როგორ დაეცა კოდორის ხეობა, რომლიც15 წლის განმავლობაში რჩებოდა ქართველთა აუღებელ ბასტიონად აფხაზეთში? - კვირის პალიტრა

როგორ დაეცა კოდორის ხეობა, რომლიც15 წლის განმავლობაში რჩებოდა ქართველთა აუღებელ ბასტიონად აფხაზეთში?

2008 წლის რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა ზემო აფხაზეთის (კოდორის ხეობის) მტრისთვის ჩაბარება დღემდე ამ ომის გამოცანად რჩება, მიუხედავად საზოგადოების დიდი ინტერესისა, საბედისწერო 9-12 აგვისტოს შესახებ ცნობილი თითქმის არაფერია. ქართულ-აფხაზურ და რუსულ სამხედრო წრეებზე დაყრდნობით, აგრეთვე ამ მოვლენების უშუალო მონაწილეთა მონაყოლის საფუძველზე "კვირის პალიტრამ" 2013 წელს სცადა შეძლებისდაგვარად მოეთხრო მკითხველისთვის კოდორში განვითარებული მოვლენების თაობაზე. გთავაზობთ მასალას "კვირის პალიტრის" არქივიდან.

"საქართველომ 2008 წლის აგვისტოში წააგო ერთ-ერთი სამარცხვინო ომი (თუ ყველაზე სამარცხვინო არა) საკუთარ ისტორიაში. საქართველოს ისტორიაში ცნობილი არ არის არც ერთი შემთხვევა, ჩვენი არმია დამარცხებულიყო თავისზე 2-3-ჯერ ნაკლებ შემტევ მოწინააღმდეგესთან, მით უფრო, თუ მოწინააღმდეგეს არ ჰქონდა არავითარი თვისებრივი უპირატესობა სახმელეთო ტექნიკაში".

კახა კაციტაძე, სამხედრო ექსპერტი, 2008 წლის სექტემბერი

"ვფიქრობთ, საქართველო-რუსეთის ომი აგვისტოში დაიწყება. რუსეთის პირველი სამიზნე კოდორის ხეობა იქნება - სწრაფი შეტევა ქართული ძალების კოდორიდან გამოსაძევებლად, რომელიც რამდენიმე დღეში დამთავრდება".

კავკაზცენტრი", 2008 წლის 4 ივლისი

"ყოველთვის მაკვირვებდნენ ქართველები - 1993 წელს გულზე ხელს იბაგუნებდნენ, აფხაზეთში საკუთარი მიწისთვის ვიხოცებითო, ახლა კი კოდორში ეს მიწა არავის გახსენებია. არადა, ყოველთვის ვამბობდი, ქართველები აფხაზეთს არასოდეს გვაპატიებენ-მეთქი."

მერაბ ტუჟბა, აფხაზური გვარდიის ვეტერანი, 2008 წლის 16 აგვისტო

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგ, აფხაზებმა გალის რაიონიც დაიკავეს და მდინარე ენგურთან აფხაზური დროშა აფრიალდა. პარალელურად ბრძოლები მიდიოდა მდ. კოდორის ხიდთან, სადაც ერთი მუჭა ქართული შეიარაღებული ძალების ნარჩენები ბოლო ამოსუნთქვამდე ცდილობდნენ აფხაზი და ჩრდილოკავკასიელი მოხალისეების შეჩერებას... აფხაზები კოდორში ვერ ავიდნენ. კოდორის ხეობა 15 წლის განმავლობაში რჩებოდა ქართველთა აუღებელ ბასტიონად აფხაზეთში, რაც ერთგვარად გვაიმედებდა, რომ აფხაზეთი ჯერ კიდევ არ იყო დაკარგული. მრავალმხრივ სტრატეგიული მნიშვნელობის ხეობაზე კონტროლის არქონა აფხაზურ მხარეს არ ასვენებდა და რუსეთთან ერთად ცდილობდა კოდორის ხეობის პრობლემის მოგვარებას. 2006 წლიდან, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ კოდორის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაცია ჩაატარა და ხეობა "მოთარეშე-კრიმინალთაგან" გაწმინდა, ორივემ - აფხაზურ-რუსულმა და ქართულმა მხარემ სახიფათო ბლიცკრიგისთვის დაიწყეს მზადება. ქართული მხარისთვის ეს აფხაზეთის აღებას ნიშნავდა, აფხაზები კი, რუსებთან ერთად, კოდორის ხეობიდან ქართველების გამოძევებას და ხეობის ხელში ჩაგდებას გეგმავდნენ.

თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის აღების რამდენიმე გეგმა ჰქონდა. როგორც სამხედროები პირად საუბრებში აცხადებენ, ეს გეგმები ძირითადად ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს დამუშავდა... ერთ-ერთის კოდური სახელწოდება იყო "კლდე". როგორც აფხაზური წყაროები ირწმუნებიან, ამ გეგმის განხორციელება 2008 წლის 15 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. ის ორ ეტაპად იყოფოდა. პირველ ეტაპზე კოდორის ხეობიდან ქართველებს კომბინირებული დარტყმები უნდა განეხორციელებინათ აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდგარ საბრძოლო დანაყოფებზე, აგრეთვე ენგურის საზღვრიდან ზუგდიდი-გალი-სოხუმის მაგისტრალის გასწვრივ და რუსი სამშვიდობოების პოსტებზეც, ხოლო ოჩამჩირესა და სოხუმში საზღვაო დესანტის გადმოსხმით აფხაზური შეიარაღებული ძალები საბოლოოდ უნდა განადგურებულიყო. ამის შემდეგ იწყებოდა ოპერაციის მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა ქართული არმიის სწრაფ შეტევას ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით სოხუმი-გუდაუთა-გაგრა-ფსოუს საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ. მას პარალელურად გუდაუთაში ქართული საზღვაო დესანტის გადმოსხმაც უნდა მოჰყოლოდა, ამის

შემდეგ კი ქართული არმიის ნაწილები გავიდოდნენ აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე - მდინარე ფსოუზე, ხოლო ქართული სპეცდანიშნულების რაზმები დაიკავებდნენ კავკასიონის უღელტეხილებს რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზურ მონაკვეთზე, რის შედეგადაც აფხაზეთი იზოლირებული აღმოჩნდებოდა დახმარების მსურველთაგან, ბოლო ეტაპზე კი ქართველები აფხაზეთის ტერიტორიის წმენდას დაიწყებდნენ და ლტოლვილებს შინ დააბრუნებდნენ.

აფხაზები შიშობდნენ, რომ სწორედ ამისთვის იქმნებოდა კოდორში სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების 6000-კაციანი სამხედრო დაჯგუფებები (ქართული ვერსიით - იქ სულ 4000-მდე სამხედრო მოსამსახურე იყო). ქართული მხარე დიდხანს ასაიდუმლოებდა კოდორის ხეობაში სამხედრო ნაწილების ყოფნას, რადგან ამით 2002 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებას არღვევდა, რომლის მიხედვითაც არ ჰქონდა უფლება, ზემო აფხაზეთში საბრძოლო შენაერთები ჰყოლოდა.

როგორც სამხედრო წრეებში ადასტურებენ, 2006 წლიდან საქართველომ კოდორის ხეობაში თავდაცვის მძლავრი სარტყელი შექმნა. გაჩნდა უამრავი გამაგრებული პუნქტი, რომლებიც ბლინდაჟებისა და საცეცხლე პოზიციებისგან შედგებოდა. დანაღმული ველების წყალობით პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ქართული თავდაცვის ზღუდის მეწინავე ნაწილთან მიახლოება 200 მეტრზეც კი. დანაღმული იყო ქვაბჩარასა და ზიმას ხიდები, ხოლო ქვაბჩარის ხიდზე გადმოკიდებული კლდე (სწორედ აქედან ადის გზა კავკასიის ქედისკენ) დანაღმული იყო 400 კგ-მდე ტროტილით. როგორც კი აფხაზური არმია ხიდზე შედგებოდა, მაშინვე აფეთქდებოდა. აფხაზური ძალების გადაადგილებას ხელს ბუნებრივი წინაღობებიც - კლდეები, მდინარეები, ხეობები შეუშლიდნენ. აქედან გამომდინარე, მოწინააღმდეგე ვერც გაიშლებოდა და ვერც ზურგში მოგვექცეოდა. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ ხაიშიდან კოდორამდე გზა მოაწესრიგა. წებელდა-აჟარა-ზემო კოდორის გზის ამ მონაკვეთით ქართველებს შეეძლოთ დაუბრკოლებლივ გადაესროლათ დამხმარე ძალები თუ საბრძოლო მასალები მოწინავე პოზიციებზე - კოდორის, ჩხალთის, კლიჩის და სხვა მდინარეთა ქვით ნაგებ ხიდებზე მძიმე ტექნიკას, მათ შორის ჯავშანმანქანებს, ტანკებს უსაფრთხოდ შეეძლოთ გადასვლა.

