უმარ-ფაშას ამბორი - კვირის პალიტრა

უმარ-ფაშას ამბორი

(გაგრძელება, დასაწყისი #20-22)

1995 წლის 3 ივლისს ბუდიონოვსკის ტერაქტიდან ორიოდე კვირის შემდეგ, პრეზიდენტმა ელცინმა ხელი მოაწერა #663 ბრძანებას ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რუსეთის საჯარისო ნაწილებისა და სამხედრო ორგანიზაციების დისლოკაციის შესახებ.

ჩეჩნეთში საომარი მოქმედებები დროებით შეწყდა.

1996 წლის 1-ელ მარტს იჩქერიის მთებში შამილ ბასაევის ბანაკში გამოცოცხლება შეინიშნებოდა - ჯიჰადის მონაწილეებს რამდენიმე ასეული მეომარი შეუერთდა.

- ხალხი რომ გვემატება, კარგია, ალაჰის წყალობაა, მაგრამ გამოცდილები გვჭირდება, - გადაულაპარაკა შამილ ბასაევმა ხატაბს.

"შავი არაბი" დუმდა და ყურადღებით ათვალიერებდა მოსულებს.

- აქ ჩვენ იმის საშუალება არ გვაქვს, რომ მებრძოლები ჯიჰადისთვის მოვამზადოთ, ისინი აქ მომზადებულები უნდა მოვიდნენ, - განაგრძო ბასაევმა, - ამიტომ გადავწყვიტე, მიმართვა გავუგზავნო ჩვენს ძმებს...

- უთხარი, ეს მიმართვა მეჩეთებში პარასკეობით წაიკითხონ. მაშინ ყველაზე მეტი ადამიანი იყრის იქ თავს, - უთხრა ხატაბმა და ახალმოსულებთან სასაუბროდ გაემართა.

გვიან ღამით მიმართვის ტექსტი უკვე მზად იყო.

"ყოველი მუსლიმანი, რომელმაც გაიარა ან უნდა გაიაროს სპეცმომზადების კურსი და სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ჯიჰადში, უნდა დაუკავშირდეს თავის თემში იმ პირებს, რომლებსაც უკვე აქვთ მონაწილეობა მიღებული ჯიჰადში. თქვენ გაიცნობთ მათ და ისინი გაგიცნობენ თქვენ. ჩეჩნეთში ჩამოსვლისას კი შეუერთდებით იმ მრავალრიცხოვან ჯგუფებს, რომლებიც ეხმარებიან ამ რეგიონის ტანჯულ მუსლიმანებს."

- მაგრამ ჩვენი პრობლემა მარტო ეს არ არის, - შენიშნა ხატაბმა, როდესაც ბასაევმა ტექსტი ჩაიკითხა და თან დაამატა, - კუფრებთან (ურჯულოები) საბრძოლველად იარაღიც დაგვჭირდება.

- იარაღს თავად რუსები მოგვცემენ. თუ კარგად გადაუხდი, რუსი ოფიცრები საკუთარ ჯარისკაცებს ისე დახოცავენ, ხელი არ აუკანკალდებათ, - გაეცინა ბასაევს.

- ავიაციას რა ვუყოთ? - არ მოეშვა ხატაბი, - კუფრები შიშით აქ ვერ ამოდიან, მაგრამ ავიაცია სულ სხვა საქმეა.

- ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის იარაღი ქართველებს ვთხოვეთ, - შეაწყვეტინა საუბარი შამილმა. კაი ფულს ვიხდით და, როგორც ჩანს, უარს არ იტყვიან.

- ვითომ? - დაეჭვდა ხატაბი, - აფხაზეთში ხომ მათ წინააღმდეგ ომობდი?

- ეგ ვიღას ახსოვს? - ჩაიქნია ხელი ბასაევმა, - გროზნოში ჩემთან ერთად 20 ქართველი იბრძოდა. თავიდან ვშიშობდი კიდეც, ზურგში ტყვია არ დამახალონ-მეთქი, M მაგრამ ხომ ხედავ, საღ-სალამათი ვარ, - გაეღიმა ორაზროვნად შამილს.

- ჩათ ალარს (ეშმაკმა დალახვროს) კუფრები, - ჩაილაპარაკა ხატაბმა და სამორიგეო პოსტების შესამოწმებლად გაეშურა.

