შაჰიდ-მობილების მორიგი სამიზნე! - კვირის პალიტრა

შაჰიდ-მობილების მორიგი სამიზნე!

"ტერორისტებს ესპანეთში ბომბი "სატანის დედა" უნდა გამოეყენებინათ, თუმცა, ის სახლშივე აუფეთქდათ"

"ჩვენ აღვასრულებთ ჯიჰადს ესპანეთში და დავიბრუნებთ ჩვენს მიწას. იერიში ალ-ანდალუსზე (ესპანეთის სახელი მუსლიმანთა მმართველობის დროს - ავტ.) გარდაუვალია. ყველაფერი ალაჰის ნებაა", - სოციალური ქსელი "ტვიტერი", 2017 წლის 3 აგვისტო.

"სანდო წყაროს ცნობით, ტერორისტებს თავდაპირველად სატვირთო მანქანის დაქირავება უნდოდათ, რათა მსხვერპლი დიდი ყოფილიყო, თუმცა, რადგან მძღოლს ამ ტიპის ავტომობილის მართვის უფლება არ ჰქონდა, მიკროავტობუსს დასჯერდნენ", - "ნიუ-იორკ თაიმსი", 2017 წლის 18 აგვისტო.

17 აგვისტოს გამთენიისას ესპანეთის ქალაქ ალკანარის პოლიციაში შეტყობინება შევიდა, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდაო. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიცია კიდევ ერთი აფეთქების მოწმე გახდა, - დაიღუპა ერთი ქალი, სახლის ნანგრევებში მოყოლილი მძიმედ დაჭრილი მამაკაცი კი შველას ითხოვდა. დაშავდა რამდენიმე კაციც, მათ შორის რამდენიმე პოლიციელი. გამოძიებამ სახლის აფეთქების მიზეზად გაზგაყვანილობის გაუმართაობა დაასახელა და ინციდენტი ამით ამოიწურა.

იმ ღამეს ესპანეთში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ალკანარის აფეთქება სულ რაღაც ათიოდე საათში ქვეყანაში ტერორისტული შეტევის მიზეზი გახდებოდა.

17 აგვისტოს საღამოს ხუთ საათზე, როცა ბარსელონის ერთ-ერთ პოპულარულ ქუჩა რამბლაზე ტრადიციულად უამრავი ტურისტია, ქვეითად მოსიარულეებში 80 კილომეტრი სიჩქარით მიმავალი მიკროავტობუსი შეიჭრა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როცა ბაზრობის ახლოს ჯიხურს შეეჯახა. მძღოლი მიიმალა. დაიღუპა14 კაცი და დაშავდა 100-ზე მეტი, აქედან 14-ის მდგომარეობა მძიმეა. მოგვიანებით დადგინდა, რომ დაღუპულები და დაშავებულები (მათ შორის რამდენიმე ბავშვია) 18 ქვეყნის მოქალაქეები არიან. იმ დროს რამბლაზე საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, არავინ დაშავებულა.

ქეთი: "რამბლაზე ესტონელ მეგობრებს უნდა შევხვედროდი. ადრე იყო და მაღაზიებში სიარულით ვიქცევდი თავს. ექვსი საათი იყო დაწყებული, რომ მოულოდნელად დავინახე, რამდენიმე ბიჭს პოლიციელი მოსდევდა. ვიფიქრე, ეტყობა, მაღაზიის მძარცველები არიან-მეთქი. რომ მომიახლოვდნენ, მერეღა დავინახე, რომ ქალებიც მორბოდნენ. "გაიქეცით!" - ყვიროდა პოლიციელი. თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, შემდეგ ერთმა ბიჭმა იყვირა ინგლისურად, ტერორისტებიო. ამის გაგონებაზე მთელი ქუჩა აირია, დაიწყო პანიკა. ვიღაც ახმახმა პოლიციელმა მკლავში ხელი ჩამავლო და სადღაც გამათრია. გონს კაფეტერიაში მოვედი... ჩემი მეგობრები არ დაშავებულან, რადგან ისინი მეტროპოლიტენიდან არ ამოუშვეს".

ბარსელონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერაქტიდან რამდენიმე საათში პოლიციის განყოფილებას წარმოშობით მაროკოელმა დრის უქაბირმა მიაკითხა და განაცხადა, რომ მიკროავტობუსში ნაპოვნი დოკუმენტები მისი იყო, თუმცა, მიკროავტობუსი მას არ დაუქირავებია და ეს, შესაძლოა, მის 18 წლის ძმას, მუსა უქაბირს გაეკეთებინა. ორიოდ საათში ბარსელონიდან 80 კილომეტრში იპოვეს კიდევ ერთი ფურგონი, რომელიც, სავარაუდოდ, ტერორისტებმა ქალაქიდან გასასვლელად გამოიყენეს.

ამასობაში ტერორისტული შეტევა კიდევ ერთ ტურისტულ ქალაქში, კამბრილსში დაიწყო - თეთრი "აუდის" მარკის ავტომობილმა ქვეითად მოსიარულეებში შეჭრა სცადა. მანქანაში 5 კაცი იჯდა. პოლიციამ ყველანი დახოცა. დახოცილებს შაჰიდის ქამრები ეკეთათ, თუმცა, ისინი მულაჟები აღმოჩნდა(?!).

გამოძიებამ ალკანარში აფეთქებულ სახლში ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადებისთვის საჭირო მასალა აღმოაჩინა.

