"...ის ათი წუთი ყველაზე მძიმე იყო იმ დღეებში"
"...ის ათი წუთი ყველაზე მძიმე იყო იმ დღეებში"
"ყველა მიყურებს და ერთი კითხვა აწერიათ სახეზე, რატომ რუსული მედესანტის ბერეტი? მეც მაქვს პასუხად, რატომ ატარებდა ერეკლე­ ჩალმას?.."

2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი დაიწერა და ითქვა ამ ომში მონაწილე სამხედროების, ექიმების, მოქალაქეების გმირობის შესახებ, თუმცა, საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის აგვისტოს ომში აფხაზეთში ნაომარი ბიჭების მოხალისეობის შესახებ. აგვისტოს ომის ერთ-ერთი მოხალისე, აფხაზეთის ომის მონაწილე აჩიკო ხოფერია იხსენებს:

- 10 აგვისტოს მამას 60
წელი უსრულდებოდა და 7 აგვისტოს მთელი ოჯახი სოფელში წავედით. მცხეთის გადასახვევთან, ხიდთან, ნახევარი საათი ვიდექით. ჩვენი სამხედრო კოლონა ცხინვალისკენ მიდიოდა. 7 აგვისტოს ჯერ კიდევ მქონდა იმედი, რომ რუსები არ ჩაერეოდნენ. 8-ში დილით დედის ხმამ გამაღვიძა, ნახე, რა ხდებაო. 12 საათისთვის ნათელი გახდა, რომ რუსებთან მოგვიწევდა ბრძოლა. ცოლს ვთხოვე, ჩემი ფორმა გამომიტანე, ვიცი, დედას შენახული­ აქვს-მეთქი. არ გაგიშვებო, ამოილუღლუღა­ და ატირდა. ამასობაში დედაც შემოვიდა და ჩემი გარეცხილ-გაუთოებული სამხედრო ფორმა შემოიტანა, ჯერ კიდევ აფხაზეთში რომ მეცვა, და ჩემს ცოლს ეუბნება, რა გატირებს,
კაცი ომში მიდისო... ჩემი ბერეტი სადაა-მეთქი, ვკითხე ქალებს (აფხაზეთში ვატარე, ჩემი თილისმაა), გამომიტანეს... ჩრჩილს ცოტა შეუჭამია.

ელგუჯას ვურეკავ, ჩხაიძეს, მე მივდივარ­ და შენ რას იზამ-მეთქი, სადაც შენ, მეც იქო, მპასუხობს. მერე
ბუსასა და ჩემს მამი­დაშვილს, დათოს ჩამოვურეკე... ქალაქის ცენტრში ვიკრიბებით. "აბა, შენ იცი, მა (ჯარჯის ვეუბნები), დედას და თინიკოს მიხედე". დავიძარით, ნახევარ საათში დოდო რეკავს, გუგეშაშვილი, გორშია უკვე...

"ესეც შენი რეზერვისტთა "საბრძოლო ნათლობა"


გორი სიჩუმით შეგვხვდა,­ ყველა­ რაღაცის მოლოდინში იყო. მივედით იქ, სადაც მოხალისეები იყრიდნენ თავს - სკოლის შენობაში. დოდო იქ ვნახე. არავინ არაფერი იცოდა. ქალაქის ცენტრი რეზერვისტებით არის სავსე. გორში ჩვენი თანამებრძ­ოლი, დათო ყოლბაია მეგულება, მაგრამ სად გინდა, მოძებნო. ვწვებით იატაკზე და
ვცდილობთ, დავიძინოთ. გვერდები მტკივა (ეტყობა, კომფორტს მივ­ეჩვიე, მაგრამ არა უშავს, ერთ კვირაში ფორმაში ვიქნები).
ძილ-ბურანში აფეთქების ხმა ჩამესმის, წამოვცვივდით, ხელების ცეცებით გამოვრბივართ გარეთ. დაბომბვას არ ჰგავს. ქუჩაში საშინელი გნიასია, უთავბოლოდ დარბიან რეზერვისტები. "აგვაფეთქეს! ისვრიან!" - გაჰყვირის ზოგი ტელეფონში... ერთმანეთს დაეძებენ.