...4 მარტს, მოსკოვში, ლუბიანკაზე, ფედერალური კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის სტეპაშინის კაბინეტში, შუქი გათენებამდე ენთო. მასთან კაბინეტში პრეზიდენტის დაცვის სამსახურის უფროსის კორჟაკოვის მოადგილე გენერალი გიორგი როგოზინი იმყოფებოდა.

- ბუდიონოვსკის ტერაქტის შემდეგ შამილ ბასაევი ძალიან საშიში გახდა, - სტეპაშინი წამით გაჩუმდა და მერე დასძინა, - როგორც მოწმე...

- ისევე როგორც ჯოჰარ დუდაევი, - დაამატა როგოზინმა.

კაბინეტში შემოსულმა მდივანმა ჩაი შემოიტანა.

- "სტელსი" ხომ ყველაზე ეფექტიანი სტრუქტურაა ჩვენს სამსახურებში? - მოულოდნელად იკითხა სტეპაშინმა.

- რა თქმა უნდა, - გაეღიმა "სტელსის" ხსენებაზე როგოზინს, - მისი წევრების 70% ყოფილი კა-გე-ბეს თანამშრომელია.

- დანარჩენი 30%? - დაინტერესდა სტეპაშინი.

- სპეცდანიშნულების რაზმების გადამზადებული მებრძოლები. "სტელსს" ბადალი არა ჰყავს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში, - ამაყად მიუგო როგოზინმა.

"და შეკვეთილ მკვლელობებში", - გაიფიქრა სტეპაშინმა.

- იცი, მხოლოდ გროზნოსთვის ბრძოლაში რამდენი კაცი დავკარგეთ? - ჰკითხა უეცრად ფედერალური კონტრდაზვერვის უფროსმა როგოზინს, მაგრამ პასუხს არ დაელოდა და განაგრძო, - 1500 ჯარისკაცი. 5000 დაიჭრა, განადგურდა 60 ტანკი და 300 БМП და БТР-ი.

როგოზინს, რომელიც ასეთ ციფრებს არ ელოდა, ნერწყვი გაუშრა. სტეპაშინს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია.

- მგონი, დროა, არწივს მივხედოთ!

როგოზინი მიხვდა, რასაც გულისხმობდა სტეპაშინი. "აი, თურმე რატომ უნდოდა ჩემთან ლაპარაკი", - გაიფიქრა გენერალმა და ოფლით დაცვარული სახე შეიმშრალა...

1996 წლის 8 მარტს ფედერალური კონტრდაზვერვის სამმართველოს მესამე სადაზვერვო განყოფილების ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ იური იაროვენკოს მეთაურობით შეიქმნა სპეციალური საბრძოლო-ოპერატიული ჯგუფი, რომლის მიზანი შამილ ბასაევის განეიტრალება იყო. ამავე პერიოდში შეიქმნა მეორე საბრძოლო- ოპერატიული ჯგუფი ხოხოლკოვის ხელმძღვანელობით (ის ჩეჩნეთში დენისოვის ფსევდონიმით მუშაობდა). ჯგუფს ჯოჰარ დუდაევის თავიდან მოშორება ევალებოდა.

ხოხოლკოვის ჯგუფი დისლოცირებული იყო ხანკალის ყოფილ სამხედრო ბაზაში, რომელიც იმ პერიოდისთვის რუსეთის არმიის ნაწილებს ეკავათ, დუდაევის სალიკვიდაციო ჯგუფში იყვნენ ჩეჩნებიც, მათ შორის უმარ-ფაშაც.

ხანკალაში ხოხოლკოვი ჯგუფთან საუბარს აპირებდა, რომ მათკენ მომავალი ახმახი სამხედრო შეამჩნია.

- არ მეგონა, თუ რუსები ხეიბარი ჩეჩნების იმედად იქნებოდით, - ჩაიქირქილა გესლიანად უმარ-ფაშამ.

სამხედრო ხოხოლკოვს მიესალმა და ხანმოკლე მოკითხვის შემდეგ დაშორდა კიდეც.

