"სამხედროები, პოლიციელები, გორელები, გამქცევები..." - კვირის პალიტრა

"სამხედროები, პოლიციელები, გორელები, გამქცევები..."

დაიყვირეს - ტანკებიო... უცებ შტაბთან მყოფი მთელი ეს არმადა მანქანებში ჯდება, ჩვენ ყველაზე ბოლოს მოვახტით სოდ-ის ნათხოვარ ნივას და ტანკებს პირისპირ არ შევეჩეხეთ? ღამეა, მოდი და გაარჩიე, ვისი ტანკია. ყოლბაიამ დაგაზა და ტანკებს გადაუსწრო. ხელმარჯვნივ აუხვიე და თუ რუსულია, ერთს მაინც დავადუღებთ-მეთქი. კიდევ კარგი, ბოლო წამს მივხვდით, რომ ჩვენები იყვნენ... გამოდის, ამდენი ხალხი საკუთარმა ტანკებმა გაგვაქცია თავქუდმოგლეჯილი...

დაიყვირეს - ტანკებიო... უცებ შტაბთან მყოფი მთელი ეს არმადა მანქანებში ჯდება, ჩვენ ყველაზე ბოლოს მოვახტით სოდ-ის ნათხოვარ ნივას და ტანკებს პირისპირ არ შევეჩეხეთ? ღამეა, მოდი და გაარჩიე, ვისი ტანკია. ყოლბაიამ დაგაზა და ტანკებს გადაუსწრო. ხელმარჯვნივ აუხვიე და თუ რუსულია, ერთს მაინც დავადუღებთ-მეთქი. კიდევ კარგი, ბოლო წამს მივხვდით, რომ ჩვენები იყვნენ... გამოდის, ამდენი ხალხი საკუთარმა ტანკებმა გაგვაქცია თავქუდმოგლეჯილი...

- ბრძანება მოვიდა - დისლოკაციის ადგილის შეცვლას და ქარელის გადასახვევთან მისვლას ითხოვდნენ. ეს წყეული ყვითელი ავტობუსები ხომ კარგი სამიზნეა. თან რუსებმაც იციან, რომ ამით მხოლოდ რეზერვისტები გადაჰყავთ. ერთი კარგი გასროლა "ალიგატორიდან" და 40 კაცი მზად ვიქნებით დასახოცად.

- უფრო სწრაფად ვერ ივლი? - ვეუბნები ერთ ჩვენიანს, რომელმაც ავტობუსის მართვა იკისრა (აბა, მძღოლმა როგორც კი საფრთხე იგრძნო, დატყდა!). როგორც იქნა, ჩავედით ქარელის გადასახვევთან. ორი ჩვენი "ფაგოტი" დაგვხვდა - 24-ლილვიანი, მეოთხე ბრიგადის იყო და ცოტა გული მოგვეცა... მაშინ მითხრა ირაკლი კოდუამ, ნამდვილად არ გვეგონა, თუ რუსები ასეთი ძალებით ჩაერთვებოდნენ კონფლიქტშიო. თვითონ კოდუა მშვიდად იყო, ერთი-ორ პანიკიორს საკადრისი პასუხიც გასცა. დარწმუნებული ვიყავი, ის და მისი სპეცრაზმი გასაკეთებელს გააკეთებდნენ. მისი სამხედრო კომპეტენცია დაბალი კი იყო, მაგრამ პოლიციელს მეტი არც მოეთხოვება, ეს ისე, სიმართლისთვის...

ცოტა ხანში ბრძანება მივიღეთ - უკან, ორჭოსანში დავბრუნებულიყავით და სანგრები გაგვეთხარა. ახალი დისლოკაციის ადგილი კომბოსტოს ნაკვეთებია, ზოგი სანგარს თხრის, ზოგი ფიქრობს, სარწყავი არხი როგორ გადააკეთოს სანგრად. მეგობარს ვეუბნები, - მშვენიერი არხია, აბა, ნახე, შიგ თუ ჩაეტევი... ისეთი ვიწროა, ტანკის დაწოლასაც კი გაუძლებს-მეთქი. ისეთი ხარხარი ისმის, წუთით გავიწყდება კიდეც, რომ ომში ხარ.

