"ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი" - სოხუმის დაცემა - კვირის პალიტრა

"ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი" - სოხუმის დაცემა

"ჩვენ დავბრუნდებით", - წარწერა საფლავზე

სოხუმის დაცემიდან 26 წელიწადი გავიდა. აფხაზეთის ომის თემაზე "კვირის პალიტრის" არქივში არაერთი საინტერესო სტატია ინახება, შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ჩვენი გაზეთი ამ ომის მემატიანეა. გთავაზობთ ერთ-ერთ სტატიას არქივიდან, რომელშიც სოხუმის დაცემის უმძიმესი ამბავია მოთხრობილი.

"ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია, ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი".

ჟიული შარტავა, 26 სექტემბერი, 1993 წ.

1993 წლის 26 სექტემბერს, გვიან ღამით, სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე აგუძერაში ქართული შენაერთების დროებით შტაბში გადაიყვანეს (28 სექტემბერს, გამთენიისას, ის ბაბუშერიდან ბათუმში გადააფრინეს და იქიდან თბილისში დაბრუნდა), გია ყარყარაშვილმა კოდორის ხიდზე გადმოსვლა მოახერხა, თან რამდენიმე ათეული ჯარისკაცი და ორიოდე სამხედრო ტექნიკაც გადმოიყვანა, თუმცა თითქმის აღებული სოხუმისთვის ეს დახმარება იმდენად მცირე იყო, რომ ქალაქში მდგომარეობა არ შეცვლილა. 27 სექტემბერს, გამთენიისას, ქართული ჯარი და მშვიდობიანი მოსახლეობა ოჩამჩირეს უბრძოლველად ტოვებდა...

(იხილეთ ფოტოგალერეა - აფახზეთის ომის ფოტოქრონიკა)

"ვიცოდით, რომ სოხუმში ვეღარ ჩავაღწევდით. ამიტომ ვცდილობდით, ოჩამჩირეში მაინც ჩავსულიყავით. 26 სექტემბერს გალის რაიონში, გზაზე, ჯარისკაცებს გადავეყარეთ, შენაერთი იყო. მათ წინ გადაღობებოდნენ სხვა ჯარისკაცები და უკან დახევის საშუალებას არ აძლევდნენ, მძღოლს ტრაქტორი გავაჩერებინეთ (ტრაქტორით მოვდიოდით სენაკიდან). კიტოვანის და ქობალიას ჯარისკაცები აღმოჩნდნენ.

ზვიადისტები"სამთავრობოებს"იარაღის ჩაბარებას სთხოვდნენ, დახვრეტით ემუქრებოდნენ და მოღალატეებს უწოდებდნენ. საქმეში ჩარევა ვცადეთ და თითქმის მათი შეჯახების ეპიცენტრში აღმოვჩნდით. კიტოვანის ჯარისკაცებს ბურთი ყელში ჰქონდათ გაჩრილი. ამბობდნენ, - აფხაზები თითქმის ოჩამჩირეში არიან შემოსულები, ჩვენ ოფიცრებმა, მეთაურებმა მიგვატოვეს. თითო მჭიდის და ავტომატის იმედად დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ წამოვედითო.

ჯარისკაცებს ვერაფრით დავეხმარეთ, ზვიადისტებმა იარაღი აჰყარეს და ზუგდიდის გზას გაუყენეს. ოჩამჩირეში გვიან ჩავედით. ქალაქი ცარიელი იყო, რამდენიმე ჯარისკაცს თუ შენიშნავდით ქუჩებში, სახლებსაც უკვე ტოვებდნენ პატრონები. ჯარისკაცებმა გვითხრეს, - უკანასკნელი შეტყობინება მივიღეთ. სოხუმში ველაპარაკეთ ჟიული შარტავას. გვითხრა, - რუსები და აფხაზები უკვე მინისტრთა საბჭოს შენობას უახლოვდებიანო. შარტავა ოჩამჩირის ფრონტის ხელმძღვანელობასთან ითხოვდა დალაპარაკებას. ვუთხარით, ხელმძღვანელობიდან ოჩამჩირის შტაბში არავინააო. მან კი - ოჩამჩირიდან გია ყარყარაშვილის მიერ კოდორის ხიდზე გადმოყვანილი მაშველების დახმარებას ველოდებიო... ჯარისკაცებმა გვითხრეს, - ყარყარაშვილმა რამდენიმე ათეული ჯარისკაცი კი გადაიყვანა კოდორზე, მაგრამ ცხადია, ისინი სოხუმში ვერაფერს შეცვლიანო. თუმცა, შარტავა მაინც გავამხნევეთ, - ყარყარაშვილმა ერთი ბატალიონი გადმოიყვანაო.

