"არ ვიცი, აქ ჩემს ცხოვრებას რა ჰქვია" - არაბეთში გადახვეწილი პანკისელი პატარძლები სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობენ - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, აქ ჩემს ცხოვრებას რა ჰქვია" - არაბეთში გადახვეწილი პანკისელი პატარძლები სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობენ

"ისლამურ ხალიფატს" მატერიალური სიკეთის მსურველი ათიათასობით ადამიანი მიაწყდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზით ითვლებოდა პანკისის ხეობაში სირიაში მებრძოლზე ქალიშვილის გათხოვება ბედში ჩავარდნად"

"მუდმივად იზოლირება იმდენად აუტანელია, ოღონდ კი პანკისიდან გააღწიონ და, თანახმა არიან, თუნდაც სირიაში წავიდნენ."

დუისის მკვიდრი, 2015 წ. მაისი, გაზეთი "კვირის პალიტრა"

"უკვე ორი წელია, სირიაში პანკისიდან პატარძალი აღარ წასულა, მაგრამ ახლა არაბებს მიჰყვებიან. რა ქნან, სიდუხჭირიდან თავის დასაღწევად სხვა გზას ვერ ნახულობენ. იქ კი, არავინ იცის, რა ელით. ვინ მიხედავთ, ვინ უპატრონებთ".

მადინა, სოფელი დუისი, 2017 წლის 30 სექტემბერი

უცხო მიწაზე

"არ ვიცი, აქ ჩემს ცხოვრებას რა ჰქვია. რომ ჩამოვედით, ჩემს ქმარს აქ ცოლები დახვდნენ (სხვა ცოლებიც თუ ჰყავდა, არ ვიცოდი). თვითონაც ძალიან შეიცვალა - ბევრი ფული მაქვს, საჭმელ-სასმელი არ მაკლია, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევს, თითქოს არც ვარსებობ, მოსამსახურედაც არ ვუნდივარ. რომ უთხრა, - სამშობლოში დაბრუნება მინდა-მეთქი, ალბათ დიდი სიამოვნებით გამომაგდებს. მაგრამ მეშინია, - ვაითუ, უარეს დღეში ჩამაგდოს. 5 თვეა, აქ ვარ და სახლიდან ჯერ ფეხი არ გამიდგამს, სხვა ცოლებთან ურთიერთობა არა მაქვს, ენა არ ვიცი."

ჩვენი პატარძლის"(ვინაობას შეგნებულად არ ვამხელთ) ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც ერთმა საკმაოდ მდიდარმა არაბმა, პანკისში სტუმრობის დროს, თვალი დაადგა მოკრძალებულ მუსლიმ გოგონას და მისი ცოლად შერთვა მოინდომა. ითქვა, საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსული სასიძო უცოლოაო... გაჭირვებული ოჯახის ქალიშვილი (ასეთი ცოტა არ არის) დათანხმდა და არაბული გულუხვობით გამორჩეული საქორწინო სამზადისიც დაიწყო...

ჩამოვიდა სასიძო მშობლებით და პატარძალი წაიყვანა. ხეობაში ახალგათხოვილი გოგონას ბედს ბევრი მისი თანატოლი შენატროდა...

პანკისელი "კონკიას" ზღაპარი დაახლოებით ორ თვეში არაბეთა გაერთიანებულ საამიროებში დამთავრდა - მას მეუღლის სახლში კიდევ რამდენიმე ცოლი დახვდა და უკეთესი ბედის ძიებაში უცხო მიწაზე გადახვეწილს ერთადერთ ნუგეშად დარჩა შორეულ პანკისში დარჩენილ მეგობრებთან მიმოწერა. ხეობაში ამბობენ, მსგავსი ამბავი კიდევ ბევრიაო და ამ უბედურების მიზეზად გაჭირვებას ასახელებენ.

სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხეობიდან ზარ-ზეიმით წაყვანილი ძვირფასი სამკაულებით და ფულით დასაჩუქრებული პატარძალი ქმრის სამშობლოში აღმოაჩენს, რომ ისევე როგორც მშობლიურ ხეობაში, იქაც არავის სჭირდება...

არაბული ტურიზმის თავისებურებანი

XXI საუკუნის დასაწყისში პანკისის ხეობის შესახებ არაბულ სამყაროში ბევრი არაფერი იცოდნენ, ამ მხარისადმი ინტერესი მაშინ გაჩნდა, როცა აქ ვაჰაბიტური ჯამაათი მომძლავრდა და საუდის არაბეთში შესაბამისი განათლების მისაღებად რამდენიმე ახალგაზრდა გაგზავნეს. სამშობლოში დაბრუნებულებმა კავშირი არაბულ სამყაროსთან კიდევ უფრო მოქნილი გახადეს და სულ მალე პანკისის ხეობა საქართველოში ჩამოსული არაბი მოქალაქეებისთვის აუცილებლად მოსანახულებელ ადგილად იქცა.