ორი ოსი ბიჭი მოიყვანეს, მახლობელი სოფლიდან ყოფილან.

- მიდი, ჰკითხე, აქ რატომ მოვიდნენ, - ამბობს ერთი.

- აბა, ბიჭებო, დასხედით, ჯერ მიირთვით რამე, - ვანიშნებ პაკეტებზე (სამხედრო პაკეტები სოდ-მა"გვიწილადა).

არაო, - დგანან სარგადაყლაპულებივით. კარგი, მაშინ თქვენი ვიზიტის მიზანი გვამცნეთ-მეთქი. ესაო, - დაიწყო ერთმა, - კომბოსტოს დასათვალიერებლად ჩამოვედითო. ამ სიტყვებზე ატყდა ჩოჩქოლი, მერე ხარხარი. ვფიქრობ, თუ დაზვერვაზე გამოუშვეს, ჯანდაბას ჩვენი თავი, მტერს მაინც აქ უნდა დავხვდეთ. ამათ ახლა რომ მოვუჭირო, ან ხელში ანთებული ბალახი დავაჭერინო, ალბათ პუტინის აგენტობასაც დაიბრალებენ... მიდი, დაახვიეთ აქედან სირბილით-მეთქი,

- ვუღრიალე. სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, რომ მოკურცხლეს.

საღამოს კასპისკენ გადმოვიწიეთ (დარტმებს ხან სად ელოდნენ, ხან სად და ჩვენც აქეთ-იქით დავრბოდით). გათხრილი სანგრები ოხრად დაგვრჩა, კოდუას ხალხმა - სასწრაფოდ გორში უნდა ვიყოთო. მობრუნებისას ვნახე ჩემი რაზმი, მთვრალები იყვნენ (ორი დღის უძინარ და ნახევრად მშიერ ბიჭებს უცებ მოეკიდათ სასმელი). ამათ მორჯულებას დრო სჭირდება, არადა, გვაჩქარებენ. ესენი დავტოვე და წავიყვანე მხოლოდ ხუთი, ჩემიანი, გამოცდილი.

ეს ჩვენი "05" როდის გაჩერდება, არ ვიცი, ამიტომ იგოეთის გადასახვევთან ჩარიგებულ ჯიხურებს მივადექით. ერთი ხნიერი ქალი დაგვხვდა. დედი, მანქანას აქ დავტოვებთ, შიგ რაღაცები გვიყრია-მეთქი. პასუხად ის მივიღეთ, რასაც არ ველოდი, - მომაშორეთ აქედან, ვაჭრობაში ხელს მიშლისო(?!). რა უნდა გვექნა, იქვე, შორიახლო დავტოვეთ...

გორში ამბავი დაგვახვედრეს, - ყოველ წამს ველოდებით რუსების გამოჩენასო... მთელი თბილისის კაი ბიჭობას აქ ვნახულობ. მთაწმინდელ გიორგი მიქაძეს გორში ნაღდად არ ველოდი, აფხაზეთში ერთად ვიბრძოდით. გურჩიანსაც მოვკარი თვალი. ვხვდები შიხიაშვილს, გაბრაზებულია, - ესენი გამქცევები არიანო, - +ნაცებზე მეუბნება და ჩვენ რა გეგმები გვაქვსო? სამხედრო საიდუმლოს ხომ არ გავთქვამდი, ამიტომ წავიოხუნჯე - რა და, ქალაქი რომ დაეცემა, დათო ყოლბაიას სარდაფში დავიმალებით და მერე კაბებგადაცმულები გავიპარებით-მეთქი. შიხა ეჭვიანად მიყურებს - დამიჯეროს თუ არა. მერე ხელი აიქნია, რაღაც წაიბურტყუნა და შტაბში შებრუნდა.

