ცეზარის სირიული საგა - გზა ომალოდან იდლიბამდე და "ახალი ჩეჩნური ბრიგადა"
ცეზარის სირიული საგა - გზა ომალოდან იდლიბამდე და "ახალი ჩეჩნური ბრიგადა"
სირიის კონფლიქტში დაღუპულია 37 საქართველოს მოქალაქე, ხოლო ამჟამად სირიის ფრონტებზე მებრძოლთა რაოდენობა 24-ს შეადგენს

2016 წელს ალ ბარა ალ შიშანს თარხან ბათირაშვილის უახლოეს გარემოცვაში­ ხედავდნენ. ამბობენ, რომ ხალიფატის ე.წ აჭარული ფრთის ვიდეომიმართვამ, სადაც­ აჰმად ჯურჯი (თამაზ ჭაღალიძე) "ისლამური სახელმწიფოს" სახელით ქართველებს თავების დაჭრით ემუქრებოდა, უკმაყოფილება გამოიწვია პანკისელ მოჯაჰედებში. ამის გამო ჭაღალიძეს ალ ბარა ალ შიშანმა ყურიც აუწია...


"სადაც უნდა იყოთ, ყველგ
ან მოგძებნით. თქვენ, ხალიფატის მეომრებს, მხოლოდ ერთი გზა გაქვთ - ან დანებება, ან სიკვდილი".
ჰაიდარ ალ აბადი, ერაყის პრემიერ-მინისტრი

28 აგვისტოს პანკისის ხეობის კიდევ ორი ოჯახის ჭიშკარი გაიღო სამძიმრისთვის. იმ დღეს პანკისელებისთვის ცნობილი გახდა, რომ 31 წლის ომალოელი ცეზარ ტოხოსაშვილი მეუღლით და 4 მცირეწლოვანი შვილით სირიაში ავიაიერიშის მსხვერპლი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია
მედიაში სწრაფად გავრცელდა, ცოტამ თუ იცის, რომ დაღუპული ცეზარ ტოხოსაშვილი "ისლამური ხალიფატის" რიგებში მებრძოლი ცნობილი ალ ბარა ალ შიშანია და მის წარმატებულ სამხედრო ოპერაციაზე ერთ დროს ბევრს წერდა არაბული მედია.

თუ როგორ დაიღუპა ტოხოსაშვილების ოჯახი, ამის თაობაზე ხეობაში ბევრი არაფერი იციან. "კვირის პალიტრა" შეეცადა, მომხდარზე დამატებითი ცნობები მოეძიებინა.

ვინაიდან სირიაში შექმნილი სიტუაციის გამო ინფორმაციის გადამოწმება ფაქტობრივად შეუძლებელია, "კვირის პალიტრის" მკითხველს მას ვერსიით სახით ვთავაზობთ...

ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულია საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე...

27 აგვისტოს ევფრატის დაბლობზე, ქალაქ განემ ალეს მიდამოებში, სირიის სამთავრობო ჯარებმა რუსული ავიაციის დახმარებით მოახერხეს "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი დაჯგუფების - "კალიფას" სრული განადგურება. ამ ოპერაციის დროს ხალიფატმა დაკარგა 800 მებრძოლი და ტექნიკა. პარალელურად ავიაიერიშები განხორციელდა მდინარე ევფრატის მნიშვნელოვან ნაწილზე. მათ შორის იქ, სადაც რაკადან გამოქცეული მოჯაჰედების ბანაკები იდგა. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ერთ-ერთ, დაახლოებით 100-კაციან ბანაკში იმყოფებოდნენ სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები ოჯახებით. როდესაც მათ მოსალოდნელი ავიაიერიშის შესახებ შეატყობინეს, შეეცადნენ, ბანაკი დაეტოვებინათ, მაგრამ ავიაციამ არა მარტო ბანაკი, ავტომანქანების კოლონაც დაბომბა, რასაც შეეწირა კიდეც ტოხოსაშვილების ოჯახი. ჩვენი ინფორმაციით, მსხვერპლი მეტია - სავარაუდოდ, დაღუპულია საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე. თუმცა,­ ინფორმაციის გადამოწმებას იქ მყოფი მოჯაჰედებიც ვერ ახერხებენ, რადგან შემთხვევის ადგილზე მისვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ომალოდან - იდლიბში

ალ ბარა ალ შიშანის სირიული საგა 2014 წელს დაიწყო - ერთმა ომალოელმა ბიჭმა, თავისი მეგობრების მსგავსად, თურქეთში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა (ტრადიციული ლეგენდა სირიაში წამსვლელებისთვის!). პანკისის ხეობაში ამბობენ, რომ დედა სასტიკი წინააღმდეგი ყოფილა. ახმეტიდან თბილისში მიმავალ შვილს მუხლებშიც კი ჩავარდნია, არ წახვიდეო, მაგრამ ამაოდ... როდესაც დედა ცუდად გამხდარა, ტოხოსაშვილის თანმხლებთ უფიქრიათ, ასეთ მდგომარეობაში დედას არ დატოვებსო, მაგრამ ცეზარს უთქვამს, - ყველაფერი კარგად იქნებაო და თბილისს მიაშურა...

ალ ბარა ალ შიშანის სახელი ცნობილი მაშინ გახდა, როცა დამოუკიდებლად მოქმედმა სამხედრო დაჯგუფებამ ქალაქი იდლიბი აიღო.
ყველას გასაკვირად, ამ დაჯგუფების ლიდერი აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა ალ შიშანი, ხოლო დაჯგუფება - "ახალი ჩეჩნური ბრიგადა" (ერთხანს მათ შესახებ გავრცელებული ვიდეორგოლები ძალიან პოპულარული იყო ჯიჰადით აღფრთოვანებულ ახალგაზრდებში).