არაბი ტურისტების სიმრავლე იმდენად მასშტაბური გახდა, რომ ხეობაში მათთვის საგანგებოდ სასტუმრო სახლების მშენებლობაც კი დაიწყეს. ზოგიერთი მათგანი პანკისს ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ ადგილად მიიჩნევს და ბიზნესის დასაწყებად იქ დასახლებასაც გეგმავს(?!).

"გაჭირვება მიჩვენე - გაქცევას გიჩვენებო"

"რამდენი წელია, ხეობამ სიდუხჭირეს თავი ვერ დააღწია. ამ სიტუაციაში მთელი თაობა გაიზარდა, შვილო და, ეს ცოტაა? სამუშაო არ არის. ადრე ხის გადამმუშავებელი საამქროები იყო და პურის ფულს იმით შოულობდა ახალგაზრდობა. ახლა ისიც აღარ არის, კაი ხანია, დაკეტეს. მიწასღა შევყურებთ, ამ მიწაზეც რაღა არის, ბევრი არაფერი. არადა, ყველამ კარგად იცის, რომ მუშაობა ქისტებს არ გვეზარება. აბა, აქამდე რითი გვიდგას სული?

ოჯახი არ არის, ვინმე წასული არ იყოს ან გროზნოში, ან სადმე ორიოდ გროშის საშოვნელად, რომ აქ ოჯახი, მშობლები შეინახოს. განა უბედურება არ არის, რომ ამდენი ახალგაზრდა დაიხოცა სულ ტყუილად სირიაში? იმ ბიჭებმა საქმე ვერ ნახეს აქ... ვინც მუშაობს, ის ასეთ რამეებზე არ ფიქრობს.

რომელი მშობელი გაუშვებს შვილს სირიაში ომში, თან გოგოს, მაგრამ უჭირს ხალხს. კაცის სამუშაო არ არის ხეობაში და ქალისა როგორ იქნება! რამდენი ულამაზესი, ჭკვიანი მეოჯახე გოგონა ვიცი, ახალი ტანსაცმელი რომ ენატრება. ბევრი კინოშიც კი არ არის ნამყოფი და საქართველოში ქალაქებს მხოლოდ სახელწოდებით იცნობს. აბა, ჰკითხეთ ახალგაზრდებს, ზღვა ახლოს რამდენს უნახავს. ამიტომაც მიდიან ჩვენი გოგო-ბიჭები ხან სად, ხან სად. გაჭირვება და სიღატაკე რომ არა, ეს ვაჰაბიზმიც არ იქნებოდა აქ, მაგრამ, - წუხს ბირკიანელი ძია ოთარი და დასძენს, - ალაჰი დიდია, იქნებ ხეობაშიც დადგეს კარგი დრო"...

სირიაში ახდენილი "ამერიკული ოცნება"

სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ გოგო-ბიჭებს "ისლამურმა ხალიფატმა" ადგილზე მათი საოცნებო და ხელმიუწვდომელი "ამერიკული ოცნების" ასრულება შესთავაზა. "5-ვარსკვლავიანი" ჯიჰადი გარანტიას გაძლევდა, გამდიდრებულიყავი (სხვისი ქონების დაუფლებით) და გადაგეღო ცნობილი (ჯიჰადისტური ვიდეორგოლებით) სელფები (ნათესავებთან გასაგზავნად) იარაღით და ბღუჯა ფულებით ხელში... ამიტომ 2014 წლის ივნისში დაარსებულ "ისლამურ ხალიფატს" მატერიალური სიკეთის მსურველი ათიათასობით ადამიანი მიაწყდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზით ითვლებოდა პანკისის ხეობაში სირიაში მებრძოლზე ქალიშვილის გათხოვება ბედში ჩავარდნად.

პირველი პატარძალი სირიაში 2015 წლის 28 აპრილს გაემგზავრა - 17 წლის სკოლის მოსწავლე. მალევე გახდა ცნობილი, რომ გოგონა საქმროს - ბექა ტოხოსაშვილს სადედამთილომ ჩაუყვანა (მოჯაჰედთან შეხვედრის უფლება სირიაში მხოლოდ დედას და ცოლს ჰქონდა). ამ ამბავს ხეობაში მითქმა-მოთქმა მოჰყვა, ბევრი პატარძლის მშობლებს საქციელს უწუნებდა - იმ უბედურებაში შვილი როგორ გაუშვაო. თუმცა არცთუ ისე ცოტა ამტკიცებდა, - გოგო კარგ ბედში ჩავარდაო...