"გაოცებული ვიყავი, როგორ მოახერხეს ქართველებმა (ალბათ საერთაშორისო მეგობრები დაეხმარნენ) აეტანათ მაღლობებზე მძიმე არტილერია და ნაღმმტყორცნები, აგრეთვე ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები"("გრადები")." დღემდე ვერ მივმხვდარვართ, ასეთ მაღალ მთებში ეს როგორ შეძლეს... იქიდან, როგორც ტირში, ისე შეეძლოთ 10 კმ რადიუსში დაეცხრილათ აფხაზური არმიის თავდაცვის ზღუდეები და მისი მომარაგების გზები. კოდორის ხეობა, რბილად რომ ვთქვათ, ჯავშანში იჯდა".

სერგეი არშბა, პოლკოვნიკი, აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე

2008 წლის 4 თებერვალს, როდესაც პუტინმა პირადად დაათვალიერა ბოთლიხის და ზელენჩუკსკის სამთო-მსროლელი ბრიგადები, ერთ-ერთ ოფიცერს გზაზე მიუთითა - სასწრაფოდ მოაწესრიგეთ, ჩვენ საქართველოსკენ მიმავალი კიდევ ერთი გზა გვჭირდებაო. ცხადი გახდა, რომ კოდორის ხეობა რუსეთის სამიზნეც იყო...

მაისის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეკრებაზე გამოიძახა ყველა ყოფილი მფრინავი, რომლებიც ოდესმე მთიან მასივებში დაფრინავდნენ. 14 მაისიდან მათ სამხედრო საჰაერო ძალებმა ერთკვირიანი ტრენინგი ჩაუტარეს.

6 ივნისს აფხაზურმა არმიამ დახმარების სახით გუდაუთის აეროდრომზე რამდენიმე Су-25 და Су-27 მიიღო, 30 ივნისს ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის და აფხაზურმა სამხედრო ნაწილებმა საქართველოს ახლოს, ტყეებში, 7-დღიანი მანევრები ჩაატარეს. რუსეთის მხარდაჭერით გაგულისებულმა აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ განაცხადა:

"ჩემს შეიარაღებულ ძალებს საკმარისი იარაღი, საზენიტო ქვემეხები და ავიაცია ჰყავს, ეს არ არის 1992-93 წელი, როდესაც არც სათანადო შეიარაღება და არც საერთაშორისო მხარდაჭერა გვქონია. ქართველებს სისხლის ეშინიათ. კარგად იციან, თუ აფხაზეთს მოინდომებენ, საქმე რუსეთთან ექნებათ. მათ კი აქ არავინ მოეფერება. თუ მაინც დაიწყებენ ქართველები ომს, ქუთაისამდე ჩამოვალ"."

სააგენტო "როს ბალტი", 2008 წლის 2 ივლისი

რუსეთის აქტიურობა კოდორის ხეობის მიმართ არც ქართულ მხარეს გამოჰპარვია და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ, მედიით განაცხადა, რომ თუ აფხაზები ზემო აფხაზეთს შეუტევენ, ჩვენ სოხუმს დავარტყამთო.

მიუხედავად რუსეთის უკვე აშკარა მხარდაჭერისა, აფხაზები კოდორის ხეობაზე შეტევას არ ჩქარობდნენ.

