"ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც არასდროს იტყვის, ნეტავ ახალგაზრდობის წლები დაგვიბრუნაო" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც არასდროს იტყვის, ნეტავ ახალგაზრდობის წლები დაგვიბრუნაო"

"ქალთა ბატალიონი "ალ ჰანსა" მკაცრად აკონტროლებდა რაყაში ქალების ჩაცმულობას. ტელეფონში ფოტოს აღმოჩენისთვის ქალს 30 როზგს უსჯიდნენ, ხოლო ქუჩაში მარტო გამოსვლისთვის - სიკვდილს"

"რაყა ქალების ჟლეტის დიდი ქარხანაა. აქ ათასობით ქალი პატივაყრილი და მოკლულია. ჯიჰადისტები ჩვენს გოგონებსა და ქალებს აიძულებდნენ ათეულობით ბოევიკთან დაემყარებინათ კავშირი. უარის შემთხვევაში, იქვე თავებს აჭრიდნენ. მეც ქალი ვარ და ბოღმა და ცრემლი მახრჩობს. ამიტომ მზად ვარ, შური ვიძიო. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ ერთი კონკრეტული ერისთვის, ჩვენ აქ, რაყასთან, კაცობრიობისთვის ვიბრძვით".

ამხანაგი სემა - "ქალთა ბატალიონის" მეთაური (ქურთების თავდაცვის ძალები)

"ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც არასდროს იტყვის, ნეტავ ახალგაზრდობის წლები დაგვიბრუნაო"

მუსტაფა, 22 წლის რაყის მცხოვრები

სირიის ქალაქ რაყაში, სტადიონზე, საიდანაც ბოლო სამი წელია ათასობით ნაწამები და სასიკვდილოდ გამეტებული ადამიანის კვნესა-გოდება გაისმოდა, 18 ოქტომბერს სულ სხვა ხმა გაისმა: "ამ გამარჯვებას ვუძღვნით კაცობრიობას, რაყა თავისუფალია!" - ქურთულ-არაბული კოალიციის ხელმძღვანელის, ტოლიალ სილის ამ სიტყვებმა მსოფლიოს გააგონა, რომ "ისლამური ხალიფატის"" ე. წ. დედაქალაქი დაეცა.

2013 წელს, რამდენიმეკვირიანი ბრძოლების შემდეგ, სირიის სამთავრობო ჯარმა ქალაქი რაყა დატოვა. 2013 წლის 6 მარტს ის ამბოხებულების ხელში გადავიდა, თუმცა, ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეებმა ქალაქი დიდი ხნით ვერ შეინარჩუნეს - სამ თვეში ქალაქი "ისლამურმა სახელმწიფომ" ჩაიგდო ხელთ.

2014 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც "ისლამურმა სახელმწიფომ" ტაბყას სამხედრო ბაზა ხელში ჩაიგდო, რაყაში ჟღალი გენერალი"თარხან ბათირაშვილიც გამოჩნდა, "ხალიფატის" გამოცხადების შემდეგ კი სირიის ეს პატარა ქალაქი მის დედაქალაქად გამოცხადდა.

"ქალაქში აკრძალულია ტელევიზორი, ფეხბურთის მატჩის ყურების გამო შეიძლება თავიც მოგაჭრან, რაყაში 5-6 ინტერნეტკაფე მუშაობს, მოჯაჰედებმა რომ ვიდეომიმართვები ატვირთონ და ისინიც მკაცრად კონტროლდება. ადგილობრივებს არა გვაქვს სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის უფლება, საავადმყოფო მხოლოდ "ხალიფატის" მეომრებისა და მათი ოჯახებისთვის არის განკუთვნილი. შუქი მხოლოდ 3-4 საათით მოდის", - წერდა ჰუსამ ისა, რაყელი ჟურნალისტი. "