ჯარისკაცებმა ქალაქის დატოვება გვიბრძანეს. აგვიხსნეს, - ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რამდენიმე საათში ან შეიძლება უფრო მალეც, ოჩამჩირეში აფხაზები და რუსები შემოვიდნენო...

ჯარისკაცებს დავემორჩილეთ. უკვე უბრძოლველად დათმობილ ოჩამჩირეში ერთი საათი დავყავით. ვნახეთ, რამდენიმე ოჯახი სახლებს რომ ტოვებდა. ყველა წევრი სახლის წინ იდგა ცეცხლმოკიდებული კვარით ხელში, სახლებს და სამზადებს ბენზინს ასხამდნენ, შემდეგ ამ ჯოხებს სახლებისკენ ისროდნენ და უკანმოუხედავად მოდიოდნენ. შემზარავი სანახაობა იყო. ჯარისკაცები ცდილობდნენ, უარი ეთქმევინებინათ სახლების პატრონებისთვის ამ საშინელი რიტუალის შესრულებაზე, მაგრამ ამაოდ".

ლია ტოკლიკიშვილი ("უკანასკნელი დღე აფხაზეთში").

27 სექტემბერს, დილით, სოხუმში დარჩენილმა მოსახლეობამ სანატორიუმში დატრიალებული სისხლიანი ბაკქანალიის ამბავი შეიტყო.

როდესაც ბაგრამიანის სომხურმა ბატალიონმა სანატორიუმი და ახლომახლო ტერიტორია დაიკავა, ქართველი მოსახლეობის ჟლეტა დაიწყო. მათ ფანჯრებიდან ყრიდნენ, დაჭრილებს პირში მიწას ტენიდნენ - ხომ გინდოდათ აფხაზეთის მიწა, ჰოდა, ჭამეთო...

მერე ჭებში უძახებდნენ. ერთი მხცოვანი მასწავლებელი მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ სკოლაში თავის დროზე მათ ქართულს ასწავლიდა. ქალაქში უკვე ყოველი მხრიდან შემოდიოდნენ აფხაზური დაჯგუფებები, მინისტრთAა საბჭოს თავზე ჯერ კიდევ ფრიალებდა საქართველოს დროშა, დილის 9 საათზე მინისტრთა საბჭოში აპარატის თანამშრომლებს ჟიული შარტავამ ტრადიციული დილის თათბირი ჩაუტარა, დავალებები მისცა, მერე მუშაობას შეუდგა.

12 საათზე მოწინააღმდეგემ მთავრობის სახლის იერიში დაიწყო.