"სადაზვერვო მონაცემებით და აგრეთვე კოდორის ხეობაში აგენტურული ქსელის ინფორმაციით შევიტყვეთ, რომ ქართველებმა დამატებით შექმნეს ჯვარედინი ცეცხლის და ცეცხლის ყულფების მთელი სისტემა. ანალიტიკური სამსახურის დასკვნაზე დაყრდნობის მიუხედავად, ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნისა და რუსი მეგობრების მხარდაჭერისა, ამ ეტაპზე ზემო აფხაზეთში ქართველებთან სამხედრო დაპირისპირება წარმატებული არ აღმოჩნდება".

ბესლან წვიჟბა, აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, 2008 წ. 8 ივლისი

აფხაზები ხელსაყრელ მომენტს ელოდნენ. ასეთი აღმოჩნდა 2008 წლის 7 აგვისტო - საქართველო იძულებული გახდა, ოსური მხარის პროვოკაციებზე ეპასუხა და სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებები წამოეწყო.

2008 წლის 8 აგვისტოს, 02.02 საათზე, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა, განაცხადა, რომ აფხაზეთი მოძმე სამხრეთ ოსეთში 1000-მდე მოხალისეს გზავნიდა.

03.48 სთ-ზე აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზური არმია მდ. ენგურთან საქართველოს საზღვრისკენ დაიძრა. დილის 06 საათზე აფხაზურმა არმიამ ენგურზე გადმოისროლა საარტილერიო სისტემები, ჯავშანტექნიკა და ქვეითი სამხედრო ნაწილები.

2008 წლის 8 აგვისტოსთვის კოდორის ხეობაში იმყოფებოდა თავდაცვის სამინისტროს ბრძოლისუნარიანი მე-5 ქვეითი ბრიგადის ძირითადი შემადგენლობა სრული აღჭურვილობით, აგრეთვე 400-კაციანი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაჯგუფება და ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი მცირე რაზმები, სულ დაახლოებით 3500 კაცი; ქართული სამხედრო შენაერთის შეიარაღებაში იყო ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა""გრადი","საჰაერო თავდაცვის თვითმავალი სისტემა "ბუკი", არაპირდაპირი ცეცხლის მისაბმელი ქვემეხები - ჰაუბიცები,"ხელით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები "სტრელა", "იგლა" და სხვ. (ადგილობრივების თქმით, შენაერთებს ორი ომის სამყოფი იარაღის მარაგი ჰქონდათ).

აფხაზურ არმიაში 8 აგვისტოსთვის 6 000 მეომარი იყო, საჭიროების შემთხვევაში იგეგმებოდა მოხალისეთა გამოძახებაც (ჩრდილოკავკასიელების, დონის და ყუბანის კაზაკთა რაზმების, აგრეთვე მცირე აზიისა და ახლო აღმოსავლეთის აფხაზური დიასპორის წამომადგენლების), რის შემდეგაც არმიის რიცხოვნობა 30 000-ს მიაღწევდა.

2008 წლის 8 აგვისტოს აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის, ანატოლი ზაიცევის ბრძანებით გადაწყდა კოდორის მიმართულებით მთავარი დარტყმისთვის გაეგზავნათ მხოლოდ 1000 ჯარისკაცი, ძირითადად მოიერიშე ჯგუფები, ვინაიდან აფხაზები შიშობდნენ, რომ კოდორისკენ მიმავალ ქვაბჩარის ხიდს და ხიდზე დაკიდებულ კლდეს ქართველები ააფეთქებდნენ. მოიერიშე რაზმებს უბრძანეს, ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინათ ხიდი მთავარი ძალების მისვლამდე... ისინი ბილიკებით უნდა მოჰქცეოდნენ ქართველებს ზურგში, მარშირებით ჩასულიყვნენ ქვაბჩარამდე, გაენეიტრალებინათ დაცვა და ხიდი გაენაღმათ.

ბრძოლა კოდორისთვის დაიწყო... იხილეთ გაგრძელება

ნინო ბურჭულაძე