ალ ბარას "შავი ოქრო"

მოულოდნელად სამხედრო დაჯგუფება დაიშალა, ხოლო ჯარისკაცების გარეშე დარჩენილი ალ ბარა ალ შიშანი "ისლამური ხალიფატის" რიგებში, თანამემამულე ომარ ალ შიშანის (თარხან ბათირაშვილი) უახლოეს გარემოცვაში აღმოჩნდა.

"ახალი ჩეჩნური ბრიგადის" დაშლამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მოჯაჰედურ წრეებში. მართალია, მიზეზებზე ერთხანს არავინ ლაპარაკობდა, მაგრამ ბოლოს სიმართლე მაინც ითქვა - საქმე ეხებოდა ერთ მცირე ზომის ჭაბურღილს, რომელსაც თურმე ალ ბარა ალ შიშანი აკონტროლებდა, მის დაჯგუფებაში მყოფ ჩეჩნებს კი სხვა გეგმები ჰქონდათ - მეთაური არაფრად ჩააგდეს და თავი ალ ბარას "შავი ოქროს" მეპატრონეებად გამოაცხადეს; ამას "ახალ ჩეჩნურ ბრიგადაში" განხეთქილება მოჰყვა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მორიგი გარჩევისას იარაღი დატრიალდა და მოჯაჰედებმა ერთმანეთი დახოცეს. ამ ფაქტს სირიის ჯიჰადისტურ წრეებში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა - მოჯაჰედისთვის შეუფერებელი საქციელის გამო ალ ბარა დაგმეს!

ცეზარის რუბიკონი
ტოხოსაშვილს, რომელსაც აღარც ჯარისკაცები ჰყავდა და აღარც "შავი ოქრო" ჰქონდა, კარგად ესმოდა, რომ სირიაში თავს დიდხანს ვერ გაიტანდა.
გარდა ამისა, ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ოპოზიციას ის თავის რიგებში ვერ წარმოედგინა, ამიტომ ცეზარს ერთადერთი გზა რჩებოდა - "ისლამური ხალიფატი". სულ მალე მის რიგებში აღმოჩნდა, სადაც, გავლენიანი თანამემამულეების წყალობით, აღარც ჩეჩნები აშინებდნენ და არც მოჯაჰედის კოდექსი.

ჩვენი ინფორმაციით, ალ ბარას ერთ­ხანს პრობლემა ხეობაშიც ჰქონდა, საქმე ეხებოდა ფულს, რომელიც არასწორად დაიხარჯა...
2016 წელს ალ ბარა ალ შიშანს თარხან­ ბათირაშვილის უახლოეს გარემოცვაში­ ხედავდნენ. ამბობენ, ხალიფატის ე.წ აჭარული ფრთის ვიდეომიმართვამ, სადაც­ აჰმად­ ჯურჯი (თამაზ ჭაღალიძე) "ისლამური სახელმწიფოს" სახელით ქართველებს თავების დაჭრით ემუქრებოდა, უკმაყოფილება გამოიწვია პანკისელ მოჯაჰედებში. ამის გამო ჭაღალიძეს ალ ბარა ალ შიშანმა ყურიც აუწია...

თარხან ბათირაშვილის სიკვდილის შემდეგ ხალიფატში საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა­. ისინი გადააჯგუფეს და სხვადასხვა ფრონტზე გაგზავნეს. ბოლო დროს ალ ბარა რამდენჯერმე დაიჭრა და თურქეთში მკურნალობდა. ორიოდე თვის წინ კი ითქვა, მორიგი ავიაიერიშის დროს ფეხები დაუზიანდაო...

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ცეზარს საქართველოში დაბრუნებაც სურდა, მაგრამ რახან კარგად იცოდა, რომ გამკაცრებული კანონმდებლობის თანახმად, საზღვარზევე დაიჭერდნენ, საბოლოოდ, ოჯახითურთ თურქეთში დარჩენა განუზრახავს. თუმცა, ალ ბარა ალ შიშანის სირიული საგა 2017 წლის 27 აგვისტოს სულ სხვა შედეგით დასრულდა...

P.S. 2 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, ცეზარ ტოხოსაშვილი და მისი ოჯახი ავიაიერიშს გადაურჩნენო, მაგრამ­ ამ ინფორმაციის გადამოწმება ჯერჯერობით შეუძლებელია...

ნინო ბურჭულაძე
zu
04 დეკემბერი 2017 18:59
რა თბილი სტატიაა!
Mamuka
14 ოქტომბერი 2017 00:17
colshvilis siriashi caiyvans kaciii?
truker
12 სექტემბერი 2017 05:36
საქმეც ამაშია. სამწუხაროდ უმეტესონას სჯერა ამერიკული რაინდობის და რუსეთის კუდიანობით. სინამდვილე პირიქითაა. თუ სადმე ამ 30 წლის განმავლობაში ომი და უბედურება გაჩაღდა.ყველა ამერიკელების თაოსნობით. და აბსოლიტურად ყველა კონფლიქტი რუსეთის წინააღმდეგ არის გაჩაღებული. რომ არა ეს პოლიტიკა ამერიკის,დიდი ხანია მსოფლიოში მშვიდობა იქნებოდა

რუბრიკის სხვა სიახლეები
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
დღის კითხვადი სტატიები