"ვწუხვარ, რომ უნდა გითხრათ, სპორტსმენები ვერ გადაარჩინეს"
"ვწუხვარ, რომ უნდა გითხრათ, სპორტსმენები ვერ გადაარჩინეს"
ვიდრე მსოფლიოს უსაფრთხოების სამსახურები ტერორიზმისგან თავის დასაცავად ირაზმებიან, გვინდა მკითხველს ყველაზე სისხლიანი ოლიმპიადის და შემდგომ მისი მრავალწლიანი შურისძიების შესახებ მოვუთხროთ - ეს 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადა იყო.

"თუ ისინი საშუალებას არ გვაძლევენ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისა, რატომ არ შეგვიძლია იქ დაუპატიჟებლად გამოვეცხადოთ?"
ფაკრი ალ-უმარი, ორგანიზაცია "შავი სექტემბერი", 1972 წ., ივლისი, რომი

"ჩვენ უნდა ვიპოვოთ ებრაელების სუსტი ადგილები, უნდა დავხოცოთ ყველაზე ცნობილები. თუ პოლიტიკოსებს ვერ მივწვდებით, დავხოცოთ სპორტსმენები და არტისტები".
აბუ დაუდი, ორგანიზაცია "შავი სექტემბერი", 1972 წ., ივლისი, რომი

"თუ მატერიალური შიზოფრენიის გამოვლინება არსებობს, ეს იმ ღამეს ხდებოდა (5-6 სექტემბრის ღამე - ავტ.), როდესაც გერმანიის სპეცსამსახურები მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაციას ატარებდნენ. 3.10 საათზე მოსსადის
ხელმძღვანელმა, გენერალმა ცვი ზამირმა (იქ იყო) დამირეკა და მითხრა, - "ვწუხვარ, რომ უნდა გითხრათ, სპორტსმენები ვერ გადაარჩინეს".
გოლდა მეირი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი. წიგნიდან "ჩემი ცხოვრება"

მსოფლიოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი სისხლიანი ტერაქტიდან 45 წელი გავიდა.

ვიდრე მსოფლიოს უსაფრთხოების სამსახურები ტერორიზმისგან თავის დასაცავად ირაზმებიან, გვინდა მკითხველს ყველაზე სისხლიანი ოლიმპიადის და შემდგომ მისი
მრავალწლიანი შურისძიების შესახებ მოვუთხროთ - ეს 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადა იყო.

ოლიმპიადამდე რამდენიმე თვით ადრე ორგანიზატორებმა ცნობილ გერმანელ სასამართლოს ფსიქოლოგს, გეორგ ზიბერს სთხოვეს, შეემუშავებინა ტერორისტული იერიშების 26 პირობითი სცენარი, რაც ორგანიზატორებს
უსაფრთხოების ზომების სრულყოფაში დაეხმარებოდა. სცენარებში”იყო პირობითი ტერაქტები სხვადასხვა დაჯგუფების მხრიდან - დაწყებული ბასკების "ეტათი", დამთავრებული "პალესტინის განმათავისუფლებელი მოძრაობით". სიტუაცია #21-ში, ზიბერისეული სცენარით - შეიარაღებული პალესტინელები თავს ესხმოდნენ ისრაელის დელეგაციას, აჰყავდათ მძევლები და შემდეგ ისრაელს მოსთხოვდნენ პატიმრების გათავისუფლებას და თვითმფრინავს, რომ გერმანია უსაფრთხოდ დაეტოვებინათ

(სამწუხაროდ, ასეც მოხდა). ორგანიზატორებმა მას შემდეგ თქვეს უარი სცენარების შესწავლაზე, რაც დასავლეთ გერმანიის კანცლერმა ვილი ბრანდტმა (როდესაც შესთავაზეს უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და ტურისტების მასობრივი გაკონტროლება) განაცხადა, -”ვერავის
ჩავაშხამებინებ მსოფლიო თამაშებით სიამოვნებასო. მეტიც - ოლიმპიადის დროს პოლიცია უიარაღოდ იყო ქუჩებში.

1972 წლის ივლისში ოლიმპიადის საერთაშორისო კომიტეტმა უარი უთხრა პალესტინის ახალგაზრდულ ფედერაციას ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე.


1972 წლის 21 აგვისტოს მიუნხენის ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა.