რაყაში შარიათის კანონების დაცვას სპეციალური რაზმები აკონტროლებდნენ. მათ შორის იყო ქალთა ბატალიონი "ალ ჰანსა", რომელშიც მოჯაჰედთა ცოლები იყვნენ გაერთიანებულნი. "ალ ჰანსა" მკაცრად აკონტროლებდა რაყაში ქალების ჩაცმულობას. ტელეფონში ფოტოს აღმოჩენისთვის ქალს 30 როზგს უსჯიდნენ, ხოლო ქუჩაში მარტო გამოსვლისთვის - სიკვდილს. დასასჯელი ადგილებიც საგანგებოდ იყო მოწყობილი. იქ ურჩებსა" და დეზერტირებს თავებს სჭრიდნენ ან ცოცხლად წვავდნენ (დასჯის ყურება სავალდებულო იყო მოსახლეობისთვის). რაყაში მშობლებს აიძულებდნენ ბავშვები სამხედრო სკოლაში ეტარებინათ, მოგვიანებით მათგან საბრძოლო ბატალიონი "ხალიფატის ბოკვრები" შეიქმნა.

2016 წლის 6 მარტს ხალიფა აბუ ბაქრ ალ ბაღდადიმ, რომელიც იმხანად რაყაში იმყოფებოდა, დაინახა, რომ დილით ქალაქის ხუთ კვარტალზე "ხალიფატის" შავი დროშების ნაცვლად სირიის სახელმწიფო დროშები ფრიალებდა. ამის გამო იმ დღეს, ვინც ხელში მოხვდათ მოჯაჰედებს, თავები დააჭრეს და ეს გახდა კიდეც მიზეზი რაყაში ფართომასშტაბიანი აჯანყების დაწყებისა. რამდენიმე კვირა მოქალაქეები მოჯაჰედებს ქუჩებში ებრძოდნენ. სამწუხაროდ, აჯანყებულებს ვერავინ დაეხმარა და "ხალიფატმა" ის სისხლში ჩაახშო.

2017 წლის ზაფხულში სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (გაერთიანებული ოპოზიცია - 2015 წლიდან ქურთების და არაბების თავდაცვის სამხედრო ნაწილები, რომელთა მიზანი "ხალიფატის""განადგურებაა. ისინი არ ებრძვიან სირიის სამთავრობო ძალებს, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარებიან კიდეც, თუმცა, ასადის რეჟიმს მხარს არ უჭერენ) საერთაშორისო კოალიციის დახმარებით დაიწყეს ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია, რომელიც 4 თვეს გაგრძელდა და რომელშიც ქურთ ქალთა ბატალიონებიც მონაწილეობდნენ. ყველაზე სისხლისმღვრელი აღმოჩნდა ბრძოლა, რომელმაც დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 300 ბავშვი შეიწირა, დაიღუპა 2000 მებრძოლი (ორივე მხარეს). მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის ხელმძღვანელები საზოგადოებას ჰპირდებოდნენ, ცოცხალი ერთი მოჯაჰედიც კი არ დატოვებს ქალაქსო, 16 ოქტომბერს "ხალიფატის" მეომრებს ქალაქიდან გასვლის უფლება მისცეს.

რაყის დაკარგვა დიდი დარტყმაა "ხალიფატისთვის", რომლის სამთავრობო შტაბი ამჟამად მაიადინშია."ხალიფატი" პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს პროვინცია დეირ-ეზ-ზორში - სირიის ნავთობის საბადოს გულში. როგორც არაბული მედია იუწყება, უდაბნოში "ხალიფატს" აქვს მიწისქვეშა გვირაბების სისტემა, რაც საშუალებას მისცემს მიუწვდომელი იყოს დიდხანს.

როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, რაყისთვის უკანასკნელ ბრძოლას დიდი მსხვერპლი მოჰყვა "ხალიფატის" მებრძოლთა რიგებში საქართველოს მოქალაქეებიც დაიღუპნენ, თუმცა, მათი ვინაობის დადგენა ჯერჯერობით არ ხერხდება. ჩვენ ვცდილობთ ამ ინფორმაციის გადამოწმებას და დაზუსტების შემთხვევაში უახლოეს ხანში მივაწვდით მკითხველს.

ფოტოზე: მარცხნიდან პანკისელი მუსლიმ კუშტანაშვილი, თამაზ ჭაღალიძე - ახმედ ჯურჯი (გურჯი) და რამზან ბაღაკაშვილი. მუსლიმი და რამზანი სკოლის მოსწავლეები იყვნენ, როცა სირიაში წავიდნენ და დაიღუპნენ. ფოტო გადაღებულია რაყაში, სავარაუდოდ 2015 წელს

ნინო ბურჭულაძე