18 აგვისტოს გაირკვა, რომ ტერორისტებს ესპანეთში ბომბი""სატანის დედა" უნდა გამოეყენებინათ, თუმცა, ის სახლშივე აუფეთქდათ.

19 აგვისტოსთვის ესპანეთის პოლიციამ ბარსელონის ტერაქტში ეჭვმიტანილები დახოცა, მათ შორის იყო 18 წლის მუსა უქაბირიც.

ამერიკის სპეცსამსახურები ჯერ კიდევ ორი თვის წინათ აფრთხილებდნენ ესპანელ კოლეგებს ბარსელონაში მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ, იერიშის ერთ-ერთ ადგილად რამბლას ქუჩაც სახელდებოდა. "ისლამური სახელმწიფოს" განზრახვა, ტერაქტები მოეწყო ესპანეთში, მთავრობის მოხსენებაშიც მოხვდა, თუმცა, ადგილები მითითებული არ იყო.

"

ისლამური სახელმწიფო" მასალებს ესპანურ ენაზეც აქვეყნებს, რაც ზრდის მის გავლენას ესპანეთში მცხოვრებ რადიკალურ მუსლიმანებზე. გარდა ამისა, 2016 წლიდან "ისლამურმა სახელმწიფომ" დაიწყო ესპანური ენის თარჯიმნების რეკრუტირება, რაც მიუთითებს მის ინტერესზე, მიიზიდოს ესპანურენოვანი ბოევიკები."

მას შემდეგ, რაც 2016 წელს "ისლამურმა სახელმწიფომ" გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომ "თავიანთ მიწას", ესპანეთს, გაათავისუფლებენ დამპყრობლებისგან, ქვეყანაში, სადაც ყოველწლიურად 60 მილიონი ტურისტი ჩადის, უსაფრთხოების მე-4 დონეა (სულ ხუთია) გამოცხადებული.

ოლო ერთი წელია შაჰიდ-მობილების ევროპული ვარიანტი (ტრადიციულად, შაჰიდ-მობილებს საბრძოლო მოქმედებებში იყენებენ) ეფექტიანი გამოდგა ხალხში პანიკის დასათესად. "ისლამურმა სახელმწიფომ""ევროპაში ეს საშუალება პირველად 2016 წლის 14 ივლისს, ნიცაში გამოიყენა, როცა მოზეიმე ხალხში ფურგონი შეიჭრა და 86 კაცი გაჭყლიტა. მას შემდეგ ავტომობილი ტერაქტების მოსაწყობ ერთადერთ იარაღად იქცა და აი, რატომ:

ბევრად ადვილია ავტომობილის (ძირითადად, სატვირთოს) დაქირავება, ვიდრე ბომბის ან იარაღის ყიდვა. გარდა ამისა, უკვე გამოცდილ მეთოდს დიდი ადამიანური რესურსი არ სჭირდება, მისი მომზადება და შესრულება ერთ კაცსაც შეუძლია, თანაც მინიმალურ""კუდსა" და"სამხილს ტოვებს.

ესპანეთის შემდეგ ტერორისტული იერიში იყო ფინეთსა და გერმანიაში, სადაც დანით შეიარაღებული პირები ქვეითად მოსიარულეებს დაერივნენ და რამდენიმე კაცი იმსხვერპლეს.

ავტომობილის გამოყენებით მომხდარი ტერაქტები:

2016 წლის 14 ივლისი - ტერაქტი ნიცაში, დაიღუპა 86 კაცი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

2016 წლის 19 დეკემბერი, ბერლინი - სატვირთო ფურგონი საშობაო ბაზრობაზე შეიჭრა, დაიღუპა 12 კაცი, დაშავდა რამდენიმე ათეული.

2017 წლის 8 იანვარი, იერუსალიმი - ავტომობილი შეიჭრა ჯარისკაცთა ჯგუფში, დაიღუპა 4 და დაშავდა დაახლოებით 20 კაცი.

2017 წლის 22 მარტი, ლონდონი - ფურგონი შეიჭრა ქვეითად მოსიარულეებში, დაიღუპა 4 და დაშავდა რამდენიმე ათეული კაცი. "

2017 წლის 7 აპრილი, სტოკჰოლმი - სატვირთო შეიჭრა ქვეითად მოსიარულეებში, დაიღუპა 3 და დაშავდა ათამდე კაცი.

"სატანის დედა"

2013 წელს იემენში "ალ-ქაიდას" ქიმიკოსებმა შექმნეს ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელსაც "სატანის დედა" დაარქვეს. მის ავტორად აშშ-ის საშიშ ტერორისტთა სიაში 25-ე ნომრად ჩაწერილი იბრაჰიმ ჰასიმ ალ-არსი ითვლება.""სატანის დედა" თხევადი ნივთიერებაა. მასზე ლეგენდებიც კი დადის, მაგალითად, მისით შეიძლება ტანსაცმელი დანამო და მერე ააფეთქო, ან შაჰიდების ორგანიზმში შეიყვანო, რათა თავი შაჰიდის ქამრის გარეშე აიფეთქონ. სხვათა შორის, "სატანის დედით" "ალ-ქაიდა" აშშ-ის 12 თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდა.

ბომბის დამზადება სულ რაღაც 40 დოლარი ჯდება. "სატანის დედა" გამოიყენეს ლონდონის, პარიზის ტერაქტებში, ტერორისტები მის გამოყენებას აპირებდნენ მოსკოვშიც.