- ეს საიდ მაჰმედ კანკიევია, რუსეთის გმირი, - გამოსცრა ხოხოლკოვმა, - ხელი და თვალი მაშინ დაკარგა, როდესაც ჯოჰარ დუდაევის მოკვლა უნდოდა ტანკსაწინააღმდეგო ტყვიამფრქვევით. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. ჩვენს განკარგულებაშია UHE-ს ორი მოიერიშე ჩე-24, რომელთა სამიზნე სპეციალური რადიოტელეფონის სიგნალი უნდა გახდეს. ჩვენი ამოცანაა, დუდაევს რადიოტელეფონი შევუცვალოთ სპეციალური სასიგნალო რადიოტელეფონით, - ამის თქმისთანავე სპეციალური ყუთიდან ამოიღო ტელეფონი, - ხომ ხედავთ, ჩვეულებრივისგან არ განსხვავდება, - ხოხოლკოვი უმარ-ფაშას მიუბრუნდა, - რამდენადაც ვიცით, შენ დუდაევის გარემოცვაში კავშირები გაქვს, გენდობიან, ამიტომ ეს შენ უკეთ გამოგივა.…

...იჩქერიის პრეზიდენტი, თავის გარემოცვასთან ერთად, ურუს-მარტანის რაიონში იმყოფებოდა. რამდენიმე დღის უძინარი დუდაევი სევდიანი ჩანდა.

- ახლა უკეთ მესმის ზვიადის. ჩანს, ორივეს ერთნაირი ბედი გვარგუნა გამჩენმა, - ესაუბრებოდა თავის პირად მცველ მუსა იდიგოვს.

- ალაჰმა დაგიფაროთ მისი ბედისგან, - წამოენთო იდიგოვი.

- მეც ხომ დევნილი პრეზიდენტი ვარ, - მწარედ გაეღიმა იდიგოვის ნათქვამზე დუდაევს.

- თქვენ თქვენს ხალხს არ მიუტოვებიხართ, ალაჰია მოწმე! - მუსას სიტყვა გაუწყდა - ოთახში შამილ ბასაევი შემოვიდა.

დუდაევი და შამილი კაი ხანს საუბრობდნენ განმარტოებით.

- როგორ ფიქრობ, შამილ, ეს ომი დამთავრდება? - ჰკითხა ბოლოს იჩქერიის პრეზიდენტმა.

- ომის დამთავრება მხოლოდ ომით შეიძლება, - უპასუხა ბასაევმა და დასძინა, - ეს ძველი ვაინახური ანდაზაა.

ბასაევი უეცრად გაჩუმდა და ერთ წერტილს მიაჩერდა.

"ნეტა ახლა რა გაახსენდა?" - გაუელვა დუდაევს.

- ჯოჰარ, მე გროზნოს უსათუოდ ავიღებ, - თქვა მოულოდნელად შამილ ბასაევმა და დუდაევს თვალი თვალში გაუყარა. დუდაევს ხმა არ ამოუღია, - "რა გამჭოლი მზერა აქვს ჩვენს არწივს", - გაიფიქრა ბასაევმა.

პრეზიდენტის ოთახი ბასაევმა გვიან დატოვა. დერეფანში უმარ-ფაშა შეამჩნია - დუდაევის ერთ-ერთ დაცვის წევრს ესაუბრებოდა.

- პუ სტეგან ტაილა, ა ტუკხამ ადაც (ამ ადამიანს არც გვარი აქვს, არც ტომი), - გადაულაპარაკა მუსა იდიგოვს და წავიდა.

"არც მე მომდის თვალში ეს უმარ-ფაშა", - გაიფიქრა მუსამ და ოთახიდან გამოსულ დუდაევს უკან გაჰყვა.  რამდენიმე წუთის შემდეგ გარედან მუსას ხმა გაისმა, - პრეზიდენტს ტელეფონი დარჩა და გამოიტანეთო. დერეფანში უმარ-ფაშას გარდა არავინ იყო.

- ახლავეო, - მიაძახა და  ორიოდე წუთში რადიოტელეფონით ხელში მუსა იდიგოვთან გაჩნდა.

- შენ გარდა სხვა არავინ იყო? - კუშტად იკითხა იდიგოვმა.

- არა, დაცვის წევრი საპირფარეშოში იყო შესული და მე გამომიძახა, - გაუტანეო, - მშვიდად მიუგო უმარ-ფაშამ...

მუსამ ჭოჭმანით დახედა ტელეფონს, თითქოს რაღაცის თქმაც უნდოდა, რომ მაშინვე დუდაევის დაცვის უფროსმა დაუძახა, - დრო არ გვაქვს, იჩქარეო. იდიგოვი მოწყვეტით მიბრუნდა და წავიდა.