ქალაქი "სასწრაფოებით" არის სავსე, ყველა გაქცევაზე ფიქრობს. ექიმების და ექთანების განწყობამ დამაინტერესა და "სასწრაფოებთან" მივედი. უმეტესობა პატარა გოგოები არიან, მშვიდები და მობილიზებულები, ცოტა არ იყოს, მეც დავმშვიდდი და შტაბში წავედი. უკვე ღამეა, თუმცა შტაბთან მილეთის ხალხი ირევა, "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე ცნობილი სახეც"შევნიშნე. ვანოც აქ არის, მერაბიშვილი. შტაბში შევედი, იქაურობას თვალი მოვავლე - ერთი პატარა ოთახია, რამდენიმე კაცი წყნარად საუბრობს, აღელვება არც ვანოს ემჩნევა. ვიღაცები ირაკლი კოდუას შემოხვევიან. ჩემი იქ გაჩერება უაზრო იყო, ამიტომ გარეთ გამოვედი. ვინ არ ირევა იქ - სამხედროები, პოლიციელები, გორელები, გამქცევები... მოკლედ, აქაურობა სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ არის. გადაწყვეტილებას ველოდები. კოდუა გარეთ გამოდის. მითხრეს, ორ საათში გორზე დარტმას ველოდებითო. ამის მთქმელს ვცდილობ, ავუხსნა, რომ ეს სისულელეა და რუსები ორი დღე ქალაქში არ შემოვლენ... თან გორის მისადგომებთან მოუმზადებლად ბრძოლის გამართვა მაშინ, როდესაც მოსახლეობა ევაკუირებული არ არის, დიდი შეცდომა იქნება... მიდი, ეს კოდუას უთხარიო, - მაძალებენ. მივედი და ვეუბნები... როგორც ყოველთვის, აქაც გამოჩნდა არამკითხე მისი გარემოცვიდან, ერთი მუტრუკი ჯეელი, ნაძვის ხესავით აჩონჩხილი ჰქონდა ყველაფერი, დამიწყო - ვინ იძლევა გარანტიას, რომ გორს ღამით არ შეუტევენო. ვეუბნები, სანამ რუსები სივრცეს არ აითვისებენ, აქ ფეხის შემომდგმელები არ არიან-მეთქი. კოდუაც დამეთანხმა - დუმილით. მერე გვერდზე გადის და ვიღაცას ტელეფონზე ესაუბრება. ამ დროს დაიყვირეს - ტანკებიო. რა ტანკები, ნუთუ შევცდი-მეთქი, - ვიგინები გულში. უცებ შტაბთან მყოფი მთელი ეს არმადა მანქანებში ჯდება, ჩვენ ყველაზე ბოლოს მოვახტით სოდ-ის"ნათხოვარ ნივას და ტანკებს პირისპირ არ შევეჩეხეთ? ღამეა, მოდი და გაარჩიე, ვისი ტანკია. ყოლბაიამ დაგაზა და ტანკებს გადაუსწრო. ხელმარჯვნივ აუხვიე და თუ რუსულია, ერთს მაინც დავადუღებთ-მეთქი. კიდევ კარგი, ბოლო წამს მივხვდით, რომ ჩვენები იყვნენ... გამოდის, ამდენი ხალხი საკუთარმა ტანკებმა გაგვაქცია თავქუდმოგლეჯილი...

მომდევნო დღეებში ჩვენ, ნაომარი ხალხი, ვფიქრობდით, რომ თუ რუსები დაიკავებდნენ საქართველოს, პარტიზანული მოძრაობა უნდა გაგვეშალა... ყველაფერი დაწვრილებით გვქონდა გაანგარიშებული...

როცა გადავწყვიტე, რომ უკვე აღარაფერს ჰქონდა აზრი, თბილისში დავბრუნდით და სოდ-ს"თავისი ნივა დავუბრუნეთ, ჩვენ კი მთელი შეიარაღებით ჩემი მამიდაშვილის ბინაში დავბინავდით "მოდულის" პირდაპირ. ერთი კვირის შემდეგ, როცა ჩავთვალე, რომ ყველაფერი მორჩა, დავურეკე კოდუას - თქვენ წინ ახლა მთელი არსენალი მაქვს, მოვიტან და ჩაგაბარებ-მეთქი. მოვიდნენ. გაივსო ერთი მანქანა. წასვლის წინ ხელწერილი მოვითხოვე. არ უნდა, კაცო, ირაკლიმ იცისო. ბოლოს მაინც დამიწერეს, რომ ერთი მანქანა იარაღი ჩაიბარეს.

ომი, რომელიც მოულოდნელად დაიწყო, ასევე მოულოდნელად დამთავრდა...

ნინო ბურჭულაძე