა სახლში გათხარეს სარდაფი და ერთმანეთთან დამაკავშირებელი გვირაბები. როგორც მოგვიანებით სამხედრო ექსპერტებმა განაცხადეს, "ხალიფატის" მეომრებს ქალაქის უბნებში მიმოსვლა ზემოთ ამოუსვლელადაც დაუბრკოლებლად შეეძლოთ (საინტერესოა, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის დროს "მოჯაჰედებმა" უნიკალური მხატვრობით დამშვენებული უძველესი ასირიული სასახლის ნანგრევები იპოვეს). გვირაბებს არა მხოლოდ მიმოსვლისთვის, არამედ ოჯახების თავშესაფრადაც იყენებდნენ; ამიტომ ჯერ არავინ იცის, რამდენი გარდაცვლილი ან მოკლულია ავიაიერიშებისას ქალაქის მიწისქვეშეთში.

"კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ დაახლოებით სამი კვირის წინ (სავარაუდოდ, ავიაიერიშების დროს) დაიღუპნენ საქართველოს მოქალაქეები - პანკისის ხეობის მკვიდრი მეუღლითა და ორი მცირეწლოვანი ბავშვით (ვინაიდან გარდაცვლილების ოჯახის წევრები მომხდარს არ ადასტურებენ (ინფორმაცია არ აქვთ), დაღუპულების იდენტიფიცირებისგან თავს შევიკავებთ). ასევე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაღუპულია კიდევ ერთი პანკისის ხეობელი და მისი მეუღლე (ცოლი საქართველოს მოქალაქე არ არის). დაღუპულთა შორის არის რამდენიმე ჩრდილოკავკასიელი და აზერბაიჯანელი "მოჯაჰედების" ოჯახიც...

მას შემდეგ, რაც "ხალიფატი" სირიის და ერაყის ფრონტებზე ზედიზედ მარცხდება, მის რიგებში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებზე ინფორმაციის მოპოვება რთულდება. 2016 წლის 16 ივლისს "ჟღალი გენერლის""(თარხან ბათირაშვილი) სიკვდილის დადასტურების მერე ქართველი "მოჯაჰედების""მდგომარეობა "ხალიფატში" მკვეთრად შეიცვალა. სამხედრო მინისტრად ტაჯიკი გულმროდ ჰალიმოვის დანიშვნის შემდეგ "ჯურჯები" (გურჯები), რომლებიც ძირითადად თავმოყრილი იყვნენ ქალაქ რაყაში, სხვადასხვა ფრონტზე გაგზავნეს, რამაც მოგვიანებით მათ შორის ურთიერთობა შეუძლებელი გახადა. დღეს სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობაზე არაფერი იციან არც სირიაში და არც პანკისის ხეობაში, სადაც, უკვე რამდენიმე თვეა, ოჯახს არავინ დაჰკავშირებია. როცა ბოლოს დარეკეს, ესღა თქვეს - "არ ჩამოხვიდეთ!" რაც ადასტურებს ჩვენს ვარაუდს, რომ ქართველი "მოჯაჰედები" იქ მძიმე მდგომარეობაში არიან.

რადგან სირიაში სხვა წყაროებთან ინფორმაციის გადამოწმება თითქმის შეუძლებელია, ამიტომ მოპოვებულ ცნობას ვერსიად მივაწვდით მკითხველს.

სამწუხაროდ, არავინ იცის, რამდენი ჩვენი მოქალაქე დარჩა მოსულში, არიან თუ არა ისინი ცოცხლები. ნაკლებია იმის შანსიც, რომ დაღუპვის შემთხვევაში მოხდეს მათი იდენტიფიცირება, რადგან მოსულის ქუჩებსა და მიწისქვეშა გვირაბებში ასეულობით ცხედარია, ზაფხულის ხვატის გამო ქალაქი უკვე ეპიდემიის ზღვარზეა, ამიტომ გარდაცვლილებს მეტწილად საერთო საფლავში განურჩევლად კრძალავენ.

მოსულის გარდა ქართველი "მოჯაჰედების" ლოკაციის ადგილი რაყაა. ჩვენი ინფორმაციით, ბევრია დაჭრილი. მათ შორის "ჟღალი გენერლის" პირადი დაცვის წევრი აჰმად ალ გურჯი და "ხალიფატის" ყოფილი იუსტიციის მინისტრი"ადამ ალ შიშანი, ალ ბარა ალ შიშანი (ფეხი დაკარგა), რომელიც მანამდე არაერთხელ იყო დაჭრილი და თურქეთში მკურნალობდა(?!).

"ისლამური ხალიფატის" ე.წ. აჭარული ფრთა (ამ 4-5-კაციანი დაჯგუფების ლიდერია თამაზ ჭაღალიძე, იგივე აჰმად ჯურჯი) რაყასთან, მდინარე ევფრატის მიდამოებში იმყოფება. ქართველ "მოჯაჰედებს" ხშირად არა აქვთ საკვები და მედიკამენტები. ბოლო რამდენიმე თვეა, "ისლამურ ხალიფატში" ჩვეულებრივი ამბავია უფულობა და გაუსაძლისი პირობები. თავის მოკვეთის და ცოცხლად დაწვის (ასე სჯიან დეზერტირებს) შიშიც კი ვერ აკავებს მეომრებს, რომლებიც ხელსაყრელ მომენტში "ხალიფატიდან" გარბიან და ტყვედ ბარდებიან...

კარგა ხანს არაფერი იყო ცნობილი თამაზ ცათიაშვილის (თარხან ბათირაშვილის ძმის) შესახებ, რომელიც "ხალიფატის""კონტრდაზვერვის შეფი იყო. ჩვენი ინფორმაციით, "ჟღალი გენერლის" ძმა ავღანეთში იმყოფება.

"კვირის პალიტრა", ავღანურ წყაროებზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ ორი თვის წინ წერდა, რომ ავღანეთის ჩრდილო რეგიონებში, "ხალიფატის""საწვრთნელ ბანაკებში ჩეჩნები და გურჯები"გამოჩნდნენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ "ხალიფატი" ავღანეთის ამ ნაწილიდან ცენტრალურ აზიაში შესაჭრელად ემზადება.

დღეს სირიაში საერთაშორისო კოალიცია და ქურთი სამხედრო დაჯგუფებები რაყას ასაღებად ემზადებიან. აშშ-ის სამხედრო უწყების მონაცემების თანახმად, რაყაში "ხალიფატის" 2000-მდე მებრძოლია. ასევე, ქალაქში რჩება 50 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ რაყას აღებით "ისლამური ხალიფატი" საბოლოოდ დამარცხდება. თუმცა, მეორე ნაწილის აზრით, "ისლამური ხალიფატის" სრულ განადგურებამდე ჯერ ძალიან დიდი დროა.

ამასობაში, სირიის ტერიტორიაზე ძალას იკრებს სამხედრო დაჯგუფება "ჰაიატ ტაჰრირ აშ შამი" ("ალ-ქაიდა სირიაში"), ყოფილი"ფრონტი ან ნუსრა", რომელსაც სირია-თურქეთის საზღვრებთან ალაფის სახით იარაღის და სამხედრო ტექნიკის რამდენიმე საწყობი ერგო. სავარაუდოდ, ამ დაჯგუფებაში უნდა იყოს ცნობილი საველე მეთაური მუსლიმ ალ შიშანი - მურად მარგოშვილი, რომელიც სირიაში ასადის რეჟიმს ებრძოდა. ასევე, ლატაკიაში უნდა იყვნენ ასადის მოწინააღმდეგე სამხედრო დაჯგუფებებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები.

"ხალიფატის" სიმბოლო

მოსული 2014 წლის 9-10 ივნისს აიღო თარხან ბათირაშვილმა, რომელიც "ხალიფატის" გამოცხადების შემდეგ სამხედრო მინისტრი გახდა. მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის 17 ოქტომბერს დაიწყო და 9 თვე გაგრძელდა. ოპერაციაში მონაწილეობდა 85 000 ერაყელი ჯარისკაცი და 60 000 მოხალისე (მათ შორის ქურთული "პეშმერგა". მსხვერპლი - 30 000 ჯარისკაცია, უცნობია "ხალიფატის" დანაკარგი. მოსულის დაცვაში მონაწილეობდა 20 000 "მოჯაჰედი"). დაიღუპა 4000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

ან ნურის მეჩეთი მოსულში აშენდა 1172 წელს. ის ნურ ად-დინ მაჰმუდ ზანგის სახელს ატარებს. პირველმა სწორედ მან მოუწოდა მორწმუნეებს ჯვაროსნებთან საბრძოლველად. მისი საქმე მოგვიანებით მისმა მოწაფემ, სალადინმა გააგრძელა.

"ისლამური ხალიფატი" გუშინ და დღეს

სირიის კონფლიქტი 2011 წელს დაიწყო და დღემდე მასში ჩართულია 40 სახელმწიფო. "ისლამური ხალიფატი" 2015 წლის იანვარში აკონტროლებდა სირიისა და ერაყის ტერიტორიის 90.800 კვადრატულ კილომეტრს, მომდევნო ორ წელიწადში დაკარგა ტერიტორიის 60% (მხოლოდ 2017-ში - 40%), 2017 წელს მის ხელშია 32.2 ათასი კვკმ.

"ხალიფატის" მეომართა ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის, თუმცა სხვადასხვა ცნობით, შესაძლოა, 85 000 კაცი იყოს (მონაცემები აღებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს, ანგარიშებიდან).

ამჟამად "ხალიფატი" უკვე წარმოდგენილია: ლიბიაში, ეგვიპტეში, ფილიპინებში, მალაიზიაში, ნიგერიაში, ღაზის სექტორში, იემენში, ავღანეთში, შუა აზიის ქვეყნებსა და საუდის არაბეთში.

"ხალიფატის" რიგით მეომართა თვიური ხელფასი (მონაცემები აღებულია 12 ივლისს, ერაყის ფედერალური პოლიციის მიერ მოსულში ნაპოვნი დოკუმენტიდან): უცოლოსი - 72$; ცოლიანისა, სამი ბავშვით - 184$; ცოლიანისა, 6 ბავშვით - 256$; ამჟამად მოჯაჰედების საშუალო ხელფასი 300 $-ია, 2016-ში - 500$ იყო.

ნინო ბურჭულაძე