ამათ ბრძოლაში რა უნდა ქნან-მეთქი, ვფიქრობ. შენობიდან ორი თუ სამი დაჭრილი­ გამოჰყავთ. მერე გაირკვა, რომ წყლის გამაცხელებელი აფეთქებულა სპორტდარბაზში.­ ესეც შენი რეზერვისტთა "საბრძო­ლო ნათლობა". ქუჩაში ისევ აყალმაყალია, ისევ არავინ არაფერი იცის. მოულოდნელად მესმის,­ "არჩილ, ბიჭებო"... გავიხედე და ჩვენი­ ყოლბაია დგას გაღიმებული. საუბარს არ გვაცლის, ვიცოდი, ჩამოხვიდოდით, ჩემთან­ წავიდეთო. ჯერ შეკრება­ უნდა გაი­მართოს და გავარკვიოთ, რა გავაკეთოთ-მეთქი. ცოტა ხანში გაისმა, დაეწყვეთო. გამოდის ერთი სიტყვით, ეზოს გარეთ არავინ გავიდესო. მოკლედ, ბრახაბრუხი... ბოლოს დავიშალეთ ყოველგვარი დავალების გარეშე. დოდოს ვეძებ, რა უბედურებაა, ეს რა ხდება-მეთქი, ვეკითხები. დოდოც უკმაყოფ­ილოა ამ გაუგებრობით. ჩვენ ყოლბაიასთან მივდივართ. მისი მანქანა, "05", ალბათ, 40 წლის მაინც იქნება. მივდივართ და გვეშინია, ძირი არ გავარდეს. "ახლომახლო სამხედრო ნაწილი არ არის?" - ვეკითხები. მეუბნება, ბაზაა ჩემს სახლთანო. ბიჭებს ვეუბნები, გორს არ ვიცნობ, წავალ, დავათვალიერებ, რა იცი, რაში დაგვჭირდება-მეთქი.­
გამოვდივართ და თავზე არ გადაგვიფრინა დაბალ სიმაღლეზე თვითმ­ფრინავმა? ლამის სახლს სახურავი ახადა. "რუსია", - წამოვიძახე და აფეთქების ხმაც გაისმა, სამხედრო ბაზას დაარტყა... იქ რაც ვნახეთ, იმის მოყოლას აზრი არა აქვს. ყველას ბოღმა გვახრჩობდა, მორჩა, იარ­აღი უნდა ვიშოვოთ-მეთქი.
ბედად დოდოც რეკავს, კაცია მოსული, მოხალისეები სჭირდება, დავალება აქვს რაღაცო. 5 წუთში სკოლის ეზოში ვართ. ირაკლია შიხიაშვილი, რუსებს სპეცრაზმი გადმოუსხამთ ზნაურში და ჩვენს სპეცებს დახმარება სჭირდებაო. "იარაღი?" - ვეკითხები. იქნებაო, მაიმედებს. ყველას გასაგონად ვამბობ, რომ მოხალისეები გვჭირდება.­ ყველა წინ გამოდის. აქ გია გელოვანიც არის რამდენიმე კაცით. აფხაზეთში­ ერთად­ ვიბრძოდით, სანდო კაცია და კარგი მეომარი. ძირითადი ბირთვი შეიკრიბა, კიდევ ვიღაცებიც გამოჩნდნენ. ერთი გვიახლოვდება, თეთრიარწიველები ვართ, ეს არის ჩვენი მეთაურიო და მიმანიშნებს ერთზე. უკვე 25 კაცი ვართ.