"ჩვენ მინისტრთა საბჭოს შენობა - მას სოხუმის რაიხსტაგსაც ეძახდნენ ჩეჩნები, - ყოველი მხრიდან ალყაში მოვაქციეთ, მაგრამ მიახლოებას ვერ ვახერხებდით, შენობის წინ ღია ადგილია და მხოლოდ მებრძოლებს თუ ჩაგვიხოცავდნენ ქართველები, რადიოკავშირით (ადრე ჯარში მეკავშირე ვიყავი) ქართველების ტალღაზე დავჯექი. ულტიმატუმი წავუყენეთ - ჩაგვბარდითო. დავიხოცებით, მაგრამ აქედან ფეხს არ მოვიცვლითო, - გვიპასუხეს (რა უცნაური ხალხია ეს ქართველები, მთელი ომის მანძილზე მაკვირვებდნენ). ცოტა ხნის შემდეგ ისევ მოვთხოვეთ ჩაბარება. ამჯერადაც უარი მივიღეთ. შენობის მაღალ სართულებზე განაწილებული მათი სნაიპერები დროს უქმად არ კარგავდნენ. ერთი ყაბარდოელი მოგვიკლეს, მერე ერთი მედდა და რუსი კორესპონდენტი (ალბათ იგულისხმება ჟურნალისტი ანდრეი სოკოლოვი. რუსეთის მთავრობამ მას სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენი მიანიჭა, არძინბას მთავრობამ კი აფხაზეთის გმირის წოდება. - ავტ.).

ამ სიტუაციამ ბიჭები სულ გააგიჟა. სიკვდილს თვალებში უყურებდნენ, მაგრამ მაინც ქედმაღლურად უარს ამბობდნენ დანებებაზე. ბოლო 5 წუთი მივეცით მოსაფიქრებლად, ხმა არც კი გაგვცეს. ჩვენებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს შენობას. 6 სართული ერთბაშად აალდა. ვიღაცა ყვიროდა, - ახლა ნახეთ, როგორ ვირთხებივით გამოძვრებიან ქართველებიო, მაგრამ არავინ ჩანდა, ეტყობა, უკანასკნელ ტყვიასაც დახარჯავდნენ შენობის დასაცავად. ბოლოს, როგორც იქნა, გამოვიდნენ, 13-14 კაცი იქნებოდა, ყველას სამხედრო ფორმა ეცვა, მხოლოდ ერთს ეცვა რაღაც ნაცრისფერი ქურთუკი (ჟიული შარტავა. - ავტ.). მუსამ დაიძახა, - ნახე, როგორ დგანან. თითქოს ომი, მათ კი არა, ჩვენ წაგვეგოსო და მიცვივდნენ საცემრად. შენობის მარჯვენა ფლიგელზე გამარჯვების დროშა სოხუმის ბატალიონის მეომრებმა ააფრიალეს. მინისტრთა საბჭოს შენობის წინ კიდევ რამდენიმე საათი ვიყავით. ცეცხლი რომ მინელდა, ორი მოხალისე - ერთი ჩემი თანამემამულე იყო, არსენ აფენდიევი, მეტსახელად "მონღოლი" და პოლონელი იანოშ გაიდვა სახურავზე აძვრნენ, ქართული დროშა ჩამოხსნეს და აფხაზური აღმართეს. შენობიდან რომ გამოდიოდნენ, მოულოდნელად მესამე სართულიდან ვიღაცამ ესროლა და ორივე ჩვენ თვალწინ დახოცა. ამას ნამდვილად არ ველოდით. ჩეჩნები შეცვივდნენ შენობაში და გამოათრიეს მკვლელი. ქართველი იყო. ფეხები დამწვარი ჰქონდა. ჯერ მაგრად სცემეს, მერე მუსამ ხეს მიაყუდა და "მუხა"ესროლა. ჩაგვიმწარდა იმ დღეს გამარჯვების აღნიშვნა."

ყაბარდოელი დაქირავებული მეტყვიამფრქვევე მაშკას (ყაბარდოულად ბიჭი) მოგონებიდან

მინისტრთა საბჭოს აღების შემდეგ სოხუმი დაეცა. ათასი ჯურის დაქირავებულ "ბოევიკთა" რაზმებმა ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა დაიწყეს.