...1996 წლის 22 აპრილს ჯოჰარ დუდაევმა სოფელი გეხი-ჩუ დატოვა და მეუღლესთან და რამდენიმე მხლებელთან ერთად ღამე ტყეში გაათია. სატელეფონო საუბრებისთვის დასახლებულ პუნქტებს ერიდებოდა და ტყეს ირჩევდა, რადგან იქ მისი აღმოჩენა რთული იყო.

დილით ალა დუდაევა საუზმის მომზადებას შეუდგა. ჯოჰარი კი ტელეფონზე სასაუბროდ გარეთ გავიდა. მუსამ გაყოლა დააპირა, მაგრამ დუდაევმა აუკრძალა.

- შეგახსენო, რომ ყოველ წუთს შესაძლებელია რაკეტა მესროლონ? ამას წინათ ხომ ბეწვზე გადავრჩით, - უთხრა მკაცრად ჯოჰარმა. იდიგოვი უსიტყვოდ დაემორჩილა.

იჩქერიის პრეზიდენტი ცნობილ რუს ბიზნესმენს და პოლიტიკოს კონსტანტინე ბოროვოის ესაუბრებოდა:

"რაღაც გაუგრძელდათ საუბარი, ეს სულაც არ მომწონს", - ამის გაფიქრებაღა მოასწრო მუსამ, რომ აფეთქების ხმა გაისმა... რაკეტა ძალიან ახლოს დაეცა. ჯოჰარ დუდაევს სახე მთლიანად დაეწვა.

- ჯოჰარ, - შორიდან ჩაესმა პრეზიდენტს მეუღლის ხმა, მერე კი ყველაფერი ბინდმა მოიცვა.

- ჩქარა, მანქანაში, - ყვიროდა თავზარდაცემული მუსა იდიგოვი. დუდაევი მანქანის უკანა სავარძელზე მოათავსეს. ალა დუდაევას ქმრის თავი ხელებზე ესვენა და სასოწარკვეთილი ვერც ამჩნევდა, როგორ სდიოდა ჩეჩენ არწივს მარჯვენა ყურიდან სისხლი...

ჯოჰარ დუდაევი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა....

ჩეჩენი ხალხი დუდაევის სიკვდილს კიდევ კარგა ხანს არ იჯერებდა.

თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელად ზელიმხან იანდარბიევი დაინიშნა.

- ჯოჰარის დასაფლავებას შენ განდობთ, ლეჩე, - მიმართა კომიტეტის სხდომაზე ზელიმხანმა დუდაევის ძმისშვილს, - მისი საფლავის ადგილსამყოფელი მხოლოდ ჩვენ, უახლოესმა გარემოცვამ უნდა ვიცოდეთ.

იჩქერიამ პატივისცემით დაიტირა პირველი პრეზიდენტი...

რამდენიმე თვის შემდეგ რუსეთის უშიშროების სამსახურმა ნალჩიკის აეროპორტში ალა დუდაევა და მუსა იდიგოვი დააკავა. ამ ფაქტის გამო ჯოჰარ დუდაევი ლეჩე დუდაევმა სხვა ადგილას გადაასვენა.

1996 წლის 7 აგვისტოს ჩეჩენმა მეომრებმა გროზნო აიღეს, შემდგომ კი არღუნი და გუდერმესი. რუსეთის მხარე იძულებული გახდა, თავი დამარცხებულად ეღიარებინა და ხასავიურთში სამშვიდობო ხელშეკრულება დაედო იჩქერიის სამხედრო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროს ასლან მასხადოვთან.

ხასავიურთის ხელშეკრულებით ჩეჩნეთში ომი დამთავრდა.

...მალე ზელიმხან იანდარბიევიც მოკლეს. ლეჩე დუდაევი მეორე ჩეჩნეთის ომში დაიღუპა.

ამის შემდეგ დუდაევის საფლავის ადგილსამყოფელი ოფიციალური წყაროსთვის ცნობილი არ არის.

P.S. ხოხოლკოვი რუსეთის გმირის წოდებაზე წარადგინეს და გენერალ-მაიორის წოდებაც მიანიჭეს. მას შემდეგ უმარ-ფაშა ჩეჩნეთში აღარავის უნახავს, ის მოსკოვში დააწინაურეს...