რიგითი ბაღდასარიანი


აგარის გადასახვევთან უამრავი ხალხია - სპეცები, რეზერვისტები, სამხედროებიც, ოღონდ ცოტა, ჩვენ ცალკე ვდგავართ. სამხედრო ფორმა მხოლოდ მე მაცვია, ყველა მიყურებს და ერთი კითხვა აწერიათ სახეზე, რატომ რუსული მედესანტის ბერეტი? მეც მაქვს პასუხად, რატომ ატარებდა ერეკლე­ ჩალმას? (შევედარე მეც დიდ მეფეს). ყველას ეტყობა, რომ ჩვენი იმედი აქვთ.

ჩვენებს მოთმინება ელევათ, "მოგვცენ იარაღი, თუ არა და, ბრძოლაში თავად ვიშოვით", - ბუზღუნებენ უკვე ხმამაღლა. ვატყობთ, რეზერვისტები ნერვიულობენ. ბუსას გადავხედე, ახლა დაიწყება-მეთქი, ვანიშნე. ისიც თანხმობის ნიშნად მიღიმის და აი, პირველი მერცხალი - ერთი რეზერვისტი ხმამაღლა მოთქვამს. ისეთი გაბმული ტირილია, ქალების ტირილი მიმიქარავს.

- რა დაგემართა, ბიჭო, მოგიკლეს ვინმე?­ - ვეკითხები.
- არა.
- აბა, რა იყო?
- მეშინია...
- რა გვარი ხარ?
- ბაღდასარიანი...
ყველა ახარხარდა.
- ჩვენც გვეშინია, - ხელით ვანიშნებ გარშემორტყმულ ბიჭებზე, - ცოტა თავი შეიკავე. შეყვარებული გყავს?
- კი - მეუბნება სლუკუნით.
- ჰოდა, გაიგებს და შეგრცხვება.
მაინც აგრძელებს ტირილს.
- კარგი, იარაღი და ფორმა ბიჭებს მიეცი და თავისუფალი ხარ.
სიხარულით იხდის და მიდის. ცოტა ხანში ბუსა მოდის, მხარზე ხუთამდე ავტ­ომატი­ და ყუმბარსატყორნი ჰკიდია. ნახევარ საათში ჩვენი ოცეული სრულად აღჭურვილი იყო.

"არსად გაქცევას არ ვაპირებ"


ავტობუსში ერთი რეზერვისტი ამოვარდა, მაღალია, ჭერს თავს ურტყამს. თქვენთან­ მინდაო. წამოდი-მეთქი. 5 წუთი არ გასულა, მეუბნება, გადავიფიქრეო. გამასწარი აქედან-მეთქი, ვეუბნები. არადა, მთლად ბალღიც არ იყო, ასე, 27 წლის იქნებოდა...

გზად ჩამწკრივებული რეზერვისტები დავინახეთ, ერთს ტყვიამფრქვევი "პეკა" აქვს გადაკიდებული. გააჩერე, ვუყვირი მძღოლს. რეზერვისტი კუშტი სახის ბიჭია. "მოიტა", - "პეკაზე" ვეჯაჯგურები, ის კი ხელს არ უშვებს და მიბღვერს. ამასობაში ავტობუსიდან ჩვენებიც ჩამოხტნენ. მოიტა-მეთქი, არ ვეშვები, პატარა ბიჭი ჩანს, ასე 22 წლის. არსად გაქცევას არ ვაპირებ და არც იარ­აღს მოგცემთო. ეს რომ გავიგონე, გული გამითბა. ლოყაზე ხელი მოვუთათუნე­, მაგრად იყავი-მეთქი და ავტობუსში შევბრ­უნდი. ამ ბიჭის სიტყვებმა გამახარა. გზაში­ ზოგი ფარებს აბრიალებს, რა კონსპირაცია!.. როგორც იქნა, ჩავედით. სიბნელეა, მხოლოდ სახლების სილუეტები ჩანს. ზნაურიაო, ამბობენ ბიჭები, ეტყობა, რომ აქ სიმკაცრეა.