მოგვიანებით გაირკვა, რომ ოჯახის გადაწყვეტილება ფინანსური პრობლემებითაც იყო გამოწვეული (ბევრია შემთხვევა, როდესაც ვაჟის ოჯახი გარკვეულ თანხას იხდის პატარძალში). რა თქმა უნდა, იმხანად პატარძალი რას იფიქრებდა, რომ ქმრის სიკვდილის შემთხვევაში ისევ გათხოვება ელოდა. მოჯაჰედის ქვრივის მოყვანა ჯიჰადში წესია, ამიტომ გარკვეული დრო გავა და ის სხვა მოჯაჰედის ცოლი ხდება, მისი გარდაცვალების მერე - სხვისა...

მალე პანკისის ხეობა სირიაში მებრძოლების ცოლებმაც დატოვეს და შვილებთან ერთად ოცნების ასახდენად "აღთქმულ მიწაზე" ჩავიდნენ.

სამწუხაროდ, იქ სულ სხვა რეალობა დახვდათ. ბევრი მათგანის ბედი დღემდე უცნობია, უმრავლესობას ქმარი დაეღუპა... ბედის ანაბარა მიტოვებულები ცოცხლები არიან თუ არა, არავინ იცის...

2016 წლიდან პანკისის ხეობაში ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი პროექტი განხორციელდა, თუმცა ხეობამ მაინც ვერ ამოისუნთქა. მეტიც, ამბობენ, რომ ბოლო ხანს პანკისს არამარტო გოგონები, მთელი ოჯახები ტოვებენ და უკეთესი ბედის საძიებლად უცხოეთში მიდიან...

წაბლი - ხეობის მარჩენალი

მადინა, სოფელი დუისი: - ბევრი პროექტი დაფინანსდა და თითქოს სოფლებშიც იმედი გაჩნდა, მაგრამ ცოტა ხნით. რა თქმა უნდა, ეს პროექტები ძალიან კარგია, მაგრამ ყველას ხომ ვერ დააფინანსებენ. ხეობა კი დიდია.

ამას წინათ ჩემს მეზობელს შეატყობინეს - "აწარმოე საქართველომ" პროექტი დაგიფინანსაო. სიხარულით აღარ იყო ქალი, შვილები ჰყავს და, იფიქრა, საქმესაც გავაკეთებ და პურის ფულიც საფიქრალი აღარ მექნებაო, მაგრამ ახლა თავსატეხი აქვს - სად იშოვოს თანადაფინანსებისთვის აუცილებელი 4000-მდე ლარი ხეობაში, სადაც 100 ლარიც კი ძალიან დიდი ფულია. კარგია, ხელისუფლება რომ ცდილობს დახმარებას, მაგრამ საბოლოოდ უმრავლესობა მაინც გულდაწყვეტილი რჩება. ამდენი ფული ჩაიდო ხეობაში, თითქოს რაღაც გაკეთდა, მაგრამ ჩვენს გაჭირვებას არაფერი ეშველა, ისევ წაბლის იმედად ვართ. როცა დრო მოვა, რამდენიმე დღით მივდივართ ტყეში და ყინვა-სიცივეში წაბლს ვაგროვებთ, ჯგუფ-ჯგუფად დავდივართ, რომ ცოტა გავხალისდეთ. მერე ამ წაბლს, თუ გაგვიმართლა, ახმეტის ბაზარში ვყიდით. არ დაიჯერებთ და ბევრი ოჯახი წაბლის იმედადაა, რომ ბავშვებს სასკოლო ნივთები უყიდონ - მანამდე ვერ ახერხებენ.

ამ დღეებში "პანკისობა" ჩატარდა. ბევრი სტუმარი ჩამოვიდა, ბავშვებმაც მოილხინეს, საღამოთი კონცერტიც იყო. მაგრამ ზეიმი მხოლოდ ერთ დღეს გრძელდება, მეორე დღეს კი რეალობას ვუბრუნდებით.

მაღაზიაში თქვეს, პრეზიდენტის ფონდიდან დიდი ფული დაიხარჯა ზეიმის მოწყობაზეო (არ ვიცი, მართალია თუ არა) და უცებ ყველა გავჩუმდით. გავიფიქრე - ამ ფულით რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა, დარწმუნებული ვარ, იქ მყოფებიც ჩემნაირად ფიქრობდნენ - ზოგი შეშაზე, ზოგი წიგნებზე, შაქარზე, ფქვილზე, ყველაზე აუცილებელზე, რომელიც ამ სუსხიან ზამთარს გადაგვატანინებდა. ადრე თუ ხეობაში კარგ ცხოვრებაზე ვოცნებობდით, ახლა ხეობიდან წასვლაზე ვოცნებობთ...

არაბეთში გადახვეწილი პატარძლებიც ოცნებობენ, ოღონდ შინ დაბრუნებაზე, და იმედი აქვთ, აუცილებლად გაუმართლებთ...

ნინო ბურჭულაძე