"შვილო ბათალბი! დღეს, 27 სექტემბერს, ისევ მამა გწერს. 12 საათია. ბრძოლები უკვე ჩვენს ქუჩაზე მიდის. აივნის ქვეშ ასე ნანატრი აფხაზური საუბარი მესმის. ჩვენები მინისტრთა საბჭოს უტევენ, ეს უკვე გამარჯვებაა, შვილო... დიახ, ქუჩიდან უკვე მშობლიური ენა მესმის. ჩვენებმა მშვიდობის გამზირზე გაიარეს და ჩვენი სახლის წინ, სკვერში, შეჩერდნენ დასასვენებლად. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენები მოვიდნენ. მართალია, ჭურვმა ჩვენი სახლი დააზიანა და ჩემი კაბინეტიც დაიწვა, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. ახლა იმაზეღა ვფიქრობ, როდის შევხვდებით ერთმანეთს, ჩემო მეომარო ბიჭო. ცეცხლი რომ ჩავაქრეთ, ფანჯრიდან გავიხედე და სკვერში ლეგენდარული შამილ ბასაევი დავინახე. ჩავედი. ერთმანეთს გამარჯვება მივულოცეთ. მცირეხნიანი შესვენების შემდეგ თავისი ბატალიონი მოაწყო და ენგურისკენ წავიდნენ. მათ მადლიერების გრძნობით შევყურებდი. შენი ძმა, დაური, შამილს გაჰყვა. ბინდდებოდა, ჩვენს სახლს მანქანით რომ სამხედროფორმიანი, იარაღასხმული ძურა წულუკია მოადგა. განზე გამიყვანა. სიტყვას ვერ ამბობდა, ტიროდა. მივხვდი, რომ უბედურება დამატყდა თავს, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. ძლივს ვკითხე - სად არის დაკრძალული-მეთქი. ჩემი უსაყვარლესი ადამიანი დიდი წინაპრების გვერდით დაუსაფლავებიათ - ტყვარჩელთან. შვილო ბათალბი, შენთან საუბარს არ ვწყვეტ, რადგან ჩემთვის ისევ ცოცხალი ხარ. დედაშენმა დამიძახა.

ავუყევი კიბეს. გახარებული მეზობლები მოდიოდნენ, მეხვეოდნენ, გამარჯვებას მილოცავდნენ. თავს ვიკავებ და ჩემს უბედურებას არავის ვაგებინებ, მთელი ღამე აივანზე გავატარე. მოზეიმე სოხუმს ვუსმენდი. ეს გამარჯვება ჩემს სახლში ხომ შენი სიცოცხლის ფასად შემოვიდა. დედას ახლა არაფერს ვეუბნები, მაგრამ აუცილებლად ვეტყვი, რომ ჩემი შვილი, 20 წლის, ბათალბი ალექსანდრეს ძე არღუნი, 1993 წლის 25 თებერვალს ლაბრასთან გმირულად დაეცა, რომ შენ და ქართველ ჯარისკაცს ერთი საფლავი გაქვთ და თურმე ქართველი ქალის ცრემლებმა დაგიტირა"...

წერილები ციკლიდან "ჩვენები მოდიან".

27 სექტემბერს, საღამოს, ქართული შენაერთების ნარჩენები მაჭარკის ხიდს იცავდნენ, საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობა კონტრშეტევას გეგმავდა. ამავე აზრისა იყო ჯაბა იოსელიანი, რომელიც "მხედრიონის" გადარჩენილ წევრებს აგუძერაში უყრიდა თავს. თბილისი სოხუმის დაცემას არ იჯერებდა.