ოლიმპიურ სოფელში მოხვედრა ნებისმიერს შეეძლო. 5 სექტემბერს, დილის 4.30 საათზე მსუბუქ მოთელვაზე გასულ კანადელ ათლეტებს ოლიმპიური სოფლის მესერთან სპორტულ კოსტიუმებში გამოწყობილი 8 ზურგჩანთიანი "სპორტსმენი" დახვდათ და მესერზე გადაძრომაში დახმარება სთხოვეს. კანადელები რას იფიქრებდნენ, თუ "სპორტსმენები" ორგანიზაცია "შავი სექტემბრის" წევრები იყვნენ, ხოლო ზურგჩანთებში "კალაშნიკოვები" და ხელყუმბარები ეწყო. ასე აღმოჩნდნენ ტერორისტები ისრაელის დელეგაციის სამყოფელთან (#1 ბინა და #2 ბინა).

მძლეოსნობის მსაჯი იოსებ გუტფრონდი კარის ჭრიალმა (#1 ბინაში მსაჯები და ჩინოსნები იმყოფებოდნენ) გააღვიძა. ზღურბლზე კბილებამდე შეიარაღებული ხალხი იდგა. მსაჯმა დაიყვირა და შეიარაღებულთა შესაჩერებლად კარს მიაწვა, ამით საშუალება მისცა ორ თანაგუნდელს, ფანჯრიდან გადამხტარიყო. ოთახში შემოჭრილ ტერორისტებს მძიმე წონაში ჭიდაობის მსაჯი ვაინბერგი შეეწინააღმდეგა, თუმცა ის ლოყაში დაჭრეს და აიძულეს, დელეგაციის სხვა წევრების მოძებნაში დახმარებოდა. მსაჯმა ტერორისტები მეორე ბინაში (სადაც სპორტსმენები იყვნენ) შეიყვანა და უთხრა, - ესენი ისრაელის დელეგაციის წევრები არ არიანო, თუმცა ისინი ტერორისტებმა მაინც აიყვანეს მძევლად და მსაჯების ბინაში დაბრუნდნენ, სადაც ვაინბერგი კვლავ გაუძალიანდათ - ერთი ნოკაუტში ჩააგდო, მეორე ხილის დანით დაჭრა. ის იქვე მოკლეს. ტერორისტებმა მოკლეს შტანგისტი იოზეფ რომანოც, რომელმაც ერთი ტერორისტი ასევე დანით დაჭრა. ტერორისტებმა დარჩენილი 10 მძევალი გაკოჭეს და დახოცილი მეგობრების ცხედრებთან მიყარეს. ტერორისტების ვინაობა მალევე გაირკვა, როგორც აღმოჩნდა, მათი უმრავლესობა კარგა ხანია, ოლიმპიურ სოფელში მუშაობდა(?!).

ტერორისტები ითხოვდნენ, 5 სექტემბერს, დღის 12 საათამდე გაეთავისუფლებინათ ისრაელის ციხიდან 234 პალესტინელი, 6 მსჯავრდადებული - დასავლეთ ევროპის ციხეებიდან და ტერორისტები უსაფრთხოდ გაეშვათ ეგვიპტეში. თუ მოთხოვნა არ შესრულდებოდა, საათში თითო მძევალს მოკლავდნენ, ამის დასტურად ეზოში ვაინბერგის ცხედარი გადმოაგდეს. ისრაელმა უარი თქვა.

პრემიერმა გოლდა მეირმა და თავდაცვის მინისტრმა მოშე დაიანმა სთხოვეს გერმანიის ხელისუფლებას, ჩვენი ძალებით გამოვიხსნით მძევლებსო, რაზეც უარი მიიღეს. ისრაელს უარი უთხრეს მეორე თხოვნაზეც - ჩართულიყო ტერორისტებთან მოლაპარაკებებში. მომხდარმა გერმანიის ხელისუფლება უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა, მძევლები ხომ ებრაელები იყვნენ! ისინი ტერორისტებს ნებისმიერ თანხას სთავაზობდნენ, მაგრამ ტერორისტები უკან არ იხევდნენ.

გენერალი ცვი ზამირი, მოსადის საიდუმლო ანგარიშიდა: - "ჩემი აზრით, გერმანიის მიზანი იყო, არ ჩაშლილიყო ოლიმპიური თამაშები. ჩვენ მომხდარიდან პირველსავე წუთში მივმართეთ გერმანიის მთავრობას და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, შეეჩერებინათ თამაშები მძევლების გათავისუფლებამდე. გარდა ამისა, ისრაელის მისია ვაშინგტონში ცდილობდა, ზეწოლა მოეხდინა აშშ-ზე, შეეჩერებინა მისი სპორტსმენების გამოსვლა თამაშებზე. გერმანიამ ოლიმპიადის შეჩერებაზე უარი გვითხრა. მიზეზად დაასახელა - არ არსებობს ალტერნატიული პროგრამა ტელევიზიებისთვისო".

