პოლიტიკური ომი, რელიგიური ომის დასაწყისი... - კვირის პალიტრა

პოლიტიკური ომი, რელიგიური ომის დასაწყისი...

(გაგრძელება, დასაწყისი #21)

1994 წლის 1-ელ დეკემბერს  გროზნოში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, იჩქერიის საგარეო დაზვერვის შეფი ხოჯა ნურაევი გამოიძახეს. ჯოჰარ დუდაევი უგუნებოდ იყო.

- ელცინის ბრძანებით, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ფაქტობრივად, ომის დაწყებას ნიშნავს, - თქვა ჯოჰარმა და კაბინეტში ბოლთის ცემას მოჰყვა, - უნდა ვეცადოთ, როგორმე ეს ომი თავიდან ავიცილოთ... თუმცა ეს უკვე ნაკლებად მჯერა.

- ომი გარდაუვალია, ჯოჰარ, - ყრუდ თქვა ხოჯა ნურაევმა.

- დღეს გროზნოში რუსეთის დუმის დელეგაცია მოფრინავს. შეიძლება ეს კიდევ ერთი შანსი იყოს...

პრეზიდენტს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ მოულოდნელად კაბინეტში ხოჯა ნურაევის მოადგილე რუსლან საიდოვი შემოვიდა და დუდაევს მოახსენა, - რუსეთის დელეგაციის თვითმფრინავი გროზნოში არ შემოუშვესო.

- ჩვენი ინფორმაციით, თვითმფრინავი ნაზრანში დაჯდა (ინგუშეთი) და დელეგაცია გროზნოსკენ ავტომანქანებით მოემართება, - დასძინა საიდოვმა და შეამჩნია, რომ ჯოჰარ დუდაევი მას უკვე აღარ უსმენდა.

- როგორც ჩანს, რუსები ქალაქის დაბომბვას აპირებენ, - ანაზდად გამოსცრა პრეზიდენტმა, - უნდა მოვემზადოთ.…

შუადღისას გროზნოს თავზე რვა CE-27 გამოჩნდა. ისინი ძირითადად საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავდნენ, მათ შორის იმ რაიონსაც, სადაც იჩქერიის პრეზიდენტი ცხოვრობდა. ჩეჩნებმა საპასუხო ცეცხლით ერთი თვითმფრინავის ჩამოგდება მოახერხეს.

გროზნოში ჩასული რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დელეგაციის ხელმძღვანელი იუშენკოვი ნანახმა გააოგნა. დუდაევთან საუბარში ცდილობდა, ფრთხილი ყოფილიყო.

- თქვენი პოლიტიკა ხელს უწყობს ისლამისტური განწყობის ზრდას ჩეჩნეთში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ამის გამო სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს. იჩქერიაში მესამე ძალას უკვე ისლამისტები წარმოადგენენ და ინიციატივაც ნელ-ნელა მათ ხელში გადადის. პოლიტიკური ომი რელიგიური ომის დასაწყისად შეიძლება იქცეს, - მოთმინებადაკარგული დუდაევი თავს ძლივს იკავებდა.

იუშენკოვი დუმდა. რა გამჭოლი მზერა აქვს ჩეჩენ არწივსო, - უნებურად გულში გაიფიქრა.

6 დეკემბერს რუსეთის მე-14 არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ ლებედი ტირასპოლში (დნესტრისპირეთი) საკუთარ შტაბში იმყოფებოდა, როდესაც მოახსენეს, სატელეფონო ხაზზე რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არისო.

- ნეტავ, რა უნდათ? - გაკვირვება ვერ დამალა გენერალმა ლებედმა.

- მე მოვისმინე თქვენი განცხადება. როგორც მივხვდი, ჩეჩნეთში სამხედრო ოპერაციის ჩატარების წინააღმდეგი ხართ, - მოესმა ლებედს იუშენკოვის მშვიდი ხმა.

- იმ ხალხს, ვინც ჩეჩნეთში ომის წამოწყებას ცდილობს, წარმოდგენაც არა აქვს, რა შეიძლება მოხდეს.

- თქვენ გაქვთ? - ჰკითხა მოსაუბრემ.