"27 სექტემბერს სკოლიდან ადრე წამოვედით - ჩვენს დამრიგებელს მოულოდნელად შინ შვილი მიუსვენეს და გაკვეთილების თავი ვიღას ჰქონდა. ეზოში ვისხედით და დომინოს მოთამაშე მეზობლებს შევყურებდით. "სოხუმი დაეცა", - მოულოდნელად ექოსავით გავარდა გიჟი ნოდარას"ხმა. ეს ხმაურიანი ეზო უცებ მიწყნარდა. "რას როშავ, კაცო, გაგიჟდი?" - ასძახა მეზობელმა ნოდარას. "მართალს ვამბობ, სანდრო ბიძია, მართალს... სოხუმი დაეცა", - ბღაოდა გიჟი ნოდარა და აივნის მოაჯირს ეჯაჯგურებოდა. დაზაფრულნი ვიდექით. წამში ჩემი უბნელი ბიჭები გამახსენდა. თენგო ჩვენი სკოლელი იყო. ბოლო ზარიდან გაეპარა კლასელებს ომში, მერე ჩაის ბუჩქებში ცხენს გამოსდევნებია და ნაღმზე აფეთქდა. მშობლებს მხოლოდ მისი ნაფლეთებიღა ჩამოუტანეს...

გიორგი, რომელსაც ტყვია მაშინ მოხვდა, როდესაც დაჭრილი მეგობრის სამშვიდობოს გამოყვანას ცდილობდა. ეს ბიჭები თითქოს სულ ჩვენთან იყვნენ. მხოლოდ ახლა, სოხუმის დაკარგვის შემდეგ, გავაცნობიერე, რომ ისინი დაკარგულები გვყავდა. "ჩემი ძმა", - თავში წაიშინა ხელები ჩემმა მეგობარმა ბუთამ და შინისკენ გაიქცა. მეც გავყევი.

- ხომ გეუბნებოდით, გამიშვით სოხუმში-მეთქი, - მოთქვამდა აივანზე გიჟი ნოდარა (რამდენიმე დღის წინ კომისარიატში მისულა მხარზე ბოტასებგადაკიდებული. ომში გამიშვითო, - იხვეწებოდა თურმე. საღამოს სამხედროებმა შინ დააბრუნეს და მეზობლებს ჩააბარეს, - ყურადღება მიაქციეთო). ბუთას ძმის, ირაკლის, სიკვდილის ამბავი კაი ხანია მშობლებს შეატყობინეს, მაგრამ ბაბუა ირაკლი მის დაღუპვას არ იჯერებდა და არც ძაძით დადიოდა. ბუთასთან სახლში რომ შევედით, ბაბუა ირაკლი ტელევიზორთან გაქვავებული იჯდა. მივხვდით, რომ სოხუმი მართლა დაეცა. ბაბუა ირაკლი ადგა, კარადიდან შავი პერანგი გამოიღო, ჩაიცვა, შემდეგ მაგიდაზე არყიანი გრაფინი დადგა და ჭიქები არყით აავსო. უთქმელად დალია და პატარა ბავშვივით აღრიალდა ეს მთასავით კაცი. ჭიქას ხელი დავტაცე და სულმოუთქმელად დავცალე. რაღაცნაირი გემო ჰქონდა სასმელს, წაგებული ომის გემო...

მას მერე გიჟი ნოდარა სიტყვაძუნწი გახდა. მარტო იმას ამბობდა, რატომ არ გამიშვით სოხუმშიო და სამხედროების დანახვაზე ყველას ეკითხებოდა, - ხომ დავბრუნდებითო. 5 წლის შემდეგ გარდაიცვალა. ჩვენ ის როგორც მეომარი, ისე დავმარხეთ და საფლავის ქვაზე მისთვის ასე ნანატრი პასუხი წავაწერეთ: "ჩვენ დავბრუნდებით!"

კოკა ზოიძე, თბილისიდან.

1993 წლის 30 დეკემბერს ენგურის ხიდზე აფხაზური დროშა აფრიალდა.

ასე დამთავრდა ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა, ომი, რომელმაც 4 ათასი აფხაზის და 15000 ქართველის სიცოცხლე შეიწირა...

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე:  "რა აფხაზი ხარ, აფხაზური არ იციო. არადა, თვითონ რუსულად ლაპარაკობდნენ. ვეკითხებოდი, რატომ ფიქრობთ, რომ თუკი რუსულად არ ვმეტყველებ, ამიტომ აფხაზი არ ვარ-მეთქი"?

ნინო ბურჭულაძე