შიხა"გვეუბნება, ზემოთ შტაბია და ავიდეთო. მივყვებით მე და გია გელოვანი­. შევედით, ბნელა. რამდენიმე კაცი ფარნით­ რუკას დაჰყურებს, ერთი ლაპარაკობს და ხმაზე მეცნობა. ანზორა ხარ, მარგიანი-მეთქი­ (ომის დროს ოჩამჩირის კომენდანტი­ იყო), ვეკითხები. რომელი ხარო? არჩ­ილი ვარ, ხოფერია, - ვპასუხობ... შევამჩნიე, მარგიანს ვიღაც ჩემზე ელაპარაკება, ოღონდ სახეს ვერ ვარჩევ (მოგვიან­ებით ვიგებ,­ რომ სოდ-ის უფროსი კოდუაა). შიხიაშვილი შტაბში რჩება, მე ბიჭებთან ვბრუნდები. ავტობუსთან ხეს მივეყრდენი. ცოტა დავისვენებ, ხვალამდე აქ არაფერი იქნება-მეთქი და ქოშინის ხმაც მომესმა,"შიხაა. სასწრაფოდ უნდა წავიდეთ, ინფორმაცია­ მივიღეთ, უნდა დაგვბომბონო...

შიშველი ხელებით...

4 საათი იქნებოდა, გორში, შტაბში ვიყ­ავით. გია გელოვანი იქვე დარჩა, ჩვენ კი ყოლბაიასთან წავედით. ის იყო, წავთვლიმე,­ რომ დოდო რეკავს, ირაკლი შიხიაშვილია ხაზზე, დროზე მოდითო. გავცვივდით თავქუდმოგლეჯილი. სასწრაფოდ ქალაქიდან გავდივართ, სოფლის სახელს ამბობს, იქ უნდა დავბანაკდეთო. გაგვიხარდა, როგორც იქნა, საქმე გამოგვიჩნდა, ვიღაცებიც შემოგვემატნენ, ერთი ყვითელი ავტობუსი და ჩვენი "05" სავსე იყო. ისევ დავადექით გზას.

სოფელ ორჭოსანთან ყოფილი კლუბის ეზოში დავბანაკდით. ბევრი ხალხი ირევა - მხედრიონელები, თეთრიარწიველები, ყოფილი კურსანტები, აქა-იქ საბჭოთა­ ჯარის­ ყოფილ ოფიცრებსაც მოვკარი თვალი. რეზერვისტებიც გვირევია. წყალი არა გვაქვს და ორ კაცს ვგზავნი სოფელში. შუადღისას "ნივა" შემოვიდა, ორნი იყვნენ, ყურსაცვამებით. სამხედროებს არ ჰგავდნენ. ირაკლის უნდა შენთან ლაპარაკიო, მეუბნება ერთი და ყურსაცვამს მაძლევს. მოკლედ, ველაპარაკები და ვატყობ, რომ შიხა არ არის. როცა დავამთავრე, ამათ ვკითხე, ვის ველა­პარაკე-მეთქი. თურმე ირაკლი კოდუა ყოფ­ილა, ესენი კი სპეცრაზმელები. ფრონტი მოიშალა, რუსებმა გაარღვიეს და როგ­ორმე უნდა შევაჩეროთო (ბიჭები მიდასტურებენ, რომ დაცული კავშირით ვსაუბ­რ­ობთ). თქვენ რამდენი ხართ-მეთქი? 200 კაციო. ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები არის? - ვეკითხები ბიჭებს. არა, მხოლოდ ის, რაც თქვენ გაქვთო. ელდა მეცა, სამი ყუმბარსატყორცნი, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარები და რამდენიმე ათეული­ გასროლა ცოტა არ არის, მაგრამ იმისთვის, რაც ჩვენ უნდა შევაჩეროთ, არაფერია. კარგი, მზად ვართ და ველოდებით თქვენს ბრძანებას-მეთქი. ფაქ­ტობრივად, ბიჭები სასიკვდილოდ უნდა წავიყვანო და ვფიქრობ,­ ვუთხრა თუ არა, რა ხდება სინამდ­ვილეში. რამდენიმე კაცის იმედი მაქვს, მაგრამ როგორ მოიქცევიან დანარჩენები? გადავწყვიტე, ვუთხრა... მოვეწყოთ ორ რიგად, რუსებმა­ ფრონტი გაარღვიეს და მათი დიდი ჯავშანკოლონა­ გორისკენ მოიწევს. ბრძანებაა, შევაჩეროთ. ალბათ, ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს, - ვამბობ და სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა - მიუხედავად იმისა, რომ მოხალისეები ხართ, ვერავის გიბრძანებთ, იბრძოლოთ ამ შეიარაღებით. 10 წუთი გვაქვს მოსაფიქრებლად. ვისაც გინდათ, წადით, - ეს ვთქვი და იქვე ხესთან ჩამოვჯექი... ეს ათი წუთი ყველაზე მძიმე იყო იმ დღეებში.

სამი რეზერვისტი მდუმარედ იხდის ფორმას, აბარებენ იარაღს და მიდიან. ბრძანების მიღებამდე განკარგულებას ვიძლევი: "მოვემზადოთ, გახსენით ყუთები. წაივარჯიშეთ, გაიხსენეთ რაღაცები"... აღმოჩნდა, რომ რამდენიმემ არ იცის ტყვიამფრქვე­ვისა და ყუმბარსატყორნის სროლა. ამ დროს წასული რეზერვისტებიდან ერთი უკან მობრუნდა. ვეუბნები, თავისუფალი ხარ-მეთქი. ვერ წავალ, უნდა დავრჩეო. თითქოს ცრემლიც გაუკრთა თვალებში. შევცბუნდი, ჯანდაბას, მაინც უნდა დავიხოცოთ­ და კაცს გმირული სიკვდილი ავუკრძალო? კარგი, დარჩი, მაგრამ იარაღს არ მოგცემთ, თავად იშოვე ომში-მეთქი. მერე, როცა ყველაფერი დამთავრდა, მითხრა, რომ სულ სხვა კაცად დაბრუნდა სახლში. მანამდე კი ჩვენ, აფხაზეთში ნაომარ მოხალისეებს, კოდუას სპეცრაზმთან ერთად, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით როგორმე უნდა შეგვეჩერებინა რუსების ჯავშანკოლონა.

ნინო ბურჭულაძე
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
გიორგი (გივი) გელაძე
05 სექტემბერი 2017 15:02
ჩემო გია გელოვანო! ნაღდად იანინას და თამაზის შვილი ხარ, გოგი და ტერეზას შვილიშვილი! გამეხარდა , რომ შენზე ასეთ თბილ და ვაჟკაცურ რამეებს წერენ! შენი დაბადება, სკოლა, თსუ, ბაუმანი მახსოვს! ასევე ახსოვხარ ჩვენს კათედრას! ძალიან გვიყვარხარ, ფრთხილად იყავი! თუ გახსოვხარ და ალბათ გახსოვხარ, შენი გივი გელაძე, იანინას ჯგუფელი, გოგოს მოწაფე.
ზურა
24 აგვისტო 2017 12:22
აბა, სადაა გაგრძელება??(((
...
14 აგვისტო 2017 08:49
არჩილ შენ გეტყობა ვაჟკაცი კაცი ხარ,მაგრამ კაცუნა შიხიაშვილთან.....?მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და ... იცი შენ ეს ანდაზა.
ლაშა
13 აგვისტო 2017 13:42
ბაღდასარიანი?ქართული გვარი არსად არ ფიგურირებდა ვითომ?
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხს?
თვის კითხვადი სტატიები