მიწისქვეშა ბრძოლები დეირ ეზ ზორისთვის - სამწლიანი ალყის დასასრული - კვირის პალიტრა

მიწისქვეშა ბრძოლები დეირ ეზ ზორისთვის - სამწლიანი ალყის დასასრული

სექტემბერი სირიის ქალაქ დეირ ეზ ზორში ჩვეულებრივად გათენდა. ამ დღეს წყალი უნდა დაერიგებინათ და დიდი თუ პატარა გარეთ იყო.

არავის გაჰკვირვებია, შუადღისას სროლა რომ გაისმა - ჯიჰადისტებით ალყაშემორტყმული ქალაქისთვის ეს არ იყო ახალი. მაგრამ როცა იარაღის კაკანს ბავშვების მხიარული შეძახილებიც მოჰყვა - ღმერთო, დალოცე სირიის არმიაო," სიჩუმე ჩამოწვა. თანამედროვეობის ყველაზე ხანგრძლივი ალყა, რომელიც დეირ ეზ ზორისთვის ჯოჯოხეთური სამი წელი გაგრძელდა, გარღვეული იყო.

2014 წლის გაზაფხულზე ტერორისტულმა ორგანიზაცია" "ისლამურმა სახელმწიფომ" იდლიბი, ალეპო და მანბიჯზი აიღო და დამასკო-პალმირა-დეირ ეზ ზორის მაგისტრალი გადაკეტა, ამიტომ ქალაქი დეირ ეზ ზორი მოსწყდა სირიის სამთავრობო ნაწილებს, რაყას აღების შემდეგ კი ქალაქი სრულ იზოლაციაში მოექცა, 2014 წლის სექტემბრიდან "ისლამურმა ხალიფატმა" 14 000 "მოჯაჰედით" დეირ ეზ ზორის აღება დაიწყო, ქალაქში იმ დროისთვის 94 000 მშვიდობიანი მოსახლე იმყოფებოდა.

ალყა

ბლოკირებულ ქალაქში შეუძლებელი იყო დახმარების გაგზავნა ხმელეთით, მხოლოდ საჰაერო გზით გადაჰქონდათ საკვები, მედიკამენტები, ტყვია-წამალი. სამი წლის განმავლობაში "ხალიფატმა" დეირ ეზ ზორზე ასეულობით იერიში უშედეგოდ მიიტანა. ქალაქის დამცველებს კარგად ესმოდათ, რომ თუ "ხალიფატი" ქალაქს აიღებდა, სრულად გააკონტროლებდა ევფრატის ყველა შენაკადს, ხელში ჩაიგდებდა ნავთობჭაბურღილებს ქალაქის შემოგარენში. "ხალიფატმა" გადაწყვიტა, ურჩებისთვის ჭკუა ესწავლებინა - ევფრატზე დამბა ააგეს და ქალაქს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყვიტეს. ქალაქის დამცველები დანებებას მაინც არ აპირებდნენ. არ დახურულა სკოლები, არც უნივერსიტეტი. როდესაც კლასებში ბავშვების რაოდენობა შემცირდა, სკოლების კედლებზე გაჩნდა წარწერები: "განათლება, უპირველეს ყოვლისა'!" "მასწავლებელმა ჩემს უმცროს ძმას უთხრა, სკოლაში სიარულიც მტერთან ბრძოლააო. ერთხელ თემის მოუმზადებლობის გამო დამსაჯეს კიდეც, არადა, წინაღამეს ლექტორებთან ერთად ქალაქის პოზიციებზე ვმორიგეობდი", - უყვება სტუდენტი ალი სირიელ ჟურნალისტს ქალაქის დებლოკირების შემდეგ.

სიცოცხლის გზა

2016 წლის 17 სექტემბერს საერთაშორისო კოალიციამ შემთხვევით დეირ ეზ ზორის აეროდრომი დაბომბა. ამით ისარგებლა '"ხალიფატმა" და აეროდრომის იერიში წამოიწყო, თუმცა "სიცოცხლის გზა" ამჯერადაც ვერ ჩაიგდეს ხელში. 2017 წლის იანვარში "ისლამურმა სახელმწიფომ" აეროდრომი ქალაქს მოსწყვეტა და რამდენიმე საცხოვრებელი კვარტალი დაიკავა... ქალაქის ამ ნაწილში მოჯაჰედურ "წმენდას" 1000-მდე ქალისა და ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.

ქალაქი მიწისქვეშეთში

ქალაქი დანებებას მაინც არ აპირებდა. "ჯიჰადისტები" თხრიდნენ გვირაბებს, რათა უსაფრთხოდ შეეღწიათ ქალაქში. გარნიზონის სამხედროები თხრიდნენ გვირაბებს მტრის ზურგში მოსახვედრად. მალე მიწისქვეშა ბრძოლები დაიწყო.

5 ივლისს, მას შემდეგ, რაც "ხალიფატმა" მოსული დაკარგა, გადაწყვიტა, "დედაქალაქი" დეირ ეზ ზორში გადმოეტანა და მოსულიდან წამოსული "მოჯაჰედთა" დაჯგუფებები გადმოისროლა, რომლის შემადგენლობაში ძირითადად კავკასიელები არიან. დეირ ეზ ზორი "ხალიფატის" უკანასკნელ ბასტიონად იქცა.

ქალაქის გათავისუფლებას სირიაში ღირსების საკითხად მიიჩნევენ - კარგად იციან, რომ ეს ფაქტობრივად "ხალიფატთან" ომის დამთავრებას ნიშნავს. ქალაქში შესვლის სურვილი მხოლოდ სირიის სამთავრობო ჯარებს არ აქვთ, მისკენ მიიწევენ ქურთების სამხედრო დაჯგუფებებიც, რომელთაც ამჯერად დეირ ეზ ზორის ჭაბურღილები აინტერესებთ.

ითქვა, ქალაქში "ხალიფატის" შესვლა "ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო მინისტრს, გულმუროდ ჰალიმოვს უნდა უზრუნველეყო, თუმცა ის აგვისტოს ბოლოს სარაკეტო დარტმისას მოკლეს დეირ ეზ ზორის მისადგომებთან. ქალაქის დამცველებს ტყვია-წამალიც ელეოდათ, თუმცა, 2017 წლის 5 სექტემბერს დეირ ეზ ზორის სამწლიანი ალყა გაირღვა და ქალაქის გათავისუფლების ოპერაციის მორიგი ეტაპი დაიწყო. სირიის სამთავრობო ჯარებმა გააფთრებული ბრძოლების შემდეგ ალყაში მოაქცეს "ხალიფატი", თუმცა "ხალიფატის" დამარცხება შესაძლოა ახალი სამოქალაქო ომის დასაწყისად იქცეს ერაყსა და სირიაში. მიზეზი - მომძლავრებული ქურთისტანია.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ალყის დროს ქალაქის დამცველებმა დაკარგეს 500 მებრძოლი, ჯიჰადისტებმა - 2000. ასეულობით მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა "ჯიჰადისტების" მიერ ქალაქში გამართულ ხოცვა-ჟლეტაში.

ნინო ბურჭულაძე