- ჩეჩნეთში მივიღებთ ავღანეთის ვარიანტს და ჩვენ მთელ ისლამურ სამყაროსთან აღმოვჩნდებით ომში ჩათრეული, ეს კი, იცით, რას ნიშნავს? ისლამისტი მეომრები დაწვავენ ჩვენს ტექნიკას და სათითაოდ ამოჟუჟავენ ჩვენს ჯარისკაცებს, გროზნო კარგად არის დაცული და გამაგრებული. მას შეუძლია წინააღმდეგობა დიდი ხნის განმავლობაში გაგვიწიოს. თქვენ იცნობთ დუდაევს? - მოულოდნელად ჰკითხა ლებედმა იუშენკოვს.

- რამდენიმე დღის წინ შევხვდი გროზნოში.

- გენერალი დუდაევი საბჭოთა არმიაში სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენთა დივიზიას მეთაურობდა. მას შეუძლია კონტინენტური მასშტაბის ომის წარმართვა. როგორ ფიქრობთ, ასეთ ადგილზე ყეყეჩებს დანიშნავდნენ?

- მართალი ხართ, - რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ დაუდასტურა იუშენკოვმა და ლებედს დაემშვიდობა.

- მხოლოდ მოლაპარაკება თუ უშველის საქმეს...

ჩაილაპარაკა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და უნებურად ისევ დუდაევის გამჭოლი მზერა გაახსენდა.

8 დეკემბერს მიღწეული იქნა შეთანხმება სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე დუდაევის მთავრობასა და მის ოპოზიციას შორის. მოლაპარაკებები 12 დეკემბერს ვლადიკავკაზში უნდა გამართულიყო. ჩეჩნეთში მშვიდობის შენარჩუნების შანსი რეალური გახდა.

10 დეკემბერს, საღამოს, რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი ოლეგ სოსკოვეცი და კონტრდაზვერვის ფედერალური სამსახურის უფროსი სერგეი სტეპაშინი დიდხანს საუბრობდნენ ვიცე-პრემიერის კაბინეტში.

- დღეს გამოცხადდა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების თარიღი - 12 დეკემბერი, - სოსკოვეცი მრავლისმეტყველად მიაჩერდა სტეპაშინს, - თუ ორივე მხარე მაგიდას მიუჯდება, სამხედრო ოპერაცია აზრს დაკარგავს.

- მაშინ საომარი მოქმედებები ერთი დღით ადრე უნდა დავიწყოთ, ანუ 11-ში, - თქვა სტეპაშინმა.

სოსკოვეცმა ოთახში შემოსულ თანაშემწეს უბრძანა, თავდაცვის მინისტრი გრაჩოვი მომიძებნეთო.

...1994 წლის 11 დეკემბერს რუსეთის არმიის ნაწილებმა იჩქერიის საზღვარი გადალახეს. ჩეჩნეთში ომი დაიწყო...

15 დეკემბერს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილების გარდა გროზნოსკენ მიემართებოდა: ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ორი დივიზია, ორი სადესანტო მოიერიშე ბრიგადა. გარდა ამისა, ჩეჩნეთის საზღვარი გადალახეს საჰაერო, სადესანტო ჯარების ტულის, ვიტებსკისა და ფსკოვის პოლკებმა, მოზდოკის რაიონში ჩამოფრინდა საჰაერო სადესანტო ჯარების ულიანოვსკისა და კოსტრომის დივიზიების პოლკები, რუსეთის არმიის ნაწილები გროზნოს ოთხი მხრიდან უახლოვდებოდნენ.

17 დეკემბერს ჯოჰარ დუდაევი საგანგებო თათბირს მართავდა.

- დღეს მოზდოკში ვარ დაბარებული, სადაც რუსეთის მთავრობის დელეგაციას უნდა შევხვდე - ვიცეპრემიერ ეგოროვს და სერგეი სტეპაშინს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გროზნოს იერიში დაიწყება. ულტიმატუმის დრო 24 საათზე იწურება, - დუდაევს აღელვება ემჩნეოდა.

- როგორ ფიქრობ, ჯოჰარ, მოზდოკში ჩასვლით რამე შეიცვლება? - დაეჭვდა ეკონომიკის მინისტრი თეიმაზ აბუბაქაროვი.

- გროზნო მოსახლეობას თითქმის არ დაუტოვებია, იერიშის დაწყების შემთხვევაში მსხვერპლი ძალიან დიდი იქნება. საკუთარ მოსახლეობას გასაჟლეტად ვერ გავიმეტებ, - სევდიანად გაეღიმა პრეზიდენტს.

დარბაზში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა.

- იქნებ შენი შეტყუება უნდათ მოზდოკში და მერე...

სათქმელი ვეღარ დაამთავრა პრეზიდენტის პირადმა მცველმა მუსა იდიგოვმა.

- მერე ბოლო მომიღონ? - ჩაეკითხა დუდაევი, - არც ეგ არის, მუსა, გამორიცხული, თუმცა ასეთ წვრილმანებზე ფიქრი არ ღირს.

- ჩათ ალარს (ეშმაკმა დალახვროს), - ჩაილაპარაკა იდიგოვმა.

- ქალაქს რამდენი მეომარი იცავს? - მიუბრუნდა ჯოჰარი სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელს.

- 13000, - დაასწრო პასუხი ლეჩე დუდაევმა.

"ცხელი დღე გველოდება, - გაიფიქრა საგარეო დაზვერვის შეფმა ხოჯა ნურაევმა".

...1994 წლის 17 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე, ჯოჰარ დუდაევმა კიდევ ერთხელ სცადა თავიდან აეცილებინა ომი, თანხმობა განაცხადა შეხვედროდა რუსეთის სამთავრობო დელეგაციას, ოღონდ მოლაპარაკებები შესაბამის დონეზე უნდა წარმართულიყო, იჩქერიის პრეზიდენტი პირადად ბორის ელცინთან ითხოვდა შეხვედრას, თუმცა დუდაევის ეს წინადადება უპასუხოდ დარჩა.

18 დეკემბერს, გამთენიისას, ხანკალაში პრეზიდენტის სამეთაურო პუნქტში ხალხმრავლობა იყო, დუდაევი გროზნოს იერიშის მოლოდინში კიდევ ერთხელ დააკვირდა ქალაქის დაცვის გეგმას.

- ჯავშანტექნიკის მობილიზებას შევძლებთ?- უიმედოდ იკითხა ჯოჰარმა.

- მოვასწრებთ, თუ, რა თქმა უნდა, მდინარე თერგზე ტექნიკას დროულად გადმოვიყვანთ... არის ინფორმაცია, რომ ხიდების დაბომბვას აპირებენ, - მოესმა პასუხი.

- შამილ ბასაევი სად არის? - დაინტერესდა დუდაევი.

- შამილი მოხალისეებთან ერთად გროზნოშია, - უპასუხა მუსა იდიგოვმა.

გროზნოს შესასვლელებთან ქალაქის დამცველებს მოეყარათ თავი. მოსახლეობა აქაურობის დატოვებაზე უარს აცხადებდა.

მოხალისეებთან შეხვედრის შემდეგ შამილ ბასაევმა რუსლან საიდოვი დაიმარტოხელა.

- რუსლან, - ამ ძაღლებს გროზნოში არ შემოვუშვებთ, მაგრამ ბრძოლაში გამოცდილი ხალხი დაგვჭირდება. აი, ისეთები, - და ბასაევმა საიდოვს დაქირავებულ ავღანელ მეომრებზე მიუთითა, - თუმცა ესენი ალაჰისთვის თავის გაწირვას მხოლოდ სავსე ქისით ახერხებენ, -მწარედ გაეღიმა ბასაევს.

- ჰო, ფული მართლაც დაგვჭირდება, - დაეთანხმა საიდოვი, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, შამილს ჰკითხა, შალიში რა ხდებაო.

შალის ხსენებაზე ბასაევი უსიამოვნოდ შეიშმუშნა.

"ხომ არ მალავს რაიმეს?" - გაიფიქრა საიდოვმა.

- მას შემდეგ, რაც ქალაქი რუსებმა დაბომბეს, ქარხნის იქ დატოვება სახიფათოა. თუმცა გადასატანი ადგილიც ვერ შევარჩიეთ, - დასძინა ბასაევმა.

- ქარხანას ვერ გავაჩერებთ... ხომ იცი, საკუთარ სიკვდილში რუსები რამდენს იხდიან?!. როდესაც პარტია მზად იქნება, მას "ჩეჩნურ თეთრ ჯიჰადს" დავარქმევთ და ალაჰის მტრებს გავუგზავნით.

- ალაჰ აქბარ! - შესძახა შამილ ბასაევმა.

უეცრად მისი ყურადღება მიიპყრო რამდენიმე ათეულმა ადამიანმა - ისინი მოხალისეთა პოსტს უახლოვდებოდნენ.

- ვინ არიან? - გადაულაპარაკა ბასაევმა საიდოვს.

რუსლანმა მხრები აიჩეჩა - არ ვიციო.

ახალმოსულებს პოსტზე მეგობრული შეძახილებით შეხვდნენ.

- ქართველები არიან, ქალაქში მცხოვრებლები, - თქვა საიდოვმა და მოხალისეებისკენ გასწია.

- გროზნოელი ქართველები ვართ, ჩვენი იარაღით მოვედით, - უთხრა საიდოვს ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც დავითი ერქვა.

- გამოდის, რომ გროზნოს დაცვაში დაგვეხმარებით, - მიმართა ერთმა ჩეჩენმა მეომარმა დავითს.

- ქალაქის დაცვა ჩვენი პრეზიდენტის საფლავის დაცვასაც ნიშნავს, - მიუგო დავითმა.

"რა უცნაური ხალხია ეს ქართველები. ჯერ საკუთარი პრეზიდენტი სასიკვდილოდ გაიმეტეს, ახლა კი მზად არიან მისი საფლავისთვის უცხო ქალაქიც კი დაიცვან," -გაიფიქრა რუსლან საიდოვმა.

1994 წლის 19 დეკემბერს, დილის 9 საათზე, რუსეთის ფრონტალურმა ავიაციამ ჯოჰარ დუდაევის სამეთაურო პუნქტი ხანკალა დაბომბა.

- იერიშს თერგის ხიდებზეც მიიტანენ, როგორმე ჯავშანტექნიკა უნდა გადავარჩინოთ, - უყვიროდა ლეჩე დუდაევი ვიღაცას ტელეფონზე, თუმცა უკვე გვიანი იყო...

- ჯოჰარ, რუსები აცხადებენ, რომ მხოლოდ ერთი გზა გაქვს დარჩენილი, უნდა ჩაჰბარდე, - უთხრა პრეზიდენტს ხოჯა ნურაევმა.

ჯოჰარმა პასუხად გაიღიმა, ჩემი გზების შესახებ მხოლოდ ალაჰმა უწყის და არა მგონია, ის ამას მირჩევდეს... საღამოს მინდა გროზნოში ხალხს შევხვდე, - დაამატა ბოლოს...

ღამით გროზნოში სიმშვიდე იყო, ჯოჰარ დუდაევი მოსახლეობასა და ქალაქის დამცველებს ესაუბრებოდა. მოულოდნელად მან საქართველოს წარმომადგენელს ჩეჩნეთში სოსო თორიას მოჰკრა თვალი.

- სოსო, უკვე მითხრეს, რომ გროზნოს ქართველებიც იცავენ, - მადლიერების ნიშნად დუდაევმა თორიას მხარზე ხელი დაადო, - სანამ ერთი ჩეჩენი მაინც იქნება ცოცხალი, ამას არავინ დაივიწყებს.

"ისევე, როგორც ქართველები არ დაივიწყებენ ჩეჩნებს სოხუმში", - გაიფიქრა მუსა იდიგოვმა.

- სოსო, ალაჰის ნებით, გროზნოს არ დავთმობთ, მაგრამ ადრე თუ გვიან, რუსი ქალაქში მაინც შემოვა, ამიტომ ზვიადის საფლავი იქნებ სხვა ადგილას გადავიტანოთ?.. რას არ გავიღებდი, ახლა ჩემ გვერდით რომ ყოფილიყო, - დუდაევი მოულოდნელად შებრუნდა.

თორია მიხვდა, რომ ჩეჩენი არწივი სულ მარტო იყო...

პრეზიდენტის რეზიდენციასთან მეომრებს მოეყარათ თავი. იჩქერიის პრეზიდენტი რომ დაინახეს, მისასალმებლად წამოდგნენ.

- თქვენ პრეზიდენტის ჯარისკაცები ხართ, - უთხრა დამშვიდობებისას ჯოჰარ დუდაევმა და რეზიდენციის ბაღისკენ გაემართა.

- ჩვენ თქვენი კი არა, ალაჰის ჯარისკაცები ვართ, - დაეწია ერთ-ერთი მეომრის ხმა.

ამ სიტყვებზე ჯოჰარი მობრუნდა და მწარედ ჩაილაპარაკა: - ყველაზე მეტად ამის მეშინოდა.

- რისი? - ჰკითხა გაკვირვებულმა მუსამ.

- ეს იჩქერიისთვის კი არა, უკვე ისლამისთვის ბრძოლაა და ამას ვეღარ შევაჩერებთ, - მიუგო დუდაევმა...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)