ოლიმპიადა გრძელდებოდა. ოლიმპიურ სოფელში გაგზავნილი სპორტულ ფორმებში გამოწყობილი გერმანელ პოლიციელთა ჯგუფი ცდილობდა, ხელსაყრელი პოზიცია დაეკავებინა. თუმცა, რადგან ჟურნალისტები ყველაფერ ამას პირდაპირი ეთერით გადასცემდნენ, ტერორისტებმაც გაიგეს და მძევლების დახოცვით დაიმუქრნენ. შედეგად, ოლიმპიურ სოფელში პოლიციის მოძრაობა შეწყდა. 5 სექტემბერს, საღამოს ტერორისტებმა მოითხოვეს კვიპროსში წასვლა, აეროპორტში მისასვლელად კი ავტომობილი. მძევლების გამოხსნა გერმანიის მთავრობამ სწორედ აეროდრომზე გადაწყვიტა. აქ განალაგეს 5 სნაიპერი (მოგვიანებით ერთ-ერთმა "შპიგელს" განუცხადა, რომ ის არ იყო სნაიპერი) და პოლიციელები. სნაიპერის უშედეგო გასროლას ტერორისტთა ცეცხლი მოჰყვა, დაიღუპა ყველა მძევალი, რამდენიმე პოლიციელი, გადარჩა მხოლოდ სამი ტერორისტი.

ცვი ზამირი, მოსსადის საიდუმლო ანგარიშიდან: - "ოპერაციის მიმდინარეობისას გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა არაპროფესიონალიზმი აჩვენეს. მათ არ იცოდნენ ტერორისტთა ზუსტი რაოდენობა, აეროდრომზე არ იყო საჭირო აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელი გახდებოდა ოპერაციის მსვლელობისას. მისმა უქონლობამ კი ძვირფასი დრო დაგვაკარგვინა, მაგ., შეჯავშნული ავტომანქანების მოსვლას 30 წუთი ველოდეთ, არ მომხდარა სხვადასხვა წერტილში სნაიპერების განლაგება, რომლებიც ტერორისტების განადგურებას შეძლებდნენ. არ მინახავს არც ერთი შაშხანა, არც ერთი ბინოკლი, ჩანდა უამრავი ავტომატი და პისტოლეტი, რომლებიც წერტილოვანი სროლისთვის არ გამოდგება".

ისრაელმა გერმანიას სამი გადარჩენილი ტერორისტის გადაცემა მოსთხოვა. უარი მიიღო - ისინი გერმანიაში უნდა გასამართლდნენო. იმავე წელს "შავი სექტემბრის" წევრებმა "ლუფთგანზას" ავიალაინერი გაიტაცეს ტერორისტების გათავისუფლების მოთხოვნით. ეს მოთხოვნა გერმანულმა მხარემ დააკმაყოფილა.…

ცვი ზამირის მოგონებიდან
: - ეს ამბავი ცნობილი გახდა თუ არა, გოლდა მეირმა დამიბარა. გაქვავებული იჯდა. ესღა მითხრა, - სამართალი თავად უნდა ვიპოვოთ. ისრაელი ყველგან მისწვდება ტერორისტებს. ჩართე ბიჭები".

ასე დაიწყო ოპერაცია "ღვთის რისხვა", რომელმაც 20 წელი გასტანა. ისრაელმა ყველა ტერორისტი დახოცა, ვისზეც კი ეჭვი ჰქონდა.

ნინო ბურჭულაძე
"კვირის პალიტრა", 06.01.2014
You must have Flash Player installed in order to see this player.
giorgi
06 სექტემბერი 2017 09:19
ყველა ტერორისტი სათითაოდ გაანადგურა ისრაელმა სხვადასხვა ქვეყანაში. ერთადერთი ის ნიღბიანი გადაურჩა, სტატიაში რომაა გამოსახული აივანზე.
გიორგი
06 სექტემბერი 2017 01:55
თუ არ ვცდები მიუნხენი ასე ქვია მაგ ფილმს
ადამიანი
06 სექტემბერი 2017 01:54
Nanas მე მგონის ,, მიუნხენია,, სპილბერგის ფილმია. გეთანხმები ნანა, მართლაც საინტერესოა და როგოტც ყოველთვის მაღალ დონეზე გადაღებული. ვისაც ეს ამბავი აინტერრსებს გირჩევთ ნახოთ.
zuba
05 სექტემბერი 2017 20:45
ბოლო თავდამსხმელი ისრაელის სპეცსამსახურებმა არგენტინაში მოკლეს არც ისე დიდი ხნის წინ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა